მიკრორაიონი
საბჭოთა მასების დაბინავება, ინჟინერთა საჭიროებებისა და ხელოვანთა შემოქმედებითობის მიჯნაზე
ფილიპ მოიზერი
ინჟინერთა საჭიროებებისა და ხელოვანთა შემოქმედებითობის მიჯნაზე
ინდუსტრიული წესით წარმოებული საცხოვრისი ის გლობალური და კულტურათაშორისი ფენომენია, რომელმაც მეოცე საუკუნის არქიტექტურა განსაზღვრა. ისტორიაში იშვიათია ისეთი არქიტექტურული ფენომენი, რომელსაც როგორც ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ისე მათ სახლებში, მათივე თავისუფლების განცდაზე ასეთი ზეგავლენა მოეხდინოს. მიუხედავად ამისა, ჯერ ისევ ადრეა იმის თქმა, თუ რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი იყო ამ იაფფასიანი სახლებისთვის, ან სოციალური თანასწორობისთვის ბრძოლა. როცა 1950-იან წლებში ომისგან განადგურებული ევროპის ქალაქების რეკონსტრუქცია დაიწყო, დაგეგმარება და მშენებლობა მალევე გახდა პოლიტიკური დღის წესრიგის ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც იმედის, ბედნიერებისა და პროგრესის წინაპირობას ქმნიდა. მასიური დასახლებების პროექტებს, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, მთავრობის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. მოხერხდა მრავალი ოჯახის მოკლე დროში, ხელმისაწვდომ ფასად დასახლება. უნდა აღინიშნოს, რომ ცივი ომის დროს გაჩენილმა იდეოლოგიურმა კონფლიქტმა, მასობროვი დასახლებების პრობლემის გადაწყვეტის კაპიტალისტურ და სოციალისტურ სტრატეგიებს შორის ბევრი წინააღმდეგობა წარმოშვა.
საბჭოთა კავშირის სტანდარტიზებული მასობრივი საცხოვრისის წარმატების ისტორია შუა 1950-იან წლებში იწყება. იოსებ სტალინი, 1953 წელს მის გარდაცვალებამდე, უპირატესობას ექსტრავაგანტულ, ნეო-კლასიცისტურ არქიტექტურას ანიჭებდა; იმას, რომელიც მრავალფეროვანი და ძვირადღირებული დეკორატიული ელემენტებით ხასიათდებოდა. მისმა მემკვიდრემ, ნიკიტა ხრუშჩოვმა, დაგეგმარებასა და მშენებლობაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა. ხრუშჩოვის განკარგულებით საკონცენტრაციო ბანაკებიდან განთავისუფლებულმა მილიონობით პატიმარმა, ქალაქებისკენ გადასახლება დაიწყო, რამაც ზიანი მიაყენა უკვე არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფ უძრავი ქონების ბაზარს. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მალევე გამოჩნდნენ ახალი, მსგავსი ფორმების მქონე ოთხ-ხუთ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები. სტანდარტიზებული მასობროვი საცხოვრისის ამ ფორმამ, სახელად „ხრუშჩოვკა“, საბჭოთა ქალაქების იერსახე მთლიანად შეცვალა. ამ ახალმა ნაგებობებმა ასევე საფუძველი დაუდეს საცხოვრისის ერთფეროვან ნიშან-თვისებებს ციმბირში, ევრაზიის სტეპებსა თუ შორეულ აღმოსავლეთშიც.
ინდუსტრიული ბინათმშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლისას 1991 წელს საბინაო ფონდის 75%-ს იკავებდა. დანარჩენი ძირითადად აგურის ტრადიციულ ნაგებობებს ეკავა - ეს ციფრები საბჭოთა რესპუბლიკის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ერთნაირად ვრცელდებოდა.
საბჭოთა კავშირში საცხოვრისების მშენებლობა სრულად იყო ცენტრალიზებული. სახელმწიფოს საპროექტო ინსტიტუტები სტანდარტულ დიზაინს ავითარებდნენ, მათ შორის, მშენებლობის შემთხვევაშიც. საცხოვრებელი სერიები შეგნებულად ატარებდნენ უნივერსალურ ხასიათს და მორგებულნი იყვნენ სხვადასხვა კლიმატურ პირობას, როგორც სეისმურად სარისკო ტერიტორიებზე, ისე ნოტიო-ნიადაგიან რეგიონებში. პანელური ტიპის საცხოვრისის ექსპორტირება შესაძლებელი იყო სხვა სოციალისტურ ქვეყნებშიც, როგორც კუბის და ჩილეს, ისე ჩრდილოეთ კორეისა თუ ვიეტნამის მიმართულებით. სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ასევე ქმნიდნენ საკუთარ, საბჭოთა სისტემაზე დაფუძნებულ საცხოვრისის სერიებს. განსაკუთრებით პოპულარული საექსპორტო ნაწარმი მოკავშირე სოციალისტური სახელმწიფოების მიმართულებით, სერია I-464 იყო.
საბჭოთა არქიტექტორები იმ იდეებს დაეყრდნენ, რომელიც დესაუში, ბაუჰაუსის სკოლაში, ჯერ კიდევ 1920-იან წლებში დამკვიდრდა. 1930-იან წლებში, ასობით არქიტექტორი და ინჟინერი გერმანიიდან საბჭოთა კავშირში ემიგრანტად წავიდა, ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ თავიანთი ქვეყნის შიგნით არსებულ ფინანსურ კრიზისს გაქცეოდა, და ნაწილობრივ კი იმისთვის, რომ ახალი სოციალური მოდელი თავად შეექმნა. 1925 წლიდან 1930 წლის ჩათვლით, ქალაქ ფრანკფურტის დამგეგმარებელი ერნსტ მაი, მოდერნისტული საცხოვრისის საქმეში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. მაი და მისი გაერთიანება, ეგრეთწოდებული მაის ბრიგადა, ორი წლის განმავლობაში, პანელური ტიპის საცხოვრისის მშენებლობის მეთოდებით ექსპერიმენტირებას არ ერიდებოდნენ, და სავარაუდოა, რომ სწორედ მათი გავლენით შეიქმნა სსრკ-ს ინდუსტრიული მასობრივი საცხოვრისის მოდელებიც.
მშენებლობის ინდუსტრიალიზაციის შემდგომ განვითარებას სტალინის 1930-იანი წლების რეპრესიებმა და მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ წერტილი დაუსვეს. საბჭოთა მასობრივი საცხოვრისისთვის გადამწყვეტი ეტაპი მოგვიანებით, 20 წლის შემდეგ დადგა, როცა სახელმწიფომ კამიუს სისტემისთვის ლიცენზია შეიძინა. ეს ფრანგული პანელ-ტექნოლოგია, - საბჭოთა ინჟინერის, ვიტალი ლაგუტენკოს KK-7 პროექტთან ერთად, მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე
ინდუსტრიული ბინათმშენებლობის საფუძველი გახდა, რამაც მასობრივი წარმოების ისეთი მასშტაბები მოიცვა, როგორსაც აქამდე მხოლოდ ავტოინდუსტრიაში თუ შეხვდებოდით. ამავდროულად, ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევის მცდელობა ეკონომიკურ რაციონალიზაციაში გადაიზარდა და მასობრივმა საცხოვრისის პროექტებმა ნელ-ნელა მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები დაკარგეს. წლებთან ერთად, ბევრ ადგილას, საცხოვრისის მშენებლობამ ხასიათი იცვალა და უფრო მეტად პოლიტიკურ დღის წესრიგს დაექვემდებარა.
ინდუსტრიალიზებული მშენებლობის პრინციპებმა სიმწიფეს 1960-იან წლებში მიაღწიეს, საგრძნობი ცვლილებები კი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში განიცადეს. თუმცაღა, ადრეული საცხოვრისის პროექტთა მრავალფეროვნება, ეკონომიკური ოპტიმიზაციის გავლენებისა და მასალების ხარისხის გამო, თანდათანობით შემცირდა. განსაკუთრებით დაეტყო ეს აღმოსავლეთ გერმანიას, საიდანაც ამ საქმეში დახელოვნებული მუშაკები სხვა ქვეყნებში ემიგრანტებად წავიდნენ. ინდუსტრიული წესით წარმოებული საცხოვრისის მონოტონურობა კი დღემდე, მთლიანად ამ სოციალური მოდელის კრახად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, მზა საცხოვრებლებმა მსოფლიოს მასშტაბით, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ბინით დაახლოებით 170 მილიონი ადამიანი უზრუნველყო და მათი ცხოვრების პირობები გააუმჯობესა. დღეს, საბჭოთა პერიოდის მიკრო-რაიონები თანამედროვე ჯურღმულებს წააგავს. ამის მიზეზი დაბალი ხარისხის მშენებლობა და ჩამოშლილი, გაუმართავი გარე სივრცეებია, თუკი ისინი საერთოდ არსებობს. თუმცა, ამ ფიასკოს მიზეზი მხოლოდ ინდუსტრიული წესით წარმოებული საცხოვრისი არ უნდა იყოს. უფრო მეტად საზიანო, არაადამიანური მასშტაბის ურბანული დაგეგმარება და მკაცრი ფუნქციური ზონირების პრინციპი იყო, რომელმაც გარეუბნებში არსებული საძილე უბნები, ურბანულ ხარისხს მოკლებული დატოვა.
მაღალი ხარისხი, დაბალი ფასები!
ჩვენ უნდა გვესმოდეს მკაცრად გაწერილი ხარჯების კალკულაციები და დაგეგმარების სტანდარტები, რომლებიც საბჭოთა არქიტექტორებზე ზემოქმედებდნენ, იმ მიზნით, რომ მათ საბჭოთა მასობრივი საცხოვრისის მონოტონური იერსახე „გაემართლებინათ“. 1954 წელს საბჭოთა არქიტექტურაში პარადიგმის ცვლილება მოხდა, მაშინ, როცა ხრუშჩოვმა საჯაროდ დაგმო სტალინისტური არქიტექტურის მასშტაბები და არქიტექტორები მშენებლობის მაღალ, გადამეტებულ ხარჯიანობაში დაადანაშაულა. მისმა საყოველთაო კრიტიკამ ახალ არქიტექტურულ კულტურას დაუდო სათავე, რომელიც ეკონომიურობაზე იყო ორიენტირებული და რომელმაც, თავისმხრივ, შემოქმედებითობის ჩახშობა გამოიწვია. ამ ყველაფრის ფონზე, ხაზგასასმელი და დასაფასებელია ის ზოგიერთი შემთხვევა, როდესაც არქიტექტორები მოცემულ დავალებას შემოქმედებითად მიუდგნენ და ჩანაფიქრის/გეგმის თავისუფლება შეინარჩუნეს. ამ მხრივ, საცხოვრისებში, განსაკუთრებით თვალსაჩინოა სამი სექცია: ფასადები/მზისგან დამცავი ელემენტები, აივნები/ლოჯიები და სადარბაზოები/შესასვლელები. არქიტექტორები იყენებდნენ მსხვილ პანელებს, რომლებიც წინასწარ, ქარხნული წესით ცემენტისგან მზადდებოდა. მზისგან დამცავ სექციებში კი, ტრადიცული ორნამენტის ელემენტებს რთავდნენ, - თუმცა, ცხადია პარტიის კომიტეტთან შეთანხმებით.
არქიტექტურული ორნამენტის მრავალფეროვნება განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო სამხრეთ საბჭოთა რესპუბლიკებში. მაგალითისთვის გამოდგება მრავალ-ეთნიკური კავკასია და მდიდარი ისლამისტური წარსულის მქონე ცენტრალური აზია.
საბჭოთა კავშირში, დაგეგმარებისა და მშენებლობის პროცესები ერთმანეთისგან მკაცრად იყო გაყოფილი. არქიტექტორებს კი, იშვიათად ეძლეოდათ მშენებლობის პროცესზე ზედამხედველობის უფლება. გამონაკლისები მხოლოდ მაშინ ხდებოდა, თუკი ისინი მნიშვნელოვან საჯარო-საზოგადოებრივი ფუნქციის მქონე შენობებზე მუშაობდნენ. ამის გამოა, რომ მრავალი არქიტექტორის სახელი, რომელთაც სტანდარტიზებული დასახლებები დააგეგმარეს ან ფასადებზე იმუშავეს, ჩვენამდე მოღწეული არ არის. დღემდე მხოლოდ მცირე რაოდენობის კვლევაა ჩატარებული ფასადის მოკაზმულობებზეც, როგორც ცალკეულ, განყენებულ შემოქმედებით ფორმაზე.
არქიტექტურის ლაბორატორია აბრეშუმის გზაზე
1963 წლის 7 ივლისს, საბჭოთა არქიტექტორები მოსკოვში, არქიტექტორთა ცენტრალურ სახლში ორდღიან კონფერენციაზე, სოციალისტური არქიტექტურის დიზაინსა და თეორიაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. გეორგი ა. გრადოვმა, თეორიისა და კრიტიკის კომისიის თავმჯდომარემ, ამ თემაზე საკუთარი მოსაზრება გაახმოვანა. მისი თქმით, ისტორიის მანძილზე არქიტექტურული სტილი თვითნებურად ვითარდებოდა. კაპიტალისტურ სამყაროში კი, - ბურჟუაზიული იდეოლოგიისა და თავისუფალი ბაზრის პირობებში, - სტილის ძიება წარმავალი ტენდენციებით იყო ჩანაცვლებული.
,,კაპიტალისტური სამყაროსგან განსხვავებით ჩვენ, წესრიგის ხარისხს საბჭოთა არქიტექტურის განვითარებასთან ვაახლოვებთ და ქმედებებს ცოდნას ვუსადაგებთ იმ უაღრესად ობიექტური კანონების ფარგლებში, რომლებიც ჩვენი საზოგადოების სწორ განვითარებას ახდენენ. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სწორად განვავითაროთ სოციალისტური არქიტექტურული სტილი”.
გრადოვის ყოველგვარი მნიშვნელობისგან დაცლილი ეს განმარტება, გადაკვრით მიუთითებს ნიკიტა ხრუშჩოვის განცხადებაზე, რომელიც მან მომავლის არქიტექტურის შესახებ, საბჭოთა კომუნისტური პარტიის რიგით მეოცე კონგრესზე გააკეთა:
,,ჩვენი არქიტექტორებისთვის პატივია ისეთი სოციალისტური არქიტექტურული სტილის შექმნა, რომელიც ხორცს ასხამს კაცობრიობის საუკეთესო არქიტექტურულ ცნებებს - ეს არის ის სტილი, რომელიც საბჭოთა არქიტექტურის პროგრესულ ქმნილებებზე უნდა აისახებოდეს. არსებითად მნიშვნელოვანია, შენობებმა მაქსიმალური კომფორტი შესთავაზონ მომხმარებელს; რომ ისინი იყვნენ გამძლე, ეკონომიური და თვალწარმტაცი”.
გრადოვი არქიტექტურას სტალინის ეპოქაში სწავლობდა. ამიტომაც ის დახელოვნებული იყო ტრადიციულ, აკადემიურ აზროვნებაში, თუმცა ცდილობდა ამ წარსულისგან თავი დაეხსნა. კონფერენციის ანგარიში, რომელიც ჟურნალ სსრკ არქიტექტურა-ში გამოქვეყნდა, გრადოვის მოხსენებას ციტირებს:
,,ორნამენტსა და არქიტექტურაში ზედმეტობების წინააღმდეგ ბრძოლა ტრიუმფალური, ახალი სტილით დასრულდა და შემოქმედებით სწრაფვაში გადაიზარდა, რომელიც გულწრფელი არქიტექტურული განზრახვებითა და ფორმებით ხასიათდებოდა. ჩვენ უკან ჩამოვიტოვეთ პიროვნების კულტის მძიმე შედეგები”.
კონფერენციის ანგარიში გრძელდება სტილის თეორიული კონსტიტუციის განხილვით. კონფერენციის მონაწილის მოსაზრებაზე დაყრდნობით, მშენებლობის მეთოდების გამუდმებული ტექნიკური და სამეცნიერო პროგრესი, აქტიურად განსაზღვრავდა და გავლენას ახდენდა საბჭოთა არქიტექტურაზე.
,,თანამედროვე პირობებში, სტილს სამი ტიპის ტექნიკური და სამეცნიერო პროგრესი განსაზღვრავს. პირველ რიგში, ესაა სტანდარტიზებული დიზაინის განვითარება. მეორე მშენებლობის ახალი მეთოდები და მასალებია. ხოლო მესამე გახლავთ ინდუსტრიული წესით დამზადებელი საცხოვრისი. ერთმანეთთან ახლო კავშირშია თანამედროვე დაგეგმარების პრინციპები და სტილიც”.
ამ მიდგომამ საბჭოთა არქიტექტურის თეორია საერთაშორისო დაგეგმარებისა და მშენებლობის კონტექსტში, უნიკალურად აქცია. გრადოვმა I-468 სერია საბჭოთა სტილის უკეთ, უფრო კონკრეტულად დასახასიათებლად გამოიყენა:
,,მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ ვახორციელებდით და გულდასმით ვიკვლევდით სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის პრინციპებს, რამაც სტაბილურ და უნივერსალურ სტილისტურ მახასიათებლებამდე მიგვიყვანა. მაგალითისთვის I-468-იც საკმარისია, რომელიც ამ ეტაპზე ინდუსტრიული წესით წარმოებული საცხოვრისის და დაწესებულებების მშენებლობაში, ურალის მთებსა და ციმბირში გამოიყენება. სტანდარტიზებული მოდულარული სისტემა ამ სერიის ყველა მთავარ პარამეტრს განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეული დაგეგმარების პროცესი შეიძლება რამდენიმე ტიპის დიზაინს მოერგოს. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა საერთო ფართის, მოცულობისა და სართულების რაოდენობის მქონე შენობების დაგეგმარება, ისევე, როგორც დაწესებულებების, რომელიც ქარხნული წესით დამზადებული კატალოგის სხვადასხვა ნაწილს იყენებენ. ამ, სერიაზე დაფუძნებულმა პრინციპებმა საშუალება მოგვცეს, სხვადასხვა ტიპის ნაგებობები ერთმანეთის მსგავსი სტრუქტურული მახასიათებლებით აგვეშენებინა. ამავე დროს ისინი, საცხოვრებელი უბნების მრავალფეროვნად და ექსპრესიულად გასავითარდებლად ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობენ”.
ამგვარად, გრადოვმა წარმოების პროცესი, რომელიც ცალკეული ნაწილების სტანდარტიზების პრინციპზეა დაფუძნებული, საბჭოთა არქიტექტურული სტილის მთავარ პარამეტრად გამოაცხადა. მოგვიანებით მან ისიც თქვა, რომ სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული მასალებთან და მშენებლობის მეთოდებთან, და რომ მასალისა და სამშენებლო მეთოდების ერთმანეთისგან განცალკევების ნებისმიერ მცდელობას „სტილისტიკურ იმიტაციებამდე“, ანუ სტილიზებულ, არქიტექტურის წმინდად ფორმალურ მიდგომებამდე მივყავართ. გრადოვის სიტყვებით, საბჭოთა არქიტექტურული სტილის განვითარების მთავარი გზა ცხადად გადის ინდუსტირული წესით დამზადებულ რკინა-ბეტონზე.
,,სოციალისტური არქიტექტურული სტილის სრულიად ახალი და უნიკალური მახასიათებელი, ინდუსტრიული მშენებლობის მეთოდებთან მისი კავშირია. ეს სტილი ასევე განაპირობა ჩვენმა დაუღალავმა მცდელობამ, გაგვეზარდა მასშტაბები და ინდუსტრიალიზაციის დონე და შეგვემცირებინა მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების მასშტაბი”.
1963 წლის არქიტექტორთა ანსამბლეას უდიდესი გავლენა ჰქონდა იმ სტილზე, რომლითაც მომავალში საბჭოთა საცხოვრებლები განვითარდა, არანაკლებ იმიტომაც, რომ კონფერენციაზე გაკეთებული დასკვნები კარგად ასახავდა ხრუშჩოვის შეხედულებებს, რომელიც მან 1962 წელს, ნოემბრის ტრადიციურ პლენარულ სხდომაზე გაახმოვანა. მასობრივი დასახლებების ერთფეროვნებაზე საპასუხოდ, პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ „ინდივიდუალური არქიტექტურული და შემოქმედებითი ნიუანსები რაციონალური პროცესის ფარგლებში უნდა აღმოცენდეს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არქიტექტურული მონოტონურობის გადაწყვეტა დადგენილი, ინდუსტრიალიზებული წარმოების ჩარჩოებში უნდა მოხდეს, ხოლო მსხვილი პანელების წარმოების ტექნოლოგიებმა ინდივიდუალურობის არეალი შეზღუდონ. ამ ყველაფრის ფონზე, მოსკოვის კონფერენციის დასკვნის მიხედვით, ახალი საბჭოთა სტილის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები სიმარტივე, ეფექტურობა, წარმოების პროცესის შემსუბუქება, ეკონომიური მასალების გამოყენება, და აშკარა, კომპოზიციურად გამართული ფორმებია.
არა-დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სტილისა და დიზაინის შესახებ დებატები, არა ინტელექტუალური, არამედ პოლიტიკური ელიტების მიერაა მართული და გასაკვირი არ არის, რომ საბჭოთა კავშირში, ინდუსტრიული წესით დამზადებულ საცხოვრისებზე მსგავსი დისკუსიები, პოლიტიკურ და სოციალისტურ მოთხოვნებზე იყო ორიენტირებული.
შენიშვნები
1. ვ.ა. კოსაკოვსკი, და ვ.ა. ჩისტოვა, საცხოვრებელი სახლების არქიტექტურული კომპოზიციები, (მოსკოვი, 1990).
2. საბჭოთა კავშირის არქიტექტურის შესახებ წიგნების გამოცემა ბოლო წლებში დაიწყო. თუმცა, ეს გამოცემები მხოლოდ სახლების ორნამენტული ფასადების მიმოხილვას გვთავაზობენ. იევგენ ნიკიფოროვი. დეკომუნიზაცია: უკრაინული საბჭოთა მოზაიკები, (ბერლინი, 2016); ნინი ფალავანდიშვილი, ხელოვნება არქიტექტურისთვის: საქართველო (ბერლინი, 2018).
3. ,,სტილის პრობლემა საბჭოთა არქიტექტურაში” (‘Problems of Style in Soviet Architecture’), Architektura SSSR, მე-11 გამოცემა, 1963, 40 – 52.
4. პროექტი რუსეთი, გამოცემა 25 (2003), 12.
5. ,,სტილის პრობლემა საბჭოთა არქიტექტურაში", (‘Problems of Style in Soviet Architecture’), Architektura SSSR, მე-11 გამოცემა 1963.
6. ნიკიტა ხრუშჩოვი, გზა კომუნიზმისკენ: მოხსენებები და დოკუმენტები საბჭოთა კავშირის განვითარებაზე, 1962/1963) (ბერლინი, 1964).
ბიბლიოგრაფია
ფომინ, ი., პლატონო, გ. „ოჯახი და ბინა“. „ვეჩერნი ლენინგრადი“, ტომი 16, გამოცემა 288, 1961.
კოსაკოვსკი, ვ.ა., ჩისტოვა, ვ.ა. საცხოვრისების არქიტექტურული კომპოზიციები. მოსკოვი, 1990.
მიხაილოვიჩ ნოვიცკი, ლევ. “Sowjetische Fertigungsanlagen auf der Deutschen Bauausstellung in Berlin.” დოიჩე არქიტექტურ, გამოცემა 12, 1959.
ნიკიფოროვ, იევგენ. დეკომუნიზაცია: უკრაინული საბჭოთა მოზაიკები. ბერლინი, 2016.
ფალავანდიშვილი, ნინი. ხელოვნება არქიტექტურისთვის: საქართველო. ბერლინი, 2018.
„სტილის პრობლემა საბჭოთა არქიტექტურაში“. არქიტექტურა სსრკ-ში, გამოცემა 11, 1963.
ზაპოროშცევი, ა.ს., ტრუხელ, კ.ვ. „ობუხოვსკის კომბინატი - ექსპერიმენტული, დემონსტრაციული საწარმო“. ლენინგრადის მშენებლობა და არქიტექტურა, გამოცემა 3, 1964.