ბიანკა
ჰომოსექსუალობა, როგორც პრივილეგია ჰომოფობურ საზოგადოებაში - გიორგი მაისურაძე
„ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი.“
მათე 20;16
„პრივილეგია“
ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი თავის ერთ გვიანდელ პირად წერილში, რომელიც ჰომოსექსუალობაზე მის შემაჯამებელ დასკვნად მიიჩნევა, ასე განმარტავს სექსუალობის ამ ფორმას: „ჰომოსექსუალობა, რა თქმა უნდა, უპირატესობა არაა, მაგრამ ის არც სასირცხვილო მოვლენაა, არც მანკიერება და არც რაიმე დამამცირებელი. მისი არც ავადმყოფობად განხილვის უფლება გვაქვს. ჩვენ მას სექსუალური ფუნქციის ნაირსახეობად მივიჩნევთ, რომელიც სექსუალური განვითარების ცნობილი შეფერხებითაა გამოწვეული. ძველი თუ ახალი ეპოქების მრავალი პატივსაცემი პიროვნება ჰომოსექსუალი იყო. მათ შორის მთელი რიგი უდიდესი ადამიანებისა (პლატონი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი და ა.შ.). ჰომოსექსუალობის, როგორც დანაშაულის აკრძალვა არა თუ უსამართლობაა, არამედ სისასტიკეცაა.“
ამ ფრაგმენტში, გარდა თავისი მეცნიერული ან მორალურ-ეთიკური პოზიციის ჩვენებისა, ფროიდი ერთ რიტორიკულ ხერხს იყენებს, რომელიც მისი ნააზრევის კიდევ ერთ, უხილავ ქვეტექსტზეც მიანიშნებს. ესაა თავად ფროიდისავე აღწერილი უარყოფის ფორმა (Verneinung) - „ეს ის არ არის, რაც შეიძლება გეგონოთ“, რაც სწორედაც რომ იმის გამხელას, ან მტკიცებას გულისხმობს, რაც უარყოფილია. ანუ უარყოფა დადასტურებას ნიშნავს. სწორედ უარყოფის ფორმით აგებულ წინადადებაში ჩნდება სიტყვა „უპირატესობა“: „ჰომოსექსუალობა, რა თქმა უნდა, უპირატესობა არაა, მაგრამ...“ შემდეგ წინადადებაში კი ის ხაზს უსვამს იმას, რომ „ძველი თუ ახალი ეპოქების მრავალი პატივსაცემი პიროვნება ჰომოსექსუალი იყო. მათ შორის მთელი რიგი უდიდესი ადამიანებისა...“ რაზე უნდა მიანიშნებდეს ფროიდის მიერ უარყოფის ფორმით ნახმარი სიტყვა „უპირატესობა“? არის ეს „წამოცდენა“, ანუ ფროიდის სწავლების თანახმად, ნაგულისხმები, მაგრამ გასაჯაროებისთვის არგანკუთვნილი შინაარსი, რომელიც უარყოფის მეშვეობით მის შეფარულ აზრს კიდევ ერთხელ ადასტურებს? ჰომოსექსუალობა, როგორც უპირატესობა, უმცირესობა-უმრავლესობის ოპოზიციაშია გასააზრებელი, სადაც ის ისეთივე სემანტიკას იძენს, როგორიც მის მსგავს ტერმინ „პრივილეგიას“ აქვს. ლათინური სიტყვა პრივილეგიუმ ძველი რომაული სამართლიდან იღებს სათავეს და ის ცალკეულ, ან გამორჩეულ კანონს აღნიშნავს, ანუ ისეთს, რომელიც მხოლოდ გამონაკლის ადამიანებზე არ ვრცელდება და რის საფუძველზეც ისინი საყოველთაო კანონის მიღმა დგანან. ამითი მათი, ანუ პრივილეგირებულების ყველა დანარჩენზე აღმატებულებას ესმება ხაზი. ჩვეულებისამებრ, პრივილეგია ძალაუფლებას და მაღალ სოციალურ სტატუსს უკავშირდება და ის სოციალური უთანასწორობის ნიშანია. მაგრამ ფროიდის მოძღვრებაში გამონაკლისი, ან გამორჩეული, რომელზეც საყოველთაო ნორმები არ ვრცელდება, „პრივილეგიის“ არა სოციალურ, არამედ კულტურულ სფეროს მიეკუთვნება. თუკი კულტურა თავის საწყისშივე აკრაძლვას ეფუძნება, საიდანაც ნორმატიულობა მომდინარეობს, „ცალკეული“ თუ „გამორჩეული“ (Privus) არის ის, ვინც ამ აკრძალვებით გამყარებულ ნორმატიულ წესრიგში არ თავსდება, ან მასთან მიმართებაში ტრანსგრესიულია, ანუ აკრძალვის საზღვრებზე გადამბიჯებელი, „კანონგარეშე“. ამდენად, ჰომოსექსუალობა იმდენად შეიძლება იყოს უპირატესობა, ან პრივილეგია, რამდენადაც ის საერთო კულტურული ნორმების მიღმაა, გამოცალკევებულია და მასზე მთელი რიგი კულტურული კანონებისა არ ვრცელდება. ის ერთგვარ ანომიად შეიძლება იქნას წარმოდგენილი, ანუ კანონებს მიღმა ყოფნადაც და კანონგარეშედაც, რაც მის გამორჩეუ- ლობას უპირატესობის ელფერსაც სძენს და, ამავე დროს, როგორც საფრთხის შემცველ მოვლენას, საზოგადოებისგან რიყავს. ასეთი დიალექტიკა, ერთი მხრივ, ჰომოსექსუალობის მიუღებლობას და მის რეპრესიას გულისხმობს, მეორე მხრივ კი სწორედ ეს საზოგადოებრივი წნეხი და მასთან მუდმივი ჭიდილი უვითარებს ჰომოსექსუალ ინდივიდს განსაკუთრებულ უნარებს, რომლებიც ნების სიმტკიცის ძალით დიდ შემოქმედებით ენერგიებად გარდაქმნადია. ნების სიმტკიცე კი ნიშნავს საკუთარი „ანომიურობის“ მიღებას და არა „კანონთან“ კაპიტულაციას, ანუ საკუთარ „სხვანაირობაზე“ უარის თქმას და უმრავლესობასთან მიმსგავსებას, ამ „კანონიერი“ უმრავლესობის და არა საკუთარი წესებით და სურვილებით ცხოვრებას.
ჰომოსექსუალობა, როგორც „საჩუქარი“ და „კურთხევა“
ჟან ჟენე - პირველი ღიად ჰომოსექსუალი მწერალი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი ავტორი და პოლიტიკური აქტივისტი - თავის ცნობილ ინტერვიუში, რომელსაც ასევე ცნობილი გერმანელი მწერალი ჰუბერტ ფიხტე უძღვებოდა, პირადი გამოცდილებებიდან გამომდინარე, ჰომოსექსუალობის ერთ თავისებურებაზე ლაპარაკობს, რომელიც თანაბრად განაპირობებს ჰომოსექსუალობის განსაკუთრებულობასაც და ჰომოფობიასაც: „ჰომოსექსუალობა მამაკაცს აყენებს „საზოგადოების მიღმა“ და სწორედ ეს აიძულებს მას გადააფასოს ყველა საყოველთაოდ მიღებული ღირებულება.“ იქვე ჟენე ღირებულებათა გადა- ფასების შესაძლებლობას განსაკუთრებულ მგრძნობელობას უკავშირებს, რომელიც, ერთი მხრივ, საზოგადოებისგან გარიყვით, მეორე მხრივ, სქესობრივ როლ- ზე სტერეოტიპების ნგრევით წარმოიშობა: „მამრზე ტრადიციული წარმოდგენების მსხვრევით, მამაკაცი ანგრევს თავის შეზღუდულობას და მასში იღვიძებს ისეთი მგრძნობელობა, რომელიც ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაფარული რჩებოდა.“ ამგვარი მგრძნობელობის გამომწვევად თუ გამაძლიერებლად ჟენეს ერთგვარი „ქალურობა“ მიაჩნია, რომელიც მამაკაცის ჰომოსექსუალობის თანხლები მოვლენაა: „ქალურობა“, რომელიც იმალება ჰომოსექსუალობაში, ბიჭს უძლიერებს მგრძნობელობის უნარს.“
ჟენეს მიერ აღწერილ სურათში, ჰომოსექსუალობის ტრანსგრესიულობა მისი საზოგადოებისგან გარიყვის შედეგია და სწორედ მისი ამგვარი მარგინალიზაცია განაპირობებს მასში განსაკუთრებულ მგრძნობელობას, რომელსაც ჟენე საჩუქრად და კურთხევად მიიჩნევს:
„მე ვაცნობიერებ, რომ ჰომოსექსუალობა არტისტულ ბოჰემაში მიმზიდველად ითვლება, მაგრამ ბურჟუაზიულ გარემოში ის კვლავაც გასაკიცხია. მე ბევრ რა- მეში ვუმადლი ჩემს ჰომოსექსუალობას. ჰომოსექსუალობა თქვენ შეიძლება წყევლად მიგაჩნდეთ, ჩემთვის ის ყოველთვის საჩუქარი, კურთხევა იყო.“ იქვე ჟენე აკონკრეტებს იმ უნარებს, რომელიც მას სწორედ ჰომოსექსუალობის წყალობით განუვითარდა: „მან მაქცია მწერლად, მან მომცა უნარი, ადამიანებისათვის უკეთ გამეგო. [...] შეიძლება, სწორედ ჩემმა ჰომოსექსუალობამ გამაცნობიერებინა, რომ ალჟირელები არ განსხვავდებიან სხვა ადამიანებისაგან.“
„საჩუქარი“ და „კურთხევა“, რომლებითაც ჟენე საკუთარ ჰომოსექსუალობას ახასიათებს, რელიგიური შინაარსის სიტყვებია. რელიგიურ კონტექსტში ეს სიტყვები ღმერთისგან რჩეულობას აღნიშნავს. ის, რაც ღმერთისგან ნაწყალობევია, - იქნება ეს განსაკუთრებული ნიჭი თუ უნარი, - ადამიანს კურთხეულს ხდის და საზოგადოებისგან გარეთ აყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ამოვარდნილია ყოფითი, პროფანული სფეროდან, რამდენადაც „კურთხევა“ სწორედ ყოფითი, სამომხმარებლო შინაარსის დაკარგვას გულისხმობს. ნაკურთხი (ლათინურად: Sacer) ხდება წმინდა, ანუ ისეთი, რომელთანაც მიკარება არ შეიძლება. ნაკურთხი და ღვთაებრივი უნარებით დასაჩუქრებული ადამიანი ავტომატურად გაუცხოებულია სხვა ადამიანებისგან, ზოგადად ადამიანური სფეროსაგან სწორედ თავისი უცნაური და ადამიანური ბუნებისათვის უცხო უნართვისებების გამო. მითოსში ასეთი უნარებია ნათელმხილველობა, წინასწარმეტყველება, ან ცხოველებისა თუ მცენარეების ენის ცოდნა. ამგვარი „კურთხევა“ ხშირად უკავშირდება სქესობრივი ნიშნების აღრევას (მაგალითად, ნათელმხილველი ტირესია, რომელმაც რამდენჯერმე შეიცვალა თავისი სქესი), ან სხვა სახის „ანომალიებს“. ასეთი პიროვნება სხვა, „ნორმალურ“ ადამიანებში მოწიწების გრძნობასაც აღძრავს და შიშნარევ ზიზღსაც. მონოთეისტურ რელიგიებშიც „ღვთისგან რჩეულობა“ განსაცდელის მომასწავებელია. ესაა ფასი, რისი გადახდაც ადამიანს უხდება საკუთარი გამორჩეულობისა თუ განსაკუთრებული უნარების გამო. ამდენად, ღმერთისგან კურთხევა და საჩუქარი, ამავდროულად, პროფანული, ადამიანური თვალსაზრისით, წყევლა და სასჯელიცაა.
ჟენესთანაც ჰომოსექსუალობა, როგორც საჩუქარი და კურთხევა, ერთგვარი ანომიაა, „კანონგარეშეობა“, რომელიც ჰომოსექსუალს უმრავლესობისგან რიყავს და მასთან, მის ღირებულებებთან აპირისპირებს, ამოაგდებს დომინანტი კულტურული სტერეოტიპებიდან და გარდა ღირებულებების გადაფასებისა, სწორედ ამ სტერეოტიპების რღვევის ხარჯზე, მას ისეთ უნარებს უვითარებს, რომელიც „კანონიერ“, ან, შეიძლება ითქვას, კონვენციონალურ მდგომარეობაში არ განუვითარდებოდა, რამდენადაც საზოგადოება სტერეოტიპებზე თანხმდება და „საზოგადოებრივი შეთანხმებიდან“ ამოვარდნა, ერთი მხრივ, სუვერენულ ძალაუფლებას ნიშნავს, მეორე მხრივ, ანომიას. საყოველთაო ნორმებს მიღმა ყოფნა კი სამყაროს სხვა სურათს ახილვადებს, რომელიც სტერეოტიპებითა და კონვენციებით გადაფარულ სამყაროში არ ჩანს. ამიტომაცაა, რომ თანამედროვე, სეკულარულ ხანაში ჰომოსექსუალობა, ერთი მხრივ, „კარგ ტონად“ ითვლება ბოჰემურ გარემოში, რაც არც თუ იშვიათად ეგზოტიზაციის ნიშნებსაც ატარებს; მეორე მხრივ, დალაგებული ცხოვრების მოყვარულ ბიურგერულ უმრავლესობაში ჰომოსექსუალობა ღია თუ ფარული აგრესიისა და მიუღებრლობის საგნად რჩება და ჰომოფობური აგრესიის მოთოკვა მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური ძალისხმევით ხერხდება.
ჰომოფობია
ჰომოსექსუალობის მიუღებლობის ფსიქოლოგიური მიზეზები ბანალური და არასაინტერესოა: რეალური ჰომოფობი, ანუ ისეთი, რომელშიც ჰომოსექსუალობა ზიზღით გამოხატულ შიშს აღძრავს, ლატენტური, ან ვერრეალიზებული ჰომოსექსუალია, რომელიც შემდგარ ჰომოსექსუალში საკუთარ თავს, საკუთარ ვერგანხორციელებულ სურვილს ამოიცნობს, რაც მასში ერთდროულად შურსაც იწვევს და საკუთარი ფარული ვნების მხილების პანიკურ შიშსაც. კიდევ არსებობენ მიბაძვით ჰომოფობები, ანუ ისეთები, რომლებიც რეალურად სულაც არ არიან ჰომოფობები, მაგრამ იმის გამო, რომ ჰომოფობია კულტურულად მიღებულია, ანუ უმრავლესობას ჰომოსექსუალობის მიმართ განცხადებულად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ისინიც, ვისაც ჰომოფობიის არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ, მხოლოდ იმიტომ ჰომოფობობენ, რომ ასეა მიღებული. ამას სოციალური ფსიქოლოგია კონფორმულობას უწოდებს: ადამიანი ვერ აყალიბებს ან ვერ გამოხატავს საკუთარ აზრს იმ მარტივი მიზეზით, რომ უმრავლესობა სხვა აზრზეა. თავად ეს უმრავლესობა კი სწორედ ასეთი კონფორმისტების სიმრავლეა.
ბევრად უფრო საინტერესო და მრავალმხრივია ჰომოსექსუალობის კულტურული მიუღებლობა, ანუ კულტურული ჰომოფობია, რომელშიც არა მხოლოდ უცხოსადმი სიძულვილის ტრადიციული სტერეოტიპები აირეკლება, არამედ ის, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჰომოსექსუალობის ხასიათს, მის ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფონს, მეორე მხრივ კი, მისი კულტურული თვითგამოხატვის ფორმებს.
რა არის კულტურული ჰომოფობია და როგორ აისახება ის როგორც ჰომოსექსუალურ სურვილზე, ისევე მის კულტურულ არტიკულაციაზე?
კულტურულ ჰომოფობიაში იგულისხმება ის ადგილი, რომელიც კულტურამ, ანუ იმან, რაც ადამიანს ცხოველთა სამყაროდან განასხვავებს - ადამიანების მიერ არა ბუნებით თანდაყოლილმა, არამედ ხელოვნურად შექმნილმა სოციალური ურთიერთობის ფორმებმა - ადათ-წესებმა, რელიგიამ, პოლიტიკურმა და სამართლებრივმა აზროვნებამ თუ მორალურმა წარმოდგენებმა და კულტურულ ღირებულებათა იდეალებმა, ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს მიუჩინა: ესაა მარგინალურობა, რომელსაც ეპოქისა და კონკრეტული კულტურის შესაბამისად ხან დეკადენტობა, ხან ცოდვა, დანაშაული, სუბკულტურა და ა.შ. ეწოდება.
თვით უძველეს ცივილიზაციებშიც - ეგვიპტეში, შუამდინარეთში, ირანში, განსაკუთრებით ანტიკურ საბერძნეთსა თუ რომის იმპერიაში -რომლებიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სასიყვარულო ურთიერთობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით იყვნენ ცნობილი, სექსუალობის ამ ფორმას საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ დაუკავებია ცენტრალური ადგილი, არ ქცეულა „მეინსტრიმად“, არც მაშინ, როდესაც რომის ერთ-ერთმა უძლიერესმა იმპერატორმა ადრიანემ, ერთადერთმა, რომელიც საკუთარ ჰომოსექსუალობას არ მალავდა, საკუთარი შეყვარებული - 17 წლის ბიჭი ანტინუსი - რომის სენატს ღვთაებად შეარაცხინა და მის სახელზე ტაძრები და საკურთხევლები ააშენა. არც ბერძნული პანთეონის უმაღლეს, ოლიმპოელ ღმერთთა (ზევსი, აპოლონი, დიონისე) ზოგჯერ ტრაგიკულ სასიყვარულო თავგადასავლებს ლამაზ ბიჭებთან; არც აქილევსისა და პატროკლეს ჰეროიკულ სიყვარულს; არც კუნძულ ლესბოსის მკვიდრ დიდ ბერძენ ქალ პოეტ საფოს, რომლის შემოქმედებაც ლესბოსური სიყვარულის სახელმდებელი გახდა; არც სოკრატესა და პლატონის ამაღელვებელ სიტყვებს მამაკაცებს შორის სიყვარულზე თუ ალექსანდრე მაკედონელის შეშლილობამდე მისულ მწუხარებას მისი შეყვარებულის - ჰეფესტიონის დაღუპვის გამო - არაფერი საერთო ჰომოსექსუალობის კულტურულ ჰეგემონიურობასთან არა აქვს. ამასაც აქვს თავისი კულტურული მიზეზები, რომლებიც თავად კულ- ტურის შინაარსსა და მიზნებს უკავშირდება.
ნორმატიული სექსუალობა, როგორც „ბუნებრიობა“
ჰომოსექსუალობა არასდროს ყოფილა ნორმა, რამდენადაც ნორმატიულობა საზოგადოების მოწყობისა და ძალაუფლების გადანაწილების პრინციპებს უკავშირდება. კულტურაში დომინანტი ყოველთვის იყო გამრავლების ინსტინქტი, რომელიც თავისი არსით არა კულტურული, არამედ ბუნებრივი, ანიმალური წარმოშობისაა, ანუ ის, როგორც ინსტინქტი, ისეთივეა ადამიანში, როგორც ორგანული სამყაროს ნებისმიერ სხვა წარმომადგენელში. ამდენად, გამრავლება ბუნებრივი დეტერმინიზმის ნაწილია და არა კულტურული მონაპოვარი. კულტურა იწყება მაშინ, როდესაც გამრავლების ინსტინქტის რეგულაცია შემოდის, ანუ როცა ცხოველთა ჯოგში სოციალური ორგანიზაციები ჩნდება. სამეცნიერო თეორიების უდიდეს ნაწილს ადამიანის ბუნებისგან, ანუ ცხოველთა სამყაროსგან გამოყოფის და კულტურის დაბადების პირველ ნაბიჯად სექსუალური ცხოვრების რეგლამენტაცია, კერძოდ კი სისხლის აღრევის, ანუ ინცესტის აკრძალვა მიაჩნია. ამგვარად ჩნდება პირველი სოციალური ორგანიზაციები: ოჯახი, გვარ-ტომი, თემი, რომლებიც დროთა განმავლობაში სახელმწიფოდ და ერად ვითარდება. რამდენადაც ყველა ეს სოციალური ორგანიზაცია პატრიარქალურია, ანუ მამრობითი სქესის დომინანტურ პოზიციას, მის ძალაუფლებას ეფუძნება, სექსუალობის ნორმირებაც პატრიარქალური წესრიგის განმტკიცებას ემსახურება.მამაკაცის ძალაუფლება სიმბოლურად სექსუალურ აქტშიც აისახება, რომელიც, ერთი საკმაოდ გავლენიანი ანთროპოლოგიური თეორიის (ვალტერ ბურკერტი) თანახმად, მამაკაცის მიერ ქალზე ძალადობად გაიგება, ან, სულხან-საბა ორბელიანის მიერ სექსუალური აქტის განმარტებას რომ შევადაროთ, - „კაცთაგან ქალის დამდაბლებად“. ქალის სექსუალური დაუფლებით, მასზე სიმბოლური ძალადობით, ყოველი მამაკაცი, შეიძლება ითქვას, ღვთაებრივი ძალაუფლების უმაღლეს არქეტიპს - შესაქმის აქტს იმეორებს, რომელიც შემოქმედი ღმერთის მიერ ქაოსზე ძალადობად და მის ძალადობრივ დამორჩილებად გამოისახება.ქორწინების ღამეს დაღვრილი ქალწულობის სისხლი სიმბოლურად შესაქმის აქტის იმიტაციაა.
სექსუალობის ნორმირებას გარდა სიმბოლურისა, ეკონომიური მნიშვნელობაც აქვს და ისიც, საბოლოო ჯამში, ძალაუფლებას უკავშირდება. გამრავლებამდე სექსუალობის დაყვანით დაქვემდებარებული ქალის სექსუალობა რეპროდუქციის ფუნქციით შემოისაზღვრება. მისი ქალწულობის აუცილებლობის სურვილი კი მამაკაცის დემიურგად თვითგანცდის საშუალებაა. ამასთანავე, გამრავლებით, ჯერ ოჯახის, შემდგომ გვარ-ტომისა თუ სანათესაოს, ბოლოს ერის დემოგრაფიული ზრდით, ძალაუფლების არეალი ფართოვდება. გამრავლების ინსტინქტი, სამყაროს საკუთარი ნაშიერით დასახლება, იმპერიული ექსპანსიის პროტოტიპიად შეიძლება იქნას წარმოდგენილი: როგორც მამაკაცი ქალს, ისე ეუფლება ერთი გვარ-ტომი თუ ნაცია სამყაროს და მისი განაყოფიერებით მისგენეალოგიურ, ანუ სისხლ-ხორცით გათავისებას ცდილობს. ექსპანსიურობა პატრიარქალური სამყაროს ბიოლოგიურად „დეტერმინირებული“ სწრაფვაა, რომელიც გამრავლების ბუნებრივი ინსტინქტის თვითგამოხატულებაა. ნორმატიული სექსუალობის, რომლის განმსაზღვრელი მიზანი გამრავლებაა, სექსუალობის იერარქიულ პოლიტეკონომიას წარმოშობს: დაქვემდებარებული ქალი სიამოვნების ობიექტად განისაზღვრება, „სუბიექტის“ როლს კი მამაკაცი იტოვებს, რომლის სურვილების დაკმაყოფილებასაც ქალი ემსახურება. გარდაამისა, სიამოვნებაზე უფლება, რომლის საშუალებადაც არა მხოლოდ ქალი გამოიყენება, პრივილეგიად გადაიქცევა: სექსუალური, ისევე, როგორც ყველა სხვა სახის სიამოვნება, პრივილეგირებული ფენების, ძალაუფლების მქონეთა უფლებაა. პრივილეგირებულობა სწორედ საყოველთაო ნორმებიდან გადახვევას, ან მათდარღვევას გულისხმობს. „არ იმრუშო“ - გამრავლებაზე დაფუძნებული მონოგამიის ეკონომიური კანონი - სიამოვნებას სასაქონლო შინაარს სძენს, რომლის შეძენაც, რელიგიური თუ ეთიკური აკრძალვის დარღვევით, მას არალეგალურ და, ამდენად, პრივილეგიურ უფლებად აქცევს. სიამოვნება, რომელიც არ ექვემდებარება რეპროდუქციას, ეკონომიური თვალსაზრისით, ზედმეტია და სწორედ თავისი ზედმეტობის ხარჯზე, ის ფუფუნების საგნად და ძალაუფლების სიმბოლოდ უნდა იქნას გაგებული. ასეთ კულტურულ ფონზე ჰომოსექსუალობა, რომელიც არარეპროდუცირებადი სექსუალობის ფორმაა, სუფთა სახის სიამოვნებას წარმოადგენს და სექსუალობის ეკონომიაში ის თავისთავად არალეგალურია. მისი ლეგალიზაცია კი არა საყოველთაო ტოლერანტობის დამკვიდრების, არამედ კაპიტალისტური სამომხმარებლო საზოგადოების მიერ სიამოვნების სასაქონლო გაცვლის საგნად ქცევის შედეგია.
ჰომოსექსუალობა, როგორც საბოტაჟი
ჰომოსექსუალობა, რომელიც არაა გამრავლებისა და ექსპანსიის საშუალება, არ მონაწილეობს დანათესავება-დამოყვრების პროცესში, არამედ სუფთა სახის ვნებაა, მთელი პატრიარქალური სისტემის საბოტაჟად გაიგება. რეპროდუქციული ლოგიკით, ჰომოსექსუალი არ ქმნის პროდუქტს, არ შეაქვს თავისი წილი ბიოპოლიტიკური დოვლათის შექმნაში, არამედ სარგებლობს სხვისი შექმნილით, თანაც „არალეგალური“ გზით, რამდენადაც რელიგიური თუ სეკულარული ეთიკით განმტკიცებულ ნორმატიულ წესრიგში, ყველანაირი სიამოვნება, როგორც ზედმეტობა, ლეგალური გზით მხოლოდ ოჯახის ინსტიტუციის ფარგლებში მოიაზრება. ტრადიციულად ოჯახი არის სიამოვნების ერთადერთი ლეგალური ადგილი. ყველაზე გვიან ძვ. წ. 19 წლიდან, როდესაც რომის იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა ოჯახის დაცვის კანონი გამოსცა და „მრუშობა“ დანაშაულებრივ ქმედებად გამოაცხადა, სექსუალური სიამოვნების დარეგულირება სახელისუფლებო საქმედ იქცევა. ქრისტიანულ შუა საუკუნეებში სიამოვნების რეგლამენტაციის და მისი ქორწინებით შემოსაზღვრის ზედამხედველობა პასტორალური ძალაუფლების, ანუ სამღვდელოების პრეროგატივა გახდა. ეს რეპროდუქციის პოლიტიკასაც ეხება. ეკლესია საკუთარ ზედამხედველობას არა მხოლოდ აღსარებების მეშვეობით ინდივიდუალურ დონეზე ახორციელებს, არამედ სარწმუნოების დოგმატური სიზუსტის კონტროლითაც. მაგალითად, ადრეულ ქრისტიანობაში ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი მტრის ხატი გნოსტიკურ ერესად შერაცხული მარკიონის სწავლებაა, რომელსაც ადამიანთა მოდგმის გამოსყიდვის ერთადერთ პრაქტიკულ გზად საყოველთაო ცელიბატი მიაჩნდა, რაც გამრავლების ინსტინქტის ყველაზე რადიკალური საბოტაჟის ფორმაა.
საეკლესიო ხაზი რეპროდუქციის მიზნით ხორციელ სიამოვნებასაც ლეგიტიმურს ხდის, სწორედ იმ პირობით, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობა გამრავლების ვალდებულებასაც შეიცავს. განქორწინების ლეგიტიმური საფუძველი ქალის „უნაყოფობაა“. არგამრავლების ერთადერთი ლეგალური ადგილი კი თავად ეკლესიაა. სამონასტრო ცხოვრება, რომელიც სქესთა გამიჯვნასა და ერთსქესიანი ნიშნით დაჯგუფებაზეა დაფუძნებული, არალეგალური სიამოვნების სუბ- ლიმურ თუ პრაქტიკულ ასპარეზად ყალიბდება. ქრისტიანული შუა საუკუნეებიდან ყველაზე მეტი ცნობა ჰომოსექსუალური ურთიერობების შესახებ სწორედ სამონასტრო სფეროში მოიპოვება (ამის საილუსტრაციოდ ამერიკელი ისტორიკოსის ჯონ ბოსველის ფუნდამენტური გამოკვლევის - Same-Sex Unions in Premodern Europe – „ერთსქესიანთა კავშირები წინამოდერნულ ევროპაში“ გახსენება შეიძლებოდა).
გონების პრიმატზე დამყარებულ ახალ ეპოქაში, მიშელ ფუკოს თანახმად, პასტორალურმა ძალაუფლებამ სეკულარიზაცია განიცადა და ადამიანების სხეულის, მათი პირადი ცხოვრების მართვა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. „სექსუალობის ისტორიის“ პირველ ტომში ფუკო წერს: „ძალაუფლებას ახასიათებს... იყოს რეპრესიული და განსაკუთრებული სიფხიზლით ყველანაირი არასასარგებლო ენერგია, სიამოვნების ინტენსიობა და ყოველგვარი მოუწესრიგებელი ქმედება ჩაახშოს.“ XIX საუკუნეში აღზევებული ნაციონალიზმი, რომელიც ერთიანი ეროვნული სხეულის ფიქციას ქმნის, საკუთარი მოსახლეობის, როგორც საჯიშე ცხოველის დამუშავებას იწყებს: რა არის სასარგებლო ერთიანი ეროვნული ორგანიზმისათვის და რა ზედმეტი, ან სულაც მავნებელი. ნაციონალიზმ- ში გამრავლება და მისი დარეგულირება ძალაუფლების (რომელსაც ფუკო „ბიო-ძალაუფლებას“ უწოდებს) ცენტრალური ამოცანა ხდება. ამგვარი საზრუნავი, ღიად თუ ფარულად, ყოველთვის შეიცავს ევგენიკის ელემენტებს: ნაციის საუკეთესო ნაწილი - საბრძოლო და შრომისუნარიანობის თუ შობადობის თვალსაზრისით - უნდა გამრავლდეს, ხოლო არაჯანსაღი გაქრეს. ასეთ სელექციაში ჰომოსექსუალობა, როგორც უსარგებლო სიამოვნება და ეროვნულის სხეულის კვლავწარმოების ღია საბოტაჟი, ჩასახშობთა სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. ამიტომაც არაა შემთხვევითი, რომ ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაცია ნაციონალურ სახელმწიფოებში მოხდა, ხოლო ნაციონალიზმის ექსტრემალური გამოვლინებები (ნაციზმი, ფაშიზმი) მის ფიზიკურ განადგურებას შეუდგა. ჰომოსექსუალობის, როგორც არაბუნებრიობის (რაც გამრავლების ინსტინქტზე უარის თქმას გულისხმობს) ცოდვად, გარყვნილებად, გადახრად, დეკადენტობად თუ დანაშაულად შერაცხვა, კულტურული ეკონომიის პერსპექტივიდან, მისი სწორედ საბოტაჟად, მტრობად, წესრიგზე თავდასხმად აღქმიდან უნდა გამომდინ- არეობდეს. ამასთანავე, ნორმირებული სექსუალობის პირობებში, სადაც სექსუალური როლები მამაკაცისა და ქალის ძალაუფლებრივ ბალანსს, უფრო სწორად, მამაკაცის მიერ ქალის დაუფლება-დაქვემდებარებას ემსახურება, ჰომოსექსუალობას სრული სუბვერსია და ქაოსი შემოაქვს და სქესთათვის განსაზღვრული კულტურული და სოციალური როლები წყობიდან გამოჰყავს.
ასეთი საეჭვო მოვლენა მარტივად გადაიქცევა აგრესიისა და სიძულვილის სამიზნედ, პარაზიტად, რომელიც არ მონაწილეობს ბიოლოგიური დოვლათის შექმნაში, რომელიც უარს ამბობს საჯიშე ცხოველობაზე და, შესაბამისად, მისი, როგორც უსარგებლო საგნის, ღირებულება და ფასი დაბალია.
ჰომო-sacer-სექსუალობა
კულტურის ისტორიიდან ცნობილია ისეთი მექანიზმი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს აუფასურებს და მას არსებობის ღირსადაც არ თვლის. რომაულ სამართალში ამ მოვლენას Homo Sacer-ი ეწოდება. Homo Sacer ლათინურად წმინდა ადამიანს ნიშნავს, რომლის „წმინდანობა“ იმითი გამოიხატება, რომ ამ სტატუსის მქონე ადამიანი გარიყულია საზოგადოებისგან, მას აღარ იცავს კანონი, შესაბამისად, არც მისი მოკვლა ან წამება ისჯება. მისი სიცოცხლის ფასი იმდენად დაბალია, რომ მისი არც მსხვერპლად შეწირვა შეიძლება. გარდა ვიწრო ისტორიულ-სამართლებრივი შინაარსისა, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში „ჰომო საკერი“ უფრო ფართო მნიშვნელობებითაც იხმარება საზოგადოებისგან გარიყული, უფლებაწართმეული ადამიანების აღსანიშნავად. ასეთი ჰომო საკერია, მაგალითად, თემიდან განკვეთილი ადამიანი, რომელზეც თემის მფარველი ღვთაების, ან ჯვარ-ხატის წყალობა აღარ ვრცელდება; ამგვარი გაგებით, ჰომო საკერები იყვნენ პირველი ქრისტიანი მოწამეები, რომლებსაც იმპერატორმა ნერონმა რომის გადაწვაში დასდო ბრალი; მოწამე წმინდანები, რომლებსაც საბოტაჟში, ავხორცობაში, ინცესტსა თუ კანიბალიზმში ადანაშაულებდნენ. შემდგომში თავად გამარჯვებულმა ქრისტიანობამ შექმნა ახალი ჰომო საკერები ურჯულოების, მწვალებლებისა თუ კუდიანების სახით. ჰოლოკოსტში, ანუ გერმანელი ნაცისტების მიერ ებრაელთა, როგორც დაბალი რასის წარმომადგენლების განადგურებაში, ამგვარი სტატუსის მქონეებად ებრაელები იქცნენ. მათ გვერდზევე აღმოჩნდნენ თანდაყოლილი ფიზიკური თუ ფსიქიკური „ნაკლის“ მქონე პიროვნებები და ჰომოსექსუალები.
იტალიელმა ფილოსოფოსმა ჯორჯო აგამბენმა, რომლის სახელსაც უკავშირდება ტერმინ ჰომო საკერის ფართო მნიშვნელობით გავრცელება, თანამდეროვე ჰომო საკერებად „ანტიტერორისტული ომის“ ტყვეები, საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილი გუანტანამო ბეის პატიმრები მიიჩნია, აგრეთვე ლტოლვილები, რომელთა მიღებაც არცერთ სახელმწიფოს არ სურს.
კულტურული ჰომოფობიის პერსპექტივიდან, ჰომოსექსუალია ერთგვარი უნივერსალური ჰომო საკერი, რომლის, როგორც არა კვლავწარმოების საშუალების ფასი, იმდენად დაბალია, რომ არ წარმოადგენს სასიცოცხლო ღირებულებას. შესაბამისად, ჰომოსექსუალთა უფლებრივი გათანაბრება პირდაპირი ხელყოფაა კვლავწარმოებადი უმრავლესობის აღმატებულობისა და მასზე დაქვემდებარებულის მიმართ ძალადობის წმინდა უფლებისა.
ჰომო საკერი ჰომოფობურ კულტურასა და მის ეკონომიურ აზროვნებაში ჰომოსექსუალობის რეალური სტატუსია. ჰომოსექსუალობის შეუწყნარებლობა, რომელსაც მისი დემონიზაცია, ცოდვად და გარყვნილებად შერაცხვა, შემდგომ კი ავადმყოფობად და სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიკაცია მოჰყვა, სათავეს მონოთეისტური რელიგიებიდან იღებს. განსაკუთრებული როლი ამ მხრივ ითამაშა ქრისტიანობამ, რომელმაც თავდაპირველად ყოველგვარი ხორციე- ლი სიამოვნება დაგმო და შეაჩვენა, ხოლო შუა საუკუნეებში ჰომოსექსუალობა მომაკვდინებელ ცოდვად გამოაცხადა და ამით ახალი დროებისათვის ჰომოსექსუალობის დევნისა და განადგურების ნიადაგი შეამზადა. სწორედ განმანათლებლურ და გონების ბატონობის ხანაში გახდა ერთი და იმავე სქესის ადამიანთა შორის სასიყვარულო ურთიერთობა „გადახრა“, ნორმიდან გადახვევა თუ დანაშაული. ასეთი განვითარების დაგვირგვინება იყო ფაშისტურ რეჟიმებსა თუ საბჭოთა დიქტატურაში ადამიანების სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დევნა და ხშირად ფიზიკური განადგურებაც.
თუმცა XX საუკუნეშივე დაიწყო მოძრაობები ჰომოსექსუალობის ჯერ დეკრიმინალიზაციისათვის, შემდეგ კი სრული სამართლებრივი ლეგალიზაციისათვის, რომლის დაგვირგვინებაცაა უკვე XXI საუკუნეში დასავლეთის ქვეყნებში ჰომოსექსუალურ ქორწინებათა დაკანონება, ანუ ურთიერთობის ამ ფორმის იმ კულტურაში ინტეგრაცია, რომელმაც ჰომოფობიის წარმოშობა განაპირობა. თუმცა, სწორედ ამგვარმა ჰუმანისტურმა პოლიტიკამ გაამძაფრა ჰომოფობიის ახალი ტალღაც. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროში ჰომოფობია პატრიარქალური წესრიგის დამცველი ულტრაკონსერვატორების, რელიგიური ფანატიკოსებისა და ექსტრემისტების, მემარჯვენე პოპულისტებისა და ნეოფაშისტების უკანასკნელი თავშესაფარია.
ჰომოსექსუალობის არაბუნებრიობა, როგორც „პრივილეგია“
შეიძლება ერთი შეხედვით პარადოქსად გამოიყურებოდეს, რომ ჰომოსექსუალობის კულტურული ღირებულება განპირობებულია ზუსტად იმავე მიზეზებით, რომლებიც ჰომოსექსუალობას ჰომო საკერად აქცევს. მრავალსაუკუნოვანმა დევნამ და მარგინალიზაციამ ჰომოსექსუალური კულტურა დაიცვა გამეინსტრიმე-ბისა და, შესაბამისად, გაუფასურებისაგან. ამით ის ყველა სახის ალტერნატიული თუ კონტრკულტურის პროტოტიპად და ულევ საბადოდ აქცია. ამასთანავე, ჰომოსექსუალობის კულტურული თვითგამოხატვის ფორმები, მისი განსაკუთრებულობა და ხიბლი თუ რევოლუციური მუხტი მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ რეპრესიების შედეგია, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ხორციელდება მასზე. რელიგიურმა შეუწყნარებლობამ კი ჰომოსექსუალობას სწორედ რელიგიუ-რი, შეიძლება ითქვას, საკრალური შარავანდედი შესძინა: სახარებიდან ცნობილი ქრისტეს სიტყვები - „ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი“ (მათე 20;16) - პირდაპირ შეიძლება მიესადაგოს ჰომოსექსუალობის, როგორც მარადიული უმცირესობის პათოსს.მარგინალიზებული, აკრძალული და დევნილი უმცირესობის პათოსი ქმნის იმ კულტურული თვითგამოხატვის სუბვერსიულ, ანუ დამამხობელ, არეულობის შემომტან ფორმებს, რომლებიც ჰომოსექსუალური კულტურისთვისაა დამახასიათებელი.
ჰომოსექსუალობის კულტურული თვითგამოხატვის პირველი მთავარი ფორმა მოწამეობრიობაა, რომელშიც და რომლის მეშვეობითაც ადრექრისტიანულმა მარტიროლოგიამ თანამედროვეობამდე მოღწევა შეძლო, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ჰომოსექსუალი თანამედროვე ჰომოფობურ გარემოში იმავე როლს ას-რულებს, როგორსაც კატაკომბების დროინდელი პირველი ქრისტიანი. შემთხვევითი არაა, რომ ჟან პოლ სარტრი პირველ ღიად ჰომოსექსუალ მწერალს ჟან ჟენეს წმინდანს უწოდებდა და ჟენესადმი მიძღვნილ თავის გიგანტურ მონოგრაფიაში - „წმინდა ჟენე. კომედიანტი და მოწამე“ - მისი წმინდანობის დასაბუთე-ბას ცდილობდა.
ჰომოსექსუალობის თვითგამოხატვის მეორე მთავარი ნიშანია „კარნავალურობა“, რომელიც ყველაზე ცხადად ე.წ. „გეი აღლუმებზე“ ჩანს და კონსერვატორი საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. კარნავალურობა უკვე ანტიკურ ხანაში გაჩნდა, მაგრამ თავის ფართო გავრცელებას შუა საუკუნეებში მიაღწია. კარნა-ვალურობისათვის დამახასიათებელია პაროდია, შავი იუმორი, გროტესკი, გადამეტება, სქესობრივი როლების აღრევა, „უცენზურობა“ და ეპატაჟი. კარნავალური კულტურა, როგორც მისი ყველაზე ცნობილი მკვლევარი მიხეილ ბახტინი წერდა, ჩაგრული, ხმა და უფლებაწართმეული ხალხის კულტურა იყო, რომელიც კარნავალური ფორმებით საჯაროდ გამოხატავდა საკუთარ არსებობას და თავისუფლების სურვილს, აგრეთვე იერარქიებისა და სოციალური ჩაგვრის კრიტიკას.
სწორედ ამგვარი „უცენზურო“ და ნორმატიული წესრიგის ამრევი ელემენტები იწვევს კულტურულ აფეთქებებს. „კულტურული აფეთქება“ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იური ლოტმანის შემოტანილი ტერმინია, რომელიც კულტურის დინამიკის, მისი თვითგანახლებისა და განვითარების მთავარი მექანიზმია და ის იმდენ ხანს არის ქმედითუნარიანი, სანამ კულტურის მიერ მისი მიღება-ათვისება და, შესაბამისად, „გაუვნებელყოფა“ არ მოხდება. გაუვნებელყოფა კი ჰო-მოსექსუალობის „საზოგადოებრივ შეთანხმებაში“ ჩაწერას და სრულუფლებიან თანამონაწილეობას გულისხმობს, რაც მისთვის ექსკლუზიურობის დაკარგვი-თაა შესაძლებელი. ჰომოსექსუალური ოჯახი ნორმატიულ წესრიგში ინტეგრაციის მცდელობა, მისი იმიტაციაა. ამ სამშვიდობო ხელშეკრულების სანაცვლოდ ჰომოსექსუალობამ საკუთარ სუბვერსიულობაზე უარი უნდა თქვას, რაც მას „საზოგადოებრივი შეთანხმების“ მიღმა ყოფნას და, ამდენად, სუვერენულობას აკარგვინებს.
ჰომოსექსუალობა არაბუნებრივია, თუკი ბუნებრიობა გამრავლების ინსტინქტამდე დაიყვანება. სწორედ ეს არაბუნებრიობა ანიჭებს მას განსაკუთრებულობას და ერთგვარ მომნუსხველ-მომაჯადოებელ ელფერს, რომელიც თავისი არა ბუნებრიობით, არამედ ბუნების წინააღმდეგ სვლით, წმინდა სახის „ხელოვნებაა“, რამდენადაც ხელოვნება არცერთი ბიოლოგიური ინსტინქტის დაკმაყოფილებას არ ემსახურება და სამომხმარებლო ეკონომიის თვალსაზრისით, სრულიად უსარგებლო და ზედმეტია. ისევე, როგორც ყოველგვარი ხელოვნება, რომელიც არაბუნებრივი თუ ბუნების მიერ არშექმნილი საგნების შექმნას გულისხმობს, გარკვეული აზრით, ჰომოსექსუალურია და როგორც ჰომოსექსუალობა, ხელოვნებაც სუბვერსიულია ნორმატიული წესრიგის მიმართ.
ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის სიყვარულს არანაირი სხვა მიზანი, გარდა თავად სიყვარულისა, არ გააჩნია, მისი ნაყოფი არაბიოლოგიურია. ჰომოსექსუალობის საიდუმლო, რომელიც ცხოვრების ამ ფორმის მიმართ სიძულვილსაც იწვევს და ხიბლსაც, შურსაც და დაცინვასაც, აგრესიასაც და თანა-გრძნობასაც, შიშსაც და განცვიფრებასაც - ერთგვარი „დაუინტერესებელი ჭვრეტაა“, როდესაც სექსუალობა არა რომელიმე სხვა მიზნის მიღწევის საშუალე-ბაა, არამედ თავად მიზანია და ის მასში არანორმირებული, „პირველქმნილი“ მრავალფეროვნებით ცხადდება. თუ სექსუალობის ნორმირებით სიამოვნების ფაქტორის შეზღუდვა ხდება, ნორმებზე გადაბიჯებით კი შებოჭილი სიამოვნება რამდენადმე იზრდება, რაც ჰომოსექსუალობას სიამოვნების ეკონომიაში უპი-რატესობას უქმნის. კულტურული ჰომოფობიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ ჰომოსექსუალობის ამგვარი პრივილეგირებულობაა. ჰომოსექსუალობის მთავარი „პრივილეგია“ მისი კულტურული მიუღებლობაა, რაც მას გამეინსტრიმულებისა და შემოქმედებითობის დაკარგვისგან იცავს.
ეს თვისება ჰომოსექსუალობის მარტიროლოგიურობამ, მოწამეობრივმა ბუნებამ განაპირობა. როგორც პირველქრისტიან მოწამეებს დევნა მხოლოდ რწმენას უმტკიცებდა და მიმდევრებს მატებდა, ასევე დევნა-შევიწროება ჰომოსექსუალობას მხოლოდ სიმტკიცეს და გაბედულებას მატებს, კიდევ უფრო მეტ ბრძოლის-უნარიანობას და შემოქმედებით ენერგიებს ანიჭებს. ამ უპირატესობას და განსაკუთრებულობას ჰომოსექსუალობა მისი საყოველთაო აღიარებით კარგავს და ნორმატიული წესრიგის ნაწილად აქცევს. ეს კი, საბოლოო ჯამში, XXI საუკუნის ჰომოსექსუალური კულტურის დილემაა.