EN KA

მარიჯანი

მარიჯან - ლიკა თარხან - მოურავი

ვინ იცის,რა გველის,ჩვენგან ვინ დარჩება,

ამ სურათს კედლიდან ვინ მოხსნის,წაიღებს,

სიკვდილი მოვა და დაიწყებს არჩევანს,

ჩვენ ყოფნას ამაღამ ის დაათარიღებს.1

წელს 100 წელი შესრულდება რაც მარიჯანის პირველი ლექსების კრებული გამოიცა. 1921 წელს დაბეჭდილ,სისადავით შესამჩნევ ამ მომცრო გამოცემაში მარიჯანის არაჩვეულებრივად მგრძნობიარე ლექსები შევიდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა,რამდენჯერმე გამოიცა მარიჯანის საბავშვო და არასაბავშვო ნაწარმოებები,თუმცა 20-იანი წლებისთვის გამორჩეულად თამამი ლექსები თვალსაწიერიდან ნელ-ნელა გაქრა. 1925 წელს ქართველ მწერალ ქალთა სამხატვრო სალიტერატურო ალმანახში დაიბეჭდა მარიჯანის ნაწერები სახელწოდებით ,,წიგნიდან: შემთხვევითი თემები’’. ამ ტექსტში კარგად ჩანს მარიჯანის გულისწყვეტა თავისი ეპოქის, არსებული მსოფლმხედველობისა და გამეფებული პატრიარქალური სისტემის გარშემო. გულისტკივილი მის ლექსებშიც ხშირად იკითხება. ამ სევდას მის არაბუნებრივ სიჩუმეს ვაბრალებ,სიჩუმეს, რომელმაც მარიჯანი ნელ-ნელა ჩამოაცილა რადიკალურ პოეზიას.

როცა მოვკვდე,გადავგვარდე,გადავიქცე ნეტარ ნეშტად,

ნუ მაღირსებ ნაკურთხ მიწას,ნუ დამმარხავ სხვებთან

ერთად!

მეზარება მკვდართა შორის უხმო ჰანგით უხმოდ მღერა...2

ზუსტად ამიტომ,დანართის ამ ნომერში გთავაზობთ ხელახლა გადავხედოთ მწერლის დაუფასებელ ნაწარმოებებს. დღეს პირველად იბეჭდება მისი ლექსი ,,შენ არ ყოფილხარ პირველი სატრფო’’ კრებულიდან ,,ზღვიადა’’. მარიჯანის ლექსების კრებული ,,ზღვიადა’’ პირველად თბილისში,ლიტერატურის მუზეუმში ვნახე. ხელნაწერები 1926 წლითაა დათარიღებული. სრული სახით გამოცემული ეს ნაწერები კი ვერსად მოვიძიე. ლექსს,რომელმაც ჩემზე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, ვერცერთ გამოცემაში ვერ მივაგენი. მარიჯანის შემოქმედებიდან გამქრალი ლექსის მოულოდნელად აღმოჩენამ უცნაური სიცარიელის განცდა დამიტოვა. იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში,სადაც ხელუხლებლად ინახება მწერლის სამუშაო ოთახი,დღესაც ჰკიდია მარიჯანის ფოტო-პორტრეტი. სურათი უჩვეულოდ დიდ ჩარჩოშია მოთავსებული. ჩარჩოსა და ფოტოს შორის განიერი,თეთრი ზღვარია. არსებული სიცარიელე მარიჯანის შემოქმედებას ჰგავს - პოეტისას,რომლის შესახებაც მხოლოდ არასრული წარმოდგენა გვაქვს.

მარიჯან-ი ფსევდონიმია. მარიამ ტყემალაძეს,იგივე მარიჯანს,დღეს როგორც ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთ ფუძემდებელს ისე იცნობენ. თუმცა,მარიჯანის ადრეული პოეზია ძლიერი,გრძნობებით სავსე და გამორჩეულად გულახდილია. მარიჯანი წერდა პიესებს,მოთხრობებს,კრიტიკულ ესეებს. თუმცა,მისივე ლექსებს თუ დავეყრდნობით პოეზია მარიჯანის თვითგამოხატვის მთავარი წყაროა. ლექსებში პოეტი დაუფარავად ასახავს საკუთარ გრძნობებს. გამოხატვის ამ ფორმას ის ,,ნერვების კვანძს’’ იგივე ,,ქალობას’’, და არა პოეზიას,მიაკუთვნებს.3


ლექსების გარდა იარაღი არა მქონია.

ლექსებს ვატანდი გულის ნადებს და გულისწყრომას.4

მიუხედავად იმისა რომ მარიჯანის ნამუშევრები 20-იან წლებში არაერთ ქართულ სალიტერატური ჟურნალ-გაზეთში იბეჭდებოდა,ის საკუთარ თავს პოეტად ნაკლებად მიიჩნევდა. როდესაც მარიჯანი მწერალთა საზაფხულო კონფერენციაზე მიიწვიეს,მან დასწრებაზე უარი თქვა. ,,მე არც მგოსნათ და არც მწერლათ მიმაჩნია თავი. მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ ქალი!’’ წერდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტი.

დღეს დაზუსტებით რთულია იმის თქმა თუ როგორ იქცა თანამედროვე და თვითმყოფადი ლექსების ავტორი საბავშვო მწერლად. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ამოიკითხავთ,რომ პოეტის შემოქმედებითი გეზი განსაზღვრა 1926 წელს გამოქვეყნებულმა საბავშვო პოემამ ,,ნელი ცირკში’’. შემდგომში იგი ძირითადად საბავშვო მწერლობაში მუშაობდა5, წერია ენციკლოპედიაში. საბჭოთა ენციკლოპედიის მიერ მარიჯანის საბავშვო მწერლის ჩარჩოში მოქცევა მარიჯანის,როგორც პოეტის დისკრედიტაციის და მისი შემოქმედების ირიბი შეფასების ერთ-ერთი მაგალითია. მარიჯანის პოეზიის გულახდილობას თავის დროზე სხვადასხვანაირად უპირისპირდებოდნენ მისი მეგობრებიც,მწერალთა კავშირის წევრები და საბჭოთა ინსტიტუციები. მარიჯანი ლექსებს სიცოცხლის ბოლომდე წერდა. თუმცა,მოგვიანებით საგრძნობლად შეცვალა საკუთარი თავის გამოხატვის ფორმა - ის თითქოს დანებდა მის წინააღმდეგ არსებულ საერთო განწყობას. ეკატერინე გაბაშვილისათვის მიწერილ წერილებსა და ლექსებში,ერთპიროვნულად ისმის მარიჯანის თვითდაკნინება.

თქვენ მიმიზიდეთ. თვალს დაგცვივდათ ობოლი მძივი და...დამიწუნეთ ჩემი ლექსის გულახდილობა...

[ ]

თავი დავხარე.დავეთანხმე მაღალ გონებას.

ვიგრძენ ყოველი თქვენი სიტყვის ჭეშმარიტება.6

ხშირ შემთხვევაში დისკრედიტაციის მექანიზმი ყველასათვის ნაცნობ სახეს იღებდა - მის ლექსებს კაცი მწერლების ხელს მიაწერდნენ. იოსებ გრიშაშვილისათვის გაგზავნილი წერილებიდან ვიგებთ,რომ მისი პოეზიის ავტორობას,უმეტეს შემთხვევაში, გრიშაშვილს მიაკუთვნებდნენ. ,,პირში მეუბნებიან გრიშაშვილი გიწერს ლექსებსო’’, გაბრაზებით აღნიშნავდა მარიჯანი საკუთარ წერილებში. თვით გრიშაშვილიც კი,რომელთანაც მარიჯანს დიდი მეგობრობა აკავშირებდა, თვლიდა რომ პოეტის ლექსები ზედმეტად გულახდილი და შეუფერებლად მგრძნობიარე იყო. ,,თვით თქვენ მაძლევდით შენიშვნებს გათხოვილი ქალი ხარო,შვილები გყავს...ოხ როგორ მძულს ეგ ყველაფერი საბაზროდ გამოტანილი იარლიყები!’’ - ვკითხულობთ იოსებ გრიშაშვილის მუზეუმში დაცულ მიმოწერაში. ,,პრაქტიკული ნიჭის პატრონი ხარო’’, ხშირად უმეორებდა ცნობილი მწერალი ახალგაზრდა მარიჯანს 7, და ამით მგრძნობიარე პოეტს ყველაზე მტკივნეულად აკრიტიკებდა.

რამდენიმე წლის წინ,როცა მარიჯანის ავტობიოგრაფია ხელახლა დაიბეჭდა, 1926 წელს შექმნილი ლექსების კრებული ,,ზღვიადა’’- დ და რომ არა ქართული ლიტერატურის მუზეუმში შემთხვევით აღმოჩენილი ხელნაწერები, ვერასდროს გავეცნობოდით მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი პოეტის არაჩვეულებრივ ლექსს. ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო დღეს მარიჯანის ხმა ნაკლებად ისმის. ის საბჭოთა წარსულმა მხოლოდ ფრაგმენტულად შემოუნახა ისტორიას. ,,მე ცოცხლად ვიმარხები. [...] ჩემი გულის ნანგრევებზე სხვა თუ ააშენებს სასახლეს თორემ მე არ მძალმიძს არაფრის გაკეთება’’, წერდა მარიჯანი ჯერ კიდევ 1925 წელს.

***

დანართის ეს ნომერი მარიჯანს ეძღვნება და მისი სახით ყველა ისტორიიდან ,,გარიყულ’’ ხელოვანს. გაზეთის არსიდან გამომდინარე არ გთავაზობთ მარიჯანის შემოქმედების სრულყოფილ კვლევას,არამედ ერთგვარ კომენტარს,გამოწვევას,მარიჯანის ნაშრომებსა და მისი ნაშრომებით შთაგონებულ ნაფიქრ-ნახელავს.პირველად ვბეჭდავთ მარიჯანის 1926 წელს შექმნილ ლექსს ,,შენ არ ყოფილხარ პირველი სატრფო’’, და მის ნაკლებად ცნობილ და მივიწყებულ რამდენიმე ლექსს. აქვე ვაქვეყნებთ მოკლე ამონარიდს მარიჯანის ნაშრომიდან ,,წიგნიდან: შემთხვევითი თემები’’ რომელიც პირველად ქართველ მწერალ ქალთა სამხატვრო სალიტერატურო ალმანახის მე-2 ნომერში დაიბეჭდა(1926). დანართის ამ გამოშვებისათვის ჩავწერეთ ინტერვიუ თამთა მელაშვილთან,მწერალთან და მარიჯანის მკვლევართან,რომლის რომანიც ,,შაშვი შაშვი მაყვალი’’, სულ ახლახან გამოიცა და თავისი გულახდილობითა და შესრულების ფორმით უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქართულ ლიტერატურაში. ანა ჭილაძემ გაზეთის ამ ნომრისათვის შექმნა გრაფიკული ნამუშევრები,რომლებიც ადამიანის მიერ მთლიანობის განცდას, ტრანსფორმაციულ მოგზაურობასა და ახლიდან დაბადების მოთხოვნილებას ეხმაურება. წარმოდგენილი ნახატები ამ მოგზაურობის ერთგვარი მანიფესტაციაა,როდესაც ,,უხილავს ხილულად გარდავქმნით,მატერიას სულს ვუდგამთ და სულის განსხეულებას ვახდენთ. ნინო ძანძავამ მარიჯანის მიმოწერაზე დაყრდნობით შექმნა ციანოტიპები. ფოტოგრაფიული ბეჭდვის ეს ადრეული ტექნიკა,მზის შუქის გამოყენებით,ქიმიური ნივთიერებებით დამუშავებულ ქაღალდზე საგნის ანარეკლს ქმნის. ამ პროცესით მიღებული საგნის გამოსახულება ერთგვარად ცვლის საგნის პირველად დანიშნულებას და არქივთან მუშაობის შემოქმედებით ხერხებს წარმოაჩენს. მარიჯანის მიმოწერიდან და შემოქმედებიდან აღებული ციტატების კომბინაციებით შექმნილი ციანოტიპებით ნინო ძანძავა საარქივო ტექსტების სუბიექტურ კომპილაციას ადგენს; რაც ერთი მხრივ ორიგინალური ნაწერის ლატენტურ / გაუმჟღავნებელ / ფარულ ასლს აჩვენებს,ხოლო მეორე მხრივ თანხვედრაში მოდის პოეტის სურვილთან არ დატოვოს საკუთარი კვალი სხვის ისტორიაში. არქიტექტორმა,რუსო ტყემალაძემ სატელევიზიო სიუჟეტიდან აღადგინა მარიჯანის საზაფხულო სახლის ნახაზები,რომლის ნელ-ნელა ნგრევა ყოველგვარი სიმბოლიკის გარეშეც პირდაპირ კავშირშია მივიწყებული შემოქმედის ცნებასთნ, რა რჩება ისტორიას და ვინ ინარჩუნებს მას? მედიიდან აღებული ეს ჩანახატები ახალ მითებს ქმნის და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ისტორიის სიმართლესა და სამართლიანობაზე. დანართის ორენოვანი გამოცემისათვის ანა გზირიშვილმა მარიჯანის ლექსები ინგლისურად თარგმნა და ამით თავიდან შექმნა პოეზია. ანა რაუსონმა ჯაფარიძემ კი მარიჯანის დღიურის ამონარიდები გააინგლისურა, რითაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა მარიჯანის თვითმყოფადი ხმა.


1. წარწერა სურათზე,მარიჯან,1929.

2. ანდერძი,მარიჯან,1921.

3. მარიჯანის და იოსებ  გრიშაშვილის მიმოწერა.

4. ისევ ლექსები,მარიჯან,1962.

5. მარიჯან,ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.

6. ეკატერინე გაბაშვილს,1948.

7.მარიჯანის და იოსებ გრიშაშვილის მიმოწერა.

                                                                                                       *წინა ფასადი,2021,რუსუდან ტყემალაძე,მელანი ქაღალდზე,21x29


უკან დაბრუნება