თბილისი
მდინარისპირა ღია ურბანული სივრცეების რეორგანიზება პოსტ სოციალისტურ ქალაქებში - თბილისის სანაპირო - დავით ასანიძე
შესავალი
ქალაქები, რომლებიც დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში ფუნქციონირებდნენ საბჭოთა რეჟიმის პირობებში, აერთიანებენ ისეთ ქალაქგეგმარებით პრინციპებს, რომლებიც დღეს კრიტიკის საგანი გახდა. სწორედ ამ მიმართულებით განვიხილავთ ჩვენ ქალაქისა და მდინარის ურთიერთმიმართების საკითხს.
დღეს მთლიანად მოშლილია და ფაქტობრივად აღარ არსებობს ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმარება, როგორც სახელმწიფო სივრცით-გეგმარებითი ორგანიზაციის ერთიანი სისტემა. თბილისის ერთ-ერთი მთავარი ურბანული პრობლემა საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების ნაკლებობაა და მდინარე, რომელიც თავის როლს და აქტუალურობას დღითიდღე კარგავს.
პოსტ-საბჭოთა თბილისის დაუგეგმავი სტიქიური ზრდა, უკანასკნელი გენერალური გეგმის ვადის ამოწურვა და ქალაქის დაგეგმარების ისტორიული ტრადიციების უარყოფა აისახა მასშტაბურ და კომპლექსურ პრობლემაზე, ქალაქისა და მდინარე მტკვარის ურთიერთმიმართების თვალსაზირისით. თბილისისა და მდინარე მტკვარს შორის დაკარგული კავშირი კომპლექსური და გამომწვევი ურბანული პრობლემაა, ხოლო ამ კავშირის ტრანსფორმაცია მმართველი ძალის პოლიტიკურ მიზნებსა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. მდინარე მტკვარი, როგორც ქალაქის ლანდშაფტის განუყრელი და აქტიური ელემენტი, გამოიყენება, როგორც ქალაქზე ზემოქმედების პოლიტიკური ინსტრუმენტი.
თბილისის სანაპიროს ურბანული განვითარების საფუძვლები
ქალაქგეგმარების განვითარების ყველა ეტაპზე, მტკვრის ზიგზაგისებრი კალაპოტი აისახებოდა თბილისის გეგმარებაზე, წარსულში მდინარე მტკვარს სანაოსნო დანიშნულებაც ჰქონდა. როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში მდინარის დონის დაწევა გამოწვეული იყო მის ნაპირებზე არსებული ტყის მასივების გაჩეხვით. დღეს-დღეობით მდინარე მტკვრის კალაპოტის კედლებს შორის უკვე გამქრალია დიდი და პატარა კუნძულებიც. 1800 წლის გეგმაზე (01) ასახულია კუნძულზე გაშენებული ბაღები. XIX ს. თბილისის გეგმებს შორის ქრონოლოგიურად უადრესია 1800 წლის გეგმა, რომელიც ზუსტად ასახავს რეალურ ვითარებას, რადგან იგი თბილისისათვის პირველი ინსტრუმენტულად შედგენილი გეგმაა. ამ გეგმაზე აღნიშნულია არსებული უბნების განაშენიანება, ქუჩათა ქსელი, ცალკეული შენობები და აღა-მაჰმად-ხანის უკანასკნელი, 1795 წლის შემოსევის შემდეგ დარბეული ქალაქის ნაწილები - ნასახლარები. ამიტომ, არსებითად, 1800 წ. გეგმაზე არის 1795 წ. ვითარებაც, რის გამოც ამ გეგმით მსჯელობენ XVIII ს. მიწურულის თბილისის დაგეგმარებაზეც.
1923-34 წლების საბჭოთა თბილისის პირველი გენგეგმის შესწავლისა და ანალიზის დროს უპირველეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ ხარკოვის „გიპროგრადის“ როლი, რამაც უეჭველად გავლენა იქონია როგორც ქალაქის მთლიანი გეგმარებითი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, აგრეთვე მისი მხატვრული გამომსახველობის ფორმირებაზე და, რა თქმა უნდა, მტკვრისა და მისი სანაპიროების შემდგომ ბედზეც. სამწუხაროდ, პროექტში არა მხოლოდ არ იქნა წარმოჩენილი ქალაქის ძირითადი ელემენტის საზოგადოებრივი ცენტრის მდინარეზე გასვლის პრობლემა, რაც თბილისის გეგმარებითი სტრუქტურისთვის ისტორიულად იყო დამახასიათებელი, არამედ სათანადოდ არ იყო შესწავლილი და გამორკვეული მისი დანიშნულება, შემადგენლობა და განვითარების პერსპექტივები.
1928 წელს პრაქტიკულად შეუდგნენ მუშაობას მტკვრის სანაპიროს გასამაგრებლად და შემდგომში მაგისტრალის გასაყვანად. 30-იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა ხელისუფლებამ წყლის წისქვილებიც აიღო. მდინარის დონის დაწევის შემდეგ მოხდა ნაპირის გამაგრება და ახალ მიწის ნაკვეთზე რიყის უბნის განაშენიანება. ჩვენს ხელთ არსებული ისტორიული და თანამედროვე წერილობითი, ფოტო და გრაფიკული დოკუმენტაციის შედარებითი ანალიზი საშუალებას იძლევა, დადგენილ იქნეს მტკვრის და თბილისის ურთიერთმიმართების ფუნქციურ-გეგმარებითი, მხატვრულ-ესთეტიური და ლანდშაფტური დინამიკის ფაქტობრივი სურათი. გამოვლინდეს ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც ბუნებრივი პირობებიდან, თუ სტანდარტებიდან გამომდინარე, საუკუნის განმავლობაში აყალიბებდნენ სანაპირო ტერიტორიის დაგეგმარების ხასიათს (02).
რიყის სანაპირო პარკი
რიყე, ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის მდებარეობს (03). გვიანდელ შუა საუკუნეებში რიყედ იწოდებოდა მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი, რომლის ნაწილი, მოგვიანებით, ჩუღურეთმა დაიკავა. მე- 17 საუკუნეში რიყეს ტერიტორია გამოიყენებოდა, როგორც საბრძოლო თამაშობებისა და შეჯიბრების არენა. აქ გადიოდა რუსეთში მიმავალი ავჭალის გზა.
მე-19 საუკუნეში ამ ტერიტორიამ სავაჭრო ზონის ფუნქცია შეიძინა. იქიდან გამომდინარე, რომ რიყე ქალაქის ყველაზე დაბალ ნაწილში, უშუალოდ მტკვრის ნაპირზე მდებარეობს, წყალდიდობების დროს ხშირად ზარალდებოდა.
2009 წელს თბილისის მერიამ დაიწყო ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების კონცეფციაზე მუშაობა. პროგრამა რამდენიმე მასშტაბურ პროექტს აერთიანებდა, რომელთა შორის ყველზე მნიშვნელოვანი რიყის პარკის განახლება და მისთვის ახლებური ელფერის შეძენა იყო.
7,5 ჰექტარზე გადაჭიმული პარკის პროექტი ქალაქის მერიამ 2010 წელს ყოველგვარი საჯარო განხილვის გარეშე დაამტკიცა. პროექტი ესპანელ არტქიტექტორს დომინგო კაბოს ეკუთვნის (04). მერიას დახურული ჰქონდა ინფორმაცია პარკის მშენებლობის დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის დაინტერესებული ურბანისტებისთვის და საზოგადოებისთის არ იყო ცნობილი პროექტის საერთო ღირებულება. რიყის პარკის მთავარ მაფორმირებელ ელემენტს სამგანზომილებიანი გამოსახულების მოძრავი შადრევანი წარმოადგენს, რომელიც მოსიარულეთა ცენტრალური მოედნით „მშვიდობის ხიდსა“ და ავლაბრის გვირაბის ახალი სეგმენტის სახურავზე მოწყობილ პრომენადეს უკავშირდება. გვირაბის სახურავი გამოყენებულია პარკის ერთ-ერთ ელემენტად და ინტეგრირებულია მთლიან სივრცესთან. აქვე აღსანიშნავია გვირაბის ახალი სეგმენტისა და მდინარეს შორის დატოვებული მოსიარულეთა ზონა, რომელიც მტკვრის სანაპიროს ტროტუარის გაგრძელებაა და მეტწილად ავტომობილთა პარკირებისთვის გამოიყენება. აქ თავი იჩინა პრომენადეს გაყოლებაზე განთავსებულმა “ბუდა ბარი”-ს სპეციფიკამ. ეს ბრენდი მისი ინტერიერის გარემოსგან მაქსიმალურ იზოლირებას მოითხოვს. შედეგად, ბარის შიდა სივრცე ჩაიკეტა მტკვრის სანაპიროსთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს მონაკვეთი თუნდაც, მომსახურეობის ობიექტის რაიმე თანმდევი ფუნქციის (ფუნქციების) გარეშე დარჩა, ის მოწყვეტილია და თითქოს ხელოვნურად არის გამოყოფილი პარკისგან, რომელიც გვირაბის ზედა ნიშნულზე არის გაშენებული. აქ მოძრავი ადამინი ვერ აღიქვავს სივრცეს, ერთის მხრივ, ის მდინარის სიახლოვესაა, მაგრამ შეზღუდულია გვირაბისა და რესტორნის ბეტონის კედლით, რაც ხელოვნურ და არაჰუმანურ გარემოს ქმნის. უნდა ითქვას, რომ პარკის პარტერის ქვეშ აგებულია კეთილმოწყობილი მიწისქვეშა ავტოსადგომი 350 ავტომობილისთვის. გორგასალის მოედანთან მისი სიახლოვის მიუხედავად (100-150მ.), საღამოს და ღამის, ანუ მაქსიმალური დატვირთვის საათებში, პარკინგი სანახევროდ ცარიელია. იმ დროს, როცა მოედნის მთელი სივრცე გაჩერებული ავტომობილებითაა ოკუპირებული. შესაძლოა, ეს არაეფექტური მენეჯმენტის, ან რაიმე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორის შედეგი იყოს.
ახალი ხიდი და რიყის თეატრი ერთ მხატვრულ კომპოზიციას ქმნიან (05), მაგრამ ორივე პროექტი მასშტაბითა და ვიზუალური სახით ამოვარდნილია გარემოს კონტექსტიდან. ხიდის მოხერხებული ლოკაციის მიუხედავად, სივრცობრივად თითქოს აჟურულმა, სინამდვილეში კი მინის მეტად აქტიურმა მოცულობამ ხეობის აღქმის ვიზუალური ბარიერი გააჩინა. ეს არქიტექტურული ლაფსუსი მომავალში აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. რიყის თეატრი განსაკუთრებით მძიმეა აღსაქმელად ბარათაშვილის ხიდიდან რიყის პარკში მიმავალი ადამიანისთვის, რადგან კონსტრუქცია გვერდიდან თითქმის მთლიანად ფარავს რიყის პარკის შიდა სივრცეს.
ახალი სანაპირო პარკის მოწყობის იდეა უდაოდ ყველასთვის მოსაწონი იყო, თუმცა ზემოთ აღნიშნული პროექტის დამტკიცებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხაობა გამოიწვია, რადგან მდინარე მტკვარს ამ ახალი ელფერის სარეკრეაციო ზონასთან კავშირი ნაკლებად ჰქონდა. ტერიტორია გათავისუფლებულ იქნა ძველი, უსახური რესტორნებისგან, რაც დადებითი ფაქტორია, თუმცა ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც ახალი პარკის პროექტის ფარგლებში აშენდა (ხიდი, რიყის თეატრი, სააავტომობილი გვირაბი და საბაგირო გზის სადგური) ამოვარდნილია ამ ისტორიული უბნის განაშენიანების კონტექსტიდან. ამიტომ, არ შეიძლება არ გამოითქვას კრიტიკული აზრი იმ ნაგებობების შესახებ, რომლებიც განლაგებულია პარკის ტერიტორიაზე და დომინირებენ გარემოზე. აქ გარემოს მაფორმირებელი ძირითადი აქცენტები ისტორიულად მეტეხის ტაძარი, ნარიყალა, სიონი, ძველი თბილისის საცხოვრებელი განაშენიანების ფრაგმენტი იყო, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმოდნენ მდ. მტკვარსა და რელიეფს. რიყის ტერიტორია იყო უნიკალური მთელი ქალაქის მასშტაბით, სწორედ ამ მახასიათებლების გამო. ყველა ხელისუფლება ფრთხილობდა ამ უბნის შესახებ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას. ჩატარდა რამდენიმე კონკურსი საჯარო განხილვებით, გამარჯვებულები გამოვლინდნენ არა ერთხელ, მაგრამ რიყე ხელშეუხებელი რჩებოდა ამ პროექტის განხორციელებამდე. ქალაქის ცენტრში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლებოდა მდინარის ჩართვა ქალაქის ცენტრის გეგმარებაში, ეხლა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რიყის პარკის თანამედროვე დაგაგმარებიდან და გიგანტური მასშტაბის შენობიდან გამომდინარე (06).
დედა ენის პარკი
დედა-ენის ბაღის (ყოფილი ორბელიანების კუნძულის) გამწვანება 1930-ანი წლების მიწურულს, მტკვრის სანაპიროების მშენებლობასთან ერთად დაიწყო. ადრე სამეურნეო, ნაწილობრივ საწარმოო დანიშნულებით გამოყენებული ტერიტორია ქალაქისთვის მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონად იქცა. სამწუხაროდ, ბოლო 15 წლის განმავლობაში მოხდა მწვანე არეალის (სულ 9.0 ჰა) შენობა-ნაგებობებით ათვისება (07). ახალი იუსტიციის სახლი, (შენობა, რომლის აგებას ჩოგბურთის კორტების კომპლექსი შეეწირა) „წარმატებით“ გახდა პარკის ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი. შეიძლება ითქვას, რომ თბილისისთვის აღნიშნული კორტები უიმბლდონის ტოლფასი იყო. დღეს კი, მისი კუთვნილი ხუთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი ზემოთ ხსენებულ იუსტიციის სახლის კომპლექსს უკავია, მათ შორის - 2.5 ჰა ავტომანქანების პარკირებას აქვს დათმობილი (08).
პროექტის მიზანი იყო ქალაქის ცენტრში მდინარის პირას აშენებულიყო საზოგადოებრივი ფუნქციის მქონე იკონური შენობა, რომელიც ახლებურ და საინტრესო ელფერს შესძენდა გარემოს. ერთგვარი პარალელის გავლება შეგვიძლია ბილბაოს გუგენჰეიმის მუზეუმთან. იუსტიციის სახლის პროექტიც, შეიძლება ითქვას, რიყის პარკის რეკონსტრუქციის გარგრძელებად მოიაზრებოდა. თბილისის უმნიშვნელოვანეს ისტორულ ადგილას ყოველგავრი ტენდერის და საზოგადოებრივი განხილვის გარეშე მოხდა იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქასის პროექტის დამტკიცება. შენობის საერთო ფართი შეადგენს 2,7 ჰექტარს, შვიდ სართულიან შენობაში განთავსებულია ოფისები და საზოგადოებრივი მომსახურების სივრცეები. გარემოსთან კომონუკაციისას, იუსტიციის სახლი აღქმისთვის დამატებით რაკურსებსა და სივრცეს მოითხოვს. შენობა ასევე არღვევს ტერიტორიის გამოყენების ინტენსივობის ნორმას. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ არქიტექტორმა არ ჩათვალა საჭიროდ ადგილზე ჩამოსვლა და გარემო ფაქტორების შესწავლა.
მტკვრის ორივე სანაპიროს გასწვრივ გამავალი სატრანსპორტო მაგისტრალებზე არსებული ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარები განსაზღვრავენ მდინარის გასწვრივ არსებული ტერიტორების გეგმარებით სტრუქტურას. საჭოთა პერიოდში დაგეგმარდა და მოეწყო განივი ტროტუარი, რომელიც მდინარისპირა ბულვარის როლს ასრულებდა, დღესაც შენიშნავთ სანაპიროს მოაჯირებზე არსებულ ლამპიონებს. ეს სანაპირო “ბულვარი” ფუნქციონირებდა იმდენად, რამდენადაც იმ დროს სანაპირო მაგისტრალებზე არ იყო დატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა და “ბულვარის” ტერიტორიაზე მოხვედრა არ წარმოადგენდა ისეთ სირთულეს, როგორც ახლა.
2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, შენობის ახლოს მომძლავრდა ავტომობილების ნაკადი. ქალაქის ხელისუფლებამ გზის გაფართოვების მიზნით დაავიწროვა მდინარისპირა ტროტუარები და მის ზოლზე არსებული ხეები გაჩეხა. ასევე, მშენებლობის პერიოდში, სამშენებლო ადგილისა და პარკინგის მოსაწყობად გაიჩეხა ხეების გარკვეული რაოდენობა. ასეთი ქმედებები ცხადყოფს ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ. თავის მხრივ ქალაქის ლანდშაფტის შეცვლაზე პასუხისმგებელი პირები ამტკიცებდნენ, რომ პროცესი კარგად დაგეგმილი იყო და მის სავალალო შედეგებს ვერ ხედავდნენ. ასეთ დაუდევარ მშენებლობასა და დამოკიდებულებას შეეწირა ათეულობით ხე, იერსახე დაეკარგა ქალაქის ცენტრში არსებულ უძველეს პარკსა და მის შემოგარენს. ისევე, როგორც რიყეს პროექტის შემთხვევაში, საზოგადოებრივი სივრცის უზარმაზარი ნაწილი მანქანების სადგომს აქვს ოკუპირებული. თუ გავითვალისწინებთ პროექტის მასშტაბსა და ღირებულებას, კეთილი ნების შემთხვევაში, არ იქნებოდა რთული მიწისქვეშა სადგომის მოწყობა, რაც საზოგადოებრივი სივრცის შევიწროვების ნაცვლად მის გაფართოვებას შეუწყობდა ხელს, რისი მაგალითიც ფაქტიურად არ არსებობს თბილისის ცენტრალურ უბნებში. მიწისქვეშა სადგომის მშენებლობა, ერთის მხრივ, მხოლოდ უმნიშნველოდ გაზრდიდა პროექტის ბიუჯეტს, ხოლო, მეორეს მხრივ, აღმოფხვრიდა ქალაქზე პროექტის უარყოფითი გავლენის მთავარ გამომწვევ მიზეზს.
დასკვნა
ჩვენი დაკვირვების თანახმად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოსტ-საბჭოთა ქალაქების ცვლილებების მთავარი გამომწვევი მიზეზი მასშტაბური ეკონომიური და პოლიტიკური ტრანსფორმაციებია. მიწათსარგებლობის რადიკალურად განსხვავებული სისტემიდან ახლებური განაწესსა და კერძო მესაკუთრეობის სისტემაზე გადასვლის მძიმე პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
სახელმწიფოს მხრიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს ამ პროცესის დემოკრატიზაცია და რეგულაცია, თუმცა კერძო მესაკუთრეებისა და დეველოპერების როლი მაინც განმსაზღვრელ პოზიციაზე რჩება, ხანდახან, როგორც სჩანს, დაუდევრობით განხორციელებული საჯარო მართვის მიზეზით. ამ გარემოების შედეგად დასავლური საზოგადოების მთავარი ღირებულებები მხოლოდ ნაწილობრივ ინერგება და გარემოს დაცვისა თუ საზოგადოების ჩართულობის პრაქტიკა სრულიად უგულებელყოფილია. სწორედ ამ ძირითადი პრინციპების უარყოფის ხარჯზე ვიღებთ გარემოს, სადაც ადამიანების უფლებები და ინტერესე ბი არაპრიორიტეტული და იგნორირებულია.
მდინარის სანაპიროების ზემოთ აღწერილი ტრანსფორმაციები სანიმუშო პროექტებია ახალი პოლიტიკური ძალის ეკონომიური და ფინანსური ძალაუფლების მანიფესტაციისთვის. ამ პროექტების ფასეულობა განიხილებოდა გარემოსგან, კონტექსტიდან ამოგლეჯით, მთავარი აქცენტი დაისვა კონკრეტული შენობებისა თუ არქიტექტურული კომპლექსის ვიზუალურ მხარეზე და არა ძირეული და სტრუქტურული ამოცანების გადაწყვეტაზე. მაგალითად, არ მოხდა გათვალისწინება ისეთი აქტუალური საკითხებისა, როგორებიცაა მდინარის სანაპიროებზე საზოგადოებრივი სივრცეების ფორმირება და მდინარესა და მის შემოგარენს შორის დაკარგული კავშირის აღდგენა. მტკვირს სანაპიროებზე განხორციელებული პროექტების ანალიზის დროს ნათლად ჩანს ის სტრუქტურული პრობლემები, რომელთა გადაჭრაც გეგმარებით ინსტიტუციებსა და ამ საქმის პროფესიოანალებს უნდა დაეკისროთ. იმისათვის, რომ სამომავლოდ აღმოიფხვრას რისკი მსგავსი შეცდომებისა, აუცილებელია განისაზღვროს მდინარის სანაპიროების მისია და ფუნქცია ქალაქისათვის,ხოლო ქალაქის ისტორიულ ნაწილში ნებისმიერ ჩარევას წინ უნდა უსწრებდეს გარემოს დეტალური კვლევა/ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ხდებოდეს უშუალოდ შენობების ვიზუალური კონცეფციისა და პროექტის შემუშავება. რადგან თავიდან იქნას აცილებული საფრთხე მსგავსი იკონური შენობების დიქტატორული გავლენისა საზოგადობერვ სივრცეებსა და ქალაქის იერსახეზე. მუშაობის ამგვარი პრაქტიკით გარემოა ის დომინანტი, რომელიც განსაზღვრავს შენობების ფორმასა და მაშტაბს და არა პირიქით, როგორც ეს მოხდა რიყის პარკისა და იუსტიციის სახლის შენობების შემთხვევაში.