მიკრორაიონი
უფლება ქალაქზე და მისი ფლობა ბაზრის არქიტექტურული ტიპოლოგიების მიხედვით
ირაკლი კოჭლაშვილი
ღრმაღელის მეტროს მიმდებარედ ბაზარი 1994 წლიდან არსებობდა - ამაზე ბებიაჩემი მიყვება და მეუბნება, რომ 94-ში ის იმ პირველთაგანი იყო, რომლებმაც იქ ჯიხური ჩადგეს. ამბობს, რომ არა ეს, არც კი იცის, თავის და ოჯახის რჩენას როგორ შეძლებდა და იმ უსამართლობაზე იწყებს საუბარს, რომელიც შემდეგ გაუკეთეს: „ამ ადამიანებს, ბოდიში და, ფეხებზე კიდიათ სხვას რა ჭირდება, ოღონდ ფული აკეთონ.“ „ამ ადამიანებში“ ინვესტორი იგულისხმება, რომელიც 2010 წელს გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ ბაზრის ტერიტორია შესყიდული იყო და ორ თვრამეტსართულიან კორპუსთან ერთად სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმებოდა.
ადგილის გაწმენდა ეტაპობრივად დაიწყეს და ჯერ იმ ადამიანების ჯიხურები გადაიტანეს, რომელთაც მიწა არ ჰქონდათ შესყიდული; შემდეგ ბაზრის შიგნით მდებარე ფარდულები დაშალეს. ხოლო, ორწლიანი მოლაპარაკების (რომელიც, როგორც ბებო ამბობს, უარის შემთხვევაში ხელცარიელად დატოვების მუქარა უფრო იყო ინვესტორის მხრიდან) საფუძველზე ამ ადამიანებმაც დათმეს საკუთარი მიწა და შენობა, სავაჭრო ცენტრში სამომავლო ფართის სანაცვლოდ.
ბებო მიყვება, რომ „სადღაც ასე 2006-ში“ მერიას უნდოდა გარემოვაჭრეების, ბაზრების აღება იმიტომ, რომ ქუჩები გაესუფთავებინათ. მერიის ეს ნარატივი თბილისისთვის უკვე ნაცნობია: საზოგადოებრივი სივრცეების ხალხისთვის დაბრუნება და იმ ერთეულების მოშორება, რომლებიც ამახინჯებენ ქალაქის იერსახეს (ეს სიტყვათშეთანხმება განსაკუთრებით ხშირად ისმის მათ გამოსვლებში). ხოლო, თუ დავუკვირდებით, რა ხდება ამ „გასუფთავებულ“ ტერიტორიებზე, ნათლად გამოჩნდება, რომ განხორციელებულ პროექტებს განზრახვასთან არანაირი საერთო არ აქვს, მისი წამოწყების საბაბი კი სულ სხვაა და კაპიტალის წარმოქმნის მანქანა უფროა, ვიდრე საზოგადოებრივი სივრცის მოხვეჭა საზოგადოებისთვისავე.
რადგანაც გარემოვაჭრეების მიერ დაკავებული სივრცეების ესთეტიკური ფასეულობების უქონლობაა მათზე თავდასხმის პირველი იარაღი და ხშირ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მხრიდან დისკუსია ამაზე შორს არ მიდის, გადავწყვიტე არსებული მაგალითის განხილვისას უარი მეთქვა ფოტო მასალაზე და ყურადღება გამემახვილებინა ბაზრის და ახლა უკვე სავაჭრო ცენტრის სტრუქტურულ ანალიზზე: როგორ ექვემდებარებოდა ბაზრის ტერიტორია იქ მომუშავე ადამიანებს; როგორ მიმართებაში იყო მისი არქიტექტურა ამ დაქვემდებარებასთან; და შემდეგ შემედარებინა ეს მოცემულობა ახლანდელთან.
არქიტექტურული ერთეულები, რომლებიც ქმნიან ბაზრის ტიპოლოგიას [სურ.1]:
დახლი - შეიძლება შედგებოდეს ხის, პლასტმასის ან მუყაოს ყუთებისგან და მისი ფორმა და მოცულობა დამოკიდებულია უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც დგას (მაგალითად, თუ ტროტუარი ვიწროა, ისიც, შესაბამისად, ვიწროა), არის მარტივად გადასაადგილებელი.
ფარდული - მსუბუქი კონსტრუქცია, რომელიც აწყობილია სხვადასხვა მასალით. მისი ორი მთავარი ელემენტია დახლი და გადახურვა. შესაძლებელია მისი დაშლა, გადაადგილება და ახლიდან აწყობა.
ჯიხური - ლითონის ყუთი კარით, რომლის გადაადგილებაც შეიძლება ამწე მანქანით.
პატარა ერთსართულიანი სავაჭო ნაგებობა - ჯიხურზე ოდნავ დიდი საძირკვლიანი შენობა კარით და ფანჯრით.
დიდი ერთსართულიანი სავაჭრო ნაგებობა - ჯიხურზე ბევრად დიდი საძირკვლიანი შენობა, რომლის წინა ფასადი არის მთლიანად შემინული.
ბაზრის ტიპოლოგია ამ არქიტექტურული ელემენტებისგან შედგება, ის აყალიბებს მის სტრუქტურას. მათგან უმეტესის მახასიათებელი არის გადაადგილების შესაძლებლობა. ამის უმთავრესი მიზეზი, თავისთავად, ასეთი ელემენტების აგების სიმარტივეა. ეს მობილური ხასიათი აჩვენებს, რომ სივრცეს აქვს სწრაფი ადაპტაციის უნარი - მისი შეცვლა და გარკვეულ სიტუაციებზე მორგება მარტივია.
თუ დავუკვირდებით, როგორაა გადანაწილებული ეს ელემენტები მთელს ტერიტორიაზე [სურ.2] ჩანს, რომ ის ნაგებობები, რომელებიც მოდიფიცირებისთვის დანგრევას საჭიროებს (ერთსართულიანი სავაჭრო ნაგებობები), ზღუდედ ევლება დანარჩენებს და ერთგვარად უსაზღვრავს მათ დაზღვეულ საარსებო გარემოს. და ბაზრის “აღების” დროში გაწელილი, 2 წლიანი გამოცდილებაც ამაზე მეტყველებს - ჯერ ტერიტორია დაცალეს დახლებისგან და ჯიხურებისგან, შემდეგ ფარდულებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუნიციპალიტეტის თვალთახედვიდან ერთნაირად არღვევდნენ საზოგადოებრივი მოწყობის წესრიგს.
ნაგებობების ტიპოლოგიების რუკას თუ შევადარებთ მფლობელობის ფორმების სიტუაციურ რუკასთან [სურ.3], ნიშანდობლივია, რომ არქიტექტურა იდეალურად ირეკლავს მფლობელობის ფორმებს: მათი ნაგებობა, ვისაც აქვთ შესყიდული მიწაც და შენობაც, კონსტრუქციულად გაცილებით მკვიდრი და მყარი მოცულობაა მათთან შედარებით, ვისაც არ აქვს დაკანონებული მიწა.
აქვს თუ არა რამე მნიშვნელობა, მიწას ერთი კორპორაცია ფლობს თუ მისი მფლობელობა ბევრ ადამიანს აქვს გადანაწილებული? თუ შევადარებთ შემდგომში განვითარებულ სიტუაციას წინამდებარეს, ჩანს, რომ სავაჭრო ცენტრის მონოპოლისტურ მასშტაბთან დანაწევრებული სტრუქტურების სიმრავლე დიდ კონტრასტს ქმნის. სივრცე ამ შემთხვევაში გაცილებით დემოკრატიულია და მისი ტრანსფორმირებადი ხასიათი ეხმიანება იმას, რასაც დევიდ ჰარვი „ქალაქზე უფლებას“ უწოდებს. ჰარვის მიხედვითად ეს უფლება ნიშნავს იმას, რომ შევცვალოთ საკუთარი თავი ქალაქის ცვლილებით. ის წერს, რომ ეს ქმედება ინდივიდუალურობისტ ფარგლებს ცდება, რადგან საერთო, კოლექტიური ძალით შეიძლება ურბანული პროცესების გარდაქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მასშტაბთან შედარებით ღრმაღელის ბაზარი საკმაოდ პატარაა, მისი ცვალებადი სტრუქტურების კონტექსტთან სწრაფად ადაპტაციის უნარი ამ უფლების განხორციელების ერთგვარი მანიფესტაციაა.
ფუნქციების სქემატური რუკა [სურ.4], რომელიც ბებიაჩემისა და მისი თანამშრომლების მეხსიერებაზე დაყრდნობით აღვადგინე, თვალნათლივ აჩვენებს რამდენ მომსახურებას სთავაზობდა ბაზრობა მოსახლეობას და რამდენი ადამიანი იზიარებდა ამ პროცესს და მის მართვას. მართვა შემთხვევითი სიტყვა არ არის - მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ყოველდღიურობა ქაოტური და უბერკეტო შეიძლება ჩანდეს, საკმარისია იქ მომუშავე ადამიანებს შორის რამდენიმე დიალოგის მოსმენა, რომ შეამჩნიო როგორ იქმნება უხილავი ბალანსი: ბაზარი თვითორგანიზებადი ეკონომიკური ერთეულია, რადგან ერთ მოვაჭრეს არ შეუძლია მეორესთან შეუთანხმებლად შეამციროს ან გაზარდოს ფასი იმიტომ, რომ ეს აშკარა შიდა კონკურენციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელმაც კონფლიქტი შეიძლება გააღვივოს. შესაბამისად ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ და უმეტეს შემთხვევაში, რადგანაც ისინი იმავე უბანში მაცხოვრებელი ადამიანები იყვნენ, მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ მეზობლებისა და ახლობლების წინაშე, რომელთაც პროდუქტს აწვდიდნენ და აქედან გამომდინარე ყველანაირად ერიდებოდნენ ფასის ხელოვნურ ზრდას.
ბაზრის დაშლის შემდეგ, როცა მის ადგილას კორპუსები და სავაჭრო ცენტრი ჩადგეს, ეს გარემოვაჭრეები თავიანთ მოძრავი დახლებით ისევ შეეცადნენ სივრცის ათვისებას, მაგრამ უკვე მუნიციპალუირ ინსპექციის თანამშრომლები აძევებდნენ მათ პატრულირებისას და ეუბნებოდნენ რომ მანქანების მოძრაობას აფერხებდნენ (იქ, სადაც მანქანას მანამდე არ გაევლო, რადგან მხოლოდ საფეხმავლო სავაჭრო ზონა იყო.
სავაჭრო ცენტრში, რომლის 90% ჯერ კიდევ ცარიელია თიბისი ბანკი, ნიკორა, ესთეტიკის ცენტრი და საცეკვაო დარბაზი გაიხსნა; ყოფილ მიწის მფლობელებს სანაცვლოდ მიწისქვეშა სართულში მდებარე კომერციული ფართები გადაეცათ [სურ.5].
ეს გამოუყენებელი სივრცეების სიუხვე იმ უძრავ ქონებაში კაპიტალის დაბანდებით გამოწვეული სიმპტომია, რომელზეც სოციოლოგი სასკია სასენი საუბრობს. შეიძლება ბაზარი საერთო სურათის ძალიან პატარა ნაწილია, თუმცა ის მკაფიოდ აჩვენებს იმ გლობალურ პროცესებს, რომლებიც ქალაქზე გაცილებით მასშტაბურ გავლენას ახდენენ. მის მაგალითზე ჩანს, როგორ შეიძლება უფრო შეძლებულმა დომინაცია მოიპოვოს ისეთ სივრცეზე, რომელსაც აქვს კონკრეტულ სამეზობლოში განსაზღვრული და გამოყენებადი ფუნქცია, მხოლოდ იმიტომ, რომ კაპიტალი გააბევროს და ამავდროულად წარმოქმნას ცარიელი, ხელმიუწვდომელი სივრცე. სასენი წერს, რომ ეს ტრენდი უპირისპირდება ქალაქის იმ შესაძლებლობას წარმოქმნას და შექმნას სივრცეები მათთვის, ვისაც არ აქვს ძალაუფლება, განავითაროს სახასიათო ისტორია, კულტურა და ეკონომიკა. ღრმაღელის ბაზრობის მაგალითი აჩვენებს, რანაირად შეიძლება განადგურდეს ესეთი თვითმყოფადი, სახასიათო, დაბალი ფენის მიერ წარმოებული ეკონომიკა.
რომ დავუბრუნდე შენობების ტიპოლოგიების როგორც მსჯელობის არგუმენტაციის საშუალებად გამოყენებას, გამოჩნდება, რომ სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული ტიპოლოგია უფრო მეტად უსვამს ხაზს სხვების უუფლებობას და საკუთარ ფლობას იმით, როგორ იკავებს ის სივრცეს თავისი ფუნქციის გაუმართლებლად და რამდენად შეუძლებელია მისი პერმანენტული არქიტექტურის ცვლილებებზე დაქვემდებარება იმ კონსტრუქციებთან შედარებით, რომლებიც მანამდე მის ადგილას იყო [სურ.6].
ბიბლიოგრაფია
Harvey, David. Rebel Cities: from the right to the city to the urban revolution. London: Verso, 2012.
Sassen, Saskia. “The City: A Collective Good.” Brown Journal of World Affairs, volume xxiii, issue ii (spring/summer 2017). 119-125.
* ესსე პირველად გამოქვეყნდა CANactions Magazine--ის პირველ გამოშვებაში „მიკრორაიონები“.