თბილისი
პოსტსაბჭოთა არქიტექტურის სათავეებთან - ლევან ასაბაშვილი
არქიტექტურა არის ეპოქის ნება ნათარგმნი სივრცეში.”
მის ვან დერ როე
არქიტექტურის თეორიაში არსებობს ტრადიცია, რომელიც არქიტექტურას წარმოაჩენს თვითკმარ და ავტონომიურ დისციპლინად. არქიტექტურის ავტონომიურობის იდეა აღორძინების ეპოქიდან იღებს სათავეს. აქედან მოყოლებული იგი რამდენჯერმე ამოტივტივდა ისტორიაში და რამდენადმე განსხვავებული ინტერპრეტაციებიც შეიძინა. ბოლოს ამ იდეამ ხელახალი აქტუალობა 1970-იანი წლების ევროპელი და ამერიკელი არქიტექტორების და თეორეტიკოსების ნაშრომებში ჰპოვა, როდესაც ისინი კრიზისში შესული გვიან-მოდერნისტული არქიტექტურისათვის ალტერნატივების პოვნას ცდილობდნენ. იდეა გულისხმობდა არქიტექტურის იზოლირებას გარე - სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ზეგავლენებისაგან, მისგან სოციალური ინჟინერიის ამბიციის ჩამოცილებას და ამით იმ პერიოდის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი უტოპიურობისგან გათავისუფლებას. ამის სანაცვლოდ ისინი ცდილობდნენ არქიტექტურა დაენახათ, როგორც თვითრეფერენტული, ე.ი. თავისსავე თავზე ორიენტირებული დარგი, სადაც განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა მისსავე წიაღში დამკვიდრებული არქიტექტურული ტრადიციის ახალი ფორმით განაგრძობს, ან მასთან სრული განხეთქილება აქვს.
არქიტექტურული აზროვნების ამ ფორმას არქიტექტურის ისტორიის წაკითხვის თავისებური მეთოდიც აქვს, რაც მასში მოცემულ ძირითად თეორიულ წანამძღვრებს ეყრდნობა. 1970-იანი წლების დასავლეთის ქვეყნებში ამ სააზროვნო ფორმის ხელახალი გამოჩენის მიზეზებზე ქვემოთ ვისაუბრებ, მაგრამ ამჯერად უნდა ითქვას, რომ ეს მიდგომა არქიტექტურის თეორიაში დღემდე ინარჩუნებს ვალიდურობას და დომინანტურ დისკურსში, მათ შორის ადგილობრივ ქართულ კონტექსტშიც, საკმაოდ ძლიერია.
არქიტექტურის ამგვარი გაგება უფრო ფართო იდეოლოგიაშია ჩაწნული, რასაც შეიძლება ზოგადად ლიბერალური ვუწოდოთ. დღეს, საქართველოს რეალობაში პოსტსაბჭოთა არქიტექტურის შინაარსზე მსჯელობა, ხშირად სპონტანურად და გაუაზრებლად, მაგრამ მაინც, ზემოთ მოყვანილი თეორიული მიდგომის საფუძველზე ხდება. ასეთი მსჯელობები, როგორც წესი, არ სცდება არქიტექტურის ფორმალურ მახასიათებლებზე საუბარს და ხშირად კონკრეტული არქიტექტორების გემოვნების საკითხებამდე დაიყვანება. ღა თქმა უნდა, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ამ მსჯელობებში შემოდის ისეთი საკითხები, როგორიცაა ნაგებობის მასშტაბი, რაც, როგორც წესი, დაურეგულირებელი კაპიტალის აკუმულაციისკენ მისწრაფებით განისაზღვრება, არქიტექტურის ურთიერთობა გარემოსთან და ა.შ. თუმცა, არქიტექტურულ მსჯელობაში აქ ვგულისხმობ მსჯელობას ნაგებობების სივრცით-კომპოზიციურ და ესთეტიკურ გადაწყვეტებზე.
ამგვარი ანალიტიკური მიდგომებით შეუძლებელია პოსტსაბჭოთა და, ზოგადად, არქიტექტურის შინაარსის საფუძვლიანი გაგება. ვიწრო დისციპლინურ ჩარჩოებში დარჩენით ვერასოდეს მოვახერხებთ მის სათანადო პრობლემატიზაციას და ყოველთვის დავრჩებით ზედაპირული მსჯელობის დონეზე. ქვემოთ შევეცდები შემოგთავაზოთ ქართული პოსტსაბჭოთა არქიტექტურის ანალიზი, რომელიც, მართალია, მოკლე და საკმაოდ ზედაპირულია, მაგრამ ეყრდნობა ზემოთ აღწერილი თეორიული მიდგომისგან განსხვავებულ ანალიტიკურ მეთოდს, რომელიც არქიტექტურას ხედავს, როგორც არა იზოლირებულ დარგს, არამედ ფართო საზოგადოებრივი პროცესის შედეგსა და განმაპირობებელს.
სტალინიზმის ეპოქიდან გამოსვლის შემდეგ საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები განხორციელდა. სტალინიზმის ავტორიტარული და კონსერვატიული ბუნების გადააზრებასთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საბჭოთა იდეის ახლებურად დანახვაში. ახალი კურსი გულისხმობდა სისტემის დემოკრატიზაციას და საყოველთაო კეთილდღეობის ზრდას. ამის საშუალებას იძლეოდა ომის შემდგომი ეკონომიკური აღმავლობის შედეგად დაგროვილი უზარმაზარი მატერიალური რესურსი, რომელიც ახალი დღის წესრიგის მიხედვით უფრო თანაბრად და რაციონალურად უნდა გადანაწილებულიყო. არქიტექტურას და ქალაქგეგმარებას ამ საქმეში ერთ-ერთი ცენტრალური როლი ეკავა. შესაბამისად, ახალი დაკვეთიდან გამომდინარე, როგორც თავად ამ დარგების, ასევე მათ წიაღში შექმნილი იდეების და ამ იდეების განხორციელების გზების რადიკალური რეფორმირება დაიწყო. მიზანი იყო სტალინიზმის იდეოლოგიური და ტექნოლოგიური კონსერვატიზმის შემდეგ, პროექტირებისა და მშენებლობის მაქსიმალურად რაციონალიზაცია და ტექნოლოგიურად განვითარების ახალ ეტაპზე აყვანა, რათა მომხდარიყო სამშენებლო რესურსების მაქსიმალურად რაციონალურად და თანაბრად გადანაწილება. ეს მიზანი, თავის მხრივ, სრულიად ახალი ესთეტიკურ და სივრცით-კომპოზიციური დღის წესრიგის დაყენებას გულისხმობდა. ამ დროის არქიტექტორებს საშუალება მიეცათ, ერთის მხრივ, დაბრუნებოდნენ 1920-იანი წლების ავანგარდის იდეებს, ხოლო მეორეს მხრივ გაცნობოდნენ დასავლეთის ქვეყნების მიღწევებს, სადაც ამ ახალ მიდგომებზე გადასვლა მეორე მსოფლიო ომის შემდგომვე დაიწყო. ამ მხრივ არქიტექტურა გამონაკლისი არ ყოფილა. ეს ტენდენცია მთლიანად საზოგადოებრივ ცხოვრებას და მათ შორის ხელოვნებასაც ახასიათებდა, ამიტომ ამ ეპოქას ნეო-ავანგარდის ეპოქასაც უწოდებენ. საბჭოთა 1960-იანი წლები ამ ეპოქის სახეა. იგი ხასიათდება სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების მაღალი დონით, ექსპერიმენტალურობით, საყოველთაო კეთილდღეობის გავრცელებით და ტექნოლოგიებისა და კომუნიზმის იდეების მიმართ ზოგადი ოპტიმიზმით.
1960-იანი წლების შემდგომ საბჭოთა კავშირში თანდათან სტაგნაცია ისადგურებს. ნელდება ეკონომიკური ზრდის ტემპი, ვერ ხერხდება მასშტაბური ტექნოლოგიური განახლება, ღრმავდება მარქსიზმის იდეოლოგიური კრიზისი, ვითარდება ჩრდილოვანი ეკონომიკა, სადაც ერთვება მთელი საბჭოთა ელიტა. ეს პერიოდი დღეს უძრაობის ეპოქის სახელითაა ცნობილი. მიხეილ გორბაჩოვის მიერ ინიცირებული პერესტროიკა, რომლის პირველი ეტაპი 1985 წელს დაიწყო, ამ მდგომარეობის დასაძლევად შემუშავდა, თუმცა საყოველთაო რეაქციის ტალღის მიმართ ისიც უძლური აღმოჩნდა.
ამ დროს დასავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებში სიღრმისეული ცვლილებები მიმდინარეობს. 1970-იანი წლების დასაწყისიდან ამ ქვეყნების ეკონომიკები თანდათან გადადის კეინსიანურიდან საბაზრო ეკონომიკის მოდელზე, რაც ეკონომიკის კონტროლის საჯაროდან უფრო მეტად კერძო სექტორში გადანაცვლებას გულისხმობს. ამ მიზნების მისაღწევად ხორციელდება ეკონომიკის დერეგულაცია, სამუშაო ძალის დეზორგანიზაცია, სახელმწიფო სოციალური დანახარჯების შემცირება, წარმოების გეოგრაფიული შეზღუდვებისგან გათავისუფლება და ა.შ. მოკლედ, კაპიტალი ხდება უფრო მოქნილი, თავისუფალი და აგრესიული ლოკალურ და გლობალურ დონეებზე. ნეოლიბერალური ცვლილებები არ ეხება ვიწროდ ეკონომიკურ სფეროს და მთლიანად საზოგადოებრივი ცხოვრების და აზროვნების ფორმების რადიკალურ ცვლილებებს იწვევს. ეს ცვლილებები ნასაზრდოვები იყო 60-იანი წლების ბოლოს დამდგარი კაპიტალიზმისა და კაპიტალისტური კულტურის კრიზისით, რასაც, ბევრი მეცნიერის აზრით, პროგრესულ ცვლილებაში გადაზრდის პოტენციალიც გააჩნდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო კაპიტალიზმის სტაბილიზაციად და კონსერვატიულ შემობრუნებად მოგვევლინა. დასავლეთის ქვეყნებში არქიტექტურის და ქალაქგეგმარების დისციპლინებში მომხდარი ცვლილებებიც ამ საყოველთაო გარდატეხის ნაწილი იყო. სწორედ ამ დროს, მოდერნისტული არქიტექტურისა და გეგმარების სოციალური პოტენციალის მიმართ სკეპტიციზმის ფონზე, თავს იჩენს ზემოთ ნახსენები ავტონომიურობის იდეა. ავტონომიურობის მისაღწევად დასაწყისში ინტერესი ვითარდება ისტორიციზმის, სემანტიკის, სიმბოლური მეხსიერების, უნივერსალური ტიპოლოგიების მიმართ. ევროპაში ამ ახალი მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა არქიტექტორი ალდო როსი. Aმავდროულად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე იდეებს, ოღონდ უფრო ამერიკული მახასიათებლებით, არქიტექტორი რობერ ვენტური ანვითარებს. ოდნავ მოგვიანებით ჩნდებიან არქიტექტორები, რომლებიც არქიტექტურის ტრადიციასთან სრულ განხეთქილებას უჭერენ მხარს - პეტერ აიზენმანი, დანიელ ლიბესკინდი, ბერნარ ჩუმი და სხვები. ამ დროს არქიტექტურა და ქალაქგეგმარებაზე ინიციატივა სულ უფრო მეტად კერძო საქტორში ინაცვლებს და შესაბამისად არქიტექტორებსაც უწევთ მეტად მოერგონ ახალ ეკონომიკურ წესრიგში გაჩენილ საბაზრო მოთხოვნებს. აქცენტი კეთდება ავტორის ინდივიდუალურ სტილზე, ნაგებობის უნიკალურობაზე და ა.შ. ისევე, როგორც დასავლეთში, საბჭოთა კავშირშიც არქიტექტურა და ხელოვნება ფართო საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების ნაწილი იყო. შესაბამისად, 1960-იანი წლებიდან 1980-იანი წლების ბოლომდე მასზე გასაკვირი დეტალურობით აისახებოდა ჯერ სტალინიზმის დაძლევით და განვითარების შინაარსობრივად ახალ ეტაპზე გადასვლით გახსნილი შესაძლებლობებისადმი ოპტიმიზმი, შემდეგ უძრაობის ეპოქის მზარდი აპათია, ხოლო მოგვიანებით პერესტროიკის რეფორმებით განხორციელებული განახლების წარუმატებელი მცდელობები. საბჭოთა კავშირის არქიტექტორთა კავშირის ყოველთვიური ოფიციალური ჟურნალი “ ” დროის ამ მონაკვეთში არსებულ მთავარ თემებზე და მათ ცვალებადობაზე დაკვირვებისთვის კარგ მასალას გვთავაზობს. თავად ჟურნალის ყდის დიზაინიც კი ნათლად ასახავს ამ პერიოდში მომხდარ იდეოლოგიურ და ესთეტიკურ გარდატეხას. (01), (02), (03), (04).
1960-იან წლებში ჟურნალში მთავარი აქცენტები ინდუსტრიული ტიპიური მშენებლობის რაციონალიზაციისა და ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდის საკითხებზე კეთდება. მშენებლობის ინდუსტრიალიზაციასთან ერთად აქტიურად განიხილება პროექტირების ავტომატიზაციის სამომავლო გეგმები. ამასთან ერთად, ყურადღების მიღმა არ რჩება ინდუსტრიული მშენებლობის მაღალმხატვრული ღირებულების აუცილებლობა და აქვე განიხილება ის საფრთხეები, რაც ინდუსტრიალიზებულ მშენებლობას შეიძლება მოჰყვეს. ამ პერიოდის ერთ ერთ სტატიაში გვხვდება საპროექტო ინსტიტუტებში დამკვიდრებული პრაქტიკის განხილვა, სადაც მაღალკვალიფიცირებულ არქიტექტორებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ისინი ნაკლებად ინტერესდებიან ტიპიური პროექტებით და მათ შემუშავებას ნაკლები გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს ანდობენ, რის შედეგადაც ტიპიურ მშენებლობაში ვერ მიიღწევა სათანადო ტექნიკური და მხატვრული ხარისხი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს შინაარსი უკვე მიუთითებს იმ ეპოქის არქიტექტორებს შორის მშენებლობის ინდუსტრიალიზაციის მიმართ გარკვეულ უნდობლობაზე, რაც შემდგომ პერიოდში და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა რეალობაში კიდევ უფრო მძაფრად იჩენს თავს. აქედანვე შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პოლიტეკონომიის დარგში არქიტექტორების გაუცნობიერებლობის გამო მშენებლობის ინდუსტრიალიზაციასთან არქიტექტურისა და გეგმარების ადაპტაციის აუცილებლობა მაშინდელ არქიტექტორებს შორის აღიქმებოდა, როგორც შეზღუდვა და არა როგორც დარგის ახალ საფეხურზე აყვანის კრეატიული გამოწვევა. შემდგომ წლებში ეს დამოკიდებულება ღრმა კომპლექსად ჩამოყალიბდა, რამაც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ სრულად იჩინა თავი კაპიტალისტურ უძრავი ქონების ბაზართან ინტეგრირებული ”გათავისუფლებული” ფორმათწარმოქმნის სახით. ამავე პერიოდში ერთ-ერთ მწვავე საკითხად დგას საბჭოთა არქიტექტორების მიერ დასავლელი კოლეგების ზედაპირული მიბაძვის პრობლემა. ისმის მოწოდებები საბჭოთა არქიტექტურის თვითმყოფადი განვითარების აუცილებლობის შესახებ. თუმცა რეტროსპექტიულად თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ საერთო ჯამში ამ პერიოდის არქიტექტორებმა მართლაც კარგად გაართვეს თავი მათ მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
მოდერნისტული არქიტექტურისა და გეგმარების მიმართ უკმაყოფილება საბჭოთა კავშირში დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით ოდნავ მოგვიანებით იჩენს თავს. 1970-იან წლებში წინა დეკადის ოპტიმიზმი თანდათან ქრება. მეორე ნახევრიდან ჩნდება პუბლიკაციები, სადაც კრიტიკას ექვემდებარება გასულ წლებში და ასევე იმ მომენტში კვლავ დომინანტური ინდუსტრიული მშენებლობით მიღებული არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი შედეგები. პრობლემებად სახელდება ტიპიური ნაგებობების და უბნების ანონიმურობა, მათში ორიენტაციის სიძნელე, მხატვრული გამომხატველობის დაბალი დონე და კულტურული იდენტობის არქონა. სულ უფრო მეტი ინტერესი ჩნდება ისტორიული ქალაქების ცენტრების და ზოგადად ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ, წარმოებს კვლევები არქიტექტურულ სემანტიკაზე, თეორეტიკოსები ცდილობენ არქიტექტურის და ქალაქის მიმართ კულტურულოგიური მიდგომის დანერგვას. Aი, რას ამბობს 1979 წლის მე-7 ნომერში არქიტექტორი ა. რიაბუშინი: „არქიტექტურის მიმართ კულტურულოგიული მიდგომა ქმედითია არა მხოლოდ ისტორიულ ასპექტში. ის ხსნის არქიტექტურის მიმართ ადამიანის მოლოდინების და პრიორიტეტების დღეს არსებულ მწვავედ აქტუალურ მექანიზმებს. არქიტექტურული ფორმების საერთო კულტურული კონტექსტით განსაზღვრულობა აუცილებელი და ფუნდამენტური წინაპირობაა იმისთვის, რომ მასიურმა მომხმარებელმა სცნოს იგი თავისად, ახლოდ, გასაგებად. საზოგადოების მხრიდან 1960-იანი წლების „დაბალკომფორტული” და ”არაესთეტიკური” მასიური განაშენიანების მიმართ ღრმად უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზიც ისაა, რომ მისი სტრუქტურა და სახე ნაკლებად შეესაბამება არსებულ კულტურულ ნორმებსა და ღირებულებებს.”
1980-იან წლებში 1970-იანებში დაწყებული ეს ტენდენცია უფრო მეტად ძლიერდება. თუმცა დომინანტურ რეაქციულ სიმბოლიზმთან ერთად დროდადრო აღებული გეზის კრიტიკაც ჩნდება. 1985 წლის მე-6 ნომერში იბეჭდება ცნობილი თეორეტიკოსის ა. გოზაკის სტატია „ცხოვრების ფასეულობები - არქიტექტურის ფასეულობები”, სადაც იგი დაუნდობლად აკრიტიკებს მის თანადროულ ზედაპირულ ისტორიციზმს და მოუწოდებს არქიტექტორებს ისტორიის უფრო სიღრმისეული გააზრებისკენ. სტატიაში ავტორი თანამედროვე არქიტექტორებს ბრალს სდებს ზედმეტ სტილიზაციაში და თავად სტილის, როგორც იდეის, პრობლემატიზაციას ახდენს.
თუკი წინა წლებში მოდერნისტული არქიტექტურის მხრივ მხოლოდ კრიტიკა ისმოდა. ახლა უკვე ჟურნალში თავად პროექტები და განხორციელებული ობიექტებია წარმოდგენილი. არქიტექტურასთან ერთად აღსანიშნავია ამ პერიოდში თავად არქიტექტურული რეპრეზენტაციის ფორმების თვალსაჩინო ცვლილებაც. ამ მხრივ საინტერესოა 1985 წლის 1 ნომერში დაბეჭდილი დ. შელესტის, მ. ტუმარკინის და მ. კოროლკოვის ავტორობით შესრულებული საკონკურსო ნამუშევარი „დასვენებისა და ურთიერთობის ცენტრი”. (05) ნახაზი შესრულებულია მოდერნისტული რეპრეზენტაციისგან განსხვავებული აქსონომეტრიული ხედით, სადაც ნაჩვენებია საპროექტო სივრცეებში მიმდინარე ყოველდღიური ცხოვრება. თავად პროექტშიც ვხვდებით პოსტ-მოდერნული არქიტექტურის და ურბანული დიზაინისთვის დამახასიათებელ ყველა თავისებურებას - ასიმეტრიული კომპოზიცია, არასწორხაზოვანი, ნეოკლასიკურ არქიტეტურაზე რეფერირებული ფორმები, სკვერების, საფეხმავლო ქუჩების და სხვადასხვა პავილიონების ანსამბლი, რომელიც ჩასმულია მოდერნისტული ქალაქგეგმარების პრინციპით განაშენიანებულ, ტიპიური მრავალსართულიანი ნაგებობების გარემოში. ეს პროექტი არის ერთგვარი ურბანული რეაბილიტაციის ფორმა, რომელიც ჰომოგენურ გარემოში იდენტობის, ინდივიდუალიზმის და კულტურული ორიენტირების შეტანას ცდილობს.
ამავე დროს იწყება საუბარი 60-იანი წლების ტიპიური შენობების რეაბილიტაციის აუცილებლობაზე. ამორტიზაციის პრობლემებთან დასაცხოვრებელი სივრცის ნაკლებობასთან ერთად სახელდება ამ ნაგებობების მხატვრული სახის კულტურული სტერილურობა. პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ ფორმად კი არსებულ ნაგებობებზე მიშენება ან დაშენება და ამ დანამატებისთვის „კულტურული იდენტობის” შეძენაა. (06), (07).
ამ მიდგომებში ნათლად იკითხება თანამედროვე საქართველოში არსებული დამოკიდებულება საბჭოთა ტიპიური ნაგებობების და ამ ნაგებობებით შემდგარი რაიონების მიმართ. ასეთი სივრცეები დღესაც დომინანტურ კულტურაში გაიგივებულია უშინაარსობასთან, ინდივიდუალიზმის ჩახშობის მცდელობასთან და მთლიანად საბჭოთა სისტემის ბოროტებასთან. ამ დამოკიდებულების გამოხატულების კარგი მაგალითი იყო პროგრამა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე ამოქმედდა, რომელიც საბჭოთა ტიპიური საცხოვრებელი ნაგებობების სხვადასხვა ფერში შეღებვას, აივნების პირვანდელი მოსაპირკეთებელი მასალის ფერადი პანელებით ჩანაცვლებას და მსგავს მოდიფიკაციებს გულისხმობდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ „იერსახის” გაუმჯობესების მიზნით ავლაბრის მოედანზე მდებარე ცნობილ საცხოვრებელ კორპუსს აივნის ფერად პანელებთან ერთად მედიტერანული ტილოს მზის ამრიდები და პლასტმასის ყვავილებიც კი მიამაგრეს.
რათქმაუნდა, აღნიშნულ სივრცეებს წარმოქმნის დროიდანვე მრავალი თანდაყოლილი პრობლემა ჰქონდა. იგივე ჰომოგენურობა, გეგმარებითი სიმყიფე და ა.შ., მაგრამ, ამავე დროს, მრავალი პროგრესული და მოწინავე იდეის მატარებელიც იყო. 1980-იანი წლების საბჭოთა არქიტექტორების მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მათ დიდწილად ვერ შეძლეს ასეთი სივრცეების პრობლემების სწორად იდენტიფიცირება და ძალისხმევის ამ მიმართულებით წარმართვა. ჯეინ ჯეკობსი ჯერ კიდევ 1961 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე” გვთავაზობს ამ საკითხის გაცილებით სწორ პრობლემატიზაციას და გადაწყვეტის გზებს, რაც სიმბოლური ნიშნების ნაცვლად მოდერნისტულ საცხოვრებელ უბნებში მრავალფუნქციურობის შეტანას, მათი ღია სივრცეების სიმჭიდროვის გაზრდას, ქუჩათა ქსელის ფორმირებას და სოციალურ გაჯანსაღების მცდელობებს გულისხმობდა. რამდენად იცნობდნენ საბჭოთა არქიტექტორები ჯეკობსის ნაშრომებს, ჩემთვის უცნობია. ის კი აშკარაა, რომ მათი გადაწყვეტები ნასაზრდოები იყო საზოგადოებაში არსებული ზოგადი კონსერვატიული შემობრუნებითა და მარქსიზმის იდეოლოგიური კრიზისით, რაც არქიტექტურის თეორიაზე და განათლებაზეც პირდაპირ აისახებოდა.
პოსტსაბჭოთა რეალობაში 1980-იანი წლების არქიტექტორებს თავიანთი იდეების უფრო მეტად რადიკალიზაციის საშუალება მიეცათ. ამისთვის მათ უკვე საბაზრო ეკონომიკა, მასზე მორგებული მიწის მართვისა და სამშენებლო პოლიტიკა და ახლად დამკვიდრებული იდეოლოგიური გარემო უწყობდა ხელს. რა თქმაუნდა, სახელმწიფო პროგრამების შეწყვეტის და კომუნალური საბინაო ფონდის სრული პრივატიზაციის შემდგომ, მათ აღარაფერი ესაქმებოდათ ტიპიური ნაგებობების გაუმჯობესების პროგრამასთან და კერძო მშენებლობაზე გადაერთვნენ. ამის შემდეგ ხდება თანამედროვე ქართულ არქიტექტურის მთავარ დამახასიათებელ თვისებად თავისუფალი (ხშიარად არასწორხაზოვანი) ფორმები, ეკლეკტიზმი, სიმბოლიზმი, დეკორატიულობა და სიჭრელე. რაც შეეხება ტიპიურ საცხოვრებელ ნაგებობებს, მათზე მიშენებები და დაშენებები უკვე სპონტანურად, თავად მაცხოვრებლების მიერ განხორციელდა და საკუთარი სემანტიკაც შეიძინა.
პოსტსაბჭოთა პერიოდში, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, საბჭოთა ტიპიური ნაგებობების „გალამაზების” გარდა 60-70-იანი წლების არქიტექტურის მრავალ მნიშვნელოვან ნაგებობაზე განხორციელდა ისეთი ჩარევები, რომლებიც მათი მხატვრული სახის ცვლილებას ისახავდა მიზნად. მაგალითად, თელავის თეატრის, მისი მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსის და ფუნიკულიორის ქვედა სადგურის ფასადის ცვლილებაც გამოდგება, რომლებიც კონკრეტული ესთეტიკური და, შესაბამისად, პოლიტიკური მიზნებით განხორციელდა. ფასადებით მანიპულირება, მათი მეშვეობით რეალური შინაარსის გადაფარვა და მითოლოგიის შექმნა პოსტსაბჭოთა ფენომენი არ არის. სტალინისტურ არქიტექტურაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჯერ კიდევ 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანების დასაწყისში, საბჭოთა კავშირში ამ მეთოდოლოგიის ერთ ერთი პირველი და მასშტაბური პოლიგონი თბილისის ისტორიული ნაწილი გახდა. (08).
ამ დროს გარემონტდა და განახლდა ყოფილი ლესელიძის და ბარათაშვილის ქუჩები, სიონის მიმდებარე სანაპირო და მეტეხის პლატოზე გამომავალი ნაგებობები. დაიგეგმა საფეხმავლო ქუჩები რკინის და ბამბის რიგებსა და შარდენის ქუჩაზე. ამავე ქუჩებზე სივრცეები დაეთმო მხატვრების სახელოსნოებსა და გალერეებს. მთლიანობაში თუ შევხედავთ, ეს ჩარევა მეთოდოლოგიურად არაფრით განსხვავდებოდა ამ რამდენიმე წლის წინ ჩატარებული და დღესაც მიმდინარე ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროექტებისგან - მოხდა ფასადების განახლება, სადაც საჭირო იყო, შეიქმნა სრულიად ახალი ”ისტორიული” გარემო, შეიქმნა კომერციული/ტურისტული საფეხმავლო ქუჩები და ა.შ. რეალურად მაშინ, ისევე, როგორც დღეს, შეიქმნა ჯენტრიფიკაციის წინაპირობები, მაგრამ დღევანდელი პირობებისგან განსხვავებით, მაშინ ეკონომიკური მოწყობა ამის საშუალებას ნაკლებად იძლეოდა.
ამ მხრივ ასევე საინტერესოა 1985 წელს გამოქვეყნებული, სტალინის პროსპექტის რეკონსტრუქციის პროექტი ქალაქ ბათუმში (09), რომელიც ასევე კარგად აჩვენებს ისტორიული ფასადების შენარჩუნების, ხოლო მათ მიღმა ახალი ნაგებობების დაგეგმვის ბოლო პერიოდის ქართულ არქიტექტურაში დამკვიდრებულ მოდას თუ კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობისათვის გვერდის ავლის მცდელობას.
აღსანიშნავია, რომ 1980-იან წლებში სულ უფრო ხშირად იბეჭდება მასალები ქართველი არქიტექტორების მიღწევების შესახებ, სადაც უკვე ნათლად შეგვიძლია წავიკითხოთ პოსტსაბჭოთა ქართული არქიტექტურის კონტურები. თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება 1983 წელს ვ. გელაშვილის, დ. კოსტოვისა და დ. თევდორაძის მიერ შესრულებული პროექტი, შოთა რუსთაველის მემორიალი, მუზეუმთან და ხელნაწერთა ინსტიტუტთან ერთად (10), რომელიც ქართული კალიგრაფიის ფორმალურ თუ ესთეტიკურ მახასიათებლებზე დაყრდნობით ეროვნული მოტივების გაცოცხლებას ცდილობს. სხვა მაგალითია საბავშვო კაფე მზიურში - ვარიაცია ბერძნული კლასიციზმის თემაზე, თ. აბულაძის, ლ. კიკნაძის, ი. მასხარაშვილის და ბ. ჩიგოგიძის შესრულებით (11). ვ. დავითაიას და შ. ბოსტანაშვილის მიერ შესრულებულ პურის ქარხნის პროექტი კი თანამედროვე ქართული სარესტორნო არქიტექტურის წინასწარმეტყველებაა (12).
რათქმაუნდა, ამ მოკლე ტექსტში შეუძლებელია პოსტსაბჭოთა არქიტექტურის თემის სრულად დაფარვა და ეს არც მიცდია, აქ ჩემი მიზანი იყო მეჩვენებინა, რომ დღეს საქართველოში არსებული ძირითადი არქიტექტურული მიმართულებები საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდიდან იღებს სათავეს. ეს შეიძლება ლოგიკურიც იყოს და გაკვირვებას არც იწვევდეს, თუმცა პრობლემის გასაცნობიერებლად საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა გარემოში ჩამოყალიბდა ეს იდეები და რა შინაარსით მოგვეწოდება დღეს ჩვენ ისინი.
არქიტექტურა ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. იგი საერთო კულტურული და იდეოლოგიური ტალღის ნაწილი იყო, რომლის წარმოქმნა ემთხვევა საბჭოთა კავშირის ყველაზე კრიზისულ და დეკადენტურ ეპოქას. ესაა ეპოქა, სადაც შენელებულია ეკონომიკური ზრდა და ტექნოლოგიური განვითარება. საბჭოთა კავშირი უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩება კაპიტალისტურ ქვეყნებს, საზოგადოებაში იზრდება უძრაობის ხანით და მასში არსებული იდეოლოგიური კრიზისით გამოწვეული საყოველთაო ნიჰილიზმი, აღმავლობას განიცდის ნაციონალიზმი და სეპარატისტული სენტიმენტები. ბევრი მკვლევრის აზრით, საბჭოთა პოლიტიკური სისტემის სიმყიფესთან, მის იზოლირებულობასთან და სხვა განმაპირობებლებთან ერთად კრიზისული მდგომარეობის შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი საბჭოთა ელიტა იყო, რომელიც სრულად ჩაერთო უძრაობის ხანაში გაჩენილ ჩრდილოვან ეკონომიკაში და ჩრდილოვანი მატერიალური ბაზის შეძენასთან ერთად მისი კლასობრივი ინტერესების სრულად განხორციელებისთვის დამაბრკოლებელი საბჭოთა სისტემის დემონტაჟისთვის საჭირო იდეოლოგიური ინსტრუმენტების ძიება დაიწყო. ამისთვის მას დიდი სამსახური გაუწია დასავლეთში უფრო ადრე დაწყებულმა, საკუთარი მატერიალური განპირობებულობით ნასაზრდოებმა იდეოლოგიურმა ტალღამ, რომელიც, როგორც ზემოთ აღვწერე, ასევე არსებული წესრიგიდან კონსერვატიულ შემობრუნებას წარმოადგენდა.
არ მინდა იმის მტკიცება, რომ ეს ყველაფერი კარგად გამიზნული და გათვლილი ქმედება იყო. პირიქით, უფრო დასაშვებია ქვეცნობიერი, მატერიალური განსაზღვრულობით განპირობებული პროცესიც ყოფილიყო. ამ შემთხვევაში საბჭოთა არქიტექტურამ და ხელოვნებამ უკან მოიტოვა სოცრეალისტური ხელოვნების ცნობილი აქსიომა ნაციონალური ფორმით, სოციალისტური შინაარსით” და ფორმით ბურჟუაზიულად გარდაიქმნა, შინაარსით კი ჯერ კიდევ სოციალისტური დარჩა. ამას კიდევ უფრო ხელი შეუწყო პერესტროიკის რეფორმებმა, რომლებმაც საზოგადოებაში დაგროვილი კონსერვატიული განწყობების რეალიზება მოახდინა. ამ პროცესში სულ რაღაც ერთი დეკადა გახდა საჭირო იმისთვის, რომ საბჭოთა ელიტას კავშირის დაშლით მისი ეკონომიკური ბაზის არალეგალური სტატუსი შეეცვალა. შესაბამისად არქიტექტურამ ფორმასთან ერთად შინაარსიც ბურჟუაზიული შეიძინა.
დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ტოტალობა და მათ შორის არქიტექტურა, დომინანტურ დისკურსში წარმოგვიდგება, როგორც ახალი, ჯანსაღი და უალტერნატივო მოცემულობა. თუმცა, ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს ტოტალობა საბჭოთა კავშირის არსებობის საბოლოო ეტაპზე დეკადენტურ კრიზისში და თეორიულ გაურკვევლობაში მყოფი პერიფერიული ელიტების მიერ აღმოჩენილი დასავლეთის საბჭოთა ანარეკლია. შესაბამისად, თუ გვინდა, ჩვენი საზოგადოების განვითარების ახალ საფეხურზე აყვანა, ჩვენი თაობის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ამ პროექტის საფუძვლიანი დემონტაჟი და მის ნანგრევებზე ახალი, ჯანსაღი და თეორიულად გამართული ტოტალობის შექმნა. ვფიქრობ, ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა და სიმბოლური დასაწყისი შეიძლება ნაციონალური მოძრაობის, როგორც გვიან-საბჭოთა ელიტის პროექტის რადიკალური განმახორციელებლის პოლიტიკური გასამართლება გახდეს. რათქმაუნდა, ამას თან უნდა სდევდეს საქართველოს უახლესი ისტორიის სრული გადააზრება. როგორც ისტორიამ აჩვენა, მსგავსი საფუძვლიანი ცვლილების გარეშე შეუძლებელი იქნება რაიმე სახის პროგრესული არქიტექტურის განხორციელებაზე საუბარი. მომავალი თაობის არქიტექტორებს კი, არსებულ რეჟიმში, საზოგადოებრივი სიკეთის საწინააღმდეგოდ მონური შრომა და ქაღალდის ამარა ყოფნა მოუწევს.