დადა
სივრცის ორნაირი კონცეფცია - დავით კაკაბაძე
(აღმოსაველთი და დასავლეთი)
დასავლეთ ევროპის პლასტიკურ ხელოვნებას ახასიათებს შემდეგი წინადადება: “რელიეფი სულია მხატვრობისა”. ეს აზრი ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელმაც პირველად ჩამოაყალიბა იტალიის რენესანსის იდეა. ამით აღნიშნულია ის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც აქვს ხელოვნებაში სივრცის განცდის გადმოცემას და ნაჩვენებია ერთი საშუალებაც ამ განცდის გამოსახატავად. რელიეფით ირკვევა საგნის რეალური არსებობა სივრცეში. ამდაგვარი დაკავშირება პლასტიკური ხელოვნებისა ბუნებასთან, ერთი უმთავრესი მხარეა განსხვავებისა აღმოსავლეთის და დასავლეთის ხელოვნებათა შორის. აღმოსავლეთის ხელოვნება ხასიათდება განყენებული ცნებით და ფორმებით. დასავლეთის ხელოვნება დამყარებულია კონკრეტულ და მატერიალურ ფორმებზე. აღმოსავლეთის ხელოვნება მიილტვის მარადისკენ, დასავლეთის – დროულისკენ. აბსტრაქტულ და სპირიტუალურ წარმოდგენას აღმოსავლეთისას წარუდგება დასავლეთის კონკრეტული და მატერიალური აზრი.
აღმოსავლეთში ბუნება განყენებულ პროპორციებში და შესაძლებელი ფორმებით ისახება, დასავლეთში კი – ადამიანის მხედველობით და ინდივიდის განცდით იზომება. აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნებისთვის ბუნების გადმოცემა იმ სახით, როგორც არსებობს, არასოდეს არ ყოფილა მიზანი. დასვლეთის ხელოვნებისთვის კი ბუნება თვით არის მიზანი. ხელოვნების ამ ორნაირ შინაარსს ახასიათებს ორი სხვადასხვა წარმოდგენა სივრცეზე. აღმოსავლეთი განიცდის სივრცეს განყენებულ ფორმებში, დასავლეთი კი – კონკრეტულ სახეებში.
ხელოვნება შემოქმედებაშია. ის ვითარდება მხოლოდ განყენებულად განცდილ სივრცეში. კონკრეტულ ფორმებში განცდილი სივრცე ხელოვნების განვითარებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია და შემოქმედება ამ პირობებში ვერ აღწევს წმინდა გამოხატულებას. ამის ნიმუშებს ბევრს იძლევა წარსული დროის ხელოვნება. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტულად განცდილ სივრცეზე დამყარებული ხელოვნება ვერ ანვითარებდა შემოქმედებას (რომაელების, ინგლისის და ამერიკის ხელოვნება) და მხოლოდ განყენებული წარმოდგენა სივრცეზე ხელოვნების განვითარებისათვის საუკეთესო ნიადაგი იყო. და არა ერთხელ ჩვენ ვხედავთ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების გავლენა დასავლეთ ქვეყნებზე გადამწყვეტი იყო ამ უკანასკნელისთვის.
პლასტიკური ხელოვნება, რომელიც დამყარებულია “Trompe - l`oeil” სისტემაზე, ეკუთვნის დასავლეთ ქვეყნების გამოგონებას. ეს სისტემა გადმოსცემს კონკრეტულ ფორმებში სტატიკურ სივრცეს. ხაზებიანი პერსპექტივა არის ერთი, ამდაგვარი საშუალება ამ სისტემის გადმოსაცემად. ის ჩვენ გვაყენებს უძრავ მდგომარეობაში, განსაზღვრულ დროში, განსაზღვრული სივრცის მიმართ. “Trompe - l`oeil” სისტე- მა სრულებით უცნობია აღმოსავლეთის ხელოვნებაში. ადამიანი, რომელიც განიცდის სივრცეს განყენებულ ფორმებში, ვერ დაკმაყოფილდება “Trompe - l`oeil” სისტემის წარმოდგენით. მისთვის სივრცის განცდა არსებითი მოთხოვნილებაა და ბუნებირვი გრძნობა. ამიტომ აღმოსავლეთის პლასტიკური ხელოვნება კონსტრუქტიული და მონუმენტურია. ის გადმოცემულია სივრცის განუსაზღვრელ მანძილსა და განუზომელ დროში. არქიტექტურული ფორმებიც გამოდინარეობენ სივრცის ამ ორნაირი განცდიდან. აღმოსავლეთის ფორმები - მრგვალ და სპირალურ ხაზებში, დასავლეთის – პირდაპირ ხაზებში. აღმოსავლეთი სივრციდან გამოდის და ქმნის სივრცის ახალ სახეს. დასავლეთი კი ბუნების სივრცისაკენ მიისწრაფვის და მას ბაძავს. ნიმუშები: აღმოსავლეთში – კამარა, გუმბათი (კტეზინფონის დარბაზი, აია-სოფია კონსტანტინეპოლში) და სპირალური კოშკი (სამარა); დასავლეთში – გოთური წვეტიანი კოშკი. უფრო წარსულ ხანებში ეგვიპტე იძლევა განყენებული სივრცის ნიმუშებს, კლასიკური საბერძნეთი – კონკრეტული სივრცისას.ხელოვნების დაქვეითების ხანა ხასიათდება სივრცის გადმოცემის თვისებების დაკარგვით და მატერალური, ნატურალისტური ფორმებისაკენ მისწრაფებით. ძლიერ დამახასიათებელია, რომ დასავლეთ ქვეყნებში ყოველთვის გრძნობდნენ უპირატესობას აღმოსავლეთის ხელოვნებისას. აღმოსავლეთის ხელოვნება ყოველთვის იყო გამაცოცხლებელი და განმავითრებელი ფაქტორი დასავლეთის ხელოვნებისა. გოთური ხელოვნების “Vitrage”, ქმნილება დასავლეთის ქვეყნის გენიისა, დამაყარებულია აღმოსავლეთიდან მომავალ იდეაზე; ამ “Vitrage”-ით იწურება გოთური არქიტექტურა. ვერსალის ბაღი, რომლითაც დამთავრებულია კონკრეტულ სივრცეზე აგებული არქიტექტურა, დამყარებულია სპარსეთის ბაღების გეგმაზე.
ჩვენს დროში ევროპა მდგომარეობით იძულებულია გააცოცხლოს და განავითაროს თავისი ხელოვნება საკუთარი ძალებით.
ახალი ხელოვნების საჭიროება ნაკარნახევია თვით ახლად გარდაქმნილი ცხოვრებით. დღევანდელი ცივილიზაცია უნივერსალურია. ის არის არსებობის მოთხოვნილება როგორც დასავლეთ ქვეყნებისთვის, ისე აღმოსავლეთში. დღევანდელი აღმოსავლეთი უნდა ჩაერთოს ამ ცივილიზაციის საერთო მოძრაობაში იმ მოსაზრებით მაინც, რომელსაც ხშირად გამოსთქვამენ – ცხოვრების და ხელოვნების იდეალის გასპეტაკებისთვის. ხელოვნება დამოკიდებულია ადგილობრივ პირობებზე, ადგილობრივ საჭიროებებზე და საზოგადოდ იმ ცხოვრების მდგომარეობაზე, სადაც ის ვითარდება. ამიტომ ხელოვნებას აქვს ადგილობრივი სახე და ადგილობრივი ფორმები. ერთფეროვნება წინააღმდეგია ბუნების არსებისა, მრავალსახიობა ცხოვრების საფუძველია. განყენებულ ფორმებში ნაგრძნობი სივრცე – რომელშიაც ისახება სივრცის დინამიური განცდა იძლევა განუსაზღვრელ მრავალფეროვნებას და ამიტომ ხელოვნება, დამყარებული ამ ახალ განცდაზე, მიაღწევს სრულ განვითარებას და ძალას.
1925 წ. (ფრანგულად დაიბეჭდა “Bulletin de l’effort Moderne”, #21). თარგმანი აღებულია ვებგვერდიდან modernism.ge