ხის ჩრდილქვეშ
ბიოგრაფიები
პაოლო ფრეირე (1920-1997) – ბრაზილიელი განმანათლებელი, ფილოსოფოსი, კრიტიკული პედაგოგიკის ერთ-ერთი ფუძელდებელი. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ნაშრომია, ჩაგრულთა პედაგოგიკა. ფრეირე მუშაობდა ზრდასრულთა წიგნიერების პროგრამებზე, გაღარიბებულ სოციალურ ჯგუფებთან. 1964 წელს ის დააპატიმრეს. მოგვიანებით ცხოვრობდა და მუშაობდა გადასახელებაში ბოლივიასა და ჩილეში, მუშაობდა პროფესორის სტატუსით ჰარვარდის უნივერსიტეტში და ასევე ჟენევაში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სპეციალურ მრჩეველად. ფრეირე ეხმარებოდა სხვადასხვა ქვეყნებს საყოველთაო განათლების და ასევე წიგნიერების რეფორმების დანერგვაში. 15-წლიანი გადასახლების შემდეგ ის დაბრუნდა ბრაზილიაში, სადაც შეუერთდა მუშათა პარტიას სან-პაულუში და 1980-86 წლებში მუშაობა განაგრძო ზრდასრულთა წიგნიერების პროექტზე, მოგვიანებით გახდა სან-პაულუს განათლების მდივანი.
მარაიკე ვენცელი არის მსახიობი, რეჟისორი და პერფორმანს არტისტი. 2004 წელს დაამთავრა ბირმინგემის სამსახიობო სკოლა. 2007 წლიდან ის მოღვაწეობს დანიურ-ავსტრიულ პერფორმანს კოლექტივ SIGNA-სთან ერთად. მარაიკეს მონაწილეობა აქვს მიღებული დადგმებში ბერლინის (Volksbühne), ჰამბურგის (Deutsches Schauspielhaus), კიოლნის (Schauspiel), ლაიფციგის (Central Theater) და მრავალ სხვა თეატრში. 2017 წელს მან საქართველოში საბავშვო თეატრალური დასი „აიწონა-დაიწონა“ დაარსა.
ზურა ცოფურაშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიასა და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. მისი სახელოვნებო პრაქტიკა ეყრდნობა რელიგიის და ხელოვნების კვლევას, მათ შორის დამოკიდებულებების და კავშირების აღმოჩენასა და გამოყენებას. მან სკოლის მოსწავლეებისთვის, დააფუძნა ალტერნატიული საგანმანათლებლო მოდელი, სკოლა - პარალელური კლასი. 2017 წლიდან არის ჯგუფ In China-ს წევრი. მუშაობდა ბერლინში, თანამედროვე ხელოვნების და ურბანისტიკის ცენტრის რეზიდენციაში, სადაც გელათის აკადემიის კვლევის საფუძველზე შექმნა სკოლის, გაკვეთილის მოდელი. ამჟამად მუშაობს სკოლის მე-9 კლასის სახელმძღვანელოზე - სივრცის ორგანიზება.
ალექსანდრა აროშვილი არის პუბლიცისტი, მკვლევარი პოლიტიკისა და კულტურის სფეროში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასევე სწავლობდა ფილოსოფიას სამაგისტრო პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ინტრესის სფერო, ძირითადად, მემარცხენე ფილოსოფია, თანამედროვე პოლიტეკონომია და კრიტიკული ანთროპოლოგიაა. წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა სოციალური მოძრაობის დამფუძნებელი და აქტივისტი. 2017 წლიდან არის მემარცხენე ანალიტიკური მედია-პალტფორმის european.ge-ს რედაქტორი.
ალეხანდრა პისარნიკი (1936 - 1972) – არგენტინელი პოეტი, საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში, ბუენოს-აიერესში დაიბადა. ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის ფოლოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაბარებიდან ერთ წელიწადში გამოსცა პირველი ლექსების კრებული La tierra más ajena. სწავლობდა ლიტერატურას, ჟურნალისტიკასა და ფილოსოფიას ბუენოს-აირესის უნივერსიტეტში, რომელიც მალევე მიატოვა და ხუან ბატლიე პლანასთან მხატვრობის შესწავლა დაიწყო. პისარნიკმა დებიუტის შემდეგ გამოსცა კიდევ ორი წიგნი: La última inocencia და Las aventuras perdidas 1960 წლიდან, 1964 წლამდე პისარნიკი ცხოვრობდა პარიზში. იქ ის ჟურნალ Cuadernos-ისთვის მუშაობდა და აქტიურად იყო ჩართული პარიზის ლიტერატურულ ცხოვრებაში. სწავლობდა რელიგიის ისტორიასა და ლიტერატურას სორბონაში. პარიზში ყოფნისას დაუახლოვდა ხულიო კორტასარს და ოქტავიო პასს. 1964 წელს დაბრუნდა არგენტინაში და გამოსცა პოეზიის კრებული El infierno musical ალეხანდრა პისარნიკმა 1972 წელს ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.
ხესუს კარილიო არის მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტის თანამედროვე ხელოვნების ისტორიის პროფესორი. 2015-2016 წლებში იყო ქალაქ მადრიდის საჯარო ღონისძიებების და პროგრამების გენერალური დირექტორი. 2008-2014 წლებში მადრიდის რეინა სოფიას მუზეუმის კულტურის პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2013-2014 წლებში იყო „L'Internationale“-ს სარედაქციო საბჭოს წევრი. ასევე არის L'Internationale's, Glossary of Common Knowledge-ის კურატორი.
სეზარ ვაიეხო (1892-1938) პერუელი პოეტი, მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი. 1910 მან ჩააბარა ტრუხილიოს უნივერსიტეტში, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ბევრჯერ მოუწია სწავლის შეწყვეტა. მუშაობდა მასწავლებლად და ასევე შაქრის პლანტაციაზე. ამ სამუშაოზე მიღებულმა გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია მის პოლიტიკურ შეხედულებებსა და პოეზიაზე. 1922 წელს ცრუ ბრალდების საფუძველზე დააკავეს. შემდეგ დროებით გაათავისუფლეს, მაგრამ მისი საქმე არ დახურულა. ამიტომ 1923 წელს ვაიეხო ევროპაში გადასახლდა, სადაც სიკვდილამდე უკიდურეს სიღრიბეში ცხოვრობდა. ევროპაში ყოფნის დროს, გაეცნო მარქსისტულ ლიტერატურას და გახდა აქტიური კომუნისტი. ამ პერიოდში სამჯერ იყო საბჭოთა კავშირში და რამდენიმე წელი გაატარა გადასახელბაში ესპანეთში. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ის მხარს უჭერდა რესპუბლიკელებს. ამ ომმა დიდი გავლენა მოახდინა მის გვიანდელ პოეზიაზე.
სიმონ ვეილი (1909-1943) - ფილოსფოსი, მისტიკოსი და პოლიტიკური აქტივისტი დაიბადა პარიზში. მოზარდობისას უკვე ჩართული იყო მუშათა მოძრაობაში. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მასწავლებლად მუშაობა დაიწყო. 1930-იან წლებში ბევრჯერ შეწყვიტა პედაგოგიური საქმიანობა პოლიტიკური აქტივიზმისა და ასევე ავტოქარხანაში მუშად მუშაობის გამო, იმისთვის, რომ უკეთ გაეგო მუშათა კლასის საჭიროებები. 1932 წელს ის წავიდა გერმანიაში რათა დახმარებოდა მარქსისტ აქტივისტებს. ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლის (1933) შემდეგ კი, ეხმარებოდა გერმანელ კომუნისტებს რეჟიმისგან თავის დაღწევაში. ამ პერიოდში ვეილი აქვეყნებდა სტატიებს სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე. პაციფისტური პოზიციის მიუხედავად, 1936 წელს სიმონ ვეილი შეუერთდა რესპუბლიკელებს ესპანეთის სამოქალაქო ომში. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ის განაგრძობდა წერას შრომის, ომის და მშვიდობის შესახებ. დროთა განმავლობაში სიმონ ვეილი მეოცე საუკუნის სხვა, მემარცხენე ინტელექტუალებისგან განსხვავებით, რელიგიამ და მისტიციზმმა მიიზიდა.