მხოლოდ შენობები არ კმარა
კორპუსი 76 - ლალი პერტენავა
თბილისის არქიტექტურის ბიენალე
შევხვდი ორგანიზატორებს. ახალგაზრდა ენთუზიასტი არქიტექტორები არიან. ფილმი ჭრიჭინა გამახსენდა უნებლიედ. საბჭოთა ‘კლიშეები’ გონებაში დიდ ხანს რჩება.
რატომ გლდანი, და, რატომ ჩემი კორპუსი? რა უნდა უთხრას ჩამოტყავებულმა საბჭოთა პანელებით აწყობილმა შენობამ მნახველებს. საბჭოთა კორპუსების, მასზე მიშენებების, კამიკაძე ლოჯიების რომანტიზირების დრომ ჩაიარა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც გიო სუმბაძემ ვენეციის ხელოვნების ბიენალაზე „კამიკაძე ლოჯია“ მიაშენა არსენალეს გვერდით შენობას. დღევანდელი თბილისის ურბანული დისტოპიის ფონზე, საბჭოთა ერთგვაროვნება და 90იანების მიშენებების ბრუტალიზმი კულტურულ ფორმას იღებს, ჩარჩოს უქმნის ურბანული განვითარების პერსპექტივებს. ამაზე ვილაპარაკოთ? რატომ უნდა გადავაქციო კორპუსი 76 საგამოფენო სივრცედ?
კი, რატომ არა – კმაყოფილებით დავთანხმდი თბილისის არქიტექტურის ბიენალეს წარმომადგენლებს, შემოთავაზებაზე, გამეკეთებინა გამოფენა იმ კორპუსში სადაც ვცხოვრობ.
გლდანი
1991 წელი, თსუ–ს მაღლივი კორპუსი. მისაღები გამოცდების ლოდინში
–შენ სად ცხოვრობ?
–გლდანში
–მაშინ ხელოვნებათმცოდნეობაზე რა გინდა...
2018 წელი, გლდანი, კორპუსი 76
–როგორ ფიქრობ, ამ კორპუსმა, შენმა ბინამ, ამ გარემომ ხომ არ გადაგაწყვეტინა, რომ ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩაგებარებინა? – დიმა, არქიტექტორი კიევიდან
გლდანში გადმოსვლა მე არ მახსოვს, რადგან 1 წლის ვიყავი. გლდანთან ერთად გავიზარდე. იმ ხეებთან ერთად, რომელიც მამაჩემმა კორპუსის სხვა მაცხოვრებლებთან ერთად დარგო. მახსოვს, ბებიაჩემის მონათხრობი:
– იყო ერთი კორპუსი და წინ გაშლილი ყაყაჩოების მდელო; ვიფიქრე, რომ აქ სიამოვნებით ვიცხოვრებდი.
დედაჩემი მონათხრობი – არ მინდოდა გლდანში, ქალაქში მინდოდა ცხოვრება, მაგრამ მამაშენმა ეს რემონტი წამოიწყო.
მახსოვს, როგორ შენდებოდა გარშემო კორპუსები, ისტორიები მშენებარე კორპუსებიდან გადმოვარდნილი მუშების შესახებ.
ჩვენს კორპუსს ‘ინვალიდების კორპუსს’ ეძახდნენ, რადგან პირველ საბაზისო სართულზე მაღაზია იყო ინვალიდის სტატუსის მქონდე პირებისათვის. მათთვის „უცხოური“ პროდუქტები ჩამოქონდათ, ძირითადად ტანსაცმელი და მუდამ რიგები იდგა, ალბათ სრულიად ჯანსაღი ადამიანების. კორპუსთან მდებარე უნივერსამი იერსახეს ყოველ წელს იცვლიდა, მაგრამ მუდამ სავსე იყო ლიმონათებით, რასაც მამაჩემის „კოსმოსის“ ხურდაში ვაყოლებდი ხოლმე. მაშინ, როგორც ჩანს, არ იყო აკრძალვა სიაგრეტებზე არასრულწლოვანებისათვის.
ეზო – მხიარული საზაფხულო გასართობი ადგილი, უამრავი ბავშვით; ბაღი ბასეინით (ასევე მამაჩემის ინიციატივით გაკეთებული; საბაზისო სართულზე გამწვანების სამსახურიც იყო); სხვადასხვა ენისა და კულტურის ბავშვები დამალობანას ვთამაშობთ და ერთმანეთს მთელი დღე ვერ ვპოულობთ, რადგან გარშემო უკვე უამრავი კორპუსია და ყველა სხვადასხვა კორპუსებში ვიმალებით; ყველაზე მრავალფეროვანი ბავშვობის სურათი – მეეზოვეები, ტრადიციული ჭრელი სამოსის მატარებელი ქურთი ქალბატონები, მჭახე ფერის ატლასის ულამაზესი თავსაბურავებით, რომლებიც ყვითელი ფოთლების ჯგუფს ერთ კუთხეში აგროვებენ და საშინლად მინდა, ეს ჯგუფი ფეხით დავშალო. ზამთარი – თოვლი, ისევ ეზოში თამაში, წყლის დასხმა გზებზე და სრიალი...
ეზოს საკრალურ სივრცეში პირველი არაფორმალური შეჭრა, კორპუსის წინ გარაჟების ჩადგმაა. ჩვენი ოჯახი ერთერთი ინიციატორია გარაჟების, თუმცა მანქანა არც გვყოლია. არ მახსოვს, რად გვინდოდა გარაჟი, მაგრამ შენების პროცესით საკმაოდ გავერთე. შემდეგ აივანიც გავზარდეთ. შუქი საბჭოთა წარსულშიც ქრებოდა ხოლმე და მალევე მოდიოდა. როდესაც „ილუზიონის“ დროს შუქი ქრებოდა, მეზობლები სადღაც რეკავდნენ და ჩვენ მეზობლებისგან ვიგებდით, როდის მოვიდოდა შუქი. „დამოუკიდებლობის“ მოსვლასთან ერთად შუქი წავიდა და აღარ მოვიდა 1 საათში, მეორე დღეს, მესამე დღეს, კვირას ან თვეს... ხუმრობდნენ, ჯაბა იოსელიანი 2–3 თვეში ერთხელ ანთებს, რომ გადათვალოს რამდენი გლდანელი დარჩაო... ელექტროენერგიის სხვადასხვა წყაროებიდან გადმოყვანილი ელექტროსადენების აბლაბუდამ მთლიანად დაქსელა გლდანის საჰაერო სივრცე, სანამ ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების ორგანიზებას მოახერხებდა სახელმწიფო.
გლდანი 90-იანების დასაწყისშივე დაიცალა ე.წ. არაქართველებისაგან... მეზობელ გერმანელებსა და ბერძნებზე გერმანიამ და საბერძნეთამ იზრუნა. ქურთებმა და იეზიდებმა თავად იზრუნეს საკუთთარ თავზე და ევროპასა და კანადაში დაიწყეს მიგრაცია. სომხების ნაწილი სომხეთსა და რუსეთში გაიხიზნა, რუსებისა და უკრაინლების უმეტესობაც წავიდა... მაცხოვრებლების ახალი ნაკადი აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ ჩამოვიდა... დევნილები, რომლებიც როგორც ჩვენს კორპუსში ასევე სხვა საცხოვრებელ კორპუსებში, საბავშვო ბაღებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და თუ სხვა ადგილებში შეიძინეს საცხოვრებლები ან არაფორმალურად ჩასახლდნენ. დევნილები ხუმრობენ: გალი დავკარგეთ მაგრამ გლდანი ავიღეთო. აფხაზეთიდან დევნილებმა თავისებური დასავლური მოპირკეთების კულტურა შემოიტანეს და 90-იან წლებში სიმინდის ყანებად თუ ურბანულ ფერმებად ქცეული კორპუსის გარე ეზოები ყვევილებითა და პალმებით გააფორმეს.
პოსტ–სოციალიზმი რთული აღმოჩნდა საქართველოსათვის: პოლიტიკური და სოციალური სისტემა მოირღვა და უსისტემობა ახალ სისტემად დამკვიდრდა. კორპუსის ჩონჩხი იძვრა და ადამიანების სურვილების მიხედვით შეიცვალა ხერხემალი. საბჭოთა კავშირის დროს რემონტი აკრძალული იყო ბინებში, თუმცა არავინ ექვემდებარებოდა შიდა მოწყობის საბჭოთა კანონებს. პოსტ–საბჭოეთში აღარც კორპუსის ჩონჩხის რყევას უგდებდა ვინმე ყურს, აივნები გაიზარდა, შიდა დაგეგმარება შეიცვალა. სადარაბაზოს დერეფანი დაპატარვდა საცხოვრებელი ფართის გაზრდის ხარჯზე. კორპუსში ჩამონტაჟებული ნაგავსაყრელი გაუქმდა და ბუნკერი ჩემს საოცნებო სივრცედ – კაბინეტად იქცა ჩემი ბიბლიოთეკით. ახლადგადმოსულებმა საკუთარი სიმყუდროვე „ევრორემონტებით“ განაპირობეს. მაგრამ, საჯარო სივრცე – დერეფანი, ლიფტი, საშრობი ყველას მიავიწყდა. ზღვარი საჯაროსა და კერძოს შორის ზუსტად ისევე გაიმიჯნა, როგორც სოციალიზმი და კაპიტალიზმი. მაცხოვრებლები „ ევრორემენტებიან“ ბინებიდან პირდაპირ საბჭოთა სადარბაზოში ადგამენ ფეხს, რომელსაც მზრულველობის ნიშან–წყალი არ ეტყობა. კორპუსის გარე არეალი, რომელიც თავის დროს მოთამაშე ბავშვებით იყო სავსე ახლა მანქანების დასაყენებელი ადგილია. 90იანებში უსისტემობაში აშენებული გარაჟები მანქანებისათვის არ გამოიყენება და ძირითად საცხოვრებელი სივრცის გაფართოების ან კომერციული სივრცის ფუნქციას ითავსებს.
გლდანური კაპიტალიზმი
–გლდანია თუ ლოს–ანჟელესი – ხუმრობით აღნიშნავენ გლდანში მოხვედრილი არაგლდანელები მეტრო სადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მომრავლებულ კაზინოებისა და ტოტალიზატორების 24საათიან განათებით გადაბრჭყვიალებული ბილბორდების შენიშვნისას. მეტრო ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორია – გარე ვაჭრობა შერეული საქონლით, სითი–მოლი, გლდანი–მოლი და ა.შ. სილამაზის სალონების აურაცხელი რაოდენობა, განთქმული საშაურმეები, ავტობუსებისა და მარშუტკების პარკინგი, ახალი მშენებლობები ...
–ბოდიში, აქ კოლმეურნობის ბაზარი სად არის – მეტროსკენ მიმავალს მეკითხება მოხუცებული ქალბატონი.
გლდანურ კაპიტალიზმში მარგალიტად შემორჩა თბილისის უმეტესი უბნებიდან გამქრალი გლეხების ბაზარი, რომელიც ყველაზე მოწესრგებული და სუფთა პროდუქტების ბაზარია ქალაქში; ასევე ერთერთი ყველაზე იაფი და ხარისხიანი. შემოდგომასა და გაზაფხულზე ბაზარში როგორც გამოფენაზე ისე დავდივარ, სიამოვნებით ვათვალიერებ ხილისა და ბოსტნეულის მრავაფეროვანი და მდიდრული დახლების ინდივიდუალურ ექსპოზიციას. გლდანში ჩემი მოძრაობის ტრაეტქორია სწორხაზოვანია: კორპუსი 76, გლდანის ბაზარი, მეტრო ახმეტელი. სახლიდან მივდივარ ბაზარში, გავდივარ ძველმანების ბაზრობას, სადაც მშრალი ხიდისაგან განსხვავებით მხოლოდ საბჭოთა პერიოდის ნივთებია გასაყიდად, ბაზარში ვყიდულობ პროდუქტებს და ვბრუნდები უკან. სამსახურებივი, სამეგობრო და კულტურული ყოფისათვის გლდანიდან მეტროთი გავდივარ. მეტრო – კიდევ ერთი ადგილი, სადაც ჩემი ყოფის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული და ჩემთვის გლდანისა და კორპუსი 76-ის გაგრძელებაა, თავისი დინამიკით, ჩემს თვალწინ გაზრდილი მათხოვარი ბავშვებით და ა.შ.
და მაინც, რატომ უნდა ვაქციო საცხოვრებელი კორპუსი საგამოფენო სივრცედ? ბინებში გამოფენები ახალი არაა საქართველოში. საბჭოთა კავშირში ბინის გამოფენებს მართავდნენ მხატვრები, რომლებსაც საბჭოთა სახელმწიფო სივრცე არ მოსწონდათ... 2000იანებში ბინის გამოფენებს აწყობს ჯგუფი „ბულიონი“, რომელიც საჯარო სივრცის და პრივატიზირების ბრძოლაში საჯარო სივრცის დამარცხებას ეხმიანება და კითხვას სხვამს, თუ სად არის ზღვარი კერძოსა და საზოგადოებრივს შორის. ხელოვნება თანდათან იჭრება კერძო სივრცეებში. უფრო მეტიც, პოსტსოციალისტური კაპიტალიზმი ისევე იყენებს ხელოვნებას კერძო თუ საჯარო სივრცეების ათვისებისათვის, როგორც საბჭთა ტოტალიტარული მმართველობა იყენებდა ფიზიკური და გონებრივი სივრცეების ასათვისებლად. „კორპუსი 76“ აღარ ეხება იმას თუ სად არის ზღვარი საჯაროსა და კერძოს შორის, რადგან კორპუსის მაგალითზე ისედაც ნათელია, აქ უფრო მეტად ისმის კითხვა სად არის ზღვარი ხელოვნებასა და საზოგადოებას შორის. კორპუსი 76-ის შემთხვევაში, ხელოვანები არ ირჩევენ საგამოფენო ადგილს არამედ ჩვეულებრივი საბჭოთა კორპუსის ჩვეულებრივი მაცხოვრებლები აძლევენ უფლებას ხელოვანებს, შეიჭრან მათ საცხოვრებელ ადგილებში, შეიტანონ საკუთარი ფორმები და ენერგია ან გარდაქმნან ადამიანების ყოფასა და ესთეტიკას მორგებული საცხოვრებელი სივრცეები საკუთარი ხედვების შესაბამისად.
“კორპუსი 76” მონაწილეობრივი და სათემო ხელოვნების ნიმუშია, რომელიც მიზნად ისახავს საკრალურის – ხელოვნების, საკრალურში – კერძო საცხოვრებელ სივრცეში შეტანას. ნიკოლა ბურიოს „ურთიერთობრივი ხელოვნების“ ან „ურთეირთობრივი ესთეტიკის“ მსგავსად, ხელოვანი უტოპიური რეალობის შექმნას არ ემსახურება, არამედ თანაზიარ სოციალურ გარემოს ქმნის. კორპუსი 76 კითხვას სვამს, ვინ არის ხელოვანი: მასპინძელი, რომელიც თავის სივრცეს უთმობს ხელოვანს რათა მის შემოქმედებაში სხვა შემოქმედება შემოიტანოს თუ ხელოვანი, რომელიც კერძო სივრცეს თანაზიარ სოციალურ სივრცედ აქცევს. აქ ხელოვანისა და მასპინძლის ისედაც არაიერარქიული სამუშაო სტატუსები თანაბრდება, ისევე როგორც გლდანის არქიტექტურის ბიენალე ათანაბრებს გლდანის მიკრო–რაიონის, საბჭოთა საძილე რაიონის, მნიშვნელობას ქალაქის სხვა ისტორიულ ურბანული სივრცეებთან.
პ.ს
კორპუსი #76 აშენდა 1975 წელს. იგი ერთსადარბაზოიანი კორპუსია და ჩეხურ კორპუსად არის ცნობილი. თუმცა, როგორც თბილისის ატქიტექტურის ბიენალეს ორგანიზატორისაგან შევიტყვე, კორპუსს არანაირი კავშირი არ აქვს ჩეხურ დაგეგმარებასთან, ჩიხურ–ჩიხში მყოფ კორპუსად არის განსაზღვრული, და შემდგომ ვიღაცამ შეცდომით დაარქვა სახელი.
,,კორპუსი 76” სათემო და მონაწილეობრივი ხელოვნების გამოფენაა თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში. გამოფენა გაიმართება გლდანის მესამე მიკრო–რაიონის 76 კორპუსის ბინებსა და გარემოში ხელოვანებისა და კორპუსის მაცხოვრებლების თანამშრომლობისა და ურთიერთობის შედეგად 27 და 28 ოქტომბერს 5დან 9 საათამდე. გამოფენაში მონაწილეობას იღებს 20მდე ხელოვანი საქართველოსა და სხვა ქვეყნებიდან და კორპუსი 76–ის მაცხოვრებლები.
1.გლდანი, II მიკრორაიონი - ხედი მიკრორაიონ “A” ზე, თბილისი, 2018,
იან ჩუდოზილოვის ფოტო