2018 ნოემბერი 24

ინტერვიუ თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ერთ-ერთ დამფუძნებელთან თინათინ გურგენიძესთან

ა.ჩ.:  როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით, ბიენალეს იდეა მხოლოდ ჩანასახის დონეზე არსებობდა, თითქოს უტოპიურად ჟღერდა, ერთ წელზე ნაკლებ დროში ამ მოცულობის პროექტის ორგანიზება და განხორციელება. თუმცა სპონტანურობა, მოულოდნელობის ეფექტი უახლესი ისტორიის მანძილზე   ჩვენთვის ჩვეულ და  ქართული რეალობის  განუყოფელ  ელემენტად  გადაიქცა.  თბილისის პირველი არქიტექტურის ბიენალეც შედგა, ,,მოულოდნელად“ და ამასთანავე  არა დედაქალაქის ცენტრში არამედ მის გარეუბანში, საბჭოთა ,,საძილე“ უბანში, გლდანში. ჩვენი საუბარიც ისევ  და ისევ შერჩეული ადგილისა და ბიენალეს წლევანდელი თემის განხილვით  მინდა დავიწყო, რას გვაძლევს თბილისის არაფორმარული არქიტექტურაზე დაკვირვება, მისი რეფლექცია და შესწავლა?


თ.გ.: ალბათ ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა, რითიც ამ ღონისძიების ასეთ მოკლე დროში ორგანიზება შევძელით, ეს ენთუზიაზმია და იმ საქმის სიყვარული და ინტერესი რასაც ვაკეთებთ. თბილისის არაფორმალურ არქიტექტურასა და ურბანულ სივრცეზე დაკვირვებით ჩვენ იმ პროცესებს ვაკვირდებით, სადაც ნაშენი გარემო პროფესიონალების გარეშე შენდება და იქმნება. მას ხალხი ქმნის თავიანთი საჭიროებების და  მოთხოვნილებების გათვალისწინებით. ამ პროცესებზე დაკვირვებით ბევრი რამის გაგება შეგვიძლია და ამას აქ ესე ვრცლად ვერც ვუპასუხებ. პირველ რიგში კი, ქალაქის ადმინისტრაციას, არქიტექტორებს, მშენებლებს, სტუდენტებს, რიგით მოქალაქეებს აქვთ საშუალება  ცოცხლად ნახონ შენობებზე ასახული ბოლო ორი ათწლეულის ისტორია, გაიგონ და ისწავლონ თუ როგორ შეიძლება ამ კონკრეტული ქალაქისთვის და მათი მაცხოვრებლებისთვის შენება და დაგეგმარება.



ა.ჩ.: როდესაც საჯარო ხასიათის მასშტაბურ ღონისძიების ფოკუსი, რომელიმე კონკრეტული უბანი თუ დასახლება ხდება, ის ავტოუმატურად იჭრება იმ  ადგილის მკვიდრთა ცხოვრების ველში და შესაბამისად დიდ დაკვირვებასა და ფაქიზ დამოკიდებულებას მოითხოვს, ეს პასუხუმგებლობა ალბათ კიდევ უფრო იზრდება რაც უფრო მეტად იზოლირებულ და თითქოს მოწყვეტილ შრეს ეხები.  ჩემთვის საინტერესოა,   რა  სახის დინამიკა დაფიქსირდა  ბიენალესა და გლდანის მოსახლეობას შორის?


თ.გ.: რა თქმა უნდა ეს ძალიან დელიკატური და რთული პროცესია. ჩვენ პირდაპირ ვიჭრებით ადამიანების საცხოვრებელ სივრცეებში. არის უდიდესი საშიშროება იმისა, რომ არ მოხდეს ამ ღონისძიების როგორც უცხო სხეულის მოვლინება  და ერთ კვირაში  გაქრობა ყოველგვარი კვალის გარეშე. მოსახლეობის ჩართულობა და მათი ყურადღების მიქცევა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და ამისთვის 1 წელიწადი საკმარისი არ არის, ამიტომ ვფიქრობ ამ მხრივ უბრალოდ არასაკმარისი დრო გვქონდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, მოსახლეობის აქტიური ჩართულობა კონკრეტული აქტივობების დროს. იტალიელი არქიტექტურული ოფისის ბაბაუ ბიუროს ინსტალაცია “მავზოლეუმი” პირდაპირ შეიჭრა ადამიანების საცხოვრებელ ადგილას და სწორედ მათი უშუალო ჩართულობით მოხდა მისი წარმატებულად განხორციელება. გამოფენა ,,კორპუსი 76“  კი პირდაპირ გლდანის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის  ბინებში  გაიმართა. აგრეთვე მინდა ავღნიშნო ბატონი ვაჟა, რომლის გარაჟიც ჩემმა სტუდენტებმა გამოიკვლიეს და შემდეგ გარაჟის ფოტოც ბიენალეს დახურულის სივრცის გამოფენის  ნაწილად იქცა და აგრეთვე ეს კონკრეტული გარაჟი ბერლინელმა ხელოვანმა თავისი ნამუშევრით გააფორმა. ამ გარაჟს ბიენალეს დროს ძალიან ბევრი მნახველი ყავდა და მისი მეპატრონეც ძალიან კმაყოფილი მიყვებოდა ამის შესახებ. გამოფენის დასრულების შემდეგ ბატონმა ვაჟამ თავისი გარაჟის ფოტო “შპალერი” ჩამოხსნა და თავისავე გარაჟში გასაკრობად წაიღო.

ნებით თუ უნებლიეთ კავშირი დამყარდა და მოსახლეობის ჩართულობა შედგა. თუმცა, მე პირადად ვისურვებდი უფრო მეტ ინტერაქციას. ჩემი აზრით მიუხედავად ყველაფრისა ბიენალე გლდანის ისტორიაში მაინც დიდ კვალს დატოვებს.



ა.ჩ.: არაფორმალური არქიტექტურული პრაქტიკა ცდება არქიტექტურის ვიწრო დისციპლინარულ გაგებას და  საკმაოდ კომპლექსურ და  ფართო არეალს გვთავაზობს ამ ,,მოვლენის“ ეკონიმკურ, პოლიტიკურ თუ ისტორიულ პრიზმაში რეფლექციის. შენი დაკვრივებით, ძირითადად რა პროფესიის, ასაკობრივ თუ სოციალურ ჯგუფებში გამჟღავნდა ინტერესი წლევანდელი ბიენალეს მიმართ? ვინ იყო თქვენი ძირითადი აუდიტორია?


თ.გ.: ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან იმდენად ვიყავი ჩართული საორგანიზაციო პროცესებში გამიჭირდა დაკვირვება იმაზე თუ ვინ ინტერესდებოდა და მოიდოდა ბიენალეს სანახავად. თუმცა მინდა ავღნიშნო არქიტექტურის სტუდენტების მხრიდან წამოსული დიდი ინტერესი,  ისინი თავდაუზოგავად გვეხმარებოდნენ ბიენალეს ორგანიზების დროს.



ა.ჩ.: თბილისის არქიტექტურის ბიენალე საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგა მისი სტუმრების წინაშე. ღონისძიებები გადანაწილებული იყო როგორც ბიენალეს მთავარ ლოკაციაზე გლდანში აგრეთვე ქალაქის სხვა რაიონებში სადაც პარალერული გამოფენები გაიხსნა და ზოგი მათგანი დღესაც მიმდინარეობს. ორიოდე სიტყვით, რომ  გაგავაცნო პროგრამის ძირითადი ნარატივი, რა ურთიერთიერთმიმართებითა და ლოგიკით აიგო და წარიმართა ღონისძიებათა  ეს ციკლი?


თ.გ.: ბიენალეს დაგეგმისთანავე ჩვენ  ჩამოვყალიბდით იმ ძირითადად აქტივობებზე, რომელიც შეადგენდა პროგრამის ცენტრალუ ნაწილს როგორიც იყო ინსტალაციები, გამოფენა დახურულ სივრცეში, სიმპოზიუმი, კორპუსი 76 და ასე შემდეგ. შესაბამისად კურატორებიც გადავნაწილდით სხვადასხვა ნაწილში. სხვადასხვა აქტივობები ერთმანეთს თემის მეშვეობით უკავშირდებოდა და ყოველთვის შევეცადეთ მთავარ თემას არ გავცდენოდით. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ აქტივობებში ზოგჯერ თემა უფრო კონკრეტდებოდა თავდაპირველი იდეა არაფორმალური ნაშენი სივრცის განხილვის არასდროს დაკარგულა. რადგან, გლდანი ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ შორს მდებარეობს ამიტომ გვინდოდა ზოგიერთი ღონისძიება მის გარეთაც ყოფილიყო, ამის მეშვეობით გვსურდა ქალაქის სხვადასხვა ადგილის გლდანთან დაკავშირება.


ა.ჩ.: თბილისის არქიტექტურის ბიენალე „მხოლოდ შენობები არ კმარა“ 3 ნოემბერს დასრულდა, თუმცა ჩემი სუბიექტური განცდით ის ახლა დაიწყო, ვგულისხმობ ფიქრისა და ანალიზის პროცესს მისი მთავარი თემის გარშემო. ის შესაძლებლობა, რომელიც ბიენალემ მოგვცა ერთ სივრცეში,  კონრეკტულ მოცემულობაში და გარკვეულწილად აკუმულირებულად დაგვენახა ქალაქის ბოლო დროის ისტორიული, უბრნაული თუ არქიტექტურული გამოცდილება,  საუკეთესო პლატფორმად წარმომიდგება აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიის გასაღრმავებლად. გეგმავთ თუ არა რაიმე სახის ღონისძიებების ორგანიზებას ამ მიმართულებით?


თ.გ.:  ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშნელოვანი და რთული ეტაპი ეხლა იწყება. არ გვინდა ამ ერთი კვირით დავასრულოთ აღნიშნულ თემებზე და საკითხებზე დისკუსია. ვფიქრობთ სწორედ ახლა არის საჭირო და რელევანტური ამ ღონისძიების შედეგების რეფლექცია. ვგეგმავთ დისკუსიების და ლექციების ორგანიზებას 2019 წლის დასაწყისიდან და დიდი იმედი გვაქვს ფართო საზოგადოებას დავაინტერესებთ და მოვიზიდავთ რომ ყველამ ერთად მონაწილეობა მიიღოს საერთო დისკუსიაში.

აგრეთვე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველამ აღიქვას ეს ღონისძიება როგორც საერთო სიკეთისთვის შექმნილი რამ და არა პირადი ფესტივალი რომელიც ოთხმა ჩვეულებრივმა ადამიანმა დავაარსეთ. ჩვენ გვსურს ამ ფესტივალის სახით ისეთი პლათფორმა შეიქმნას სადაც ყველას ექნება საშუალება თავისი აზრი დააფიქსიროს და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღოს.







უკან დაბრუნება