მხოლოდ შენობები არ კმარა
შენობები არ კმარა - დავით ბოსტანაშვილი
წინადადებების სერია, რომელსაც აწარმოებს ფრაზა „შენობები არ კმარა“ სავარაუდოდ დაუსრულებელია. თუ ენობრივი წინადადებების სფეროდან გავალთ, და გამოსახულებებს, ვიდეოს, ფიზიკურ ობიექტებს შევხედავთ როგორც ნიშნებს, მაშინ ეს ფრაზა არა მხოლოდ ენობრივ გამონათქვამებს, არამედ საგნებს, ნახატებს, ვიდეოგამოსახულებებს აწარმოებს. აქ მარტო რამდენიმე ტექსტს გავსინჯავ.
#003: „შენობები არ კმარა“ - საზოგადოება განიცდის აშენებული ფართის დეფიციტს. ვერ ხდება საკმარისი რაოდენობა შენობების აშენება, და სოციუმის დიდი ნაწილი ჯერ კდევ იმპროვიზირებულ თავშესაფარში ცხოვრობს.
#004: „შენობები არ კმარა“ - შენობები საკმარისია, ყველას აქვს გარკევეული ფართი, მაგრამ არა სახლი. შენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამინს ქონდეს „ეგზისტენციური საყრდენი“ სამყაროში.
#005: ადამიანი ბინადრობს არა შენობაში არამედ გარემოში. ამიტომ შენობები არ კმარა.
#006: „შენობები არ კმარა“ - არქიტექტურული აზროვნება გაცილებით ფართეა და მისი კონცენტრირება მხოლოდ შენობაზე, დიდი დანაკარგია..
#003
ბიზნეს მაგნატი ფრანსუა კუანე (Francois Coignet) მოიხსენიება, როგორც პიონერი, ვინც პირველმა გამოიყენა ბეტონის არმირების ხერხი შენობის ასაშენებლად (1855). ფრანგი მებაღე ჟოზეფ მონიე კი ყველასთვის ცნობილია, როგორც რკინა-ბეტონის გამომგონებელი (1877). ამ ყველაფერს უკვე ტექნოლოგიური განვითარების ისტორია მოსდევს. რკინაბეტონი სამშენებლო ინდუსტრიის ნაწილად იქცა. მის არქიტექტურულ კონცეპტუალიზაციას სხვა აზროვნება სჭირდებოდა.
1914-15 წლეს ლე კობუზიე გადააქცევს რკინა-ბეტონის სამშენებლო ტექნოლოგიას არა მხოლოდ არქიტექტურის გააზრების ახალ პარადიგმად, არამედ ქმნის სრულიად ახალ მექანიზმს. მისი სახლი დომ-ინო, ორსართულიანი შავი კარკასი, მეტია ვიდრე ახალი სამშენებლო ტექნიკის ჩვენება. შავი კარკასი გადაიქცევა იმ ახალ ჩარჩოდ რომელიც ცვლის ცხოვრების სოციალურ კონფიგურაციას - ამკვიდრებს სახლობის ახალ იდეას. ამ ჩარჩოში არქიტექტურის ტრადიციული კატეგორიები (მზიდი კედლები, ღიობები და მათი პროპორციები, ფასადი) ჩრდილში დარჩა. პარადოქსულია, მაგრამ თავად ფუნქციის ურყევი ცნებაც არსებითად „თხევადი“ გახდა: შავი კარკასის რადიკალური უტილიტარულობა ყველანაირი, ანუ არანაირი ფუნქციის შესაძლებლობას იძლევა.
შეიძლება მოგვეჩვენოს რომ დომ-ინო არქიტექტურის ისტორიის კიდევ ერთი ჩვეულებრივი შემთხვევაა: ახალი კონსტრუქციული სქემა და სამშენებლო მასალა გვაიძულებენ სხვანაირად გავიაზროთ არქიტექტურული პროექტირება. ისტორიის გაკვეთილზე დომ-ინო ამაზე მეტად აღარც განიხილება - ის მხოლოდ შუამავალია „ახალი არქიტექტურის“ სტილის გასაგებად. მაგრამ ლე კობუზიე მკაფიოდ გვეუბნება, რომ ეს არის სახლი „დომ-ინო“. ამგვარად დომ-ინო არ დაიყვანება კონსტრუქციულ სქემამდე. მეორეს მხრივ, რთულია მასში დაინახო სახლი ტრადიციული აზრით. შესაბამისად დომ-ინო უპირველეს ყოვლისა თავად წარმოადგენს სახლის ცნების გადაკეთებას. ამ ფაქტშია მოდერნიზმის რადიკალურობა. ტრადიციულად, სახლს წინ უსწრებს სახელი და სახე (სახლის სემანტიკური მოდელი). ტრადიციულ საცხოვრისში ყველასთვის ნათელია რას უნდა შეასხას ხორცი ფიზიკურმა სტრუქტურამ. მოდერნისტების მთავარი პროექტი თავად იმის ინჟინერიაა, რაც შემდეგ არქიტექტურულ ფორმაში უნდა გამოვლინდეს. მოდერნისტები საკუთარ თავს ცხოვრების ინჟინრებად თვილდნენ.
დომ-ინო - მოდერნიზმის ურ-ფორმა - პარადოქსულად, სხვა რეჟიმში მუშაობს. თავად სახლი ცვლის სახეს და სახელს (მის მნიშვნელობას). შავი კარკასი ფიზიკური ნაშენია. და ეს ფიზიკური ნაშენი თავად დაიწყებს ცხოვრების ახალი სემანტიკური მოდელების წარმოებას.
შავი კარკასი რევოლუციაა არქიტექტურულ აზრში. განცხადება „სახლი საცხოვრებელი მანქანაა“ გასცდა შენობის წარმოების ჩარჩოს და მთლიანად მოახდინა ახალი მექნიზმის შექმნა რომელიც მოიცავს ჩაფიქრებას, წარმოებას, მოხმარებას, ყიდვა-გაყიდვას, განაწილებას, იპოთეკით დატვირთვას, გაქირავებას, შეჭრა-შესახლებას, რეპროგრამირებას.
დომ-ინო 100%-იანი არქიტექტურაა, რომელიც ა(ღა)რ არის შენობა. მეტაფორით რომ ვთქვათ: შავი კარკასი (დომ-ინო) პოტენციური ენერგიაა, შენობა - კინეტიკური.
შენობები არ კმარა. საჭიროა ნაკლები ვიდრე შენობა - შავი კარკასი. შენობა მერეც მოვა. კიდევ მოვა. და კიდევ მოვა. შავი კარკასი დარჩება.
კორბუზიეს დომ-ინო ქართულ სინამდვილეში „შავ კარკასად“ ითარგმნება. შავი კარკასით იქმნება არა მხოლოდ ფართები, არამედ, ელენე დარჯანია აღნიშნავს, თავად ქალაქიც.
უკვე აღარავის ახსოვს რატომ გადაიქცა მთელი ქალაქი ერთ დიდ შავ კარკასად. მე სამხრეთ სექტორში, მეხუთე ზონის მეშვიდე რიგში მეგულება ჩემი საკუთარი შავი კარკასი. ჩემს გარშემო მაცხოვრებლებმა უცვლელად დატოვეს. ბევრ მათგანს მხოლოდ ფარდები გაუჭიმიათ ბეტონის ორ ზედაპირს შორის. ასე ცხოვრობენ. ფარდა თუ გადაწეულია თეატრის სცენასავით იხატება ყოველი მაცხოვრებლის ცხოვრება - აქა-იქ მიმოფანტული ნივთები, ავეჯი. ბეტონის ზედაპირზე მაინც ამოიცნობა სად რა შეიძლება იყოს - საძინებელი, სამკითახო, სამზარეულო. ჩვენ ზონაში სულ ესეა. მერვე ზონაში ხალხს მეტი მოუნდომებია და რითაც შეძლეს ისე დაუმსგავსებიათ შავი კარკასი შენობისთვის. ზოგმა ძველი აგურებით, მეტალის ფურცლებით და ხის ფანერებით კედლის მაგვარი ზღუდარები მოაწყეს.
ამბობენ ჩრდილოეთ სექტორში მოხერხებული ხალხი ცხოვრობსო. მათ ზუსტად გაუგიათ შავი კარკასის ეკონომიკური თამაში - აგროვებენ, ამრავლებენ, ფსონის სახით აგებენ და იგებენ, ყიდულობენ და მერე ისევ ყიდიან... ჩვენ არ გვინდა თამაში. სახლი გვენატრება და ამ სიმულაკრით ვკმაყოფილდებით. იმასაც ამბობენ სადღაც შავ კარკასს ვეღარც იცნობო - უმშვენიერეს სახლებად გადაუქცევიათ მაცხოვრებლებს მორთულ მოკაზმული კედლებით და პროპორციული ფანჯრებით. მაგრამ მე თუ მკითხავ ეს სილამაზე თვალის სატყუარაა, ისინიც შავ კარკასში ატარებენ ცხოვრების დღეებს. შენობა წარმავალია, კარკასი მუდმივი.
თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ორდენის გადაწყვეტილებამ ნამდვილი თანასწორობა მოიტანა. ყველა დაბადებულს ერთი შავი კარკასი ეკუთვნოდა. ეს თავისთავადი ჭეშმარიტება იყო: სიცოცხლის, თავისუფლების და ფართის უფლება. შავი კარკასი კი ჭერ ქვეშ არსებობას, იზოლაციას და ფართს აძლევდა ყველას თანაბრად. ადამიანებთან ერთად შავი კარკასებიც იმატებდა. ორდენი მკაცრად აკონტროლებდა შავი კარკასის წარმოებას - არ უნდოდათ წინაპრების შეცდომა დაეშვათ - ჭარბი წარმოება, როდესაც იმაზე მეტი კარკასი შენდება ვიდრე საჭიროა. კიდევ ერთი შეცდომა რისგანაც თავის დაცვა უნდოდათ შენობის შესაქმნელად გაფლანგული ენერგია: შენობის მოფიქრება, გაწელილი სარემონტო სამუშაოები... კარკასი საუკეთესო პასუხი იყო. თითქოს ყველას სისხლში ქონდა ელემენტარული უნარები ბეტონის მოზელვის, არმატურის ჩაყრის და ყალიბში ჩასხმის. მთავარი იყო ორდენთან შეგეთანხმებინა: მოქალაქის მთავარი უფლება ერთი დომ-ინოს ოდენობის ფართი იყო. არც მეტი არც ნაკლები.
ორდენმა ბოლო მოუღო შენობას. მოსპო თავად შენობა, როგორც მიუწვდომელი ეკონომიკური ოცნება და როგორც კულტი. ამბობენ ადრე ხალხი ყოფილა შენობის მცოდნეობას რომ იბრალებდნენო. სულ ერთმანეთთან გაპრანჭვით ყოფილან დაკავებულები - ნახე მე რა მაგარი შენობა დავხატეო. გამოფენდნენ ხოლმე ამ სურათებს და გამარჯვებულებს ავლენდნენ. ახალგაზრდებსაც სწავლით ტანჯავდნენ, ესე უნდა დახატო შენობა არა ესეო.
შენობა რეკლამა იყო. და როგორც ზრდილობა მოითხოვს ადამიენები უყურებენ რეკლამას მაგრამ არ ხედავენ. ერთადერთი სავაჭრო საგანი ხომ მხოლოდ ფართი იყო. უსახლკარო ადამიანების საზოგადოებაში ბუნებრივად გაქრა სიტყვები ბინა, სახლი, ოთახი... ყველაფერი შეიცვალა ფართით და მისი ვიზუალური იპოსტასი შნეობის სურათი გახდა. ირონიულია რომ ორდენმა უკვე არსებული ვითარებით ისარგებლა. ყველაფერი მზად იყო იმისთვის რომ ფართი, რომელიც ადრე შენობის ნახატს უკავშირდებოდა პატიოსნად განხორციელებულიყო შავ კარკასში.
არავინ იცის როგორ და რანაირად, მაგრამ სულ მალე ყველას ქონდა სახლი თუ არა მოღიავებული ფართი მაინც. უნდა ითქვას ორდენის გამოჩენამდე თითქმის მთელი ქალაქი უსახლკარო მაწანწალებს შეადგენდა. იღბლის მიხედვით უსახლკარო ხან 3-4 წელი მოახერხებდა დაექირავებინა ფართი ხან 10-15. ზოგი უსახლკარო ცხოვრების ბოლომდეც ახერხებდა ფართის ქირაობას.
ძნელი გასაგებია ასეთი ცინიკური სოციალური პროექტი ვის მოუვიდა თავში (ან ეს ორდენი საიდან მოვიდა ან სად გაქრა). შავი კარკასი ხომ არსებითად ხიდის ქვეშ, ასფალტის ზედაპირზე ყოფნაა. სამაგიეროდ შენიაო მეუბნება გვერდითა „მეზობელი“. საკუთარი ესთეტიკური თეორიებიც კი აქვს: „თან ქაოსს მოეღო ბოლოო... შენობის ყველა მომგონი თავისას უბერავდაო. შავი კარკასი იდეალური ესთეტიკური ობიექტია. კარტეზიანული ბადე სადაც ცხოვრება მიედინება და მინაშენ მონაშენები ცხოვრების პირდაპირი ასახვა არისო.“ ერთ რამეში მართლაია - ბეტონის კარკასი იდეალურადაა ჩამოსხმული და დროც ვერაფერს აკლებს. ყველა ხაზი და ზედაპირი გეომეტრიული იდეალის პირდაპირი ხორცშეხმაა. ერთ სანტიმეტრს ვერ ნახავ სადაც რამეა ამოღრუტნული და წვიმის წყალიც ფუჭად ცდილოს გუბურების შექმნას.
აღარავის ახსოვს ორდენი როდის შეიქმნა და არავინ იცის დღესაც თუ არსებობს. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. დომ-ინო ჩვენებური ფულია, ბეტონის კარკასით განხორციელებული ფართის ოდენობა - ორსართულიანი კონსტრუქცია ექვსი თორმეტზე.
მთელი ქალაქი კარკასებით თამაშობს. ამბობენ ეს თამაში თავად ორდენმა დაუშვა, ცხოვრება ჭაობიდან ისევ დინებას რომ დაბრუნებოდა. როდესაც ყველას თანაბარი ფართი აქვს - ენტროპიის კანონია - ყველანაირი აქტივობა წყდება. მეტი ფართის მოპოვებისკენ სწრაფვის აკრძალვამ მთელი ქალაქი საკუთარ კარკასში ლპობად იზოლირებულ აჩრდილებად აქცია. დაარსებიდან მრავალი წლის შემდეგ თავად ორდენის შიგნით გაჩნდა ბზარი: თუ ფართი ყველა მოქალაქის უფლება არის, ეს ნიშნავს, რომ ფართისკენ სწრაფვა ადამინის თანდაყოლილი მოთხოვნილება არისო - აცხადებდა სექტა. სექტამ გაიმარჯვა თუ თავად ორდენი გადაშენდა არავინ იცის. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ფართის მომატების - გაფართოების ადამიანურ წყურვილს აღარაფერი აკავებდა. ორდენის მემკვიდეროებად ის დარჩა, რომ შენობა სამუდამოდ მოკვდა.
დღეს ყველა სხვადასხვა ოდენობის დომ-ინოს ფლობს. მე შარშან ოცამდე დომ-ინოს ვფლობდი. იმედი მქონდა მალე ასამდე დავაგროვებდი. მაგრამ ვერ გავთვალე. ბირჟაზე რიცხვები სულ თამაშობს. ქალაქის სექტორის მიხედვით იცვლება დიმ-ინოს ფასი. შავი კარკასების ბირჟაზე თითქმის მთელი ქალაქი თამაშობს.1
ახლა ორი დომ-ინო დამრჩა. ერთში „ვბინადრობ“ მეორეს ვაქირავებ. ახლა იქ ერთ „ინდუსტრიალისტს“ რძის პროდუქტების მაღაზია გაუხსნია. „ინდუსტრიალისტებს“ იმ კასტას ვეძახით დაცინვით ფართი საქმიანობისთვის რომ უნდათ. ამ საქმოსნობას სწირავენ ძილს და მოსვენებას. ამ კასტას ფართების ვაჭროაზე აკრძალვა გამოუცხადებიათ - შრომა ადამიანის ბუნებრივი მდგომაერეობა არისო. ფართებით ვაჭრობა კი თამაშიო. მათ წესებს კარგად არ ვიცნობ. ამბობენ იმ მითიურ დროს მისტირიან როდესაც ადამიანები შენობებს აშენებდნენო.
ერთი მოძღვარი ამტკიცებდა ამ კასტის გარეშე ჩვენი თამაში შეუძლებელი იქნებოდაო. ბევრმა რომ ითამაშოს, ცოტამ უნდა იშრომოსო.
#004
„შენობები არ კმარა“ - მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის შფოთის გამომხატველი ფრაზაა. განსაკუთრებით გერმანიაში, როდესაც მთელი ქვეყანა განიცდიდა ბინების დეფიციტს. სწორედ ამ დროს საუბრობს მარტინ ჰაიდეგერი2 იმაზე, რომ უბინაობა არ ნიშნავს შენობების ნაკლებობას. რამდენი შენობაც არ უნდა შეიქმნას, და რაომდენადაც არ უნდა გაუმჯობესდეს მათი ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრები - უბინაობა მაინც მთავარ დანაკლისად დარჩება. იმიტომ, რომ შენობები არ არის საკმარისი.
შენობა თავის თავად ტექნოლოგიური კონოტაციების ნაკრებია. მას ერთადერთი განზომილება აქვს - ფიზიკური. მისი ფიზიკურობა გამოაჩენს ეკონომიკურ და სოციალურ აქტივობებს. აქ მთავრდება შენობაზე დისკურსი.
შენობას ვეღარ დავუმატებთ სხვა განზომილებებს. რაც მეტად შეეცდება არქიტექტურა ისაუბროს შენობის კონცეპტუალურ განზომილებაზე, მით მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს, როგორც მომხმარებლის (მათ ხომ მართლა არ აქვთ შენობები, ან მეტი უნდათ, ან ოცნებობენ გაუმჯობესებაზე) ასევე პროფესიონალთა წრეში, რადგან შენობა არის საწყისიც და დასარულიც.
შენობის კონცეპტუალურ განზომილებაში გადატანის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა თამამად ვთქვათ, რომ შენობა არ კმარა. ფენომენოლოგიური გამოცდილების კვალად შენობას „სახლის“ ცნება ჩაენაცვლება. ჰაიდეგერმა დატოვა ეს ტერმნი „შენობა“, მაგრამ მას შემდეგ რაც მოუსმინა ენას რომელიც ამხელდა თავად ენის წიაღში „შენობის“ თავდაპირველ მნიშვნელობას.
თუ ზოგიერთი რაციონალისტური ტრადიცია, მთლიანად წყდება შენობას, მის ფიზიკურობას და არქიტექტურა გონითი კონსტრუქციების და ლინგვისტური სტრუქტურების სივრცეში გადაჰყათ ფენომენოლოგიური ცდა კვლავ შენობას უბრუნდება. „უკან საგნებისკენ“ - ედმუნდ ჰუსერლის ცნობილი სიტყვები შეიძლება გადავწეროთ როგორც „უკან შენობებისკენ“. შენობას რომ დაუბრუნდე, საჭიროა სითამამის მოკრება და განცხადება, რომ „შენობა არ კმარა“. შენობისკენ დასაბრუნებლად იმ მანძილზე უნდა დავშორდეთ მას, რომ დაბრუნებულებმა თავიდან დავინახოთ, პირველად ვნახოთ შენობა, რომელიც მთლიანად განძარცვულია ნაცნობი ტექნიკური და დიზაინერული საზრუნავისგან.
ამ გზას დაადგა მარტინ ჰაიდეგერი და შეგვიძლია გავიხსენოთ 1950-51 წლებში მისი ცნობილი მოხსენებები: „ნივთი“, „შენება ბინადრობა ფიქრი“, „... პოეტურად მყოფობს ადამიანი“.
არქიტექტურის თეორიამ უკვე იცის რა არის შენობა - შენობის ცნება შეფუთულია უტილიტარულ, ტექნიკურ და საბოლოოდ საღი აზრის საფარველში. სწორედ ამიტომ ჰაიდეგერის ტექსტები არ მიეკუთვნებიან არქიტექტურის თეორიას. ეს ტექსტები, რომლიც ამ საფარველის მოხსნას გვაიძულებენ, დაიწერა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პრობლემების ფონზე; ერთ-ერთი მათგანი, Wohnungsfrage - საბინაო საკითხი, არა მხოლოდ იმ პერიოდის გერმანიის პრობლემაა. დღესაც მთავარი საზრუნავი შეიძლება იყოს „შენობები არ კმარა“ - რომელიც ქართულ რეალობაში გადაითარგმნება როგორც „ფართები არ გვყოფნის“, „გაფართოება გვჭირდება“.
საუკუნეების მანძილზე ფილოსოფოსები ცდილობენ დაგვანახონ, რომ ჩვენს მიერ დადგენილი პრობლემები მხოლოდ ნიღაბია, რომელიც მალავს ფუნდამენტურ სიცარიელეს, უფსკრულს. სწორედ ესე ხედავს ჰაიდეგერი შენობათა უკმარისობის პრობლემას. რაც გვაკლია არის არა შენობა, არამედ თავად ბინადრობის და სახლის მნიშვნელობის გაქრობა. სამივე ტექსტში (რომლებსაც აქ ვერ ჩავუღრმავდებით), ჰაიდეგერი ჩაეძიება სიტყვების არქაულ მნიშვნელობებს. ეს მნიშვნელობები გვიმხელენ თუ როგორ არიან ადამიანები სამყაროში. როგორია ყოფნის გამოცდილება. უფრო ზოგადად - რა არის ყოფნა. ამ ტექსტებში ჰაიდეგერი ფიქრობს იმაზე როგორ როგორ არიან გადაბმულები ერთმანეთთან სუბიექტი და ფიზიკური საგნები, როგორ ჩანს ყოფნა ფიზიკური საგნებისი და ადამიანების ერთმანეთთან სიახლოვეში. საბოლოო ჯამში ჰაიდეგერი ხელახლა გვაბრუნებს ჩვენ შენობის ფიზიკურ (თანა)ყოფნასთან. ჩვენ ვართ, შენობები არიან. ფენომენეოლოგიური ცდით გამოჩნდება ეს სიახლოვე.
გარკვეული აზრით, ჰაიდეგერი გამოიხსნის შენობას არქიტექტურიდან. არქიტექტურას მუდმივად ესთეტიკური, ტექნოლოგიური პრინციპებიდან გამოაქვს განაჩენი და ნაკლებ ფიქრობს ადამიანზე, რომელიც ადგილის მობინადრეა. ჰაიდეგერისთვის თავად ტერმინი „არქიტექტურა“ არის პრობლემა, სწორედ ამიტომ იგი ოპერირებს სიტყვებით „შენება“ და „ბინადრობა“. „შენობები არ კმარა“ მის ენაზე ამგვარად დაკორექტირდებოდა „არქიტექტურის მიერ გ/აგებული შენობები არ კმარა“. უნდა ჩამოვაშოროთ მას არქიტექტურა (როგორც იდეოლოგიური, რაციონალური სისტემა) და გადავიტანოთ ადამიანის ყოფნის ფენომენოლოგიურ გამოცდილებაში. არქიტექტურა აუფასურებს ადამიანის ბინადრობის მნიშველოვან განზომილებას. შენება (bauen) და ბინადრობა (wohnen) საშუალებას აძლევს ჰაიდეგერს წინ წამოწიოს ბინადრობა და გამოცდილება და უკანა პლანზე გადაიტანოს ესთეტიკის და ტექნიკის პრიორიტეტები.
„...ინჟინერი თითქოს სახლშია ელექტრო სადგურში ყოფნისას, მაგრამ იგი იქ არ ბინადრობს. ეს შენობები ასახლებენ ადამიანს. იგი იქ შესახლებულია და მაინც არ ბინადრობს იქ ... საცხოვრებელი შენობები ნამდვილად იძლევიან თავშესაფარს; დღევანდელი სახლები შეიძლება კარგადაც არიან დაგეგმარებულები, ადვილი მოსავლელი, მიმზიდველად იაფი, გახსნილი ჰაერზე, სინათლეზე და მზეზე, მაგრამ შეუძლიათ მათ უზრუნველყონ, რომ იქ ხდება ბინადრობა?“
ადამიანი შეიძლება ყოველდღე იკავებდეს შენობას, მაგრამ არ იყოს მასთან სიახლოვეში, არ იბინადროს იქ. ყველა ეს ტერმინი - „მოხერხებულად დაგეგმარებული“, „იოლი მოსავლელი“, „მიმზიდველად იაფი“, „ჰაუზინგი“ - მიგვანიშნებს სისტემად ქცეულ სამშენებლო ინდუსტრიაზე, სადაც განყენებული პროფესიული პროცედურები აწარმოებენ შენობებს მომხმარებელთა ანონიმური ბაზრისთვის. სწორედ ამგვარად გაგებული შენობა არ არის საკმარისი.
ენაში ჩღრმავებით ჰაიდეგერი მოიძიებს სემანტიკურ იგივეობას „შენებასა“ და „ბინადრობას“ შორის: „შენება არ არის უბრალოდ საშუალება ბინადრობისთვის - შენება უკვე თავის თავში ნიშნავს ბინადრობას“. სიტყვათა არქაულ ძირში შემონახულია ეს კავშირი ძირი bauen, buan, bhu და ზნმის ფორმას - ich bin, du bist შორის. „მე ვარ, შენ ხარ“ ნიშნავს „მე ვბინადრობ, შენ ბინადრობ“: „ისე როგორც შენ ხარ და მე ვარ, ისე როგორც ადამიანები ვართ მიწაზე, არის ბუან, ბინადრობა [...] ძველი სიტყვა ბაუენ გვეუბნება რომ ადამიანი არის იმდენად რამდენადაც ბინადრობს, ეს სიტყვა ბაუენ, ასევე ნიშნავს მოვლას და დაცვას, გაფრთხილებას და ზრუნვას, საკუთრივ ნიადაგის ხვნას, ვენახის გაშენებას“.
ქართულ ენაშიც შენება ადამიანის კავშირს გამოხატავს მიწასთან - ვენახის გაშენება, ბაღის მოშენება. სახლის შენებაც არა იმდენად ტექნოლოგიური აქტია, რამდენადაც ყოფნის ადგილის გაკეთებაა, ახლოს ყოფნაა, მოვლა და პატივის მიგებაა (კულტი). შენება და ბინადრობა ყოფნის დამკვიდრებაა.
ზუსტად ასევე wohnen (ბინადრობა) უკავშირდება ძველ საქსონურ wuon, გოთურ wunian და ისიც აღნიშნავს დარჩენას, ადგილზე ყოფნას. გოთური wunian ნიშნავს სიმშვიდეში ყოფნას, სიმშვიდეში დარჩენას. ამგვარად ბინადრობა სამყაროსთან ერთობაში მშვიდად მყოფობას გულისხმობს. სამშენებლო-არქიტექტურული ტერმინი „შენობა“ მთლიანად დაცლილია ამ შინაარსისგან. შესაბამისად - „შენობები არ არის საკმარისი“.
თავად ჰაიდეგერის ნაწერში განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს ის ქოხი ტოთნაუბერგში, სადაც ფილოსოფოსი ბინადრობის დიდ ნაწილს ატარებდა. დიდი ცდუნებაა ვიფიქროთ, რომ ფილოსოფოსი ამ სოფლურ ქოხს და ცხოვრებას მისტირის - თითქოს მოდელად გვისახავსო.
უცებ ცონებიერებაში აღმოცენდება ის რაც ჯერ-არ არის შენობა და ამვე დროს ბინადრობის სრულ პოტენციალს შეიცავს: დომ-ინო.
ჰაიდეგერის ქოხის და დომ-ინოს დაახლოება ყველაზე უფრო გადაგვარებული აზროვნებითაც წარმოუდგენელია. და მაინც, ორივე მათგანი სხვაა ვიდრე შენობა. შენობა მთლიანად ჩაფლულია დიზაინერული წარმოების, მოხმარების და საბაზრო-ფინანსურ ციკლში. ქოხი კი ნივთთა სამყაროს ეკუთვნის. ის არ იწარმოება. ის „კრიბავს ადგილს“ - ჰაიდეგერის სიტყვებით. შავი კარკასი ნამდვილად ეკუთვნის წარმოებას (კორბუზიეს აზრიც ამაში იყო). მაგრამ ამავე დროს იგი ნამდვილად შეიძლება დავინახოთ როგორც ნივთი. დღევანდელი გადმოსახედიდან იგი წარმოების ციკლსაც კი გაურბის - ვგულისხმობ შავი კარკასის მოზელვის კუსტარულ ტექნიკებს. შავი კარკასი - ქოხის ანალოგიურად პრიმიტიული ნაშენია. ამაშია მისი ხიბლი. დომ-ინო საქართველოში არა ქახნული ნაწარმია, არამედ ადამიანის ხელით მოზელილი, ზეპირი გამოცდილებით ჩამოსხმული ნაკეთობაა. ორივე ნივთი რაღაც პირველადია, უშუალო. პრიმიტიულობა კიდევ ერთი კონცეპტია დომ-ინოს და ჰაიდეგერის ქოხს რომ დააახლოებს. სრულიად განძარცვული ესთეტიკის საზრუნავიგან ორივე ბინადრობის გარკვეულ სიზმარში არიან ჩაფლულნი.
შენობები (ჩვეულებრივი გაგებით) აუქმებენ ადგილს. შენობა ქმნის ხდომილებებს (ევენტ) იქ, სადაც ადგილი უნდა გამოჩენილიყო. ფუნქციური პროგრამა ხდომილებების თავბრუდამხვევ მორევში გადაისვრის სუბიექტს. სუბიექტი ყოველთვის სხვაგან არის - ჩართულია ხდომილებების ქსელში. ადგილზე დარჩენას ჩაენაცვლება პროცესებში გათქვეფა. ბინადრობა არ არის ხდომილება. პრიმიტიული სტრუქტურები გვაიძულებენ დავრჩეთ ადგილზე. ვიყოთ ახლოს ადგილთან. დომ-ინოც და ქოხიც განძარცვულია პროგრამულობისგან.
ტრადიციულად მივიჩნევთ, რომ ქოხი ორგანულად აღმოცენდება იმ მიწიდან სადაც დგას. ამ ორს შორის კავშირი გვესახება როგორც მშობლის და შვილის იდეალიზირებული ურთიერთობა.
შავი კარკასი კი რადიკალურად უცხო სხეულია ადგილისთვის, ასე სჩანს. მაგრამ თუ გადავწევთ გვერდზე მატერიის არსებითობის ცრურწმენას, რასაც ქოხის და მიწის კავშირი ეფუძნება და სუფთა გონებით შევხედავთ მდლოზე აღმოცენებულს კარკასის პრიმიტიულ სტრუქტურას ადვილად დავრწმუნდებით რომ იგი თავის ადგილზეა. დომ-ინოს შავი კარკასი გამოაჩენს ადგილს. შავი კარკასით ჩავეწერებით ადგილში.
ამ წარმოსახვაში (#004) კვლავ ამოტივტივდა შავი კარკასის ნაცრისფერი ზედაპირები. ჩემ თვალწინ დგას ახლადჩამოსხმული ორდონიანი სტრუქტურა - დომ-ინო. კარკასი დევს მწვანე ველზე. თითქოს არც ეკუთვნის ამ მიწას. იმიტომ რომ შავი კარკასი თავად ქმნის მეორე მიწას. ბეტონის ამ მიწაზე შემოდის ადამიანი როგორც კულტურის მოთამაშე. თუ ღია თვალებით შეხედავ ამ ობიექტს ასეთი ოცნებებიც გაგიჩნდება: „მე ის მინდა. არა იმიტომ რომ ლამაზი ფასადი გავუკეთო, დავათბუნო, გავარემონტო, შევსახლე, გავაქირავო. არამედ თავის თავად მინდა. როგორც არის. ის უკვე ჩემი ადგილია“. შავი კარკასი ნივთია, და ისეთივე სიხარული მოაქვს, როგორიც ფერადფერად პლასტმასის ახალ სათამაშო ტრაქტორს ბავშვისთვის. დომ-ინო ასეთი სათამაშოა.
რა გადააქცევს შენობას ბინად - ოცნების ობიექტად? მყარი კედლები გარესამყაროსგან რომ დაგიცავს, ძვირფასი მოგონებებით გაჯერებული ნივთები და ავეჯი, რომლებიც გხუთავენ სიმყუდროვეში, ადამიანები, რომლებთანაც იზიარებ შენობას (სახლობა - ოჯახი). კიდევ უფრო ადრე გასტონ ბაშელარი გვიხატავდა სახლის პოეტურ სახეს წარმოსახვას და ოცნებას რომ კვებავს.
შენობა არ კმარა. მას სწორედ სუბიექტური გამოცდილება სჭირდება. თუ რატომ არ კმარა შენობა, რა აკლია შენობას, ერთი ადამიანი მეორეს ვერ მოუყვება. იქნება ეს ბაშელარი თუ ჰაიდეგერი, ისინი მხოლოდ ფიქრის წყობას გვთავაზობენ და არა არქიტექტურის მოდელს. ამ მხრივ, უკეთესი ინტერპრეტაცია იქნებოდა, რომ ადამიანი ენდოს საკუთარ სუბიექტურ გამოცდილებას და თავად იპოვოს სახლი.
#005
კორბუზიე გასცდა რა შენობის განზომილებას, გადაიჭრა პოლიტიკაში, სოციოლოგიაში, ურბანისტიკაში, ტრანსპორტის დაგეგმარებაში, ჰიგიენის სფეროში დ.ა.შ. გვთავაზობს კრიტიკულად გავიაზროთ სოციალური სფერო, რათა შევცვალოთ ის. შენობები თავისთავად მოვა. ეს მოდელი დღეს აღარ მუშაობს. შეუძლებელია დიდი ნარატივის წარმოება, რომელიც ასეთ დივერსიფიცირებულ პლანეტას სოციალური ცვლილებების ერთიან გზაზე მიმართავს. დიდი ნარატივის კონსტრუირების ნაცვლად, პატარა ნარატივების „ამოღება“ უფრო ადექვატურ ნაბიჯად ჩანს.
გარემოს ნარატივს არ ქმნიან შენობა-პროექტები. შენობა-პროექტი პაკეტია. შეფუთულია. თავისთავში დასრულებული პროდუქტია. მას აქვს კონკრეტული საზღვრები. კონკრეტული მიზნობრიობა. კონკრეტული სტატისტიკური მომხმარებელი. რეალობაში შენობის გამიჯვნა არა-შენობისგან (ეზოსგან, ქუჩისგან, აბრებისგან), შეიძლება ითქვას ფუჭი მცდელობაა.
ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ შემოვიდა არქიტექტურულ მოდაში „გარემოს“ ცნება (средовое проектирование). რაც სახეზეა - ეს არის ერთი უწყვეტი საცხოვრისი გამოცდილების ველი, სადაც საზღვრების გავლება ვერ მოხდება შენობა არა-შენობის პრინციპით. გარემო ერთი მთლიანი, სრული გამოცდილებაა. რაღაც აზრით გლდანის დაპროექტებაში ეს ხედვა ასახულია. გზატკეცილი, ხიდი, შენობა, პანდუსები ერთად ქმნიან ერთ გიგანტურ გარემოს; მთელი უბანი გიგანტურ ორგანიზმს ემსგავსება
დღეს, თუ მოვუსმენთ ქალაქის ამ ნაწილს, ალბათ სწორედ ამას აღმოვაჩნეთ: შენობები არ არსებობენ. არსებობს გარემო-გლდანი და ადამინების გამოცდილება ამ გარემოში.
#006
შენობები მოიხმარენ არქიტექტურული ენერგიის თითქმის სრულ 100 პროცენტს. თეორიაში მიმართული ენერგიაც საბოლოოდ შენობათა წარმოების მექანიზმების გამართლებაა.
სადაც უნდა იხარჯებოდეს არქიტექტურული ენერგია, ეს თავად არქიტექტურის საზღვრების რღვევაა. სოციალურ-ეკონომკურ სივრცის ათვისება არქიტექტორების მხრივ არ არის არანაირი გარღვევა. ეს ფართის გაერთიანებას უფრო გავს: არქიტექტურის და ეკონომიკის საერთო ფართის შექმნას. რომანტიკული ტრადიციის თანახმად, ნამდვილი გარღვევა მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია.
შენობები არ კმარა. შენობას შენობით გაკეთება მკვდარი ციკლია. მხოლოდ ხელოვნებაა მუდმივად თვითანახლებადი სივრცე. მხოლოდ ამ სივრცეში გადაჭრით შეიძლება შენობასთან მიბრუნება.
შენობები არ კმარა - საჭიროა შენობის ფოტო. შენობები არ კმარა - საჭიროა შენობის პერფორმატიულ აქტად ქცევა; შენობები არ კმარა - საჭიროა შენობის თხრობა.
შენობები არ კმარა ნებისმიერი არქიტექტურული ბიენალეს დევიზად გამოდგება. ბიენალე (არა უბრალოდ პროექტების გამოფენა) ყოველთვის გვეკითხება კულტურის გარკვეულ პრობლემას მოვუძებნოთ ადექვატური გამოხატულება. იგი იმთავითვე გულისხმობს რომ საერთოდ არ იქნება საუბარი შენობებზე. რომ დავაკონკრეტოთ, შენობაში იგულისხმება დასრულებული, ფუნქციურად გამართული და გამოყენებული სტრუქტურა. მიტოვებული „შენობა“ არც ითვლება შენობად. ის არსებითად სხვა ობიექტია. სწორედ ამიტომ ბინელეს ფარგლებში ამოტივტივდება ხოლმე შენობის მაგვარი რაობებისადმი ინტერესი. არქიტექტურის ბიენალე ადამიანებსა და შენობებს შორის ახალი ურთიერთობების დადგენას ცდილობს. არქიტექტურის ბიენალე უკვე თვითონ გულისხმობს რომ შენობა არ კმარა.
სხვა ხედვა: შენობას თუ გამოვაკლებთ იმას რაც არა-შენობაა, დაგვრჩება შავი კარკასი. ეს ნარჩენი თავის მხრივ შეიძლება გადაიქცეს საოპერაციო ობიექტად.
სცენარი: მოქანდაკე ბეტონში ასხამს შავ კარკასს. ზედამხედველობის სამსახური ედავება - უნებართვო მშენებლობააო. არტისტი ამტკიცებს, არა ეს არის ინსტალაცია. დროის გასვლის შემდეგ ამ ინსტალაციას თავს აფარებს უსახლკარო. და კვლავ ვუბრუნდებით საწყისს: არქიტექტურა ყოველთვის საცხოვრებელი ინსტალაცია იყო. გიგანტური ფოლია. მთელი სიგიჟეც იმაშია რომ ფოლია არა უბრალოდ უაზრო ნაშენია, არამედ მისი ერთი მხარე წმინდა სკულპტურაა და მეორე - წმინდა გამოყენება. მათ შორის არანაირი სინთეზი არ ხდება. როგორც მაგალითად დაბადების დღის გიგანტურ ტორტში დამალული ადამიანის შემთხვევაში. მთელი სიგიჟე ეს რადიკალური გაყოფაა ტორტსა და სამალავს შორის, გიგანტურ სკულპრურასა და განსასვენებელს შორის, შავ კარკასსა და ბინადრობას შორის. შენობა გვიქმნის ილუზიას რომ ეს ორი მხარე რაღაც კავშირშია. ამ ილუზიის დასამსხვრევად - შენობები არ კმარა.
#007
შენიშვნები
1. მონათხრობიდან გაურკვევალია რასთან მიმართებაში იცვლება დომ-ინოს ფასი, ან რატომ იყიდება და იცვლება სპეკულატიური ფასები.
2. მარტინ ჰაიდეგერი, “შენება ბინადრობა ფიქრი” და “... პოეტურად ბინადრობს კაცი” (1951).
გონიო, საქართველო, 2018 წ. ფოტოს ავტორი ნატალი ბეზარაშვილი