EN KA

ბიანკა

გეი მუსიკა ჰეტერო ხალხისთვის - ანა მაყაშვილი

“It’s not as easy as it was
Or as difficult as it could be…”

Pet Shop Boys

სანამ საქართველო ტერმინ LGBთ-ს გამოყენებას და გათავისებას სწავლობს, ამ აბრევიატურას ისეთი ახალ-ახალი ასოები ემატება, როგორიცაა Q და I. ძნელია, ამდენ სიახლეს ფეხი აუწყო. თუმცა, ტერმინს ამით არაფერი აკლდება და ალბათ არც Q-სა I-ს ქვეშ კლასიფიცირებულ ადამიანებს. 

ზოგადად, კლასიფიცირებისა თუ კატეგორიზების ვნება ყოვლად ბუნებრივი მოვლენაა და სასარგებლოც კი როგორც მეცნიერულ, ისე ყოფით დონეზე. მაგრამ მზარდად მრავალ-ფეროვან თანამედროვე სამყაროში, – სადაც ყველაზე პოპულარული შავკანიანი მაიქლ ჯექსონია და სადაც, ჯონ ლენონის სიტყვების მიუხედავად, ქალი სამყაროს ზანგიაო, ნაომი ქემპბელს მშვენივრად მოეხსენება, რომ ქალი სამყაროს ზანგი არ არის, – კლასიფიცირება ცოტათი რთულ ამოცანად იქცევა. მაგალითად, თუ ადრე ყველაფერი უმეტესად დაიყვანებოდა ორზე (მაგალითად: საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული) ან სამზე (მაგალითად: იდი, ეგო და სუპერ-ეგო), ახლა ყველაფერი უფრო მეტია (მაგალითად: L, G, B, თ, Q და I) – იმდენად, რომ იბნევი კატეგორიებში, კლასებში და ცნებებში და საერთოდ ვეღარ ხვდები, რა საერთო აქვთ ერთ კლასში მოქცეულ ტერმინებს ან რა აზრი... 

როგორც ჩანს, მარტო არ ვარ დაბნეულთა შორის. თვითონ ისინიც იბნევიან, ვინც საზრისის ძიებისა თუ მოვლენებისთვის სახელების დარქმევის სრულიად ადამიანურ პროცესში, საკუთარი თავების, სხვა ადამიანების ან გარკვეული ქცევების კატეგორიებში მოქცევას ცდილობენ. უბრალოდ ზოგს ყოფნის გამბედაობა (და ჭკუა, სავარაუდოდ), ეს დაბნეულობა აღიაროს. ასე, მაგალითად, ერთი ბრიტანელი ჟურნალისტის დარდები მახსოვს – დედაჩემი, 1970-იანების ფემინისტი, სულ მაქეზებდა, ის მეკეთებინა, რასაც კაცები აკეთებენო. ჰოდა, ამ რჩევის შედეგად, ქალიშვილს პორნოს ყურება დაუწყია. მეც მთელი ცხოვრება ფემინისტი ვარ და რეგულარულად ვუყურებდი პორნოსო – პორნოს, რომელშიც დიდწილად კაცები დომინირებენ ქალებზე. მაგრამ დაეჭვებულა, იქნებ, ამ პორნოს ყურების გამო ფარისეველი გამოვდივარო. 

მსგავსმა ფარისევლობამ ან, გნებავთ, პარადოქსმა მაშინაც იჩინა თავი, როცა ბრიტანულმა Eლლე-მა ფემინიზმისადმი მიძღვნილ გამოცემას უფასო თვალის ფანქარი მოაყოლა. ამის გამო Eლლე-ს გაზეთმა Iნდეპენდენტ-მა დასცინა, თუმცა Eლლე-ს მაინც გამოუჩნდნენ ქომაგები – რა იყო, თვალის ფანქარს თუ ხმარობს ქალი, მის ფემინიზმს რამე კი არ აკლდებაო. მიდი და გაიგე. 

ამ ტიპის მაგალითს განეკუთვნება ჩეხეთში გამართული ერთი ფემინისტური კონფერენციის ამბავი, რომელზეც საქართველოდან მიწვეულმა ყველა სტუმარმა ვერ შეძლო ჩასვლა, იმიტომ რომ, ქმრებმა არ გაუშვეს (თუმცა, ვერ გეტყვით, რამდენად გახდა ეს მომდევნო ფემინისტური შეკრების საგანი). 

ამავე ჟანრშია 2012 წლის გაზაფხულს, ლონდონში მომხდარი ინციდენტიც, როცა ორი ქრისტიანული ჯგუფი ავტობუსებზე ანტი-გეი რეკლამების განთავსებას აპირებდა, ლოზუ-ნგებით ,,არა-გეი! ყოფილი გეი, პოსტ-გეი და ამაყი! გადალახე!” – ამ ჯგუფებს განზრახული ჰქონდათ, ჰომოსექსუალებს დახმარებოდნენ და მათში ჰეტეროსექსუალური პოტენცია-ლი გაეღვივებინათ, რადგან სჯეროდათ, რომ ღმერთს ადამიანი გეიდ არ შეუქმნია. ჰოდა, ლონდონის მაშინდელ მერი და დიდი ბრიტანეთის დღევანდელი საგარეო საქმეთა მინის-ტრი, ექსცენტრული გარეგნობის (და არა მარტო) კონსერვატორი ბორის ჯონსონი ადგა და ეს მოსალოდნელი ,,გეი-თერაპია” სასწრაფოდ დაბლოკა, თანაც დააყოლა: ,,ლონდონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქალაქია და არატოლერანტული არატოლერანტობის მიმართ.” საინტერესო კი ისაა, რომ ბორისის ამ ნაბიჯს ყველაზე აქტიური ადგილობრივი გეი უფლებადამცველები და ლობისტები გამოეხმაურნენ – კი იყო ეს რეკლამები ჰომოფობიური, მაგრამ სიტყვის თავისუფლების გულისთვის მაინც არ უნდა აგეკრძალათო. 

სხვათა შორის, ბორის ჯონსონმა თავისი ფრაზით, შესაძლოა, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი საჭირბოროტო გამოწვევა გაახმოვანა, რაც დაახლოებით ასე ჟღერს: არატოლ-ერანტობა არატოლერანტობის მიმართ ტოლერანტობაა? ამ კითხვას პასუხიც, შესაბამისად, საჭირბოროტო აქვს, მით უფრო ეპოქაში, როცა პოლიტკორექტულობის წნეხი მედიას უღიმღამო ევფემიზმების ხროვად აქცევს, ტერორიზმი ჰოლივუდის ბლოკბასტერებიდან სულ უფრო მასიურად ინაცვლებს რეალურ ცხოვრებაში, რეალური ცხოვრება – სოციალ-ურ ქსელებში, მსოფლიო დონის განთქმული ანიმაცია, თჰე შიმპსონს-ი კი ყველაზე ზუსტ პროგნოზებს აკეთებს. 

დაიბნევი, აბა, არ დაიბნევი?! თუ რასიზმი, ჰომოფობია, ქსენოფობია და მათი, შეიძლება ითქვას, უტრირებული ფორმა – ტერორიზმი – ფუნდამენტალისტებისა და შეშლილი ფა-ნატიკოსების პრეროგატივად მიიჩნევა, ასპარეზზე ბრეივიკისნაირი შეშლილებისა და დონალდ ტრამპის გამოჩენა ამ წესრიგს არღვევს. განსაკუთრებით ამ უკანასკნელს შეა-ქვს თავისი შეშლილი წილი შეშლილ სამყაროში. თუ 2008 წელს ამერიკა თავს იმით იწონებდა, პირველად ჩვენს ისტორიაში შავკანიანი პრეზიდენტი ავირჩიეთო (2011-ში კი იმით, ობამამ ტერორიზმის სიმბოლო, ოსამა ბინ ლადენი გაანადგურაო), 2016 წელს, შესაძლოა, ის ადამიანი იქციოს პრეზიდენტად, ვინც სოციალური ფსიქოლოგიის ნებისმიერ სახელმძღვანელოს დაამშვენებდა, განსაკუთრებით კი იმ თავის ილუსტრირების მიზნით, რომელიც წინასწარგანწყობებსა და დისკრიმინაციას ეხება. მსგავს სახელმძღვანელოში, სავარაუდოდ, უკვე შეტანილი აქვთ 2011 წლის ინციდენტი, რომელიც Iნდეპენდენტ-ის მიერ ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გეიდ დასახელებულ მოდის დიზაინერს, ჯონ გალიანოს ანტი-სემიტურ ტირადას უკავშირდება, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ბარში გამოაცხო და რომელსაც მისი თავისუფლების აღკვეთა, პრესისა და პოპულარული ადა-მიანების დრამატულად გამოხატული აღშფოთება და Dიორ-ის მოდის სახლის მთავარი დიზაინერის თანამედებობასთან გამომშვიდება მოჰყვა (ისე, შესაძლოა, კატეგორიზირების მოყვარულებს ცოტათი ეძნელათ ცნება ,,გეის” ცნება ,,ქსენოფობთან” გაწყვილება). 

ამის ფონზე, UEFA-ს საფეხბურთო მატჩებზე გამოჭიმული ბანერები Nო თო ღაცისმ (,,არა რასიზმს”) ისეთივე პათეტიკურ და არაფრის მაქნის სტიკერებს ემსგავსება, როგორიც არის ქართულ მანქანებზე მიკრული ,,მე გზას ვუთმობ სასწრაფოს”. 

ცხადია, მორალში თუ სიკეთეში გაჯიბრება, რიგ შემთხვევებში, ნაყოფიერია, მაგრამ ფარისევლობის მიჯნაზე მყოფი, ეფექტს კარგავს ან, ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს კომე-დიის საგნად აქცევს. 

ასე, მაგალითად, ერთ (არცთუ ღირებულ) 1986 წლის ფილმში, სახელად შოულ Mან-ში, მთავარი გმირი მდიდარი ოჯახიდანაა და ჰარვარდის სამართლის სკოლაში აპირებს ჩაბარე-ბას. მაგრამ მამას ფსიქიატრი ეტყვის, ვაჟიშვილს ამდენ ფულს ნუღარ ახარჯავ, საკუთარ თავს დაახარეჯო. ბიჭს სწავლის საფასურის დამოუკიდებლად გადახდა წარმოუდგენ-ლად ესახება. ამიტომ, გადაწყვეტს, ერთადერთი დაფინანსება – აფრო-ამერიკელთათვის გამოყოფილი გრანტი მოიპოვოს. ამისათვის ,,გარუჯვის აბებს” ეწაფება. იმდენს დალევს, რომ მართლაც შავკნანიანს ემსგავსება და ნანატრ ფაკულტეტზე უფასოდ სწავლის საშუალებითაც სარგებლობს... 

არის კიდევ ერთი, გაცილებით უკეთესი და სასაცილო ფრანგული კომედია, ,,კარადა” (Lე Pლაცარდ), რომელიც 2001 წელსაა გადაღებული და რომელშიც მთავარ როლს დანიელ ოტეი თამაშობს. ოტეის გმირი არაფრით გამორჩეული, უიღბლო და მოსაწყენი კაცია, ტინეიჯერი შვილითა და გაშორებული ცოლით... ქარხანაში ბუღალტრის თანამდებობიდან გამოგდებას უპირებენ... ლამისაა, თავი მოიკლას, რომ ამ დროს მის მეზობლად ერთი კაცი დასახლდება – ყოფილი ინდუსტრიული ფსიქოლოგი, ხანში შესული გეი. სწორედ ეს კაცი დაიხსნის ოტეის გმირს თვითმკვლელობისგან და სამსახურში დაბრუნების გზებსაც შესთავაზებს: საკუთარ თავში არაფერი შეცვალო, უბრალოდ ჭორი დაარხიე, რომ გეი ხარო. ჭორს მართლაც დაარხევენ, სკანდალურ ვიზუალურ მასალასაც დაამზადებენ და ოტეის გმირის სამსახურში გააგზავნიან... ქარხნის მთავარი პროდუქცია პრეზერვატივებია, ამიტომაც, გეი-მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია. ჰომოფობი უფროსი და თანამშრომლები ხვდებიან, რომ პოლიტკურექტულობა აუცილებელი ხარკია და ოტეის სამსახურში ტოვებენ... ყალბი „ქამინგ აუტის” წყალობით მისი ცხოვრება იცვლება, ახლა ის ყველას აინტერესებს, ადგილობრივი გეი-აღლუმის მთავარი მონაწილეა, მისი ტინეიჯერი ვაჟი, რო-მელსაც მამა უინტერესო და მოსაწყენი კაცი ეგონა, ახლა მისით აღფრთოვნებულია, ის ქალებისა და ცოლის ყურადღების ღირსიც ხდება... ამ ყველაფრის შემოქმედი, ხნიერი გეი მეზობელი კი აღნიშნავს – შენ ახლა იმის გამო დაგტოვეს სამსახურში, რის გამოც წლების წინ მე გამომაგდესო. 

მაგრამ ეს ჩვენი კომედია არ არის და სამყაროს იმ მხარეში ხდება, რომელში მოსახვედრადაც საქართველოს მაცხოვრებლებს, დაპირებათა მიუხედავად, კვლავ ათასი ბიურო-კრატიული დისკომფორტის გავლა გვიწევს. ჩვენთან, სადაც LGBთ-ს ათვისება ჯერ საწყის ეტაპზეა, სხვაგვარ კომედიებთან, ტრაგედიებთან და კლასიფიკაციებთან გვაქვს საქმე. ყველაზე მსუბუქი, თუმცა მრავლისმთქმელი მაგალითი რომ მოვიტანოთ, საქართველოში თვით-გამოცხადებული რაინდი დაუფარავი ჰომოფობია მაშინ, როცა დიდ ბრიტანეთში, 1998 წელს, დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ რაინდობა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსსა და ჩვენი დროის ყველაზე განთქმულ გეი-მშობელს, ელტონ ჯონს მიანიჭა. სავსეა სამყარო პარადოქსებით. და თქვენც თუ დაგაბნიათ ამ ყველაფერმა, არ იდარდოთ – ხანდახან ღმერთიც დამაბნევლად იქცევა: ამას წინათ ერთ უავტორო ციტატას გადავაწყდი – ბიბლიაში ყველაზე მეტად ის მომწონს, ღმერთი ხალხს თავისუფალ ნებას რომ აძლევს, მერე კი წარღვნაში ამოხოცავს იმის გამო, რომ ისე არ მოექცნენ, თავად როგორც სურდაო.

უკან დაბრუნება