EN KA

მარიჯანი

ლექსები - მარიჯან

ძველ ლექსებიდან


ეს მართალია: მოიხიბლე და გაგიტაცეს.

შენ ჩემ ლექსებთნ აღარ მოხვალ,არ დაბრუნდები;

ალერსში გამჩნევ სიბოროტეს და სიავკაცეს

და შენს ლოდინში ბავშვის მოვლას მხოლოდ ვუნდები.


ვით მთვარის რკალი თეთრ ღრუბლებში მორცხვად მცურავი

ესეც ნაზია,ნაფერმკრთალი და მილეული,

თავის მშობლებზე პირველ დღიდან მუნჯად მდურავი ­-

ამოცანაა ჯერ არვისგან გამოკვლეული.


ვიცი მომინდობს მე ეს გრძნობა ჯერ არ ყოფილი

და რითმასავით მოვიღლები,გადავხუნდები,

შენ კი სხვისი ხარ, ბედნიერი და კმაყოფილი

და ჩემ ლექსებთან აღარ მოხვალ,არ დაბრუნდები.


დავცქერი ბავშვის თაფლის თვალებს,ბროლეულ სვეტებს,

მიღიმის ნაცნობ ნახაზობის გაელვარება,-

ამას შევწირავ ჩემს დაწყევლილს სიცოცხლის წვეთებს

და მომავალშიც ამას ვეტყვი ჩემს აღსარებას.


დახეულ ფიქრებს დღეს არვინ სურს შენსა გარეშე.

შენს მოლოდინში ბავშვის ალერსს მხოლოდ ვუნდები,

დავრჩი დღეს მარტო ამის ძიძათ,ამის ფარეშად -

შენ კი სხვასთან ხარ,არასოდეს არ დაბრუნდები.

1923




ნედლი მასალა


მე თვით განგებამ,ხელში მომცა მასალა სველი,

ნედლი მასალა,სულ ახალი,ხელუხლებელი,

სხვა ნიადაგზე,მზის ნამტვერში ამონაკვეთი

და ზეციური ბალსამოსით ნაპკურ-ნაწვეთი.

მე უსიცოცხლოს კიდევ შემწევს იმდენი ძალა,

რომ დამწვარ სულში ჩავაქსოვო ნედლი მასალა,

და სისხლის ზვირთით ისე შევკრა და შევამზადო,

რომ შევქმნა ლექსი,ლექსი წმინდა,ლექსი უზადო.

მე შიგ ჩავაქსოვ: დაჭრილ მკერდის კვნესა-წვალებას,

მაჯის ცხელ ცემას,სნეულ სახის გაფერმკრთალებას,

დამსხვრეულ იმედს,ყალბ სიყვარულს,მუნჯ ხვაშიადსა,

დაგროვილ ვნების ქარტეხილის ქროლვას დიადსა.

...მე ხელთ მიჭირავს მშვენიერი ნედლი მასალა,

თუ ამ წყეულმა,დაჭრილ გულმა ცოტა მაცალა

1921














თემა,რომელიც ძლიერ მაწუხებს


ჩემი პირველი ლექსების შემდეგ,

მეც ვატარებდი პოეტის სახელს.

ახლა კი თითქოს ყინულზე შევდეგ,

ჩემი ლექსები არაფერს ამხელს.


გზიდან ჩამოვდექ,თუმცა მინდოდა

მეც მემუშავა სიტყვით თუ  საქმით,

...ასე მეგონა: სხვა მოვიდოდა -

ახალი ქალი,ახალი კალმით.


რამდენი სიტყვა გაქრა უსტამბოდ,-

რამდენი რითმა გადაყვა ღამეს.

მინდა ეს განცდა ქაღალდს ვუამბო,

რომ ჩამქრალ ლექსებს ეშველოს რამე


რისთვის დავდუმდი,როცა უნარი

სხვაზე ნაკლები არ იყო ჩემში,

როცა გრძნობები მუდამ მცხუნვარი

გადადიოდნენ უხვად რითმებში!


უმოქმედობით ჩემს თავს მოვბეზრდი,

სიტყვა არ არხევს სიცოცხლის კარებს,

ვგრძნობ,რომ ლექსები,ვისთვისაც ვწერდი,

ახლა იმათაც აღარ ახარებს...




თუ ძველი ლექსი უკვე დაობდა,

და გახრწნის სუნი გადაჰკრავს ყოველს,

რას დავუტოვებ ახალ თაობას?

რა გავაკეთე? ან რისთვის მოველ?


რად უნდა ვიყო ღონემიხდილი,

როდესაც გული ლაღობს და სერობს:

ან განახლება,ანდა სიკვდილი!

სხვა არჩევანი აღარ არსებობს.

1931



ეკატერინე გაბაშვილს

მე გაგიცანით,როცა ჩემში ღამე დილობდა,

როცა ჩემს ლექსში თამაშობდა პირველი სხივი,

თქვენ მიმიზიდეთ. თვალს დაგცვივდათ ობოლი მძივი

და... დამიწუნეთ ჩემი ლექსის გულახდილობა...


მისაყვედურეთ: ,,ნუთუ არ გაქვს შენ სიბრალული თვითონ

შენდამი,რომ ამ გრძნობებს,საკუთარს განცდილს

დასაზვერავად,გასართობად მკითხველებს აწვდი -

ნამდვილი გრძნობა ჩუმია და მუდამ ფარული.


ნუთუ სხვა თემა - შენს გარეშე - ვერ აგამღერებს?

რატომ არ გინდა ჩაიხედო ჩვენს ხალხის გულში?

დღეს შრომა სჩრდილავს დაჟანგებულ წარსულის ღერბებს.-

დღეს ყოველივე გადაფასდა,რაც იყო გუშინ’’.




თავი დავხარე. დავეთანხმე მაღალ გონებას.

ვიგრძენ ყოველი თქვენი სიტყვის ჭეშმარიტება,

თუ რამდენ ზრუნვას ხალხისადმი გული იტევდა

და ძლიერ ხშირად ვუბრუნდები ამ მოგონებას.

1948



*ანა ჭილაძე,ფანქარი და გუაში ქაღალდზე, 15x21,2021

უკან დაბრუნება