EN KA

'ლვივის დღიური'

'ხელსაყრელია ამის ცოდნა?'

მხატვარ ვლადა რალკოსა და მკვლევარ მილენა ხომჩენკოს შორის ეს საუბარი 2022 წლის 13 მაისს დასრულდა. უფრო კონკრეტულად, ომის 79-ე დღეს დავასრულეთ, რადგან, როგორც ვლადამ აღნიშნა, უკრაინელებისთვის 24 თებერვლის შემდეგ დრო მხოლოდ ომის დღეების თვლით აღიქმება. ასევე, დასრულდა იმ დღეს, როდესაც აზოვსტალის ქარხანა, ქალაქები მარიუპოლი და ხერსონი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არიან მოქცეულები; როდესაც დაბომბვა და ბრძოლა გრძელდება იზიუმში, კრასნოპილიაში, ჰორლივკაში, ველიკა ნოვოსილკაში, სივერსკოდონეცკში, რუბიჟნეში, ვუჰლედარში და სხვა ქალაქებში; როდესაც რუსი ჯარისკაცები კასეტურ საბრძოლო მასალებს იყენებენ მიკოლაივის კორაბელნის რაიონში; როდესაც უკრაინის თითოეული პატარა პერიფერიული ქალაქისა თუ სოფლის სახელი, სამწუხაროდ, საერთაშორისო სიახლეებს მიღმა რჩება. ამასთანავე, გაგრძელებული ცხოვრების აბსტრაქტულ სფეროებზე კონცენტრირებისას, ჩვენ ერთადერთ გარემომცველ თემაზე ვიღებთ პასუხებს, ომის თემაზე.

 

 

მ: ვლადა, დანართის ახალ გამოცემაში გვაქვს შესაძლებლობა მკითხველს ვესაუბროთ სამ ენაზე – პირველად უკრაინულად, ასევე ინგლისურად და ქართულად. ენის ტევადობა, ეს არის რითიც მინდა დავიწყო საუბარი თქვენთან, როგორც ხელოვანთან. ხელოვანი, რომელიც წერს პოეზიას, აგროვებს ვრცელ ბიბლიოთეკას და რევოლუციის დროს მის ცხოვრებას თან ახლავს ვასილ სტუსის წიგნები. მას მერე, რაც თქვენს ტექსტებს დიდი ხანია ვეცნობი, მუდმივად ვამჩნევ თქვენი ენის სიმძიმეს, მის განსაკუთრებულ გრძივობას და ნაწილობრივ თავშეკავებას თარგმნისგან. როგორ ფიქრობთ, ამ გამოცემის უცხოენოვანი მკითხველი რაიმე მნიშვნელოვანს გამოაკლდება ჩვენს საუბარში? ასევე, რა შეიძლება განავითარონ მათ ამ ენობრივ გარდაქმნებში?

 

 

ვ. რაც უფრო შორს მივდივარ, მით უფრო ნათლად ვხედავ, რომ ენა არა მხოლოდ ფილოსოფოსის, არამედ მოქალაქის თავშესაფარია. იმისათვის, რომ იყო არა განცალკევებული ადამიანი, არამედ კაცობრიობის ნაწილი, საერთო ღირებულებების დაცვა არ არის საკმარისი. მიუხედავად მათი უნივერსალური ხასიათისა, ძვირფასი საგნები რაღაცას უნდა ეჭიდებოდეს და რაღაც ნიადაგზე უნდა იყოს დაფუძნებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იქცევიან აბსტრაქციად. ისინი ინახებიან ენაში, იოლ და ცხად სიტყვებში და გამოიცდებიან თარგმანში. რა თქმა უნდა, თითოეული ინტერპრეტაცია გულისხმობს დანაკარგს, მაგრამ ასევე შინაარსის გამოსუფთავებას. როგორც ჩანს, გადმოცემა ცვლის კონფიგურაციას, მნიშვნელობა კი გადაურჩება ხოლმე ამ მოჩვენებით გაურკვევლობას. როდესაც სიტყვის მნიშვნელობას ვხსნით საუბრისას გადათარგმით, ეს ისეთია, თითქოს, საჩუქრებს ვცვლიდეთ.

 

 

მ. პოეზიასთან მიმართებაში? მეჩვენება, რომ მისთვის გადამწყვეტია კონფიგურაციის სტრუქტურა. თქვენ ასევე წერთ ლექსებს, თქვენ გამოაქვეყნეთ თქვენი პოეტური კრებული “პირი და ჯვარი” 2020 წლის ბოლოს. ახლახან, 2022 წლის აპრილის ბოლოს, თქვენ გამოაქვეყნეთ თქვენი ლექსების თარგმანები გამომცემლის დმიტრო შანდრას მიერ, სადაც ის შესჩივის მიმდინარე ომის მოვლენებს, მკვლელობებს და გაუპატიურებებს ბუჩაში, ირპინში, ჰოსტომელში და ა.შ. როგორი იყო თქვენთვის ეს გამოცდილება? ზუსტად რამ გიბიძგათ შეგექმნათ უკრაინული თარგმანი ორიგინალი რუსული ვერსიიდან?

 

 

ვ. ჩემი პოეტური ტექსტები თითქმის ყოველთვის იწყება სიტყვით, პირდაპირი გაგებით ერთი სიტყვით; როგორ ჟღერს და იწყებს ჩაბღაუჭებას, რომ სხვა სიტყვები გამოიწვიოს. მაშინაც კი, როცა თემა მაგონდება, ის კვლავ გაისმის სიტყვად ან სიტყვების კომპოზიციად. პოეტურ აზროვნებას შეუძლია იყოს მოკლე. ახლა, ომის დროს, ეს მისი უპირატესობაა. ასევე, სიტყვები ძალას იძენს ლექსში და ლექსის ქსოვილი თავისთავად ძალიან ძლიერია. მეტსაც ვიტყოდი, რომ ცოცხალია. პოეზიაში ენა უბრუნდება თავის ბუნებას, ხელახლა იმუხტება და აბრუნებს იმას, რაც იკარგება სპეკულაციურ ხმარებაში. ამ საშინელ დროს ენა მაძლევს ძალას. მაგრამ ახლა მიჭირს საუბარი თუ წერა. სიმართლე გითხრათ, ამიტომ დავიწყე ლექსების თარგმნა, ჩემს მიერ განცდილ ბრაზს გამოხატავდნენ. ასევე, თარგმნამ გამბედაობა მომცა, დავუბრუნდე ასე ძალზედ საჭირო ენობრივ გამოცდილებას. ლექსში ენა მიბრუნებს ხმას. ბუჩას, ირპინის, ჰოსტომელის შემდეგ, მარიუპოლისა და ხერსონის დროს, პოეზიის სიზუსტეს შეუძლია ისაუბროს კონკრეტულად ამ დანაშაულებებზე, ყოველგვარი ისტორიული პარალელების გავლების ან მათი სხვა წარსულის ტრაგიკულ მოვლენებში შეჩურთვის გარეშე.

 

 

მ. მეორეს მხრივ, თქვენი ვიზუალური ენა ძალიან ტევადი ჩანს, ის ზედმიწევნით გადმოსცემს ომის თანამედროვე რეალობას. ის ძირს უთხრის და ააშკარავებს ჩვენი ცხოვრების აქამდე გაფანტულ ყველა ელემენტს - უკრაინული კულტურის არქეტიპებს, რელიგიურ ალუზიებს, პოსტსაბჭოთა გამოცდილებას, იმპერიალიზმსა და კოლონიალიზმს, სისასტიკეს და ფიზიკურ ძალადობას, პროპაგანდას - და შემდგომ ახვავებს მათ ერთ ადგილზე, გასაქცევს არ ტოვებს.

 

2013 წლიდან, კიევში “ღირსების რევოლუციის” დროს და მას შემდეგ, ეს რეალობა არსებობს თქვენი ნახატების სერიაში, სახელწოდებით “კიევის დღიური (კდ)”. ახლა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ის კვლავ ჩნდება “ლვოვის დღიურის (ლდ)” სერიაში, რომელიც თქვენ, 2022 წლის თებერვალში, ლვოვში ყოფნისას დაიწყეთ. როგორი იყო თქვენი გამოცდილება ამ განმეორებითი მოვლენების? როგორ ააწყვეთ მათთან ურთიერთობა?

 

 

ვ. ლვოვში ჩემი გამგზავრების გამო შეყოვნდა ფერწერების სერია, რომელიც გასული წლის ბოლოს დავიწყე კიევში. ფერწერასთან მიმართებაში სხვანაირად აზროვნებ, ამიტომ ერთ-ერთ სირთულედ იქცა ქაღალდზე ნახატზე გადასვლა. რა თქმა უნდა, 24 თებერვლიდან დაწყებული, ყველაფერი ისე მეჩვენებოდა, თითქოს ეს ნამდვილად არ ხდებოდა ჩემს თავს, ხოლო მხატვრული პრაქტიკის შესაძლებლობა მყისიერად უკუეგდო, როგორც რაღაც უაზრო. რეალობის მთელი აღქმა იმდენად შეიცვალა, რომ მხოლოდ გარკვეული ხნით ავტომატურად მოქმედება იყო შესაძლებელი. თქვენ გონივრულად ახსენეთ “კიევის დღიური”, ვინაიდან როცა ახალ ნახატებზე მუშაობა დავიწყე, მაშინვე მივხვდი, რომ ყველაფერი უკვე ითქვა ომის შესახებ “კდ”-ში. მაშასადამე, ლვოვში მუშაობის დაწყება იყო ერთგვარი ძალადობა საკუთარ თავზე, იძულებითი გამოსვლა უმოძრაო მდგომარეობიდან, სიფხიზლის. არანაირი სახატავი მასალა არ მქონდა, უბრალოდ მივიღე საოფისე ქაღალდის დასტა და სხვისი აკვარელი. “ლდ”-ს შემთხვევაში, ხატვა ასევე გახდა ფიზიკური ვარჯიში, რადგან ბურთულიანი კალამი ძლიერად უნდა დაეჭიროს, იქ ბევრი ხაზია. ახლა, როცა ვაგრძელებ სერიას, მგონია, რომ შტრიხით ვთხრი იმას, რასაც ვერ ვიგებ.

 

 

მ. ამჩნევთ თუ არა, რომ შეგიძლიათ ისაუბროთ რაიმე ახალზე ან სრულიად განსხვავებულზე, როცა მოვლენების ამ კონკრეტულ ციკლს უსწორებთ თვალს?

 

 

ვ. ამ მომენტში როგორც ხელოვანი ძალიან ახლოს ვარ იმასთან, რასაც ვაკეთებ, რომ შევაფასო საკუთარი ნამუშევრები. ერთადერთი ვხედავ, რომ “კდ”-ზე მუშაობისას ვეყრდნობოდი მედია მასალებს უახლეს მოვლენებზე, როგორიცაა სარეპორტაჟო ფოტო ან ვიდეო, და ახლა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ დოკუმენტურ ფოტოს ვინახავ, უფრო მეტად საკუთარ მეხსიერებას, ფანტაზიას და ინტუიციას  ვეყრდნობი. ჩემთვის აუცილებელია, რომ ყველა სურათი მინიშნებად იქცეს, ან უფრო, კონსტრუქციად, რომელსაც თავისი გამძლეობა გააჩნია, რისი ნდობაც შეიძლება.

 

ვ.  ეს იმის გამოა, რომ ომი უფრო და უფრო საინფორმაციო ხდება? დღეს შენთვის ის ასე განიცდება? მახსოვს თქვენი კომენტარი “კიევის დღიურზე” იმდროინდელი რევოლუციური მოვლენების რეალობის შესახებ, რომელიც თითქოს თავის თავს აჭარბებდა; ისტორია, რომელიც კისრისტეხის სისწრაფით გარბოდა, ფაქტების განუწყვეტელი გაურკვევლობის თანხლებით. ამჯერად, თებერვლის დასაწყისში, ვაკვირდებოდი თავად ფაქტებმა როგორ დაიწყეს სხვა ფაქტების უარყოფა. ომი ვირტუალური გახდა თავისი ბუნებით და ციფრული მილიტარისტული ინსტრუმენტებით გაივსო. ზოგიერთ შემთხვევაში, პირადი მეხსიერება და ინტუიცია ნამდვილად უკეთესი არქივია, ვიდრე ვირტუალური მონაცემთა ბაზები. შეგვიძლია ხელახლა მივისაკუთროთ ასეთი ჰიპერ-სწრაფი საინფორმაციო სივრცე?

 

 

ვ. მის მედიასივრცეში გაძევება არა მხოლოდ ბოროტმოქმედის, არამედ ე.წ ‘კარგი ადამიანის’ ჟესტია. ინტელექტუალების და ცივილიზებული პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობის რეაქციას დავარქმევდი  ‘კარგი კაცის’ ომიანობის ისტერიას, რომელიც ომზე ფიქრს აგრძელებს აბსტრაქტულად, როგორც კომპიუტერულ თამაშზე, რომელსაც სამართლიანობა სურს, მაგრამ არ არის მზად მოკლას ან არ სურს ‘ომი განადიდოს’ ჯუდით ბატლერის მსგავსად.

 

ომმა გამოავლინა არჩევანის ბუნება, შეუძლებელია ნეიტრალური სტატუსის მიღმა დამალვა. გადავადება ან უმოქმედობა ხდება დანაშაული. როცა პიროვნულად არ ირჩევ  რა უნდა გააკეთო, შეიძლება მომენტალურად ან გაუაზრებლად გახდე კრიმინალი. თქვენ საუბრობთ რეალობის შეუსაბამო სახეზე და ფაქტებში სრულ დაურწმუნებლობაზე. ოჰ, დიახ. ძალიან მოსახერხებელია თავის უცხოელად მოჩვენება და ომის შენად არ აღიარება ეჭვებისა და გაურკვევლობების გამო. რუსეთი, რომელმაც წარმატებით მოარგო საბჭოთა რეჟიმის მემკვიდრეობით ბოძებული მეთოდები თანამედროვეობას, გასაოცრად და წარმატებით მანიპულირებს დასავლურ აზრებზე, ამახინჯებს არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ კონცეფციებსაც. დასავლური სამყარო ბოლო დროს დიდწილად დაინტერესებულია საკუთარი უსაფრთხოებითა და კეთილდღეობით. იგი კატასტროფულად ბრმა აღმოჩნდა ამ ცბიერი ურჩხულის წინაშე, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში კვებავდა.

 

თუ დღეს არქივის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, იმაზე დიდი პრობლემა, თუ როგორ გავუმკლავდეთ ინფორმაციის ნაკადს, არის ის, რომ ნდობა და სინდისი სადღაც ძველი არქივების ნანგრევების ქვეშ მოყვა. როგორ გამოვიყვანოთ ისინი? ეს არის კითხვა!

 

 

მ. ფაქტების გაურკვევლობაზე საუბრისას მე მივუთითე თქვენს მოგონებებზე “ღირსების რევოლუციის” შესახებ, მოგვიანებით კი საკმაოდ ზუსტად შემუშავებულ ვირტუალურ იარაღზე, რომელიც შექმნილია მანიპულირებისთვის მათზეც კი, ვინც ბრძოლის ველზე არც მონაწილეობს. მაგალითისთვის, რუსულმა პროპაგანდამ შექმნა “დიფ ფეიკი”, ციფრულ შიგთავსებში სახის ჩანაცვლების ალგორითმი, ზელენსკის კაპიტულაციის მოთხოვნით, რომელიც, საბედნიეროდ, ეჭვგარეშე შეუძლებლობის გამო უფრო მტრის იარაღი გამოდგა საკუთარი თავის წინააღმდეგ. ანდაც, რუსი ჯარისკაცები აგრძელებენ დაბომბვას მას შემდეგ, რაც დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას მოსახლეობის ევაკუაციისთვის. როგორ უმკლავდებით ფეიქების ბლოკადას, როდესაც “ნიუს ფიდი” ხშირად ხდება ინფორმაციის ერთადერთი წყარო იძულებით დაცილებული ნათესავების შესახებ, რომლებიც გათიშულნი არიან ქსელიდან, კომუნალური სერვისებისგან, ან თუნდაც საკვებისგან და წყალისგან?

 

თუ ამ თემას გავყვებით, რუსული პროპაგანდის მრავალსაუკუნოვან მანიპულაციებს ფაქტის ცნებას არ შევადარებ. მიმდინარე ომმა, როგორც არასდროს, აჩვენა ისტორიული ნარატივების სინამდვილე, და თქვენ სწორად აღნიშნეთ ‘უცხოელის’ პოზიცია, რადგან ამ კონტექსტში, შეუძლებელი ჩანს მისი შესაბამისობა.

 

 

ვ. არ არსებობს განცალკევებულად „ფაქტის ცნება“. მარტივად რომ ვთქვათ, ომი გამოწვეულია კრიტიკული აზროვნების მქონე კარგი ადამიანის ტენდენციით, ყურადღებით განიხილოს ფაქტების კომბინაცია მორალური დაძაბულობის გარეშე. ამას შეიძლება ეწოდოს კანონის შებღალვა, როდესაც მისი გაგება ვიწროვდება ბიუროკრატიულ პროცედურებამდე. უკვე ვახსენე, რომ რეალური ფაქტები, როგორც წესი, ურთიერთგამომრიცხავია, ამიტომ მათი მანიპულირება ძალიან მარტივია, ღია საინფორმაციო სივრცის მიუხედავად. ბოლო დროს მეტისმეტად დიდი ყურადღება ეთმობა როგორც ინფორმაციას, ასევე საკუთარ და სხვის ემოციებზე ზრუნვას. მშვიდობის ჟამს ჩვენ ავაშენეთ ერთგვარი სპეკულაციური ღირებულების ხაზი. ჩვენ ბედნიერად გავისულელეთ თავები.

 

 

მ. შესაძლებელია თუ არა ამ ღირებულებების სპეკულაციური წრის გარღვევა? ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ და, უფრო ხშირად, უბრალოდ ვიმოქმედოთ მაინც?

 

 

ვ. ჩვენ ვმოქმედებთ მაშინაც კი, როცა სრულიად მშვიდად ვართ. ერთადერთი კითხვაა, რა გავლენას ახდენს ჩვენი სამოქმედო აქტივობა ან უმოქმედობა. ომი უკან არავის იტოვებს და საერთო სურათს უკიდურესად თვალნათელს ხდის. თუ განაცხადი, რომ ყოველი ნაბიჯი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, გაზვიადებული ჩანს მშვიდობიან ცხოვრებაში, ეს უკვე აშკარა რეალობაა.

 

 

მ. უკრაინასა და საქართველოში ომებს გარკვეული მსგავსებები აქვთ, რამდენადაც რუსეთი დიდი ხანია სჩადის ომის დანაშაულებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. როცა შენს ნამუშევრებს ვაწყდები, ხშირად მესაუბრებიან საზიარო გამოცდილებებზე. მიუხედავად ფაქტისა, რომ უკრაინელებისა და ქართველების ისტორიები არ არის ერთი, ჩვენ ბევრს ვიზიარებთ. მაშ, როგორ შეგვიძლია დავეყრდნოთ ერთმანეთის გამოცდილებებს? როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს?

 

 

ვ. მხოლოდ გამოცდილებაზე დაყრდნობა საკმარისი არ არის. მით უმეტეს, რომ სხვა ადამიანის გამოცდილება ავტომატურად არ აღძრავს ნდობას. კვლავ, სხვადასხვა წყაროები იმეორებენ, რომ მსხვერპლის რიტორიკა ძნელად სანდოა, რადგან ადამიანი, ვინც ბოროტებასთან ასე ახლოს გადაიკვეთება, ზედმეტად შფოთავს და ემოციურია იმისთვის, რომ ფხიზლად შეაფასოს მოვლენები. წავიკითხე, რომ ნაცისტური ბანაკებიდან გამოქცეულების მიმართ ხშირად უნდობლობას იჩენდნენ, თითქოს ისინი არ შეიძლება ყოფილიყვნენ ‘ნამდვილი შემთხვევები’. ამ მომენტისთვის ჩვენი ქვეყნები დგანან ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის წინაშე, როგორ ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება ჩვენს თავს. ან როგორ უნდა ჰკითხო უცხოელს, რომელიც მიჩვეულია ყველაფრის ყურადღებით განხილვას? როგორ უნდა ჰკითხო მოკლე მეხსიერების მქონე ადამიანს, რომელიც ვერ ცნობს საბჭოთა ტექნოლოგიას ახალი ნიღბის ქვეშ? ეს ჩვენთვის გამოწვევა და სამუშაოა, თორემ ასეთი ნაცნობი ბოროტება წინსვლას გააგრძელებს.

უკან დაბრუნება