შრომები

ეგნატე ნინოშვილის დრო: l. სული, აჩრდილი

ავტორი: ლუკა ნახუცრიშვილი

თარიღი: 20 თებერვალი 2021


ავტორის წინასწარი შენიშვნა


წინამდებარე მრავალნაწილიან კვლევას საფუძვლად უდევს აკვიატება, გაიგოს, რას წარმოადგენს ნინოშვილის ფსევდონომით ცნობილი ეგნატე ინგოროყვა (1859-1894), როგორც მწერალი და როგორც ოდესღაც თითქმის მითოლოგიური მასშტაბის ფიგურა. მითოლოგიზაციის წინაპირობა იყო ნინოშვილის ნაადრევი სიკვდილიც; ისიც, რომ პირველად მის დაკრძალვაზე შედგა ქართული მემარცხენეობა, როგორც საჯარო პოლიტიკური ძალა; ისიც, რომ მისმა თანამებრძოლებმა თუ რევოლუციონერმა თუ საბჭოთა მემკვიდრეებმა მისი ფიგურა უამრავი მნიშვნელობით დახუნძლეს. მაშინ რატომღაა ნინოშვილი დღეს, ფაქტობრივად, სრულიად მივიწყებული? დავიწყებისა თუ განდევნის ეს ფაქტი უკვე აქცევს ერთი მკვლევრის თითქოსდა პირად აკვიატებას საზოგადოებრივი სიმპტომის გაშიფრვის ძალისხმევად.


კვლევის პირველი ნაწილები წამოჭრის კითხვას, თუ რატომ არ იკითხება ნინოშვილი დღეს და თანდათანობით ასოციატიურად მოხაზავს სივრცეს, რომელშიც მისი ფიგურა მნიშვნელობდა, მით უმეტეს, რომ ის პროფილები, რასაც სხვადასხვა პერიოდის ქართულ ისტორიულ-კულტურულ წარმოსახვაში ნინოშვილის ფიგურა იძენდა, თავად მათ წარმომქმნელ პერიოდებზეც მეტყველებს. წაკითხვადობის პირობების გარკვევის შემდეგ, კვლევა უკვე ნინოშვილის შემოქმედებისკენ გადაინაცვლებს, თუმცა, ეს შემოქმედება არ განიხილება, როგორც რაიმე “თავისთავადი“ მოცემულობა. კვლევის ამოცანაა დაადგინოს ნინოშვილისეული წერის პირობები - ის საზოგადოებრივი, კულტურული, ლიტერატურული, ინფრასტრუქტურული ველი, რამაც მისი შემოქმედება შესაძლებელი გახადა თავისი განსაზღვრული ფორმით.


თავის მოტყუება იქნებოდა, რეცეფციის ისტორიისათვის გვერდის ავლით, ნინოშვილის რაიმე “სუფთა“, “თავისთავადი“ ფიგურისკენ რომ გაგვეკაფა გზა. გამოსავალი არც ჯერ ნინოშვილის ბიოგრაფიის მოყოლაა, როგორც გარკვეულ ობიექტურ მოცემულობათა ქრონოლოგიური ნაკრებისა, რათა შემდგომ ნაწარმოებების ანალიზზე გადავიდეთ, ვინაიდან მისი ხანმოკლე ბიოგრაფიაც და შემოქმედებაც განუყოფელია ხანგრძლივი, კომპლექსური რეცეფციის პროცესისაგან. ბიოგრაფიის ერთი შეხედვით ყველაზე უწყინარ “ფაქტშიც“ კი სპეციფიკურ კულტურულ-პოლიტიკურ პროექტებს თავიანთი ლოგიკა შეუტანიათ, თავიანთი აქცენტები დაუსვამთ.


ნინოშვილის სახით, ჩვენთვის ხელახლა გასააზრებელ პრობლემად წამოიჭრება, თუ რა მიმართებაშია ერთმანეთთან ლიტერატურა და ისტორია, ლიტერატურა და პოლიტიკა, ტექსტი და მისი რეცეფცია, წარსული და აწმყო, ინტელიგენცია და “ხალხი”. რას ნიშნავს, როცა “ხალხის ხმის გაჟღერებაზე“ ვსაუბრობთ? ვინ საუბრობს ამაზე ან ვინ და როგორ “ახმოვანებს“ ამ ხმას? ნინოშვილის ფიგურაც და მისი (ისევე, როგორც მის შესახებ) ლიტერატურაც ამ საკითხთა გადაკვეთის კვანძია.


სწორედ ნინოშვილსა და ჩვენს დროებას შორის შესაძლო მსგავსებებისა და ძირეული განსხვავებების გამოკვეთა იქნება ის მთავარი კრიტიკული ხაზი, რის მეშვეობითაც მოცემული კვლევა შეეეცდება, მკაფიო პროფილი დაუბრუნოს ეგნატე ნინოშვილსა და მის დროებას - იმას, თუ რას ნიშნავდა მაშინ “აქტივისტ“-მწერალ-გამხმოვანებლად ყოფნა და რას ნიშნავდა, ყოფილიყავი “ხალხი“, “უხმო უმრავლესობა“. ნინოშვილის ფიგურასთან კრიტიკული დაბრუნება უნდა დაგვეხმაროს “გახმოვანების“ პრობლემაში ჩაბუდებული ორაზროვნებიდან ისეთი გაკვეთილი გამოვიტანოთ, როგორსაც თავად ნინოშვილი ვერ შეძლებდა, გამოეტანა, რადგან ამ შემთხვევაში, ეგნატე ნინოშვილი აღარ იქნებოდა. ამგვარად, კვლევის მიზანი არა ნინოშვილის, როგორც მივიწყებული წინაპრის ამოთხრა და ახალ პანთეონში გადმოსვენებაა, არამედ ის, რასაც კრიტიკულ თეორიაში კრიტიკულ გადარჩენას ან ხსნას უწოდებენ - მივიწყებული ფიგურის ან ტექსტის იმგვარ დახსნას მივიწყებისგან, ძირისძირობამდე რომ ჩაეძიება დავიწყებულ საგანში მბორგავ გადაუჭრელ წინააღმდეგობებს და მათ საკუთარ, თანამედროვე პრობლემად გაიხდის.


ამჟამად არსებული სახით, კვლევა მხოლოდ წინსწრებითია და, პირველ რიგში, ერთგვარ ლაბორატორიულ სამუშაოს ატარებს. ეს არის სავარჯიშო, რომელიც ემსახურება ნინოშვილის ფიგურასთან დაკავშირებული უშველებელი არქივის (ლიტერატურულ, დოკუმენტურ, ვიზუალურ მასალათა ერთობლიობის) აღნუსხვას, შეფასებას, გადაფასებას, დახარისხებას, არქივის დოკუმენტებს შორის პირდაპირი თუ ირიბი კავშირების დადგენას და გარკვეულწილად, ასოციატიურ თამაშსაც, სხვადასხვა ნაფლეთების ერთმანეთზე გადაკერებას. კვლევის თითოეული სერია მკითხველს წარუდგება, როგორც დახარისხების ამ სამუშაოს აუჩქარებელი პროცესი და არა, როგორც მისი შედეგი.


დაკარგული კონტექსტი


ვინ არის ეგნატე ნინოშვილი? დღეს ის აღარც სკოლაში ისწავლება, აღარც საჯარო წარმოსახვაში უკავია რაიმე ადგილი და დიდწილად, აღარც სამეცნიერო ცნობისმოყვარეობის საგანია. დღეს ამ სახელს და გვარს, თითქოს, მტვერი დაკრავს. თუ მას ახსენებენ, ახსენებენ გაკვრით და ეს ისევ მხოლოდ იმის დასადასტურებლად, რომ ის ღირსი იყო დავიწყებისა.


ქართულის მასწავლებელი მყავდა ისეთი, რომელიც ალბათ არავის არ ყოლია, იმიტომ რომ ისეთი თავისუფალი ადამიანი იყო, რომ, ჯერ ეს ერთი, გვასწავლიდა მარტო იმას, რაც მას სიამოვნებდა, საათებს არ უთმობდა ეგნატენინოშვილებს და ა.შ., რაც მას არ მოწონდა; მუდმივად კამათში იყო სკოლის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ლამაზი ქალი იყო და მფარველები ჰყავდა და რაღაცნაირად ვერაფერი ვერ უქნეს. და თავისუფალი იყო. შეიძლებოდა გაკვეთილზე სიგარეტი მოეწია და ეთქვა ‘სიგარეტი!’, მოეთხოვა ბავშვებისთვის. ანუ იცოდა, რომ ბავშვები ეწევიან და რაღაცა. საბჭოთა ადამიანი არ იყო, მოკლედ, ამის თქმა მინდა.[1]


ცნობილი ქართველი დისიდენტის ბავშვობის დროინდელი მოგონებები ბათუმის სკოლაზე კლასიკური, სანიმუშო სისადავითა და ზოგადობით აყალიბებს იმ მოარულ კლიშეებს, მქრქალად რომ გაფანტულა გვიანსაბჭოთა პერიოდში სკოლაგამოვლილი მრავალი ადამიანის მოგონებებში. რა ადგილი უჭირავს ეგნატე ნინოშვილის სახელს ციტირებულ მოგონებაში, რომელშიც ლოგიკური წინააღმდეგობრიობით დახუნძლული ანტი-საბჭოთა იდეალიზაცია უცნაურად თანამზრახველობს სექსიზმთან? (ის, რომ დღეს ამ მასწავლებელს კლასში სიგარეტის მოწევის უფლებას არავინ მისცემდა, დღევანდელ სასკოლო სისტემას “საბჭოთად“ აქცევს? მით უმეტეს, რომ მონათხრობის მიხედვით, მისი “არა-საბჭოთა“ ქცევა უმალ მის “ქალურ“ ღირსებებზე კაპიტალიზაციას ეფუძნებოდა, და შესაბამისად, ნაკლებად - პირად დისიდენტურ გამბედაობას?). ამგვარ ფონზე, როგორც თავად დისიდენტის მეტყველებაში, ისე მის მიერ დახატული ქართული გაკვეთილის პროგრამასა და ემოციურ ატმოსფეროში, “ეგნატე ნინოშვილი“ სხვა არაფერია, თუ არა ამრეზით წარმოთქმული, მთლიანი თხრობის ფარგლებში დაქვემდებარებული ფუნქციის მქონე სახელი, რომლის მრავლობით ფორმაში გადაყვანაც (“ნინოშვილები“) მას კრებსით აღმნიშვნელად აქცევს ყველაფერ იმისთვის, რაც ქართული ლიტერატურის საბჭოთა პროგრამაში საბჭოთა იყო.


როგორც ხსნებული დისიდენტის თაობის წარმომადგენლებსა თუ მასზე უმცროს “საბჭოთა ბავშვებთან“ საუბრიდან ირკვევა, მათ მართლაც ახსოვთ, როგორ გადაწონიდა ნინოშვილისეულ “სოციალურ“ მწერლობას სხვა კლასიკოს ავტორთა “ეროვნული“ თემატიკა და როგორ არ ენიჭებოდა დიდი ლიტერატურული ღირებულება. ზოგი ნინოშვილს, ოფიციალური იდეოლოგიის შესაბამისად, “პროლეტარიატის მწერლად“ აღიქვამდა, რაც მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც მის წაკითხვას ვალის მოხდის სახეს უფრო სძენდა. ნინოშვილის, როგორც “გოიმის“ მიმართ განსაკუთრებით აგდებულ დამოკიდებულებას სწორედ ის განაპირობებდა, რომ საბჭოთა ლიტერატურული კანონი მას გამოარჩევდა, როგორც “დიადი პროლეტარული მომავლის“ განმჭვრეტს; ხოლო რაც უფრო მეტად ესმებოდა ხაზი ნინოშვილის მიერ აღწერილი XIX საუკუნის მიწურულის გურული გლეხობის სრულ სიბეჩავეს, მით უფრო მეტი ცინიზმით ითვლიდნენ კლასში გოგია უიშვილის ქათმებს და ასკვნიდნენ, რომ ამ ღატაკ გლეხს საკალანდოდ, საბოლოოდ, არცთუ ურიგო სუფრა გაეხერხებინა. ზოგს, საერთოდაც, მხოლოდ ის ახსოვს, რომ ნინოშვილი “გაჭირვებულ ხალხზე“ წერდა, როგორც XIX საუკუნის მეორე ნახევრის მრავალი სხვა ქართველი ავტორი, და ამიტომაც ურევს ერთმანეთში ნინოშვილსა და სასკოლო პროგრამაში შემავალ სხვა “სოციალურ“ ავტორებს.[2] ამ უკანასკნელის კლასიკური გამოხატულება სწორედ გუშინწინდელი დისიდენტის ვერდიქტია, რომელიც ეგნატე ნინოშვილს კრებსით “ეგნატე ნინოშვილებად“ აქცევს.


ნინოშვილის ფიგურის შინაგანი ეროზიის პროცესი გვიანსაბჭოთა პერიოდშივე დაიწყო და თუ 1990-იანი წლების საქართველოს სახელმძღვანელოების ნაცრისფერ ფურცლებზე შემორჩა, მხოლოდ, როგორც საბჭოთა ლიტერატურული კანონის ნაწილი, რომლის გადასახალისებლადაც არავის ცხელოდა. შემთხვევითი არ არის, რომ 2005 წელს, განათლების რეფორმის შემტევ ფაზაში, ნინოშვილის სახელიც წამოტივტივდა. მაშინდელი საჯარო საზოგადოებრივი დისკუსიის მთავარ ვირტუალურ პლატფორმაზე - forum.ge - ნინოშვილის შესახებაც გაიხსნა ე.წ. “ტოპიკი“, რომელშიც თავი მოიყარა იმ ადამიანთა მოსაზრებებმა, ვინც სკოლა გვიანსაბჭოთა პერიოდში გამოიარა. ის, რასთანაც ამ მოსაზრებებს გაცხადებულად თუ ნაგულისხმევად შინაგანი დიალოგის გამართვა უწევდათ, განათლების რეფორმისა და ზოგადად “ვარდების რევოლუციის“ მიერ მოტანილი კულტურული “განახლების“ ომახიანი პროექტი იყო:


“არა მგონია დღეს რაიმე გავლენას ახდენდეს ახალ თაობაზე ბატონი ინგოროყვას შემოქმედება, მაგრამ ზედმეტი რომ არის, ეგ ფაქტია. არაფრის მომცემი და სრულიად უაზრო! smile.gif”

“იფ რა წინასააღდგომო პურმარილი ჩაუმწარეს ჩაფრებმა და საგადასახადოს თანამსრომლებმა გოგია უიშვილს?! ელემენტარულად იმიტომ უნდა ისწავლებოდეს, რომ ბავშვმა იცოდეს როგორი წინასააღდგომო სუფრა ჰქონდა უღარიბეს გლეხს მაშინდელ საქართველოში, და რომ საფინანსო პოლიცია ცუდი ძიებისაგან შედგება. biggrin.gif”

“გავარტყი ეგნატეს ...მაგრამ ერთს ვიტყვი-- მაგის სწავლება არ შეიძLება 5-6 კლასის ბავშვებში...!!! ამით მე გარი პოტერს არ ვქადაგებ და არც ქვეყანას ვყიდი… და არც წილხვედრი ერის წინააღმდეგი ვარ ..და არც მასონების აგენტი....(იზვინი ..მაგრამ ამ ეპითეტების მოკერება ძალიან ადვილია ) როცა დაჭირდა ქვეყანას ის ტიპი ვინც ახლა “გოგია უიშვილის’ მაზოხისტ ავტორს აძაგებს იკრეჭავს გრძელ თმებს...ხელში იღEბს АК-47-ს და თითქმის 8 თვე იკარგება ომში…”

“გურული თრილერის მამამთავარზე რამე ცუდი არ თქვათ! vik.gif”

“ეგნატე დიდწილად კომუნისტების ‘გაქაჩული’ მწერალი იყო (კლასიკოსის რანგში ჰყავდათ ერთი პირობა აყვანილი), მაგრამ ასეთ ცინიზმამდე მისულ უარყოფით დამოკიდებულებას ვერანაირად ვერ დავეთანხმები.“[3]


განათლების რეფორმის შემდეგ, ნინოშვილი სავალდებულო პროგრამიდან აორთქლდა. ამის ნაცვლად, მან რეკომენდებული კლასგარეშე საკითხავის სიაში გადაინაცვლა. ამგვარ საკითხავთა სერიის - “მოსწავლის არჩევანი“ - ფარგლებში, გამომცემლობამ “პალიტრა-L“, 2017 წელს, VIII-IX კლასის მოსწავლეებისთვის გამოსცა კიდეც ნინოშვილის რამდენიმე მოთხრობა.[4] გამოცემისთვის წამძღვარებულ მოკლე შესავალს ნინოშვილის მოთხრობათა მთავარი სათქმელი იმაზე დაჰყავს, რომ “სტერეოტიპებს დამონებულ საზოგადოებაში ვერავინ არის ბედნიერი“ და რომ -


საშველი არ იქნება მანამ, სანამ ადამიანები არ მოუსმენენ სხვების გასაჭირს, არ უარყოფენ სტერეოტიპებს, არ აიღებენ ხელს ჩვეულ საქმიანობაზე - ჭორაობასა და ქილიკზე; მანამ, სანამ ერთნაირად არ განსჯიან ძლიერსა და სუსტს, ობოლსა და შემძლეს, უპოვარსა და მდიდარს.[5]


საზოგადოებრივ წნეხთან ინდივიდის მარადიული ჭიდილის ამ ლიბერალურ პარადიგმაში “განსჯა“ სხვა არაფერია, თუ არა ღირებულებითი შეფასება და სტერეოტიპების მიღმა შეწყნარება - ძლიერისა თავის სიძლიერეში, სუსტისა თავის სისუსტეში - რითაც განსხვავებულ სახეობათა მშვიდობიანი თანაარსებობამიიღწევა. მრავალფეროვნების ეს რიტორიკა სინამდვილეში თავადაც უბრალოდ გადმოიწერს - ოღონდ, ეროვნული მოძრაობის სუნისა და ბალასტისგან დაფერთხილი, ვარდების რევოლუციის შემდგომი სულისკვეთებისთვის მისადაგებული სახით - ნინოშვილის გვიანსაბჭოთა ნაციონალისტურ რევიზიას. ეს რევიზია ხაზს უსვამდა, რომ ნინოშვილის სამყაროში “არ სახლობენ კარგი გლეხები და ცუდი ბურჟუები, ცუდი ბატონები“, არამედ მხოლოდ “ზნეობრივი და უზნეო ადამიანები“, ხოლო “უზნეობა ფესვგადგმულია და მთელი საზოგადოება მოუცავს, განურჩევლად წოდებისა“.[6] ამგვარმა მიდგომამ, საბჭოთა წაკითხვის ტრადიციის ჯინაზე, მარტივად ამოატრიალა, შეაბრუნა ნინოშვილის წაკითხვის მანამდელი წესი და თეთრზე შავით დაწერილის ვერწაკითხვის ფასადაც კი, ყველა გზით ეცადა “განსჯას“ (როგორც ნინოშვილისეულ ტექსტში ჩადებულ კოდს) მოეშორებინა მისი თითქოს თავისთავად ცხადი დატვირთვა: განსჯა, როგორც სუსტსა და ძლიერს შორის შეურიგებელი სხვადასხვაგვარობის, ანუ უთანასწორობის გამოკვეთა და უთანასწორო ბრძოლაში სუსტის მიერ ძლიერის გასამართლება; განსჯა, როგორც კლასობრივი სამსჯავრო.


თანამედროვე კონტექსტუალიზაციის თვალსაჩინო სიღარიბე მკაფიოდ წარმოაჩენს, თუ რამდენად საჭიროა მრავალფეროვნებასა თუ ზნეობრიობაზე განყენებული ღაღადის მიღმა ნინოშვილის ტექსტების ისტორიული კონტექსტის გაგება მათი სპეციფიკის მოსახელთებლად. თუმცა, როცა ვკითხულობთ, თუ რა არის ის კონტექსტი, რომლის გამოკვეთაც ნინოშვილს (კვლავ) წაკითხვადს გახდიდა, ეს შეკითხვა ისევ ტექსტთან გვაბრუნებს, რამდენადაც XX საუკუნის მანძილზე ნინოშვილის წაკითხვის დომინანტური, საბჭოთა ისტორიოგრაფიასა და ლიტერატურათმცოდნეობასთან ასოცირებული ტრადიციისთვის ის თავად წარმოშობდა საკუთარ კონტექსტს. ამ ტრადიციას ნინოშვილისავე ტექსტიდან გამოყავდა მისი ეპოქა - და მომავლის ჰორიზონტიც. შესაბამისად, ის მუდმივი დავის საგნად ხდიდა XIX საუკუნის მიწურულის ქართული სინამდვილის ნინოშვილისეულ დიაგნოზსაც და მის წარსულ, აწმყო თუ სამომავლო ფუნქციასაც. ამ მხრივ, არანაკლებ მეტყველი საზოგადოებრივი სიმპტომი ისაა, რომ ნინოშვილის გარშემო დღეს არავითარი დავა აღარ მიმდინარეობს.


დავის ხელახლა წამოჭრას დღეს ახალგაზრდა მწერალთა ერთი ბირთვი ცდილობს, მათ შორის კი ცოტნე ცხვედიანი, რომელმაც ნინოშვილის მემკვიდრეობის შესახებ შენიშნა:


ეგნატე ჯერაც არაა კარგად გააზრებული. ამ კაცს სიკვდილის მერეც დაწყევლილი ბედი ჰქონდა, ჯერ საბჭოთა კავშირის მეხოტბე მწერლობამ აიტაცა მისი სახელი და თავის ჭკუაზე მოირგო, მერე უკვე იმ ადამიანებმა აიჩემეს, რომლებიც ყველანაირ საბჭოთას გმობდნენ და მოინდომეს, ეგნატეც სანაგვეზე მოესროლათ. ალბათ ცოტა ხანში, როცა მარტივი პოსტმოდერნისტული ფორმები მობეზრდება მკითხველს, დადგება ეგნატეს ხელახლა აღმოჩენის დრო.[7]


და მაინც, რომელი დროა “ეგნატეს ხელახლა აღმოჩენის დრო“ მაშინ, როცა გუშინწინდელი დისიდენტის მიერ გაკვრით და უდიერად მოხსენიებული “ეგნატე ნინოშვილების“ ფონზე, ნინოშვილის “ეგნატედ“ მოხსენიება “ილიას“, “შოთას“, “აკაკის“, “ვაჟას“ დარად ყურს უადგილო, უდროო ფამილიარობად ხვდება? რას ნიშნავს “ხელახლა“ აღმოჩენა, თუ ამავდროულად ვამბობთ, რომ “ეგნატე ჯერაც არაა კარგად გააზრებული“; რომ ე.ი. ის არც არასოდეს აღმოუჩენიათ, აქამდე არც არასოდეს გაუგიათ? რა წვლილი შეიძლება შეიტანოს თავად ნინოშვილის ნაწერებმა იმაში, რომ ეს დრო დადგეს და რა დრო შეიძლება დაგვიდგეს, თუ მის დასადგენად/დასადგომად ნინოშვილის ტექსტს მივმართეთ?


ვალტერ ბენიამინი ისტორიულობასა და წაკითხვადობას შორის არსებით კავშირს ადგენს. მისთვის, “ხატებათა ისტორიული მაჩვენებელი მარტო იმას კი არ გვეუბნება, რომ ისინი რომელიღაც განსაზღვრულ დროს მიუკუთვნებიან, არამედ უპირველეს ყოვლისა გვეუბნება, რომ ხატებანი მხოლოდ რომელიღაც განსაზღვრულ დროში თუ დაექვემდებარებიან წაკითხვადობას.“[8] რაკი ნინოშვილის ხელახლა წაკითხვის საკითხი უკვე დაისვა, როგორც აწმყოს მოთხოვნილება, მაშინ რაღატომ ვუცადოთ მკითხველს, რომ “პოსტმოდერნისტული ფორმები“ მოიყირჭოს? ჩვენ თავად გვმართებს, გავწიოთ კრიტიკული ძალისხმევა, რათა ნინოშვილი, როგორც ტექსტი და როგორც ხატი, წაკითხვადი გახდეს. კრიტიკული წაკითხვის ეს სიფხიზლე კი შეგვაძლებინებს, სათანადოდ განვსაჯოთ ნინოშვილის დროულობაც და უდროობაც.


თავად ცხვედიანი ორ თანამედროვე ავტორს ახსენებს - კარლო კაჭარავას და ალექსანდრე ლორთქიფანიძეს - რომლებმაც ნინოშვილის წაუკითხაობის, უპროფილობის, მარგინალურობის პირობებში მისი ფიგურის ამეტყველება სცადეს და იქვე დასძენს მათი ამ მცდელობების შესახებ: “მაგრამ ეს არ კმარა.“ ქვემოთ განვიხილავთ, როგორ გადათამაშდა ნინოშვილის სახე სწორედ ამ ორ პოსტსაბჭოთა ავტორთან და ვეცდებით გავარკვიოთ, თუ რაში შეიძლება მდგომარეობდეს მათი უკმარისობა.


ნინოშვილის სული ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან


2017 წელს, როცა რკინიგზელთა გაფიცვისადმი “აუდიტორია 115“-ის სოლიდარობის წერილზე ეგნატე ნინოშვილის, ჭოლა ლომთათიძისა და ცოტნე ცხვედიანის კოლექტიური ხელმოწერა გამოისახა,[9] გამოიცა ალექსანდრე ლორთქიფანიძის პოეტური კრებულიც, სახელწოდებით “მოწითალო და მოშავო”. პოემაში “მოწითალო” ნინოშვილის ხატება დანტესეული ვირგილიუსივით გზამკვლევობას უწევს ევროპაში მოგზაურ პოეტს. მოგვიანებით, ლორთქიფანიძესთანაც ჰპოვებს გამოძახილს ის ოდითგან ჩამოყალიბებული ტრადიცია, ნინოშვილის სამწერლო ბიოგრაფიას მის მატერიალურ გაჭირვებას რომ უიგივებს; ამ გაჭირვების წარმოდგენის განუყოფელ ნაწილად კი ნინოშვილისავე სხეულს აქცევს, “გაყინულსა და მშიერს“.[10] მისი, როგორც ყველა ჩაგრულის ქომაგი მწერლის შესახებ გადმოცემული წარმოდგენის კვალად, ნინოშვილი პოემაში შეხვედრილ ყველა იმ ადამიანსა და ჯგუფშიც განსხეულდება, ვინც დღეს დევნილის, გაჭირვებულისა და ადამიანობაწართმეულის ნიმუშია. რომის გეტოს დათვალიერებისას ავტორს აგონდება “ევროპელი ებრაელები, ეგნატე ნინოშვილის მიერ ხატად თვისად შექმნილი ხალხი“,[11[ ხოლო როდესაც რომიდან ფლორენციისაკენ მიემგზავრება, ვარდისფერ ავტობუსში მას ბიტნიკი ნილ კესიდის გარდა, “ეგნატე ნინოშვილის სულიც“[12] დაემგზავრება. ფლორენციაში, უფიცის გალერეის წინ,


შავკანიანი მათხოვარი ხელს მიწვდის,
მე ხელს ვარიდებ, ის მაჩერებს და მეუბნება:
“ჰეი, ძმაო, შენ ჩემი ძმა ხარ, ჩვენ ერთნი ვართ, ნუ მერიდები“.
მე ხელს ვართმევ და ვეუბნები, რომ ფული არ მაქვს.
ის ამბობს:
“არ მინდა ფული“.
მართმევს ხელს და მიდის.


როცა იქვე “გადაცმული ეგნატე ნინოშვილი“[13] შეხვდება, რომელიც შავკანიანი მათხოვარივით ხელს გაუწვდის და იმავე ტექსტს გაუმეორებს, გასაგები ხდება, რომ შავკანიანი მათხოვარი თავადვე შეიძლება იყოს გადაცმული ნინოშვილი ან შავკანიან მათხოვარში იყოს ჩასახლებული “ეგნატე ნინოშვილის სული“ და ეს სული შეადგენდეს რასობრივი განსხვავების მიღმა, საყოველთაო ადამიანობის სულისკვეთებას. ნინოშვილს, მათხოვრის როლში, თბილისშიც მოეძებნება სათანადო ადგილი:


აუცილებლად გამოივლის ერთ დღეს
განახლებულ რუსთაველზე,
შეჩერდება ოპერის თეატრთან,
გაშლის ხელებს და იმათხოვრებს,
და მაშინ მისი მაგალითით შეპყრობილები
ყველანი გავალთ ქუჩაში,
ყველანი დავტოვებთ სახლებს,
ყველანი დავივიწყებთ კარიერულ წინსვლასა და სიმდიდრეს,
ინოვაციებსა და მარსის კოლონიზაციას,
ყველანი დავივიწყებთ ჰენრი მორგანსა და მარკ ცუკერბერგს,
გავთიშავთ სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ ფოსტას,
გავალთ ქუჩაში და ვიმათხოვრებთ
და ეს იქნება ყველაზე ნამდვილი რევოლუცია,
ეს იქნება ყველაზე ნამდვილი პროგრესი.[14]


ერთ-ერთი ებრაული გადმოცემის მსგავსად, რომ მესია შეიძლება უკვე მოსული იყოს და რომის კარიბჭესთან იჯდეს მათხოვრის ფორმაში, ჩვენ კი მას ვერც ვამჩნევდეთ,[15] ლორთქიფანიძისეულ ნინოშვილს მესიანური წყვეტა შემოაქვს ინოვაციისა და ზრდის შეუჩერებელ დინებაში, რომლის დროც თითქოს უაღრესად დინამიკურია, სინამდვილეში კი ერთ ადგილს ტკეპნის. როგორც ჭეშმარიტი მხსნელი, ის ამოგვრთავს წინასწარ დაპროგრამებული მუდმივი განახლების მარად-იგივეობიდან და ამით მოაქვს ერთადერთი ჭეშმარიტი წინსვლა - ის, რომელიც ბოლოს უღებს ამ წინსვლის თავმომწონე დაუბოლოებლობას და იმ ტექნოლოგიურ, ციფრულ და კოლონიზატორულ ექსპანსიას, რაც პოემას მარკ ცუკერბერგისა და ჰენრი მორგანის სახელებში დაუშიფრავს.[16]


ლორთქიფანიძე არ გვიმხელს, რატომაა მაინცდამაინც ნინოშვილი ის, ვის სამათხვროდ გამოსვლასაც უნდა დავუცადოთ, რათა ჩვენთვის რევოლუციურად სამაგალითო შეიქნას მათხოვრობა, როგორც სიმბოლო და ჟესტი იმ რადიკალური ჩაწყვეტისა, რასაც კარიერული და ეკონომიკური ზრდის და მოგების უსასრულო სპირალი იწვნევს. ოპერასთან გამოსულ მათხოვარში ნინოშვილს შევიცნობთ თუ ის ინკოგნიტოდ დარჩება? ნინოშვილს ჩაუდგება რევოლუციური მათხოვრობის სულისკვეთება თუ ოპერასთან გამვლელ რომელიმე - ნებისმიერ - მათხოვარს შეიპყრობს სულისკვეთება, რაც “ეგნატე ნინოშვილის“ სახელით შეიძლება დაიშიფროს? რა მიმართებაა პოემაში რომის, ფლორენციისა თუ თბილისის ქუჩებში მოსიარულე ნინოშვილსა და ყველა იმათ შორის, ვისაც ის ან შეეხება ან სულივით ჩაუსახლდება? პოემის ბოლოსკენ ზღაპარსაც ვისმენთ, რომელიც -


...ეგნატე ნინოშვილზეა,
კაცზე,
რომელიც 35 წლისა გარდაიცვალა,
21-ე საუკუნეში,
თბილისში,
ერთ-ერთი ახალი მშენებლობის ხარაჩოდან
გადმოვარდნისას,
შიმშილისას,
მაღაროში ჩახრჩობისას,
განსაკუთრებით ცივ ზამთარში გაყინვისას...[17]


ლორთქიფანიძის მიხვედრა, რომ ჩვენს დროსა და სივრცეში ნინოშვილის სული ტრიალებს, რომ ის ჩვენი დროის თანამგზავრი, ჩვენი თანამედროვეა, საბოლოოდ დადის მის პირდაპირ იგივეობაზე იმ ადამიანებთან, ვინც დღეს ყველაზე უშუალოდ ასოცირდებიან სტრუქტურულ უთანასწორობასა და სიღატაკესთან. თითქოს ამით უზრუნველიყოფა ნინოშვილის “აქტუალობა“, თუმცა თავად ლორთქიფანიძეს ალღო კარნახობს, რომ ნინოშვილის -


...სახელი[...] უკვე მოგაბეზრეთ,
ხომ ასეა...
მაგრამ რომ იცოდეთ, რამდენი ხანია არავის გახსენებია ის...
თითქმის იმდენივე ხანი, რამდენი ხანიც აღარავის უნახავს კამპო დი ფიორეზე კარდინალი ბელარმინო, კაცი, რომელიც...[18]


მობეზრების განცდა მაშინ ისადგურებს, როცა ნინოშვილის სახელის ხსენება მხოლოდ გამეორების ეფექტს ქმნის, მის ხსენებაზე კი არაფერი გახსენდება; როცა ის ყოველ ხსენებაზე უბრალო სახელად რჩება, თითქოს თავისთავად ცხად, მაგრამ სინამდვილეში უშინაარსო, ცარიელ აღმნიშვნელად, რომელიც ან დახვავებულ უცხოურ - ექსკლუზიურად ევროპულ - სახელებში ითქვიფება ან ტავტოლოგიურად ემთხვევა და - ცოტათი პარაზიტულად - ეტმასნება ჩაჩეხილი მუშისა თუ დამშეულ-გაყინული უსახლკაროს სხეულს. თითქოს, სადაც კი “ყოფითი ჯოჯოხეთი“[19] დგას, ყველგან ნინოშვილის სული უნდა ტრიალებდეს. ამ მხრივ, ამ ანონიმურ ფიგურებს ბოლო წლების ქართული რეალობის ჯოჯოხეთურობის სიმბოლოებად ქცეული ინდივიდუალური სახელებიც შეგვიძლია მივუმატოთ: მაგდა პაპიძე, დემურ სტურუა, ლუკა სირაძე, ავთანდილ ონანაშვილი, მადონა კიპაროიძე, ლევან ზურაბაშვილი, “აფრიკის“ დასახლებიდან გამოსახლებული კაცი ორი შვილით, თავის მოკვლით რომ იმუქრება და საქვეყნოდ თავის მოჭრას ტირის. თავიანთი უსასოო პროტესტით ისინი თითქოს ნინოშვილის სამყაროში ეწერებიან, რომელიც “რაღაც წამებულთა პროცესიად მოსჩანს, სადაც გოგია უიშვილი, სიმონა, ქრისტინე, უნათლოშვილები, მიდიან დაბორკილები და მათ გზას არც თავი უჩანს არც ბოლო…“[20] - და, შეგვიძლია დავძინოთ, ნინოშვილს მოელიან, რათა მან მათი სახიჩარი ყოფა აღწეროს.[21] მათი არსებობა იმთავითვე ადასტურებს, რომ ნინოშვილის დრო სწორედ ის დროა, რომელსაც ნინოშვილი სჭირდება იმის გამოსათქმელად, თუ რა დროა.


პრობლემის ეს ერთდროული ტავტოლოგიურობა და სიცარიელე - ნინოშვილის დრო ის დრო რომაა, რომელსაც ნინოშვილი სჭირდება, მაგრამ სანამ ნინოშვილი არ გამოჩნდება, გაურკვეველი რჩება, თუ რა დროა - ლორთქიფანიძესთან სიმპტომური სახით იჩენს თავს. ის ვერ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ნინოშვილის ფიგურა იმთავითვე საკმარისად მეტყველია მუშის, უსახლკაროს თუ შავკანიანი მათხოვრის სხეულებისთვის ახლებური შუქის მოსაფენად, საამისოდ გარკვეულ ტრადიციას რომ არ ეყრდნობოდეს, როგორც რაღაც ავტომატურად გაზიარებული ასოციაციების ჰორიზონტს. ლორთქიფანიძე ამ ტრადიციას იანდერძებს, მაგრამ მას ეს ტრადიცია კონტრპროდუქტიულ ტავტოლოგიად უბრუნდება. ნინოშვილის ფიგურის პოსტსაბჭოთა წაკითხვის ეს მწირი ტრადიცია მთლიანად ერთ კონკრეტულ ხელოვანზე დგას, კერძოდ კარლო კაჭარავაზე, რომელმაც 1990-იანი წლების დასაწყისში მოახერხა (მოგვიანებით დაწვრილებით განსახილველ) იდეოლოგიურ შაბლონად ქცეული და ამიტომაც ბევრის მიერ ათვალწუნებული ნინოშვილის ფიგურისთვის საბჭოთა მასალაზევე დაყრდნობით შთაებერა სიცოცხლე. სწორედ მან მოახერხა ნინოშვილის ფიგურის მეშვეობით კრიტიკულად წამოეჭრა დროის პრობლემა.


ნინოშვილის აჩრდილი კარლო კაჭარავასთან


თუ ლორთქიფანიძისთვის დღეს ნინოშვილი დავიწყებიდან ამოყვანას საჭიროებს, კაჭარავა ის ხელოვანია, რომელიც თანამედროვე ქართულმა კრიტიკულმა ხელოვნებამ იმ ყალბი გახსენებისა და პატივისგან უნდა გამოიხსნას, რაშიც ის ნინოშვილის ქუჩის 8 ნომერში თავმოყრილ პუბლიკას გაუხვევია.


ახალ თბილისში, სადაც პრადვინუტი ახალგაზრდობა იბრძვის მარიხუანას
დეკრიმინალიზაციისა და კლუბური ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის, კარლო კაჭარავა
სასურველი სახეა, როგორც ძველი თაობის დანაშაულის მტკიცებულება,როგორც ახალი
თაობის ქაოტურობის სიმბოლო, როგორც ძაან cool მხატვარი და პოეტი. კარლო კაჭარავას
გამოფენაზე უამრავი ადამიანია მოსული, დიდი რიგი ქუჩიდან იწყება
კარლო კაჭარავას გამოფენის რიგში მდგომთა შვილნო,
ვისი სურათები დაამშვენებს თქვენი სახლების კედლებს?![22]


კაჭარავას ხელოვნების კრიტიკული ფუნქციის გასაცოცხლებლად ლორთქიფანიძე კაჭარავასავე ფიგურას მიმართავს მის “მიმთვისებელთა“ წინააღმდეგ და ამისათვის გაცხადებულად გადააქცევს საკუთარ ტექსტს კაჭარავას 1992 წლის ლექსების ექოდ, რომლებშიც ნინოშვილის ნამდვილი აქტუალიზაციის მცდელობას ვხვდებით. ერთგან “ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს“,[23] მეორე ლექსში კი კაჭარავა კითხულობს, რით შეიძლება “გამოიტყუოს ნინოშვილმა მიმალული ენაწართმეული პროლეტარიატი“, რათა


....შეიერთონ პურის ქარხანასთან საათობით
მომლოდინეთა დიდი, დაოსებული რაზმი?
(...)
პურის რიგში მდგომთა შვილნო!
ვისი სურათები ამკობს თქვენს კედლებს?[24]


შოთა იათაშვილის შეფასებით, კაჭარავა “პირველი ქართველი ჭეშმარიტი დოკუმენტალისტი პოეტია“, რომელიც “ახდენს რეალურისა და ირეალურის, მიწიერისა და ზეციურის დამაჯერებელ სინთეზს, რის შედეგადაც მოვლენის (თუ მოვლენათა) სურათ-ხატი თავისი სისათუთითა თუ შემზარაობით წლის, დღისა თუ წამის, მაგრამ ნებისმიერ შემთხევავაში მაინც ეპოქის დოკუმენტად ფორმდება.“ კაჭარავას ალღო კარნახობს, რომ “ფორმაციათა ცვლილებების, ომისა და გაპარტახების წლებში“ საჭიროა ნინოშვილის გამოხმობა, რომელიც “ლექსიდან ლექსში მოძრაობს XX საუკუნის დასასრულის გასაცოდავებული მშობლიური პროლეტარიატის დასახმარებლად“.[25] სწორედ ეგნატე ნინოშვილის აჩრდილის მიჩენაა ის, რაც პურის რიგში მომლოდინეთა რაზმის ხატებას უბრალოდ გულშიჩამწვდომს კი არ ხდის, არამედ ეპოქის დოკუმენტად აქცევს.


ნინოშვილის რეცეფციის პოსტსაბჭოთა, კაჭარავასეულ ტრადიციაზე საუბრისას ცნება “ტრადიცია“ მისი აქტიური დატვირთვით უნდა გავიგოთ: კაჭარავა ქმნის, აგებს რაღაც აქამდე არ-არსებულ მემკვიდრეობას. კაჭარავა თავისი და თავისი თაობის უშუალოდ წინაპარ მამა-პაპათა პარალელურად და მათთან წყვეტაში ცდილობს შეიქმნას საკუთარი შერჩევითი წინაპართა რიგი. ამის ნიმუშია 1993 წლის ლექსი “შენ დაიბადე ფოთის ელევატორთან“, რომელშიც კაჭარავა საკუთარ თაობასა და XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის საჯარო მოღვაწეთა შორის ათავსებს გვიანსაბჭოთა მამებისა და ბაბუების ცინიკოს, მტაცებელ თაობას, კრონოსივით რომ ყლაპავს წარსულსაც და მომავალსაც. კაჭარავას წარმოდგენაში სწორედ ამ თაობის კისერზეა, მატერიალურად და მორალურად რომ გამოიჭამა როგორც წინარესაბჭოთა მოღვაწეთა დანატოვარი, ისე თავად საბჭოთა პროექტი, რამაც 90-იან წლებში ენა და პურ-წართმეული დატოვა უმრავლესობა.{26]


სასურველ წინაპრებთან შერჩევითი ნათესაობის დამყარებისას კაჭარავა რადიკალურად ემიჯნება გენეალოგიის შედგენის ჩვეულ სამუშაოს, რითიც ადამიანები თავიანთ იდენტობასა და აწმყოს ნამდვილ თუ წარმოსახულ, სისხლისმიერ თუ სხვა მხრივ “ორგანულ“ წინაპრებზე აფუძნებენ ხოლმე. მეტიც, კაჭარავას ჟესტი არსებითად უარყოფითია და მიზნად ისახავს, საკუთარ თავს შეაგნებინოს, რომ -


...ეგნატე ნინოშვილი,
გიორგი ქუჩიშვილი, კოტე კაპანელი, ვალერიან გაფრინდაშვილი,
შალვა კარმელი და ტიციანი
შენი წინაპრები არ უნდა იყვნენ.
შიმშილით კვდომა სამარცხვინოა ღვთისმშობლის ქვეყანაში.
შალვა ქიქოძის “ქორწილი გურიაში“ აქ არ დახატულა.
“იმერეთი დედაჩემი“ ერთი საწყალი მოხუცი ქალია, რომელიც სადღაც ქსოვს.
მისი გახსენება მხოლოდ ბაბუათა სუფრაზეა კარგი.
მაღალფარდოვნებით, მაღალფარდოვნებით, მაღალფარდოვნებით.
იმ სიტყვებით, რომლებიც არ იცოდა სპირიდონ მცირიშვილმა.
იმ სიტყვებით, რომლებიც ცუდად ესმოდათ ილიას,
გაბრიელს, მოჯამაგირე პოეტს.[27]


უკვდავები სწორედ ყოვლისმშთანთქმელი ბაბუები გამოდგნენ და არა წარსულის ე.წ. “უკვდავი კლასიკა“: მხატვრები და მათ მიერ დახატული ფიგურები, მწერლები თუ მათი ლიტერატურული გმირები, რომელთა სიის თავშიც ნინოშვილი დგას. ასეთ პერსონაჟებს, ილია ჭავჭავაძის “გლახის ნაამბობიდან“ გაბრიელის გარდა, მიეკუთვნება სპირიდონ მცირიშვილიც ნინოშვილის მოთხრობიდან “ჩვენი ქვეყნის რაინდი“. როგორც გამოგონილი პერსონაჟი, ის არამხოლოდ ლექსში ჩამოთვლილი ნამდვილი მოღვაწეების ტოლია, არამედ ინტერპრეტაციის იმ დამკვიდრებული ტრადიციის საფუძველზე, ნინოშვილის მოთხრობის გამოქვეყნებიდანვე რომ იღებს სათავეს, კაჭარვასთან თავად ნინოშვილის “მეორე მე”-დაც იქცევა.[28] ნინოშვილიც და სოფლის “უჩიტელი“ სპირიდონიც, მორალურად გადაგვარებულ, მაგრამ ფიზიკურად ძლევამოსილ აზნაურს, ტარიელ მკლავაძეს რომ შეერკინება, ჩაგრული ხალხის ქომაგი, “ბეჩავი ინტელიგენციის ღირსეული წარმომადგენლები“[29] არიან.


ამიტომ, როცა ნინოშვილის ხატება პოეზიიდან მხატვრობის მედიუმში გადაჰყავს, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისი გამოსახვისას კაჭარავას სპირიდონ მცირიშვილის ფიზიონომია ედგეს თვალწინ - “ხმელ-ხმელი, ჩია ტანის, ბეჭებში ცოტა მოხრილი, გამხდარი, ავადმყოფი პირისახისა“.[30] 1993 წლის აკვარელში, სახელწოდებით “ეგნატე ნინოშვილი და ქრისტინე 1903 წელს“ (იხ. სურათი 1), ნინოშვილს ზურგზე არც მეტი, არც ნაკლები, ქრისტინე შემოუსვამს და, სიღრმეში ქარხნისა და ქალაქური სახლების ფონზე, მეკურტნე მუშასავით ეზიდება პროსტიტუციაში გადავარდნილ თავის ლიტერატურულ პერსონაჟს; იმ ზურგზე, რომელსაც - კავშირის კვლავაც უარყოფითი ფორმით - კაჭარავა 1992 წლის ერთ-ერთ ლექსში გვაჩვენებს: ჩაბნელებული თბილისის ბინდში, “ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი საკმაოდ სწრაფი ნაბიჯით მიდის სამედიცინო ინსტიტუტის გასწვრივ“, და მას -


ზურგზე არ გადაურბენს სასწაულებრივად შემორჩენილი
ღამის ტროლეიბუსის სარკმელთა წყვეტილი შუქი -
მეტყველებაწართმეულ მგზავრთა უარაფრო მზერით.[31]


კაჭარავასთვის, აკვარელში გამოსახული ნინოშვილის ორიგინალი ალექსანდრე როინაშვილის მიერ შესრულებული ცნობილი ფოტო-პორტრეტი, ფაქტობრივად, ნინოშვილის ერთადერთი ავთენტური გამოსახულებაა - წვერ-ულვაშით, აქოჩრილი თმით, შავი პიჯაკიდან ამოძვრენილი დიდი თეთრი საყელოთი (იხ. სურათი 2). კაჭარავასთან ნინოშვილის დანაოჭებული, გატანჯული სახე, ავადმყოფური სიხმელე და მოხრილობა როინაშვილის ფოტოს კარიკატურად იქცევა, რომელიც მხატვარს მცირიშვილის ფიზიონომიის ნინოშვილისეული აღწერის მიხედვით დაუმახინჯებია. კაჭარავასეული ქრისტინეც, თავისი არაჯანსაღი სიგამხდრით, შიშველი მკერდით, მაღალი ქუსლებით, “კალგოტკითა“ და ბენდენით, აშკარა - ოღონდ განზრახ უტრირებული ვარიაციაა ლადო გუდიაშვილის მიერ 1919 წელს დახატული “ქრისტინესი”, რომელიც ქალაქის განაპირა დუქნის წინ დგას გულისპირჩამოფხრეწილი (იხ. სურათი 3). გუდიაშვილისეული ქრისტინეს დიდრონი თვალები, რომლებიც გამოკვეთილად ჩალურჯებული და ამოღამებულია, კაჭარავასთან სათვალესავით მორგებულ ნიღბად საგნდება.[32] შემორჩენილ სიმრთელესა და გამართულობას, რაც როინიშვილისა და გუდიაშვილის ნამუშევრებშიშეიძლება ამოვიკითხოთ, კაჭარავა სრული სიბეჩავისა და დავრდომილობის ხატებით ანაცვლებს.

Imaსურათი 1: კარლო კაჭარავა, “ეგნატე ნინოშვილი და ქრისტინე 1903 წელს“, 1993ge title

სურათი 1: კარლო კაჭარავა, “ეგნატე ნინოშვილი და ქრისტინე 1903 წელს“, 1993.[33]

Image title

სურათი 2: ეგნატე ნინოშვილის ფოტო -პორტრეტი,                 სურათი 3: ლადო გუდიაშვილი,
ალექსანდრე როინაშვილის ფოტო-ატელიე, 1888.[34]          “ქალაქის განაპირას (ქრისტინე)“, 1919.[35]

                                                                                            

ფიგურები ოთხენოვან ტექსტუალურ ჩარჩოშია მოქცეული. მარჯვენა ქვედა კუთხეში ლათინურადაა დატანებული ავტორის ვინაობა: „pinxit Karlo Katscharawa“ (სახელისა და გვარის გერმანული ტრანსკრიპციით); ქართული ასოებით ჰორიზონტალურად წერია “ეგნატე ნინოშვ“, რომლის შუაში რუსულად ჩაჩხერილა თბილისის რუსეთის იმპერიის დროინდელი სახელწოდება „Тифлись“, ზემოდან კი ორთოგრაფიულად გაუმართავი გერმანულით - “Die Amaise“ (ჭიანჭველა). მარცხენა კიდეს ვერტიკალზე ლათინური ასოებით ჩამოუყვება „Egnate Nino“, მის პარალელურად კი “თბილისის“ თანამედროვე ქართული სახელწოდება, ხოლო ფიგურების თავზე გადამავალი სათაურის გვერდით ჩარჩოდან გადის გერმანული მდედრობითარტიკლიანი “die Rev“, რაც “Revolution“-ის დასაწყისი უნდა იყოს.


კაჭარავა არ ხატავს ტილოს სათაურით “ეგნატე ნინოშვილი და ქრისტინე 1993 წელს“ ან “ნინოშვილის აჩრდილი და პურის რიგში მდგომები“. განზრახვა აშკარად არ არის ნინოშვილის ისეთივე აქტუალიზაცია თუ გააწმყოება, როგორსაც ლექსებში ვხვდებით, რომლებიც მათი დაწერისავე დროსა და სივრცეს, “ბნელი 90-იანების“ თბილისს ხატავენ. მაგრამ თუ კაჭარავას თანამედროვეობაში არა, რატომ მაინცდამაინც 1903 წელს, როდესაც ნინოშვილი უკვე ცხრა წლის გარდაცვლილია? (ეს შეკითხვა, რა თქმა უნდა, აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში იძენს, თუ დავუშვებთ, რომ კაჭარავამ იცოდა ნინოშვილის გარდაცვალების თარიღი და საქმე უბრალოდ ის არაა, რომ მას, ნინოშვილის ბიოგრაფიულ დეტალებში გაუთვითცნობიერებლობის გამო, 1903 წლისთვის ნინოშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი წარმოედგინა.) თუ სიტყვის ფრაგმენტს “die Rev“ მივყვებით, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ კაჭარავა 1905 წლის რევოლუციის წინა პერიოდს ხატავს, რომელიც გარკვეულმა ტრადიციამ ნინოშვილის პერსონაჟთა - სამომავლო - აჯანყების მომენტადაც წაიკითხა (კვლევის მოგვიანო ეტაპზე ვეცდებით გავარკვიოთ, რატომ ცდილობდნენ საბჭოთა ხელოვანები ნინოშვილის ადაპტაციისას მისი მოთხრობების მოქმედების დროის წინ წანაცვლებას სულ ცოტა ათი წლით, რითიც, შეიძლება, კაჭარავასეულ დროით წანაცვლებასაც გაეცეს ირიბად პასუხი). 1903 წელს, ლონდონის რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის II ყრილობაზე მოხდა ცნობილი სქიზმა ბოლშევიკებად და მენშევიკებად, რასაც, როგორც მოგვიანებით ვნახავთ, არც ნინოშვილის რეცეფციის ისტორიისთვის ჩაუვლია უკვალოდ.[36]


და რატომ ქალაქში? “ქრისტინე“, თავის დროზე, ნინოშვილის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოთხრობად იქცა. ის, გუდიაშვილის ცნობილი ტილოს გარდა, პირველ ქართულ ფილმსა და ოპერასაც დაედო საფუძვლად. “ქრისტინე” ნინოშვილის იმ იშვიათ ნაწარმოებთა შორისაა, სადაც ქალაქს ცენტრალური ადგილი უჭირავს. ამის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა, საკუთარ განსაკუთრებულ რეცეფციას ის სწორედ ქალაქის გარემოს ხომ არ უმადლის, რომელშიც ვითარდება სოფლიდან გამოქცეული, შეცდენილი გლეხის გოგოს ამბის უდიდესი ნაწილი - და არა იმას, რომ ნინოშვილი “აძლევს ამ ქალს სიცოცხლეს, რომლის მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ ქართულ მწერლობაში არ შეგვხვედრია“, როგორც გალაკტიონ ტაბიძე აღნიშნავს 1919 წელს.[37] (ტაბიძის ჩანაწერებშიც ნინოშვილი ქალაქში დაიარება და, კაჭარავას ტილოსგან განსხვავებით, თავად აკიდებია ქრისტინეს,[38] მაგრამ არა 1903 წელს, როცა ნინოშვილი ყველანაირი წესით და რიგით მკვდარია.) კაჭარავას მიერ თავის (არარსებულ) წინაპრებს შორის ნახსენები ვალერიან გაფრინდაშვილის 1934 წლის ლექსშიც “ჩემი შეხვედრა ეგნატესთან“ ნინოშვილის აქტუალიზაცია, მისი თანამედროვეობაში გაცოცხლება სპეციფიკურად უკავშირდება უშუალოდ თბილისის სივრცეში, თანაც სიბნელეში, მის წარმოსახვას:


ჯანყის მედროშე ბნელ ქუჩებში დაიარები.
ერთხელ ვერაზე დაგინახე მტკვარის მზვერავი,
მინდოდა შენთან საუბარი მწველ იარებით
და უცაბედად მიიმალე გულდამსერავი.


და კიდევ ერთხელ პირველ მაისს გნახე ირიბად,
ურიცხვ მსვლელობას ამშვენებდი გამხდარ პროფილით,
მიწის მონები გადაიქცენ შრომის გმირებად, -
მუშებს და გლეხებს მოუძღოდი ხელაპყრობილი.


წინამორბედო! შენ გმირობის ველზე დაეცი,
რომ დაგემსხვრია ბატონობის მძიმე უღელი;
სოფლის ქვითინი, სისხლიანი შენი დაისი
დღეს აღმობრწყინდა გამარჯვებულ ხალხის ქუხილით.[39]


ნინოშვილის გარდაცვალებიდან 40 წლისთავზე დაწერილი გაფრინდაშვილის ლექსი აშკარა ნაყოფია საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული არასავალდებულო-რეკომენდებული იძულებისა, რაც ნინოშვილის მსგავსად კანონიზებული ავტორების საიუბილეო თარიღებისთვის ერთი-ორად ზრდიდა მათ შესახებ პოეტურ, ესეისტურ თუ სამეცნიერო გამოხმაურებათა რიცხვს. შესაბამისად, ტრიუმფალისტურია გაფრინდაშვილთან ნინოშვილის გაცოცხლებაც 1934 წლის თბილისის საპირველმაისო აღლუმზე. ოდესღაც ჩაგრული გლეხები და მუშები (თუ მუშებად ქცეული გლეხები, რაც, როგორც მოგვიანებით ვნახავთ, იმთავითვე გარკვეულ გამარჯვებად ინათლება...) იმის პროპორციულად აღზევებულან “შრომის გმირებად“, რამდენადაც ისინი ლორთქიფანიძისეულ პოსტსაბჭოთა კაპიტალისტურ კოშმარში დაღმა ცვივიან ხარაჩოებიდან თუ მაღაროებში. მაგრამ მაშინ, როცა ლორთქიფანიძესთან ნინოშვილი ფიზიკურად ერთარსია გადმოჩეხილი მუშებისა და მაღაროელების, გაფრინდაშვილთან სხეულებრივი გამიჯვნა შენარჩუნებულია, ვინაიდან აღლუმის წინამძღოლი ნინოშვილის სხეულებრივი განცალკევება მუშებისა და გლეხებისგან ეპოქალურ განსხვავებაზეც მიუთითებს, რაც ნინოშვილსა და მის თანამედროვე ჩაგრულებს აშორებს 1934 წლის საბჭოთა კავშირისგან. ასეა ლორთქიფანიძესთანაც: ნინოშვილი არათუ გვევლინება ცალკე “სულის“ სახით, არამედ ის სწორედაც რომ სულია, რომელსაც პრინციპულად ძალუძს, ვინმეს ჩაუსახლდეს. ამიტომ, ლორთქიფანიძესთან, სულის განსხვავება მის მიერ დაკავებული სხეულისგან მხოლოდ დროებითია და ნინოშვილიც არსებითად იგივეობრივი გამოდის იმ მუშისა თუ მაღაროელის, რომელშიც ის კვდება. ამით ნინოშვილი 2017 წლის ქართულ ველურ კაპიტალიზმში ბოლომდე აწ-მყოფი და აქ-არსი ხდება. ის დროითი და ფიზიკური განსხვავება კი, რასაც გაფრინდაშვილთან ვხვდებით, მხოლოდ აღლუმზე წინამორბედის საპატიო სტატუსით მოპატიჟებული სტუმრის “ჯეტლეგია”. მხოლოდ კაჭარავასთან გვევლინება ნინოშვილი აჩრდილად და არა - სულად, რაც მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რამდენადაც აჩრდილი თავადაა არსებითი, დაუყვანელი განსხვავება.


კვლევის მომდევნო ნაწილში ვეცდებით, გავარკვიოთ, რაში მდგომარეობს აჩრდილის ხატებაში დაშიფრული ეს განსხვავება; როგორია აჩრდილის დრო და რისი/ვისი აჩრდილი იყო/არის ეგნატე ნინოშვილი.


შენიშვნები:


[1] ლევან ბერძენიშვილი, “საქართველოს დაბადება“, ეპიზოდი XXVII, იხ. ბმული (31.10.2020). ციტატაში დახრა ეკუთვნის ავტორს.

[2] აქ გამოთქმული დებულებები ეყრდნობა ნინოშვილის შესახებ ავტორის საუბრებს იმ თაობის წარმომადგენლებთან, ვინც სკოლაში 1960-80-იან წლებში სწავლობდა, როგორც თბილისში ისე რეგიონებში. მოყვანილ შეხედულებათა გადამოწმება მხოლოდ ინტერვიუს მსგავს ფორმატში თუა შესაძლებელი, რადგან იმდროინდელი სასკოლო და მასწავლებელთა სახელმძღვანელოები ან ქრესტომათიები მხოლოდ ოფიციალურად სანქცირებულ პერსპექტივას გვაჩვენებს.

[3] https://forum.ge/?f=18&showtopic=33688939&st=0 (29.10.2020). სტილი დაცულია.

[4] ეგნატე ნინოშვილი, მოთხრობები, თბილისი, 2017

[5] იქვე, გვერდის გარეშე.

[6] ნოდარ გრიგალაშვილი, სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები I, თბილისი, 1990, გვ. 113

[7] იხ. მიხეილ ციხელაშვილის 2018 წლის ლიტერატურული საუბარი ცოტნე ცხვედიანთან ჟურნალ “ინდიგოში“, იხ. ბმული (07.02.2021)

[8] Walter Benjamin, Das Passagen-Werk, Gesammelte Schriften V.I, hrsg. Rolf Tiedemann, Frankfurt a.M., 1982, გვ. 577. ყველგან, სადაც სხვაგვარად არ არის მითითებული, თარგმანი ლ. ნახუცრიშვილისა

[9] “მიშიზმის მატარებლები“ ჯგუფ “აუდიტორია 115“-ის ბლოგზე. იხ. ბმული (11.01.2020)

[10] ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მოწითალო და მოშავო, ბათუმი, 2017, გვ. 42.

[11] იქვე, გვ. 15.

[12] იქვე, გვ. 19.

[13] იქვე, გვ. 20.

[14] იქვე, გვ. 36-37.

[15] იხ. Gerschom Scholem, “Zum Verständnis der messianischen Idee im Judentum“ in: Über einige Grundbegriffe des Judentums, Frankfurt a. M., 1970, გვ. 135.

[16] “პროგრესის“ ვითომდა უსასრულო დინამიკის რეალური სტატიკურობისა და მონოტონურობის შესახებ შდრ. თეოდორ ვ. ადორნო, “წინსვლა“, მთარგმნ. ლუკა ნახუცრიშვილი, იხ. ბმული (29.06.2020)

[17] ლორთქიფანიძე, მოწითალო და მოშავო, გვ. 41.

[18] იქვე, გვ. 37.

[19] “ყოფითი ჯოჯოხეთის“ იდეას ვუმადლი დიმიტრი მამულიას. ნინოშვილის პროზის შესახებ მამულიას მოსაზრებისათვის იხ. მასთან ინტერვიუ ჟურნალში Hammock. იხ. ბმული.

[20] ვახტანგ კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX საუკუნე), თბილისი, 1965, გვ. 629.

[21] თუ რისთვის, ვისთვის და რა კუთხით -, ეს ის საკითხებია, რომელთაც კვლევის მომდევნო ნაწილებში თანდათანობით გავშლით.

[22] იქვე, გვ. 29.

[23] კარლო კაჭარავა, პოეზია, ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობა, 2006, გვ. 108.

[24] იქვე, გვ. 103.

[25] შოთა იათაშვილი, დალაგება. წერილები (1997-2010), თბილისი, 2010, გვ. 64.

[26] “შენი კუთვნილი, მათ შემდეგ მოსულმა, შენმა უკვდავმა ბაბუებმა შეჭამეს. / რომლებიც დღესაც ჭამენ და ხორციან საჭმელს / შენზე სადღეგრძელოებს აყოლებენ. / შენ გასწავლიდნენ ცოტა ზრდილობას, ცოტა კეთილგონიერებას, უფრო მეტად ტყუილს, / და მაღალფარდოვნებას, მაღალფარდოვნებას, მაღალფარდოვნებას.“ კაჭარავა, პოეზია, გვ. 132. როგორც კაჭარავა თავის ესსეებშიც ხშირად უსვამს ხაზს, აღარც კულტურულ მოღვაწეთა ახალ თაობას, პარაზიტ მამა-პაპათა ამ ნაშიერებს, დარჩა გასაქანი და, უმალ პირიქით, იმთავითვე მოთვინიერდა.

[27] იქვე, გვ. 132-133. ხაზგასმა ავტორის

[28] ამგვარ წაკითხვას თავად ნინოშვილის მიერ ალექსანდრე თოიძისადმი 1894 წლის 12 მარტს მიწერილმა წერილმაც შეუწყო ხელი: “მოთხრობა ‘ჩვენი ქვეყნის რაინდის’ გმირი, მცირიშვილი, ერთ ჩემს ნაცნობს ჰგავსო, ამბობ. რაღა, მოთხრობის ავტორს? მართალია, მაგრამ მხოლოდ გარეგნობით. ისე კი, მცირიშვილი, უფრო ყოჩაღია ავტორზე.“ ეგნატე ნინოშვილი, თხზულებათა სრული კრებული (ამიერიდან თსკ), რედ. გერონტი ქიქოძე, თბილისი, 1954, გვ. 586.

[29] იათაშვილი, დალაგება, გვ. 65.

[30] ნინოშვილი, “ჩვენი ქვეყნის რაინდი“, თსკ, გვ. 347. ხაზგასმა ლ. ნახუცრიშვილისა

[31] კაჭარავა, პოეზია, გვ. 102. ხაზგასმა ავტორის

[32] მსგავსი სათვალე გვხვდება 1993 წლის ნახატშიც სათაურით “‘ზოლა’ - სოციალისტის სიზმარი“. სათვალე აქ წვეულებაზე ექსტრავაგანტულად გამოწყობილი ქალის აქსესუარია, რომელსაც ფანჯარასთან მიყუდებული ემილ ზოლა შეყურებს. იხ. ბმული (18.07.2020)

[33] ფოტოს წყარო: “ივერიელი“, იხ. ბმული (31.07.2020)

[34] ფოტოს წყარო: “ივერიელი“, იხ. ბმული (31.07.2020)

[35] ფოტოს წყარო: ბლოგი missqeti, იხ. ბმული (31.07.2020)

[36] ნინოშვილის ხელის გულზე გადმოვარდნილ ვარსკვლავთან (“წითელი ვარსკვლავი“?), ქრისტინეს აცრემლებულ გულსა და კაჭარავას იმავე წლების სხვადასხვა ლექსებში და ტილოებზე გამოსახულ სოციალისტ, ანარქისტ და სხვა ჯურის რევოლუციონერებთან ერთად, ტილოს ერთიანი წითელი ფონიც (რომელიც მას 1993 წლის სხვა აკვარელების სერიასთან აერთიანებს) პოლიტიკური “სიწითლის“ დატვირთვით იკითხება.

[37] გალაკტიონ ტაბიძე, “ძვირფასი საფლავები“, იხ. ბმული (12.01.2020)

[38] “როდესაც ნინოშვილი ქალაქში ჩამოდიოდა, ხედავდა, როგორ მიდიოდა ქუჩებზე ქრისტინე. ამ მწუხარე სიარულით მოსიარულე ქალს იგი ფეხდაფეხ მისდევდა, როგორც ლამაზ ქალს. ქრისტინეს ძველს, ნახმარსა და გაცრეცილ, [ათასჯერ დაკერ.] ათას ადგილას დაკერებულს, ფერ გამოცვლილს ტანთსაცმელში იგი კიდევ ხედავდა ამ ქალის წარსულს, და ხანჯლის[აგან] დაკვრისაგან გაფუჭებულ სახეში მაინც [ხედავდა] ამჩნევდა წარსული სილამაზის კვალს...“, იქვე.

[39] ვალერიან გაფრინდაშვილი, ლექსები, პოემა, თარგმანები, ესსები, წერილები, მწერლის არქივიდან, მერანი, თბილისი, 1990, გვ. 231.

                                                                                  

უკან დაბრუნება