მიკრორაიონი
ბელიაევო მუდამ ინტერვიუ კუბა სნოპეკთან
ესაუბრა ანა ჩორგოლაშვილი
როგორ დაიბადა წიგნის იდეა Bელყაევო Fორევერ და იდეა და ასევე საბჭოთა ტიპიური მიკრორაიონის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანის იდეა?
ესსე “ბელიაევო მუდამ” ინგლისურ და რუსულ ენებზე პირველად 2013 წელს გამოქვეყნდა. ესსე იყო იმ ნაშრომის გაგრძელება, რომელზეც ორი წლით ადრე, სტრელკას ინსტიტუტში რემ ქუულჰაასთან სწავლისას ვმუშაობდი. ეს ნაშრომი ბევრ საკითხს მოიცავს, თუმცა მთვარი ასპექტი, რომლითაც საბჭოთა ქალაქების პერსპექტივაზე დაკვირვება ვცადე, მემკვიდრეობის კონსერვაცია იყო. კონსერვაციონისტები ქალაქების შესახებ მეტად მნიშვნელოვან კითხვებს სვამენ: მემკვიდრეობის რომელი ნაწილი უნდა შევინარჩუნოთ? ურბანული ქსოვილის რომელი ელემენტებია ყველაზე ღირებული? როგორ განვსაზღვროთ ეს ღირებულებები? “ბალიაიევო მუდამ”, ფაქტობრივად, არის ხრუშჩოვის დროინდელი მასობრივი საცხოვრისების მოკვლევის მცდელობა სწორედ ამ კითხვებზე დაყრდნობით. როგორც აღმოჩნდა, საბჭოთა დროინდელი მასობრივი საცხოვრისების მემკვიდრეობის პარადიგმაში განხილვა, არც ისე ადვილი საქმეა. დასავლური კონსერვაციის ჩარჩოები მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთი მატერიალური აქტივების შენახვასთან, როგორიცაა შენობები, ობიექტები, არტეფაქტები. უფრო მეტიც, პრეზერვაციის ყველაზე მეტი სტრატეგია უნიკალურობას ხმარდება: თუკი შენობა უნიკალურია, ის უფრო მეტად ფასობს, იმ დროს, როცა საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის დიდ ნაწილს სწორედ უნიკალურობა აკლია. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, საცხოვრისები უზარმაზარ ქარხნებში იქმნებოდა; მანამდე კი, საბჭოთა არქიტექტორები ქარხნული წესით დამზადებასა და ერთმანეთის მსგავს პროექტებზე ექსპერიმენტირებდნენ. სხვა ნიმუშები - სკოლები, ბაღები და ა.შ. - ასევე წინასწარ მზადდებოდა. სამწუხაროა, თუმცა მემკვიდრეობის შენარჩუნების მხრივ, დასავლური ხედვით, საბჭოთა მიკრორაიონებს არანაირი ღირებულება არ გააჩნია.
...თუმცა ვიტყოდი, პარადოქსი ის არის, რომ ეს სამეზობლოები მნიშვნელოვან ღირებულებებს ატარებენ. აშენებიდან 50 წლის შემდეგ, ამ სივრცეებში სულ ცოტა ორმა თაობამ იცხოვრა და მიკრორაიონის კულტურა შექმნა. ღირებულება და კონკრეტული სამეზობლოს უნიკალურობა არა შენობებიდან, არამედ იმ ადამიანებისგან მოდის, ვინც ამ შენობებში ცხოვრობენ: მნიშვნელოვანია მათი კულტურა, ხელოვნება, და ა.შ. ჩემს კვლევაში აქცენტი გავაკეთე მოსკოვის სამეზობლოზე სახელად ბელიაიევო, რომელსაც ასეთი სივრცის უკიდურეს მაგალითად მოვიაზრებ. ერთის მხრივ, ის სრულიად მოკლებულია არქიტექტურულ უნიკალურობას - შენობებს ძნელად თუ გაარჩევთ ერთმანეთისგან, მეორეს მხრივ კი, მას უდიდესი კულტურული ღირებულება გააჩნია.
რაში მდგომარეობს საბჭოთა მასობრივი საცხოვრისის უნიკალურობა და რა მახასიათებლები გამოარჩევს მას დასავლური მაგალითებისგან?
არ არსებობს დასავლური ანალოგიები - განსხვავებაც ეს არის. შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვის ზოგიერთი უბანი წააგავს სტოკჰოლმის, ლონდონის, პარიზის ან ფრანკფურტის რამდენიმე უბანს. თუმცა, განსხვავება მასშტაბებშია. მოსკოვში - და სხვა საბჭოთა ქალაქებში - მიკრორაიონი ურბანული ქსოვილის ფუნდამენტური ნაწილია, მაშინ როცა პარიზსა და ფრანკფურტში საცხოვრებელი ბლოკები უნიკალური და ქალაქს მოწყვეტილი, ან სხვაგვარად დაპროექტებულია. საბჭოთა კავშირის შემთხვევაში, სწორედ ხრუშჩოვის რადიკალური პოლიტიკური პროგრამის მასშტაბის გამო, მიკრორაიონის ურბანული ლანდშაფტის მასშტაბებიც უსაზღვროა.
როგორ შეცვალა ხრუშოვის ‘მანიფესტმა’ , როგორც თქვენ მას უწოდებთ, საბჭოთა არქიტექტურის განვითარების გეზი? რა ტიპის ცვლილებებსა და გადააზრებებთან არის ის კავშირში და რა გავლენა იქონია მან საბჭოთა ქალაქების სივრცით-კომპოზიცურ დაგეგმარებაზე, ესთეტიკასა და მაცხოვრებლების მიერ ქალაქის აღქმის ინდივიდუალურ გამოცდილებაზე?
არქიტექტურა, საბჭოთა კავშირის დაარსების დღიდან, საბჭოთა იდენტობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. 1920-იანი წლები იყო იმ ექსპერიმენტების ხანა, სადაც საუკეთესო არქიტექტორები ახალ, პოლიტიკურად დატვირთულ იდეალისტურ გამოსავალს გვთავაზობდნენ: ქმნიდნენ საცხოვრებლების ნიმუშებს, სოციალურ კონდენსატორს, მუშათა კლუბებს და ა.შ. ამ ხანმოკლე პერიოდში გაჩენილმა იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა საბჭოთა კავშირის, და ზოგადად მსოფლიო არქიტექტურაზე. იოსებ სტალინის ძალაუფლებაში მოსვლამ ამ ხანას წერტილი დაუსვა. მისი მმართველობის დროს, პრიორიტეტი გახდა ინდუსტრიის მშენებლობა და ძალაუფლების წარმომადგენელი სივრცეების შექმნა.
ხრუშჩოვთან ერთად, დაბრუნდა 1920-იანი წლების იდეალისტური პროგრამაც - თუმცა, განსხვავებული ფორმით. ახალი პრიორიტეტი იყო საბჭოთა სახელმწიფოს მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფა. ეს პოსტულატი, სხვათაშორის, დღეს უკან ბრუნდება, რადგან საცხოვრებლებთან დაკავშირებული ბაზრის არაეფექტურობა უფრო და უფრო იჩენს თავს. ხრუშჩოვს ესმოდა, რომ ყველასთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამშენებლო ხარჯების შემცირებას საჭიროებდა. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლებელი იყო მხოლოდ ინდუსტრიული წესით წარმოებული სახლების გაჩენით. მსგავსი ტენდენციები დღესაც სახეზეა: ადგილებში, სადაც საცხოვრებლების ნაკლებობაა, - მაგალითისთვის ბეი არეა კალიფორნიაში, - დეველოპერები სრულად ინდუსტრიალიზებულ წარმოებას მიმართავენ. 1954 წელს, ხრუშჩოვმა მიიღო გადაწყვეტილება, არქიტექტურა მთლიანად მიემართა მასობრივი წარმოებისკენ. ეს გულისხმობდა ქარხნების მშენებლობას სახლებისთვის და დიზაინის უწყებების უფრო დიდ ორგანიზაციებთან მიერთებას; ასევე, კომპონენტთა საცავის და საცხოვრებლების სერიების შექმნას. ამ ყველაფერმა, ცხადია, უდიდესი გავლენა მოახდინა არქიტექტურის დიზაინზე. არქიტექტორებს მუშაობა სულ სხვა მასშტაბებით უწევდათ: ნაცვლად კონკრეტული სახლების დაპროექტებისა, მათ ორიენტაცია შეიცვალეს და სამეზობლოების (მიკრორაიონების) დაგეგმარება დაიწყეს. შედეგად, გაჩნდა ახალი, სრულიად განსხვავებული “ქარხნული წესით დამზადებული” ქალაქის სახე-ხატი. ხრუშჩოვის ეპოქიდან მოყოლებული, სოციალისტური ქალაქი ხრიოკებითა და სიმწვანით გარშემორტყმული, უბრალო სახლებით დახუნძლული ტერიტორია იყო. უფრო მეტიც, - ხრუშჩოვისდროინდელმა ქალაქმა შექმნა გარკვეული ტიპის სოციალური ინფრასტრუქტურა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ცხოვრების სტილზე ასეთი ტიპის სამეზობლოების შიგნით. მიკრორაიონებს ჰქონდა სკოლები, ბაღები, კულტურული ცენტრები, სახელოვნებო სივრცეები. სოციალური ინფრასტრუქტურა გადაურჩა საბჭოთა კავშირის დაშლას და დღემდე, ასეთი სამეზობლო სივრცეების მაცხოვრებელთა ცხოვრების სტილს განსაზღვრავს. ერთ-ერთი მაგალითია ბელიაიევოს ხელოვნების გალერეა, რომელიც საბჭოთა დროიდან არსებობს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გალერეამ შექმნა მრავალი ადგილობრივ კულტურაზე დაფუძნებული პროგრამა. ამ პროგრამებზე ჩემს პროექტშიც ვსაუბრობ. უფრო მეტიც, მათ სულ ცოტა ხნის წინ წარმოადგინეს გამოფენა, რომელიც ბელიაიევოს ისტორიას მიეძღვნა.
ხრუშჩოვის მიერ ინიცირებულ ამ ამბიციური ‘პროექტის’ ფარგლებში და მშენებლობის მაქსიმალური ინდუსტრალიზაციის და ტიპიურ ელემენტებამდე დაყვანის ეპოქაში რა როლი და ფუნქცია ხვდათ წილად არქიტექტირებს?
არქიტექტორის როლმა დიდი ცვლილება განიცადა. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, როგორიც იყო ვიტალი ლაგუტენკო (ილია ლაგუტენკოს, ჯგუფ Mუმიყ თროლლ -ის სოლისტის ბაბუა), სტანდარტიზებულ შენობაზე მუშაობდა. ვიტალი ლაგუტენკო იყო ყველაზე მარტივი “ხრუშჩოვკას” ტიპის, KK-7-ის ავტორი. სხვები უფრო დიდი მოცულობის ინსტიტუტებისა და ბლოკების დიზაინზე მუშაობდნენ. ჩემს წიგნში, აღვწერ იაკოვ ბელაპოსკის შემოქმედებას, რომელმაც ბელიაიევო და სხვა მეგა-პროექტები დააგეგმარა.
რა ტიპის მოცემულობასთან გვაქვს საქმე როდესაც ვსაუბრობთ 50-60-იანი წლების საბჭოთა ტიპიურ მიკრორაიონზე? რაში მდგომარეობს მისი მატერიარული თუ არამატერიალური ღირებულება და როგორ უნდა განისაზღროს ის? და ბოლოს, თქვენი დაკვირვებით რატომ გადაიქცა სწორედ საბჭოთა მიკრო რაიონის ეს ერთი შეხედვით უსახური სივრცე (ბელიაიევოს მაგალითზე) 70-იანი წლებში, არაფორმარული ხელოვნების რეპრეზენტაციის ადგილად და კონცეპტუალისტი ხელოვანების პოლიგონად?
ბელიაევოს კვლევამ დამაფიქრა იმაზე, თუ რა არის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი. ყველა ურბანული ზონა ფიზიკური სივრცეებისგან (ინფრასტრუქტურისგან) და არაფიზიკური ღირებულებებისგან შედგება: კულტურა, ხელოვნება, ან ცხოვრების სტილი. ეს ფაქტორები ერთმანეთისგან განუყოფელია. არქიტექტურული ფორმა ძლიერ ზეგავლენას ახდენს მასში არსებულ ცხოვრებაზე და პირიქით, ცხოვრება განსაზღვრავს არქიტექტურას. ბელიაევოს შემთხვევაში, კულტურული კომპონენტი აშკარა და შთამაგონებელი იყო. მატერიალური კომპონენტები - შენობები - თავდაპირველად უსახური და მოსაწყენი შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ სწორედ მათ განსაზღვრეს ბევრი თვალსაზრისით იქაური კულტურა. პირველ რიგში, ბელიაევოში ხელოვნება არ შეიქმნებოდა, რომ არა შენობებს შორის არსებული უკიდეგანო სივრცეები, სადაც ‘‘ბულდოზერის” მსგავსი გამოფენების ჩატარებაა შესაძლებელი. საბჭოთა, ავტორიტარული რეჟიმისთვისაც კი რთული იყო ყველა ტერიტორიის კონტროლი, რამაც ხელოვანთა ექსპრესიას შეუწყო ხელი. შესაძლოა ეს უმნიშვნელო დეტალად მოგვეჩვენოს, მაგრამ დღეს ძალზედ აქტუალური მგონია: ბაზრის მიერ კონტროლირებულ თანამედროვე ქალაქში, ნაკლები ადგილი რჩება თავისუფალ სივრცეს, სადაც არტისტული, პოლიტიკური და ყველა სხვა ტიპის ექსპრესია უნდა მოხდეს.
მეორე, რამაც ხელოვნებაზე იქონია გავლენა, იყო მიკრორაიონის აბსტრაქტული და განმეორებითი ფორმა. პრიგოვის მსგავსმა არტისტებმა ეს სივრცე ხელოვნებაში გადაიტანეს: მიკრორაიონი, როგორც მასალა, ისე განიხილეს და შექმნეს გრაფიკა, პოეზია, მხატვრობა, ან რაიმე სახის აქტივობა. მიკრორაიონის კომპოზიციური და ესთეტიკური თვისებები მრავალი ხელოვანის შემოქმედებაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ. მიკრორაიონებმა, განსაკუთრებით კი ბელიაიევომ, ხელოვნების ინსტიტუციურ მხარდაჭერას შეუწყვეს ხელი. კულტურულმა სივრცეებმა, გალერეებმა, კულტურის სახლებმა ექსპრესიის საშუალება მისცეს ხელოვანების თაობას, დმიტრი პრიგოვიდან ვიქტორ ცოიმდე. მატერიალური და არამატერიალური ღირებულებები ერთმანეთისგან განუყოფელია. ქალაქი, როგორც ასეთი, არ უნდა აღვიქვათ მხოლოდ სახლების კრებად, ან ქუჩებისა და პარკების ვიზუალურ ერთიანობად. ბელიაიევოსა და სხვა მიკრორაიონებს ხშირად ის თვისებები აქვს, რომლებიც ვიზუალურად შეუმჩნეველი, თუმცა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. უფრო მეტიც, უნდა ითქვას, რომ ამ ნიშან-თვისებების შექმნაც მიზანმიმართულად ხდებოდა: როგორც ადგილობრივი ინსტიტუციების ქსელების, ისე ცარიელი სივრცის სიჭარბის შემთხვევაში.
*ფოტოების ავტორი მაქს ავდეევი