EN KA

თბილისი

ტიფლისიდან თბილისამდე - დალი და ელენე დარჯანიები

ეს დიალოგი არის მცდელობა, ვუპასუხოთ შეკითხვას, თუ რა გავლენას ახდენს საბჭოთა დაგეგმარება თბილისის დღევანდელობაზე. ტექსტის დიალოგად მოაზრება იმიტომ გვჭირდება, რომ ქალაქი კონფლიქტის და დაპირისპირების სივრცედ მიგვაჩნია, სადაც აზრთა სხვადასხვაობა ბალანსის საწინდარია.

რა თქმა უნდა, დისკუსია ყველა იმ გარდაქმნის აღწერას და ანალიზს ვერ მოიცავდა, რაც ჩვენმა ქალაქმა მეოცე საუკუნეში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განიცადა. ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე, ჩვენი აზრით, ყველაზე გავრცელებულ მითით თუ პრეზუმფციით შემოვიფარგლებით.

ე : დასაწყისშივე აუცილებლად ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ქალაქის პროექტი და “განხორციელებული ქალაქი”. პირველი პოლიტიკურ პროექტად უნდა განვიხილოთ, იმ ხედვად, რომელიც მომავლის ქალაქს უდევს საფუძვლად. ბოლო დროს, ბევრს ვფიქრობ ქალაქზე, როგორც არქიტექტურულ პროექტზე[1]. ამ შემთხვევაში, პროექტი არის ნახაზებით, ჩანახატებით, დიაგრამებით და თაბაშირ-მუყაოს მოდელებით განსაზღვრული ჩარჩო, რომელსაც ერთდროულად შეუძლია როგორც სოციალური და პოლიტიკური სინამდვილისგან გათავისუფლება, ასევე - მასზე დომინირება.

ქალაქი არ არის დასრულებადი პროექტი - ამაზე თითქოს ვთანხმდებით. წარმოუდგენელია ისეთი ქალაქი, რომელიც ჯერ დაიგეგმა, დაგეგმარდა, ხოლო შემდეგ გეგმის ზედმიწევნით დაცვით აიგო და, რაც მთავარია, უცვლელად შენარჩუნდა. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ სოციალისტურ თბილისზე, ქალაქის ორივე “სახე” პარალელურად უნდა განვიხილოთ.

დ : მაშ, ამხანაგო, რა არის საბჭოთა სოციალისტური ქალაქის პროექტი და როგორ განხორციელდა ის?

ე : ოქტომბრის რევოლუციამ რუსეთში მსოფლმხედველობრივი გადატრიალება მოახდინა. იმ პერიოდის დიზაინერები კოლექტიურ ცხოვრებაზე მორგებულ, თვისებრივად ახალი დასახლებების შექმნას ცდილობდნენ, რომელიც კერძო საკუთრებისა და “მისგან მომდინარე ბოროტებისგან” თავისუფალი იქნებოდა. ეს კი, პირველ რიგში, საცხოვრისის გადააზრებას გულისხმობდა. ამ პარადიგმის თანახმად, ახალ, სოციალისტურ ქალაქში, ადამიანებს უნდა ეცხოვრათ ოთახში, სადაც მხოლოდ აუცილებელი ნივთები - საწოლი, სკამი და მაგიდა იდგებოდა; ყველა კომუნალური აბაზანა-ტუალეტით და სამზარეულოთი ისარგებლებდა.

ასეთი “ბინა-უჯრები” მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ქმნიდნენ, რომლებიც ყოველდღიური მომსახურების ობიექტებთან ერთად, საცხოვრებელ მიკრორაიონებში ერთიანდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ქალაქი ხაზოვან სტრუქტურას ქმნიდა გამოკვეთილი საცხოვრებელი, სარეკრეაციაო, საწარმოო და სხვა ზონებით, რომლებიც სატრანსპორტო მაგისტრალის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული. სოციალისტურ ქალაქს საქარხნო კონვეიერის ლოგიკით უნდა ეარსება, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი გათვლილი, დაგეგმილი და წინასწარ განსაზღვრული იქნებოდა.

დ : თითქოს უდავოა ის ლოგიკური ჯაჭვი, რომელსაც მიუყვები, მაგრამ, მემგონი, “პროექტის” იდეის დამატებითი კონტექსტუალიზაციაა საჭირო: საბჭოთა პროექტს ლეიტმოტივად გაბრწყინებული კომუნისტური საზოგადოების მიღწევა და დაფუძნება მიჰყვებოდა. სამოცდაათი წლის განმავლობაში ეს იდეა ყოველთვის გამოიყურებოდა, როგორც რაღაც სამომავლოდ მისაღწევი საბოლოო მიზანი. ამრიგად, ნაშენი გარემო, ჩვენი ქალაქი გახდა პროექტის პროექცია. ის ყოველთვის მოიაზრებოდა, როგორც გარდამავალი სივრცე მიზნის მიღწევის გზაზე.

გარდა ამისა, კომუნურობის იდეა წვრილმასშტაბიან აზროვნებას ითხოვდა, ამიტომ საცხოვრისს ამოსავალი წერტილის ადგილს ვერ მივუჩენ. მეტიც, რუსი რევოლუციამდელი მოაზროვნეები[2] მარქსის იდეას, შექმნილიყო სახალხო სახელმწიფო, განუდგნენ. ისინი ნათელი მომავლის საწინდარად ანარქიას იხილავდნენ, რომელიც სოციალურ რევოლუციას უნდა მოეტანა. მათი სწავლების ფუნდამენტური თეზისი “უმრავლესობის/საყოველთაო ბედნიერება” იყო, რომელიც უნდა დაყრნობოდა თანასწორობას. თავის მხრივ, ამას უნდა ეშვა სოლიდარობა და ურთიერთთანადგომა. ასე რომ, მე იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ დასახლებების იდეა ქაღალდზე ანარქისტულ-სოციალისტური უნდა ყოფილიყო. ამიტომ, დიდი იდეის დიზაინს, ზონირებას და დამაკავშირებლებს მნიშვნელობით საცხოვრისის შიდა სტრუქტურის წინ დავაყენებდი.

იმის თქმა მინდა, რომ თავდაპირველად დაისვა საკითხი, რა სჭირდება საზოგადოებას, ხოლო შემდეგ მოყვა მას ინდივიდის საჭიროებები, რაც საცხოვრისის ასეთ მოწყობაში გამოვლინდა. მაგალითად, მგონია, ძველმანებში ნაპოვნი პლაკატი გამომადგება, რომელზედაც ასახულია ქარხნის ფოიეს გაფორმების ვარიანტები. დიზაინი აქ ემსახურება იმ აზრის ხაზგასმას, რომ თითოეული მუშა საზოგადოებისთვის მუშაობს, არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რას აკეთებს. მთავარია, გამოჩნდეს ზოგადი წარჩინება, რომელთან გაიგივებაც თითოეულ დასაქმებულს უნდა შეეძლოს.

აქვე ვიტყოდი, რომ საცხოვრებელი მასივების გეოგრაფია და ზომა ინდუსტრიის მომსახურებისთვის საჭირო პერსონალის რაოდენობაზე და ამ მუშების წარმოებასთან სწრაფ დაკავშირებაზე იყო დამოკიდებული. ასე ვთქვათ, საძილე რაიონებიც საწარმოს პროდუქტიული ფუნქციონირების მომსახურებისთვის ჩაუფიქრებიათ. განსაკუთრებით, იმ დროისთვის ახალ ან პატარა ქალაქებში, რომლების საბინაო ფონდი ვერ გაუმკლავდებოდა წარმოების მასშტაბებს.

უკვე ითქვა, რომ პროექტს საკუთარი რეალობა აქვს. რაც სსრკ-ს შემთხვევაში მოხდა, არის “პროექტის სამყაროს” სინამდვილეში (რეალობაში) უნაკლოდ გადმოტანის მცდელობა. განაშენიანებით დაწყებული და ადამიანების რუტინული ცხოვრებით დამთავრებული, ყველაფრის კონტროლი ქალაქის ფორმაზედაც აისახა, თუნდაც მკვეთრი ზონირების მაგალითზე: აქ უნდა იმუშაო, აქ უნდა დაიძინო, აქ უნდა ისეირნო და ა.შ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს პროექტის გეგმიურად განსახორციელებლად, ქარხნების ასამუშავებლად და ბინების შესავსებად, პროექტში წარმოსახული ‘მოქალაქეები’ ცოცხალი ორგანიზმებით ჩაანაცვლეს.

ბოლო ორ სიტყვაზე გამახსენდა ხშირად გამეორებადი “ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია”. ამ მეტაფორის ასეთი აქტიური გამოყენება ქარხნების გაჩერების შემდეგ სიმპტომატურად მეჩვენება, რადგან თბილისი სერვისების მწარმოებლად გადაიქცა. ახალი საცხოვრისის მშენებლობაც კი პრინციპულად ისეთივე სერვისია, როგორიც თმის შეჭრაა. ერთი მხრივ ვაჭრობა და მომსახურება ქალაქის ფორმაზე შედარებით თავისუფლად და მკვეთრად ზემოქმედებენ. მეორე მხრივ, პოპულარულ ლოზუნგებზე დაყრდნობით, არსებობს მოთხოვნა ქალაქმგეგმარებელზე, რომელიც საბოლოო ჯამში პოლიტიკურ ნებას და კონტროლს არქიტექტორულად გააფორმებს.

ე : არ მინდა დაგეთანხმო, რომ არქიტექტორის და ქალაქმგეგმარებლის ფუნქცია მხოლოდ გაფორმება და საკუთარი ვიწროპროფესიული ვალდებულებების შესრულებაა. დღეს იგი უფრო სამოქალაქო აქტივისტი და ფასილიტატორია, ვიდრე - იდეების ერთპიროვნული გენერატორი. ამიტომ მოლოდინი, რომ “მესია” გამოჩნდება და ყველაფერს “დაალაგებს”, ფუჭად მეჩვენება.

თუმცა, დავუბრუნდეთ საბჭოთა კავშირში მასობრივი საცხოვრისის მშენებლობას, რაც მეორე მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდის პირმშოა. ის, რაც ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს დაიწყო, არ წარმოადგენს რაიმე განკერძოებულ, საბჭოთა მოვლენას, არამედ - მსოფლიოში გავრცელებულ პრაქტიკას მისდევს. ზოგადად, მოდერნიზაციის ეს ეტაპი არქიტექტურის “გაშიშვლებას” და მის უმარტივეს კონსტრუქციამდე დაყვანას გულისხმობდა. ყველაზე დიდი დამნაშავე ამაში ლე კორბუზიე იყო, რომელმაც შექმნა დომ-ინო-ს მოდელი - მარტივი საცხოვრებელი ერთეული ერთი ოჯახისათვის. დასავლეთში ეს მოდელი კერძო საკუთრების - მუშათა კლასის ოჯახის ძირითადი ქონების ერთგვარი სიმბოლო გახდა, ხოლო საბჭოთა კავშირში კი განსხვავებული იდეის - თანასწორობის - კვინტესენციად გადაიქცა. სოციალისტური სახელმწიფო ყველა ოჯახს თანაბარ საცხოვრებელ პირობებს გარანტირებულად დაპირდა. თუმცა, სინამდვილეში, საბინაო ფონდის განაწილება შორს იყო თანასწორობისგან. თბილისში, საცხოვრისის განაწილების შესახებ არსებული საარქივო მასალების კვლევა[3] მოწმობს, რომ საბჭოთა საქართველოში ახლად აღმოცენებული “ელიტა” - ე.წ. “პრივილიგენცია” - ბევრად უკეთეს პირობებში ცხოვრობდა, ვიდრე - რიგითი პროლეტარი.

დ : ამ კვლევას არ გავცნობივარ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, პრივილეგირებული ადამიანების სიმრავლე/სიმჭიდროვე 90-იანებში მიშენებების უბნების მიხედვით მეტ-ნაკლებობაში და ზომებშიდაც აისახა. თუნდაც საბურთალოს და ლილოს დასახლების შედარების მაგალითზე.

ადამიანებს სხვანაირად ყოფნის სურვილი გვამოძრავებს[4] - არც ეს არის ჩემი გამოგონილი. სოციალიზმმა თავიდან მისცა ადამიანებს ამისი გამოცდის შესაძლებლობა: ჭის მაგივრად - წყალი ონკანიდან, ფეკალური ორმოს თხრის ალტერნატივა - კანალიზაცია და ა.შ. ამ ყველაფერს ტექნიკური პროგრესი ისედაც განაპირობებდა, უბრალოდ, სისტემამ სწრაფად აათვისებინა თბილისს ეს ტერიტორიები. მაგრამ გავიდა დრო და ამოვიდა ყელში - სხვა “სხვა” გახდა საჭირო.

ზოგადად, რაც უფრო სწრაფად მოძრაობს ინფორმაცია, რაც უფრო მრავალფეროვანია ის, მით უფრო ხშირად გვინდება “სხვა”. წინასწარი გრძელვადიანი გეგმა, როგორ რაციონალურადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს იგი, ბარიერია, პირველ რიგში კულტურის განვითარებისთვის - ამაში მთელმა განვითარებულმა მსოფლიომ იმეცადინა.

ე : ვერ დაგეთანხმები რომ გრძელვადიანი დაგეგმვა, რომელსაც მოდერნიზმმა აგრერიგად მიგვაჩვია, ბარიერია. თუმცა, აქ ალბათ ორი ცნება უნდა განვასხვავოთ: ზოგად პრინციპებზე დაფუძნებული დაგეგმვა და დაგეგმვა წესებზე დაყრდნობით. პირველი გულისხმობს ე.წ. “გრანდ ნარატივების” უპირობო მორჩილებას, რაც ზოგადად დამახასიათებელია მოდერნისტული პერიოდისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ამ ინერციას მივუყვებით. ამიტომ არის, რომ ხშირად გვესმის ლოზუნგებად
ქცეული ჯეინ ჯეიკობსის ციტატები, რომლებიც მოგვიწოდებენ, შევქმნათ ქალაქის მხოლოდ ერთადერთი შესაძლო ვერსია. არადა, თავად ჯეიკობსი გახლდათ სტერეოტიპული, მექანიკური გადაწყვეტილებების მოწინააღმდეგე და გამოსავალს ქალაქის, როგორც “ორგანიზებული კომპლექსური სისტემად” მოაზრებაში ხედავდა. სწორედ პრინციპებზე დაფუძნებული ნორმატივები ქმნის სტიგმას უბნების “პრესტიჟულობასა” თუ “არაპრესტიჟულობასთან” დაკავშირებით.

დ : ...და თბილისის გეოგრაფია საკმაოდ სტიგმატიზებულია:
ანძას ვერ ხედავ = თბილისელი არ ხარ. ახალი ინფრასტრუქტურული ან/და კულტურული პროექტები, ინფორმაციის გავრცელება, უმეტესად მხოლოდ ცენტრალურ უბნებზეა გათვლილი, რაც უგულებელყოფს თბილისის მასშტაბს, თითქოს გარეუბნები თბილისს არ ეკუთვნოდენ...
ამ დროს, სწორედ მასშტაბი არის საბჭოეთის ყველაზე არსებითი დანატოვარი თბილისისთვის. ცხადია, იმდენად შორს ხარ, რამდენად ნელა გადაადგილდები. არადა წესით თბილისს მანქანასავით უნდა ემუშავა და როგორც ღერძულ ქალაქს, მომსახურების პრობლემა არ უნდა ჰქონოდა - ეს უკვე, ალბათ, მენეჯმენტის საკითხია, რომელშიდაც “ავიჭერით”.
ასევე, ამ მასშტაბის ფონზე ისიც საკითხავია, “სად არის ჭაღარა მთაწმინდა?” ანუ სად არის განსაკუთრებული ლანდშაფტი და როგორ რეაგირებს თბილისი მასზე?
შეიძლება, ისტორიულ ცენტრში მყარი ფიზიკური ფორმების ნაწილი ლანდშაფტთან ერთად მოიაზრო, მაგრამ მთლიანად ქალაქზე ამავეს მთქმელი ნამდვილად მტყუანი იქნება: ხალხი ძირითადად მასივებში ცხოვრობს. იმ მასივებში, რომლების ასაშენებლად შეძლებისდაგვარად მარტივი ლანდშაფტური გადაწყვეტა მისწრება უნდა ყოფილიყო. არა იმიტომ, რომ ვინმეს მთა და გორა არ უყვარდა, არამედ, როგორც ვთქვით, სხვა ამოცანებს პასუხობდა როგორც სსრკ-ს, ასე დანარჩენი მსოფლიოს იმდროინდელი გეგმარება. ასე რომ, თუკი პროექტის შექმნის დროს რთული ლანდშაფტი გეგმარებისთვის შესაძლო ვარიანტებს ამცირებდა, აშენებულ ქალაქში ის არსებობს, როგორც ფაქტი, ხან კი ხდება დაბრკოლება გადაადგილებისთვის, ხან კი გაფართოებისთვის, როგორც ფიზიკურად, ასევე კონცეპტუალურად. ასეთმა დამოკიდებულებამ ლანდშაფტის მიმართ გააჩინა მითი თბილისში ველოტრანსპორტის არამიზანშეწონილობის შესახებ და იზოგიფსების სიმრავლის რომანტიზაცია მოახდინა. გმირთა მოედანი და მიმდებარე მსხვილი ქუჩები, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა - ეს მაგალითებიც ლანდშაფტთან ჭიდაობის ვერსიებია.

როგორც არ უნდა იყოს, მთავარი პრობლემა, რაც სსრკ-დან გამოგვყვა, ვფიქრობ, არის არა სივრცული გადაწყვეტები, არამედ სიახლის დანერგვისას კულტურული წინაპირობების უგულველყოფა. ეს მკვეთრად იჩენს თავს, როდესაც ადამიანი ვერ უმკლავდება “ახლის” დანიშნულების ამოცნობას და დამოუკიდებლად ვერ იყენებს მას.


ე : ჩემი აზრით, თბილისის, როგორც სოციალისტური ქალაქის პროექტი, დიდწილად ვერ ან არ განხორციელდა. საბჭოთა თბილისი, რომლის ფოტოებსაც ხშირად ვაწყდებით სხვადასხვა ნოსტალგიური ხასიათის “პოსტებში”, არ წარმოადგენდა ეგალიტარულ, თანასწორობაზე დაფუძნებულ ქალაქს. ნაივურმა ფრაზამ, რომ “თბილისი იყო ურთიერთობა”, განსხვავებული დატვირთვა შეიძინა, რადგან ეს ‘‘ურთიერთობა’ პრივილეგიების და პირადი სარგებლის მისაღებად საჭირო კავშირების მოპოვებას უზრუნველყოფდა. ამან, სხვა რიგ პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად, წარმოშვა უთანასწორობა, რაც საბჭოთა გეგმარების ხშირად იგნორირებულ, მაგრამ მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს.

 


[1] ქალაქი, როგორც პროექტი - პიერ ვიტორიო აურელის რედაქტორობით გამოცემული ესეების კრებულია, რომლის ჰიპოთეზა გულისხმობს რომ “ქალაქი კონკრეტული არქიტექტურული პროექტებით გამოხატული პოლიტიკური მოტივების შედეგია”.
[2] მიხეილ ბაკუნინი, პერტე კროპოტკინი.
[3] შოციალ ცონტენტს ოფ ჰოუსინგ ინ ტჰე შოუტჰ ჩაუცასუს, თბილისი შტატე Uნივერსიტყ ანდ Yერევან შტატე Uნივერსიტყ. ჰტტპ://ასცნ.ცჰ
[4] შოთა ბოსტანაშვილი, არქიტექტურის პოეტიკის კურსი, სტუ.

უკან დაბრუნება