წერილები ციხიდან - პირველი ნაწილი
ავტორი: როზა ლუქსემბურგი
თარიღი: 16 მარტი 2021
წინასიტყვა
პირველი მსოფლიო ომის დროს, როზა ლუქსემბურგმა სამი წელი და 4 თვე ციხეში გაატარა. ჯერ ბარმინშტრასეს ქალთა საპყრობილეში, შემდეგ ბერლინის, ვრონკესა და ბრესლაუს ციხეებში. გარე სამყაროს ბოლომდე მოწყვეტილი, წიგნებსა და წერილებს მკაცრი ცენზურის შემდეგ იღებდა. ახლობლებთან შეხვედრა კი თვეში ერთხელ, საგანგებო ზედამხედველობით შეეძლო. „წერილები ციხიდან“ ბევრ ენაზე ითარგმნა და სხვადასხვა რედაქციით არაერთხელ გამოიცა. როზა ლუქსემბურგის დაბადებიდან 150 წლის თავზე, მის პირველ ქართულ თარგმანში, სოფია ლიბკნეხტისთვის გაგზავნილ წერილებს მოვუყარეთ თავი.
როზა ლუქსემბურგის 150 წლისთავს უამრავი პუბლიკაცია, დისკუსია, ლექცია თუ სტატია ეძღვნება, რაც პირველ რიგში, დღევანდელ ფორიაქიან დროს, მისი ნააზრევისა და მოღვაწეობის მნიშვნელობის გააზრების საჭიროებაზე მიგვითითებს. თუმცა ხშირად, ულევ და განსხავებულ სურათში როზა ლუქსემბურგი ნაწილ-ნაწილ წარმოგვიდგება - როგორც რევოლუციის ქომაგი, არა დოგმატური თეორეტიკოსი, კაპიტალიზმის, იმპერიალიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ თანმიმდევრულად მებრძოლი, ასევე თანმიმდევრული სოციალისტი, შეყვარებული, ბუნების პლასტიკური სურათების აღმწერი მელანქოლიური ქალი, თანადროული კულტურისა და ლიტერატურის ბასრი კრიტიკოსი... ბევრი მის ნაზ მგრძნობელობას იკვირვებს, ზოგი კი პირიქით, იმას ამტკიცებს, რომ სწორედ მისი ფაქიზი მგრძნობელობიდან უნდა დავიწყოთ მის მნიშვნელობაზე საუბარი. თითქოს რევოლუციური სულისკვეთება, ჭიანჭველების გაჭიმულ რიგზე დაკვირვება, პატარა წიწკანას სტვენის მიყურადება თუ წინააღმდეგობის გზებზე ფიქრი, ერთმანეთისგან სრულიად გამიჯნული საქმიანობები იყოს. თუ დღეს, როზა ლუქსემბურგის იდეები და დამოკიდებულება ჩვენთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და დღევანდელ ისტორიულ მომენტში გულდასმით გასააზრებელია, სწორედ მთელით და არა ნაწილებით უნდა დავინტერესდეთ. რადგან მრავალჯერ ნაცადი ცივი გონება და რომანტიკული უნაყოფო მეთვალყურეობა, კიდევ ერთხელ გაგვიმეორებს, რომ ბუნების სურათი მხოლოდ გარკვეული ბრძოლების მეტაფორაა, ან ამ მრავალგვარი ბრძოლების შუალედებში სიამე და თავშესაფარი. ამიტომ, ჩვენ იმგვარი ტექსტი ავარჩიეთ, რომელიც სხვადასხვა საქმიანობას ერთ კალაპოტში ჩასაჭედად კი არ შემოიშენებს, არამედ პოლიტიკური ბრძოლის, მეგობრისთვის ნათქვამი ნაზი გამამხნევებელი სიტყვების, ბუნების უმშვენიერესი სურათების, თანადროული კულტურის კრიტიკისა და რევოლუციური იდეების სწორწონობას დაგვანახებს. ენა, რომლითაც ერთი მეგობარი მეორეს ციხიდან ამხნევებს, ისე იტევს ამ მრავალგვარობას, როგორც მთის მდინარე დიდ და მცირე შენაკადებს.
- „მთელი მაინტერესებს და არა რომელიღაც ერთი ამოგლეჯილი დეტალი“ წერს როზა ლუქსემბურგი სოფია ლიბკნეხტს. ჩვენში ასე უცხო და ამავდროულად ყველაზე საჭირო ერთიანობა ამ სიტყვებშია ამოსაკითხი; და თუ ტყვეობაში მხნეობა და იმედი ჩნდება, თუ რამე ბრძოლას თანაბარ მიჯნებს უყრის, ის ჩნდება მაშინ, როდესაც მხოლოდ სიცოცხლის ავ-კარგიანობაზე კი არ ვმსჯელობთ, არამედ პირველ რიგში მას, როგორც მთელს ვიცნობთ - აღქმას, ბრძოლასა თუ ერთიანობას საფუძვლად გულის ყურს ვუდებთ. მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბევრისთვის რევოლუციური იდეებს ნიადაგი გაიკაწრა, ქართულ ენის შესახებ ასეთი რამ დაიწერა: „როდესაც ძველი სტილით საუბარი აღარავის შეეძლო, გულწრფელობისა და მარტივობის ალღომ დიალოგში გამოჰხეთქა“. დღეს კი, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ენის გაღარიბებასა და მიყუჩებაზე, ის ხშირად ჩვენგან შეუმჩნევლ ადგილებში - ჩვენი ქალაქებისა თუ სოფლების სკოლებში გეოგრაფიის, ბუნებისმეტყველების, ქართული ენისა და ლიტერატურის თუ ხელოვნების გაკვეთილებზე, ასევე მეგობრებისთვის მიწერილ წერილებში, თუ ნაჩქარევად გამოთქმულ გულისტკივილში ცოცხლობს. იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა, გაუსაძლის ყოფაში გულისყურის მოკრებისა და მხნეობის ვალდებულება აიღეს. ეს ყოველდღიური საქმიანობა კი ენასა და ფიქრს ყველასთვის თანაბრად ავრცობს და აკეთილშობილებს. მისი მიღება და გაზიარება დღეს აუცილებელია. დღეს ჩვენს ქვეყანაში, შეუცდომლად ეს ქალები საუბრობენ, რომელთა სიმტკიცეც საკუთარ გარემოში ყველა ძლიერი ნერგის, ღეროსუსტი ბალახისა და ზნე-ჩვეულების ზუსტი ცნობიდან იზრდება. თუ ადრე ამ ენამ ლიტერატურულ ქართულში ამოხეთქა, დღეს ის სხვაგვარად გავრცობილი, სრული სისავსით, რიონის ხეობის მცველებისგან გაისმა. ერთიანი და სრული - არა ამოგლეჯილი, სამაგალითო მხნეობის და ბრძოლის მაგალითი, ჩვენს თვალწინ, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს. ეს კი ის, მადლიერებით, პასუხისმგებლობით და სიხარულით - უპირობოდ გასაზიარებელი იმედია, რომლის შესახებაც როზა ლუქსემბურგი წერს. ეს თარგმანი რიონის ხეობის გაუტეხელ მცველებს ეძღვნება.
წერილები ციხიდან
ლაიფციგი 07.07.1916 [1]
ჩემო საყვარელო, პატარა სონია! [2]
დღეს ლაიფციგისთვის ჩვეული ჩახუთულობა და ტენიანი სიცხეა. აქაურ ჰაერს ძალიან ცუდად ვიტან. შუადღემდე ორი საათი სიმწვანეში, ტბორთან ვიჯექი და „მესაკუთრეს“ვკითხულობდი.[3] შესანიშნავი რამაა. გვერდით მოხუცი ქალი მომიჯდა. სათაურს დახედა და გაიღიმა: “კარგი წიგნი ჩანს. მეც მიყვარს წიგნების კითხვა.“ სანამ საკითხავად დავჯდებოდი ცხადია, სიმწვანე, ხეები და ბუჩქებიც შევათვალიერე და კმაყოფილმა დავასკვენი, რომ ჩემთვის ყველა მათგანი ნაცნობი იყო. ადამიანებთან შეხება კი პირიქით, სულ უფრო ნაკლებად მაკმაყოფილებს. მაინც მგონია, რომ მალე ანტონ დიდივით აღვიკვეცები, ოღონდ -sans tentations - ცდუნების გარეშე. მხნედ და მშვიდად იყავით.
გულითადად მოგიკითხავთ,
როზა
ბავშვებს უამრავი მოკითხვა გადაეცით.
ბერლინი, 05.08.1916
საპყრობილე ბერნიმშტრასეზე[4]
ჩემო საყვარელო, პატარა სონია!
დღეს, 5 აგვისტოს, ამ წუთას თქვენს ორივე წერილს ერთად ვიღებ: 11 (!) და 23 ივლისისას. როგორც ხედავთ, ჩემამდე ფოსტის მოსვლას უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე მათ ნიუ იორკამდე ჩასვლას დასჭირდებოდა. მაგრამ ამასობაში თქვენს მიერ გამოგზავნილი წიგნები მივიღე და ამისთვის გულითად მადლობას გიხდით. ძლიერ განვიცდი, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში მომიწია თქვენი დატოვება. როგორ მინდა ახლა თქვენთან ერთად ველად ხეტიალი და სამზარეულოს ფანჯრიდან მზის ჩასვლის ცქერა... ჰელმისგან ამომწურავი ღია ბარათი მივიღე სადაც მოგზაურობას აღწერს.[5] დიდი, დიდი მადლობა ჰოლდერლინისთვისაც, მაგრამ ჩემს გამო ასე არ უნდა დაიხარჯოთ.[6] თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. დიდი მადლობა ყველა კარგი ნივთისთვის. ცერცველებისთვისაც გულითადი მადლობა. მალე მომწერეთ. იქნებ ისე მოხდეს, რომ წერილი ამ თვეშივე მივიღო. მაგრად და თბილად გართმევთ ხელს. მხნედ იყავით და თავს გატყდომის უფლება არ მისცეთ. სულ თქვენზე ვფიქრობ. კარლსა და ბავშვებსაც დიდი მოკითხვა გადაეცით.
თქვენი როზა.
პიერ ლოტი არაჩვეულებრივია. სხვები ჯერ არ წამიკითხავს.[7]
ვრონკე 24.08.1916 [8]
საყვარელო სონიჩკა, საშინლად მიმძიმს ახლა თქვენთან ყოფნა რომ არ შემიძლია! მაგრამ გთხოვთ, თავი მაღლა ასწიოთ. ზოგიერთი რამ სხვაგვარად იქნება და არა ისე, როგორც ამჟამად ჩანს. მაგრამ ახლა სადმე უნდა წახვიდეთ. სადმე ქალაქგარეთ, სიმწვანეში, იქ, სადაც ლამაზი ბუნებაა და მზრუნველობაც არ მოგაკლდებათ. აქ ჯდომასა და კიდევ უფრო დაბეჩავებას აზრი და მიზანი არ აქვს. ვიდრე საქმე ბოლო ინსტანციამდე მივა, შეიძლება, კვირები გავიდეს. გთხოვთ, რაც შეიძლება მალე წადით. კარლიც უეჭველად შვებას იგრძნობს, თუ თქვენი დასვენების შესახებ შეიტყობს. გულითადი მადლობა ათ რიცხვში მოწერილი პწკარებისა და საჩუქრებისთვის. შემდეგ გაზაფხულს აუცილებლად ვიხეტიალებთ ველად, ბოტანიკურ ბაღშიც წავალთ. უკვე წინასწარ მიხარია. მაგრამ ახლა აქედან შორს უნდა წახვიდეთ, სონიჩკა! ბოდენის ტბაზე წასვლას შეძლებთ, რომ ცოტა სამხრეთული ჰაერი ჩაისუნთქოთ?! წასვლამდე აუცილებლად მინდა თქვენი ნახვა. კომენდატურაში განაცხადი გააკეთეთ. მალე ისევ მომწერეთ ერთი-ორი წინადადება მაინც. ყველაფრის მიუხედავად, მხნედ და მშვიდად იყავით! გეხვევით.
რ.
კარლს ულევი გულითადი მოკითხვა გადაეცით.
ჰელმისა და ბობის [9] ორივე ბარათმა ძალიან გამახარა.
ვრონკე, 21.11.1916
ჩემო საყვარელო, პატარა სონიჩკა,
მატილდესგან თქვენი ძმის დაღუპვის ამბავი გავიგე. [10] სრულიად შეძრული ვარ ამ კიდევ ერთი საშინელი დარტყმით, რომლის მიღებაც მოგიწიათ. ამ ბოლო დროს რამდენი რამის გაძლება მოგიხდათ! მე კი თქვენთან ყოფნაც კი არ შემიძლია ცოტათი მაინც რომ გაგათბოთ და გაგამხნევოთ!... დედათქვენზეც ვღელავ, როგორ გადაიტანს ამ ახალ განსაცდელს. ცუდი დროა და ყველანი უამრავ დანაკარგს ვითვლით. ახლა ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ისევე, როგორც სევასტოპოლში ყოველი თვე ერთ წელიწადს უდრის. იმედია, მალე ისევ მომეცემა თქვენი ნახვის შესაძლებლობა. ამ ამბავს მთელი გულით ველი. თქვენი ძმის ამბავი როგორ გაიგეთ? დედისგან თუ ეს ცნობა პირდაპირ მიიღეთ? მეორე ძმისგან რა ისმის? ძალიან მინდოდა, მატილდესთვის თქვენთან რამე გამომეტანებინა, მაგრამ სამწუხაროდ აქ ამ პატარა, ჭრელი ცხვირსახოცის გარდა არაფერი მაქვს. ამის გამო არ დამცინოთ. ამ გზავნილის მიზანი თქვენთვის იმის თქმაა, თუ როგორ ძლიერ მიყვარხართ. მალე მომწერეთ. მხოლოდ ერთი პწკარი მაინც იმისთვის, რომ თქვენი მდგომარეობის შესახებ შევიტყო. კარლს ათასი მოკითხვა გადაეცით. გეხვევით მთელი გულით.
თქვენი როზა.
ბავშვებს დიდი მოკითხვა!
ვრონკე, 15.01.1917
დღეს ერთი წუთით სიმწარე ვიგრძენი. 3 საათსა და 19 წუთზე ლოკომოტივის სტვენამ მამცნო, რომ მატილდე მიემგზავრებოდა. ამ დროს ჩემს გალიაში ველური ცხოველივით ბოლთის ცემა - ჩემი კედლის გასწვრივ, წინ და უკან ჩვეული „სეირნობა“ დავიწყე. აქედან წასვლის შეუძლებლობამ გული ტკივილისგან შემიკუმშა. ოჰ, ოღონდ კი აქედან წასვლა შემეძლოს! მაგრამ არა უშავს, ჩემმა გულმა საპასუხოდ ალიყური მიიღო და დამორჩილება მოუწია. ის ამას უკვე კარგად გაწვრთნილი ძაღლივითაა მიჩვეული. ჩემს შესახებ ნუღარ ვილაპარაკებთ.
სონიჩკა, გახსოვთ ომის დასულების შემდეგ რას ვაპირებდით? სამხრეთში ერთად მოგზაურობას. და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ! ვიცი, რომ ჩემთან ერთად იტალიაში წასვლაზე ოცნებობთ. ვიცი, რომ ეს თქვენი სანუკვარი სურვილია. მე კი ვგეგმავ, კორსიკაზე წაგიყოლოთ თან. ეს იტალიაში მოგზაურობაზე უკეთესი რამაა. იქ ადამიანი ევროპას ივიწყებს, თანამედროვე ევროპას მაინც. წარმოიდგინეთ ფართო, ჰეროიკული ლანდშაფტი მთებისა და ველების მკაცრი კონტურებით. ზემოთ მხოლოდ წმინდა ნაცრისფერი, მოშიშვლებული კლდეების ნაგლეჯები, ქვემოთ კი ხშირი ზეთის ხილის ხეები, წყავი და უძველესი წაბლია. და რაც მთავარია, პირველყოფილი სიმშვიდე: არც ადამიანის ხმა, არც ჩიტის სტვენა არ ისმის. მხოლოდ სადღაც ქვებს შორის მიწანწკარებს პატარა ნაკადული, ან ზემოთ, ციცაბო კლდეებში ზუზუნებს ქარი - იგივე ქარი, რომელიც ოდესღაც ოდისევსის იალქანს მიაქანებდა. აქაური ლანდშაფტი იგივე თვისებების მქონეა, რომლებსაც ადამიანებს შორის შეხვდებით. მაგალითად, უცბად კლდის ბილიკის მოსახვევში ქარავანი გამოჩნდება. კორსიკელები ყოველთვის რიგად, ერთმანეთის მიყოლებით, ჩამწკრივებულები დადიან და არა ისე ჯგუფ-ჯგუფად, როგორც ამას ჩვენი გლეხები აკეთებენ. წინ, როგორც წესი, ძაღლი მორბის. მის შემდეგ ზანტად თხა ან წაბლით სავსე ტომრებით დატვირთული ვირუკელა მოაბიჯებს. ვირს დიდ ჯორზე გადამჯდარი ფეხებ ჩამოკიდებული, ცხოველის ტანის გვერდულად შეტრიალებული ქალი მოსდევს ბავშვით ხელში. თხელი კვიპაროსივით აღმართული უძრავად და უდრეკად ზის. გვერდით მშვიდი, წელში გამართული წვერიანი კაცი მოჰყვება. ორივე ჩუმადაა. ამის შემყურე დაიფიცებთ, რომ ეს წმინდა ოჯახია. აქ ამგვარ სცენას ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.
აღწერილი სურათის დანახვამ ისე დამიპყრო, რომ ძალაუნებურად მუხლის მოყრის სურვილი გამიჩნდა ისევე, როგორც ეს სრულყოფილი სილამაზის პირისპირ მემართება ხოლმე. იქ ბიბლიაც ცოცხალია და ანტიკურობაც. აუცილებლად უნდა წავიდეთ და როგორც ადრე გამიკეთებია, მთელი კუნძული ფეხით უნდა გადავკვეთოთ. ყოველ ღამეს სხვადასხვა ადგილას მოვისვენოთ, განთიადს კი გზაში შევეგებოთ. გხიბლავთ ეს ყველაფერი? სიამოვნებით ვიქნებოდი ამ სამყაროში თქვენი მეგზური.
ბევრი იკითხეთ, რომ სულიერადაც გაიზარდოთ. თქვენ ეს შეგიძლიათ, ჯერ ნორჩი და დამყოლი ხართ. აქ კი უნდა დავასრულო წერა. ამ რთულ დღეებში მხნედ და მშვიდად იყავით.
თქვენი როზა.
ვრონკე, 18.02.1917
.... დიდი ხანია არაფერს შევუძვრივარ ისე, როგორც მართას მოკლე ცნობას თქვენ მიერ კარლის მონახულების, მისი გისოსებს მიღმა დანახვისა და მთელი ამ ამბის თქვენზე ზემოქმედების შესახებ.[11] ეს ამბავი რატომ დამიმალეთ? უფლება მაქვს თქვენი ტკივილის თანაზიარი ვიყო, ამ უფლებას კი არ დავთმობ! სხვათა შორის, ამ ამბავმა ათი წლის წინანდელი მოგონება - ვარშავის ციტადელში ჩემს და-ძმასთან შეხვედრის ამბავი გამიცოცხლა. იქ ტყვეები ორმაგ, მავთულხლართებთან გალიაში ჰყავთ მოთავსებული. ორმაგი მავთულხლართი იმას ნიშნავს, რომ პატარა გალია დიდი გალიის შიგნითაა მოთავსებული და შეხვედრისას ამ ორმაგ, მოციმციმე ხლართებში გიწევს საუბარი; და რადგანაც ეს ყველაფერი ექვსდღიანი შიმშილობის შემდეგ მოხდა, იმდენად დასუსტებული ვიყავი, რომ რიტმაისტერს (ციხის კომენდანტს), ფაქტობრივად, შეხვედრების ოთახამდე ჩემი მიტანა მოუხდა. გალიაში ორივე ხელით მავთულხლართს ვეჭიდებოდი, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ზოოპარკში გამომწყვდეული ველური ცხოველის მსგავსების შთაბეჭდილებას. გალია ოთახის საკმაოდ ბნელ კუნჭულში იდგა. ამიტომაც ჩემი ძმა მავთულხლართს სახეს მჭიდროდ აბჯენდა. „სად ხარ?“ კითხულობდა ის და რამის დასანახად პენსნეს შუშებს გამუდმებით ცრემლებს წმენდდა. დიდი სიხარულით ვიჯდებოდი ახლა კარლის ნაცვლად ლუკაუს ციხეში! [12]
პფემფერტს გულითადი მადლობა გადაეცით გოლზუორთისთვის. [13] კითხვა გუშინ დავასრულე და ძალიან მიხარია. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ რომანმა „მესაკუთრეზე“ გაცილებით ნაკლებად მომხიბლა მიუხედავად იმისა, რომ აქ სოციალური ტენდენცია უფრო მეტადაა წარმოდგენილი. სწორედ იმიტომ დავიწუნე, რომ ამ რომანში სოციალური ტენდენცია ყველაფერ დანარჩენს გადაწონის. რომანში კი მე ტენდენციას კი არა, მხატვრულ ღირსებას ვეძებ და ამ თვალსაზრისით „ძმობაში“ გოლზუორთის ზედმეტი მახვილგონიერება მაწუხებს. ჩემი კრიტიკა გაგაკვირვებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ბერნარდ შოუსა ან ოსკარ უაილდის ტიპის, ამჟამინდელ ინგლისელ ინტელექტუალებს შორის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სტილის მწერალია: ძალიან გონიერი და დახვეწილი, მაგრამ გულგრილი ადამიანი, რომელიც ყველაფერს სამყაროში დამცინავი სკეპტიციზმით აკვირდება. ნატიფი და ირონიული შენიშვნები, რომლებსაც გოლზუორთი პერსონაჟების მიმართ უსერიოზულესი სახით გამოთქვამს გულიანად და ხმამაღლა მაცინებდა ხოლმე. ისევე როგორც ამას კარგად აღზრდილი და გამორჩეულად კეთილშობილი ადამიანები აკეთებენ, რომლებიც შეუცდომლად ჭვრეტენ საკუთარ გარემოში დასაცინსა და აბსურდულს, მაგრამ არასოდეს ან ძალიან იშვიათად ამასხარავებენ მას, ნამდვილი ხელოვანიც საკუთარ პერსონაჟებს მსგავსი ირონიით არასოდეს განიხილავს.
სონიჩკა, რასაკვირველია, ეს სატირის ბრწყინვალე სტილს არ გამორიცხავს! მაგალითად, გერჰარდ ჰაუპტმანის „ემანუელ ქვინთი“ ყველაზე ულმობელი სატირაა თანამედროვე საზოგადოების შესახებ, რაც ბოლო 100 წლის განმავლობაში დაწერილა. მაგრამ ჰაუპტმანი ამ დროს თავად არ იმანჭება. ნაწარმოების დასასრულს ის ათრთოლებული ტუჩებითა და ფართოდ გახელილი, აცრემლებული თვალებით დგას. გოლზუორთი კი მისი მახვილგონიერი შენიშვნებითა და ჩანართებით წვეულებაზე ჩემს გვერდით მჯდომ მეზობელს მაგონებს, რომელიც ყოველი ახალი სტუმრის შემოსვლისას მის შესახებ ყურში რაღაც გესლიანს ჩამჩურჩულებს...
დღეს ისევ კვირაა, დატყვევებულთა და მარტოხელათა მომაკვდინებელი დღე. სევდიანი ვარ, მაგრამ მთელი გულით მსურს, თქვენ და კარლი თავს ჩემსავით არ გრძნობდეთ. მალე მომწერეთ, ბოლოს და ბოლოს სად და როდის მიდიხართ დასასვენებლად.
მთელი გულით გეხვევით და მოვიკითხავ ბავშვებს.
თქვენი როზა.
შეუძლია პფ.-ს (ფრანც პფემფერტს), რამე კარგი გამომიგზავნოს? იქნებ, თომას მანის რომელიმე ნაწარმოები? მისი ჯერ არაფერი წამიკითხავს. და ერთ რამესაც გთხოვთ: გარეთ გასვლისას მზე მაბრმავებს. შეგიძლიათ, კონვერტში ჩადებული ერთი მეტრი სიგრძის შავ წერტილებ- გაბნეული თხელი, შავი ვუალი გამომიგზავნოთ?
წინასწარ დიდი მადლობა.
ვრონკე, 19.04.17
გუშინ თქვენგან მიღებულმა ღია ბარათმა მიუხედავად მასში გამოთქმული სევდისა მაინც ძალიან გამახარა. როგორ მინდა, ახლა თქვენთან ვიყო და ისე გაგაცინოთ როგორც მაშინ, კარლის დაპატიმრების შემდეგ - თუ გახსოვთ? - კაფე ფიურსტენჰოფში როცა ჩვენი ხმაურიანი ხარხარით ყველას ყურადღება მივიქციეთ. ყველაფრის მიუხედავად რა მშვენიერი იყო! დილაობით, პოტსდამერ პლატცზე[14] გამართული ჩვენი ყოველდღიური ნადირობა მანქანაზე, შემდეგ კი ციხისკენ მიმავალ გზაზე აყვავებული თიერგართენის[15] გავლით მგზავრობა, ლეჰრტერშტრასეს სიმშვიდე და მაღალი თელების ხეივანი. უკანა გზაზე ფურსტენჰოფში სავალდებულო გაჩერება, შემდეგ ასევე სავალდებულო სტუმრობა ჩემთან მაისის ბრწყინვალებით მოცულ ზიუდენდეში.[16] ჩემს სამზარეულოში გატარებული მყუდრო საათები, როცა თქვენ და მიმი[17] თეთრ სუფრაგადაფარებულ მაგიდასთან მოთმინებით უცდიდით ჩემი კულინარული საქმიანობის შედეგს (გახსოვთ Haricots verts à la Parisienne [18]...). ყველაზე ნათლად მაინც უცვლელი, მანათობელი ცხელი ამინდი მახსოვს. ზუსტად და მხოლოდ ასეთ ამინდში აქვს ადამიანს ნამდვილი და ჭეშმარიტად მხიარული გაზაფხულის შეგრძნება. საღამოს კი თქვენს კოხტა ოთახში სტუმრობა მე მიწევდა ხოლმე. როგორ მომწონს თქვენი დიასახლისობა. გამორჩეულად გიხდებათ, როდესაც თქვენი მოზარდი გოგონას ფიგურით მაგიდასთან დგახართ და ჩაის ასხამთ. და ბოლოს, შუა ღამის მიწურულს სურნელოვან ბნელ ქუჩაში ერთმანეთის შინ გაცილება. გახსოვთ, ერთ ზღაპრულ მთვარიან ღამეს სახლში გაცილებისას ზიუდენდეს შავად და მკვეთრად მოხაზული შენობების მწვერვალები ცის ტკბილი სილურჯის ფონზე რაინდთა ძველ ციხესიმაგრეებად რომ გამოგვესახნენ?
სონიუშა, მუდამ თქვენს გვერდით მინდა ვიყო. მინდა, გაგართოთ, თქვენთან ვილაქლაქო ან ჩუმად ვიჯდე, რომ მწუხარებასა და სასოწარკვეთაში არ ჩაიძიროთ. ღია ბარათში მეკითხებით: „რატომ ხდება ეს ყველაფერი?“ ასეა, ძვირფასო ბავშვო. ცხოვრება ოდითგანვე ამგვარი იყო და ყველაფერი: ტანჯვა, გაყრა და მონატრებაც მისი ნაწილია. ადამიანმა ყველაფერი სრულად უნდა მიიღო და ყველაფერი კარგი და ლამაზი უნდა გეჩვენოს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიქცევი. გამობრძმედილი სიბრძნის გამო კი არა, არამედ უბრალოდ, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე. ინსტინქტურად ვგრძნობ, რომ ეს ცხოვრების წარმართვის ერთადერთი სწორი გზაა და ამიტომაც, ყველა მდგომარეობაში ნამდვილად ბედნიერი ვარ. ჩემს ცხოვრებას არაფერს გამოვაკლებდი. არც ის მინდა, რომ ის სხვაგვარი იყოს. მინდა ისეთი, როგორიც იყო და არის. ნეტავ, თქვენთვის ცხოვრების ამგვარად დანახვება შემეძლოს!...
კარლის ფოტოსთვის მადლობა ჯერ არ გადამიხდია. როგორ გამახარეთ! ამაზე უკეთეს დაბადების დღის საჩუქარს ნამდვილად ვერ მაჩუქებდით. ჩემს თვალწინ მშვენიერ ჩარჩოში ჩასმული დგას მაგიდაზე და მზერით ყველგან თან დამყვება (ხომ იცით, იმგვარი სურათებიც არსებობს, სადაც არ უნდა დადგა, თითქოს მაინც გიყურებს). სურათი ბრწყინვალედ არის შერჩეული. ალბათ კარლს როგორ ახარებს რუსეთის ამბები. მაგრამ სიხარულის მიზეზი პირადად თქვენც ხომ გაქვთ: ახლა დედათქვენის თქვენთან გამომგზავრებას ვეღარაფერი შეაფერხებს. ეს უკვე გაიაზრეთ? თქვენს გამო მზესა და სითბოს ვნატრობ. აქ ყველაფერი დაკვირტულია, გუშინ კი წამოთოვა და თოვლ-ჭყაპი იყო. ნეტავ როგორ გამოიყურება ახლა ჩემი „სამხრეთის ლანდშაფტი“ ზიუდენდეში? შარშან ღობესთან ვიდექით, თქვენ კი აღფრთოვანებით უცქერდით ყვავილთა სიუხვეს.
წერილების წერით თავს ნუ დაიტანჯავთ. მე მსურს, რომ ხშირად გწეროთ. თქვენგან მიღებული ღია ბარათი და მოკლე მოკითხვა კი სრულიად მაკმაყოფილებს! ბევრი დრო გაატარეთ გარეთ, ბოტანიკას მიჰყევით. ყვავილების ჩემი მცირე ატლასი თუ გაქვთ თან? მშვიდად და მხნედ იყავით, საყვარელო. ყველაფერი კარგად იქნება! აი, ნახავთ!
გეხვევით ბევრჯერ და გულითადად.
მარად თქვენი როზა.
ვრონკე, 02.05.1917
... თუ გახსოვთ, წინა აპრილს დილის 10 საათზე ორივეს სასწრაფოდ დაგირეკეთ, რათა ბოტანიკურ ბაღში ბულბულის მოსასმენად წავსულიყავით. მას ნამდვილი კონცერტი ჰქონდა გამართული. ჩვენ ჩუმად ვისხედით დაბურულ ბუჩქნარში ჩამალულები გამდინარე ნაკადულთან ქვებზე მოკალათებულები. ბულბულის სიმღერის შემდეგ უცბად ერთგვარი ერთ ტონალობაში გაბმული ნაღვლიანი სტვენა გავიგონეთ, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: „გლი-გლი-გლი-გლიკ!“
მე ვთქვი, რომ ეს ხმა რომელიღაც ჭაობის ან წყლის ჩიტის სტვენასავით ჟღერდა. კარლიც დამეთანხმა, თუმცა იმის დანამდვილებით გარკვევა, ვინ გალობდა ვერ მოვახერხეთ. წარმოიდგინეთ, რამდენიმე დღის წინ, უცბად, დილით ადრე იგივე ნაღვლიანი სტვენა აქაც გავიგონე. ხმა ახლოდან ისმოდა. გული ამიჩქარდა. ბოლოს და ბოლოს მინდოდა გამეგო, ეს ხმა ვის ეკუთვნოდა. მანამდე ვერ მოვისვენე, სანამ დღეს არ შევიტყვე: თურმე წყლის ჩიტი კი არა ჩვეულებრივი მაქცია, ნაცრისფერი კოდალას მსგავსი ჩიტი ყოფილა! ბეღურაზე ოდნავ დიდია, სახელი კი იმ უჩვეულო მოძრაობისა და თავის მოღრეცის გამო დაერქვა, რომლითაც მოახლოებული მტრის დაფრთხობას ცდილობს. მხოლოდ ჭიანჭველებით იკვებება და მათ წებოვან ენაზე ისევე იგროვებს როგორც ჭიანჭველაჭამია. სწორედ ამიტომ მას ესპანელები Hormiguero-ს - ჭიანჭველების ჩიტს ეძახიან. სხვათა შორის, მიორიკემ[19] ამ ჩიტის შესახებ მშვენიერი სახუმარო ლექსი დაწერა, ჰუგო ვოლფმა კი მელოდიაც შეუწყო.[20] იმის გაგება, ეს ნაღვლიანი სტვენა ვის ეკუთვნოდა, ჩემთვის საჩუქრის მიღების ტოლფასი აღმოჩნდა. იქნებ კარლსაც მისწეროთ. ეს ამბავი მასაც გაახარებს.
ახლა რას ვკითხულობ? ძირითადად საბუნებისმეტყველო ლიტერატურას: მცენარეთა და ცხოველთა გეოგრაფიას ვეცნობი. ზუსტად გუშინ ვკითხულობდი გერმანიაში მგალობელი ჩიტების გადაშენების მიზეზთა შესახებ. სატყეო მეურნეობის, მებაღეობის, მიწათმოქმედების გაფართოება ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს მათ საბუდებელ და საკვებ გარემოს:ფუღუროიან ხეებს, დაუმუშავებელ მიწებს, ხშირი მცენარეულობით დაფარულ ადგილებს, ჩამოცვენილ ფოთოლთა გროვებს. ამის წაკითხვამ საშინლად მატკინა გული. არა იმიტომ, რომ ადამიანი მათ გალობას ვეღარ მოისმენს, არამედ თავად ამ სურათის - მცირე ძვირფასი არსებების უმოწყალო და შეუჩერებელი გადაშენების წარმოდგენა ჩემთვის იმდენად მტკივნეული იყო, რომ ტირილი დავიწყე. მომხდარმა პროფესორი ზიბერის ჯერ კიდევ ციურიხში წაკითხული რუსული წიგნი გამახსენა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში წითელკანიანთა გადაშენების შესახებ მოგვითხრობს.[21] ისინიც ზუსტად ასე ნაბიჯ-ნაბიჯ განდევნეს საკუთარი მიწიდან ცივილიზებულმა ადამიანებმა და უხმოდა სასტიკი გადაშენებისთვის გაიმეტეს.
ცხადია, ამ ყველაფერმა ასე ძლიერ უგუნებობის გამო შემძრა. ხომ გესმით? ზოგჯერ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს საერთოდაც არ ვიყო ადამიანი და უბრალოდ ადამიანის სახით მყოფ, სწორედაც ჩიტს ან რაიმე ცხოველს წარმოვადგენდე. ჩემთვის შინაგანად ბაღის ეს მცირე ნაწილი, ან მდელოზე მწერებს შორის და ბალახში ყოფნა ბევრად უფრო მშობლიურია ვიდრე პარტიული ყრილობა. თქვენთვის შემიძლია ამ ყველაფრის თქმა, რადგან ვიცი, რომ ამას მაშინვე სოციალიზმის ღალატად არ ჩამითვლით. თქვენ კი იცით, და იმედიც მაქვს, რომ რომელიმე საქმის შესრულებისას მოვკვდები: ქუჩაში ბრძოლა ან კატორღა შემიწირავს. მაგრამ შინაგანადჩემს წიწკანებს უფრო ვეკუთვნი, ვიდრე „ამხანაგებს“. და ეს იმიტომ არ ხდება, რომ ბევრი შინაგანად გაკოტრებული პოლიტიკოსის მსგავსად თავშესაფარს ან შვებას ბუნებაში ვეძებ. პირიქით, ზუსტად ბუნებაში ვხედავ ყოვლისმომცველ უამრავ სისასტიკეს და სწორედ ეს მტანჯავს. წარმოიდგინეთ, თავიდან ასეთი მცირე გამოცდილებებიც კი არ ამომდის: წინა გაზაფხულს ველად სეირნობის შემდეგ ჩემს ცარიელ და ჩუმ ქუჩას მივუყვებოდი შინისკენ, როდესაც თვალში მიწაზე არსებული პატარა ბნელი ლაქა მომხვდა. დავიხარე და უხმო ტრაგედიის შემსწრე გავხდი: დიდი ფუნდურა ხოჭო ზურგზე ეგდო და ფეხების ქნევით ამაოდ ცდილობდა თავის პაწაწინა ჭიანჭველების იმ ხროვისგან დაცვას, რომელიც მის ჯერ კიდევ ცოცხალ სხეულს ესეოდა და ნთქავდა! გამაჟრჟოლა. ცხვირსახოცი ამოვიღე და საზარელი ურჩხულების განდევნას შევუდექი. თუმცა მათი სითავხედისა და სიჯიუტის გამო ხანგრძლივ ბრძოლაში ჩაბმა დამჭირდა. საბოლოოდ, როდესაც საბრალო მოწამე გავათავისუფლე და შორს ბალახში გადავსვი, მას ორი ფეხი უკვე მოჭმული ჰქონდა... იქაურობას უხერხული, მტანჯველი გრძნობით შეპყრობილი გავეცალე, რომ მას ძალიან საეჭვო სამსახური გავუწიე.
ახლა შებინდების ხანგრძლივობა შედარებით გაიზარდა. ჩვეულებრივ ეს დრო როგორ მიყვარს! ზიუდენდეში ბევრი შაშვი მყავდა, აქ კი არც ერთი არ შემხვედრია, არც მათი ხმა გამიგია. ზამთარში რამდენიმეს ვკვებავდი ხოლმე, ახლა კი ყველა გაუჩინარდა. ზიუდენდეში საღამოჟამს, ზუსტად ამ დროს ქუჩაში ვხეტიალობდი ხოლმე. მშვენიერია, როდესაც დღის უკანასკნელ იისფერ შუქზე უცბად ფარნების ვარდისფერი გაზი ალდება. ბინდში ეს ალები ისე უცხოდ გამოიყურებიან თითქოს ოდნავ თვითონვე იმორცხვებენ კიდევაც. ამ დროს ქუჩაში დაგვიანებული კონსიერჟის ან მოახლის საქმიანი და ბუნდოვანი სახე გაიელვებს ხოლმე. ისინი ჩქარობენ, რომ ხაბაზთან ან პატარა მაღაზიაში რაღაცის საყიდლად შერბენა მოასწრონ. მეწაღის შვილები, რომლებთანაც ვმეგობრობ, დაბნელების შემდეგაც აგრძელებდნენ ეზოში თამაშს, სანამ ქუჩის კუთხიდან ენერგიული შეძახილით მათ ვინმე შინ არ მოიხმობდა. ამ დროისთვის კიდევ გამოჩნდებოდა ხოლმე ისეთი შაშვი, რომელიც სიმშვიდეს ვერ პოულობდა. უცბად ის ურჩი, უსაქციელო ბავშვივით სტვენით ან ფართხალით გამოფხიზლდებოდა ძილიდან და ხმაურიანად ერთი ხიდან მეორეზე გადაფრენას იწყებდა. მე კი ვიდექი იქ, შუა ქუჩაში, პირველ ვარსკვლავებს ვითვლიდი და შინ წასვლა სულ არ მინდოდა. არ მსურდა გამჭვირვალე ჰაერთან და იმ ბინდთან განშორება, რომელშიც დღე და ღამე ერთმანეთს ნაზად ეკვროდნენ.
სონიუშა, მალე ისევ მოგწერთ. მშვიდად და მხნედ იყავით. ყველაფერი კარგად იქნება, კარლისთვისაც. ნახვამდის, შემდეგ წერილამდე.
გეხვევით.
თქვენი როზა
შენიშვნები:
[1] წერილების ამ კრებულიდან, მხოლოდ ეს წერილია თავისუფლებაში დაწერილი. 1916 წლის 10 ივლისს როზა ლუქსემბურგი დააპატიმრეს.
[2] სოფია ლიბკნეხტი (1844-1964) ხელოვნებათმცოდნე, სოციალისტი და ფემინისტი. როზა ლუქსემბურგის ახლო მეგობარი და კარლ ლიბკნეხტის ცოლი. დაიბადა რუსეთში, სკოლა დაამთავრა შვეიცარიაში, შემდეგ სწავლობდა ხელოვნებათმცოდნეობას ბერლინსა და ჰაიდელბერგში, აქვე მიიღო დოქტორის წოდება. 1912 წელს დაქორწინდა კარლ ლიბკნეხტზე. ქმრის მკვლელობის შემდეგ ლონდონში ნახა თავშესაფარი, მაგრამ მალე გერმანიაში დაბრუნდა და ბერლინში, საბჭოთა საელჩოში დაიწყო მუშაობა. 1934 წელს ემიგრირდა მოსკოვში, სადაც დიპლომატიის უმაღლესი სასწავლებლის დოცენტი იყო.
[3] ინგლისელი მწერლის, ჯონ გოლზუორთის (1867-1933) ფორსაიტების საგის პირველი წიგნი.
[4] ქალთა საპყრობილე ბერლის ცენტრში, აშენდა 1864 წელს.1907-1915/16 წლები როზა ლუქსემბურგმა ამ ციხეში გაატარა.
[5] ვილჰელმ (ჰელმი) ლიბკნეხტი (1901-1975) კარლ ლიბკნეხტის ვაჟი. სწავლობდა სამართალს ბერლინში, ფრანკფურტსა და ვენაში. 1920 წლიდან მუშაობდა საბჭოთა კავშირში, მაქსისა და ენგელსის ინსტიტუტში. 1940 წელს ნაცისტურმა გერმანიამ მას მოქალაქეობა ჩამოართვა. საბჭოთა რეპრესიების წლებში, მსხვერპლთა დახმარების გამო პარტიიდანაც გარიცხეს და 1941 წელს უზბეკეთში გადაასახლეს. მოგვიანებით მუშაობდა როგორც დამოუკიდებელი მთარგმნელი და რედაქტორი.
[6] ფრიდრიხ ჰოლდერინი (1770-1843) გერმანელი რომანტიკოსი პოეტი, ფილოსოფოსი.
[7] პიერ ლოტი (1850-1923) ფრანგი საზღვაო ოფიცერი, XIX საუკუნის პოპულარული მწერალი.
[8] ვრონკეს ციხე ამჟამად პოლონეთის ტერიტორიაზეა. ციხე 1899 წელს, პრუსიის მმართველობის პერიოდში დაარსდა.
[9] რობერტ, „ბობი“ ლიბკნეხტი (1903-1994), კარლ ლიბკნეხტის ვაჟი. სწავლობდა მხატვრობას დრეზდენის აკადემიაში. მუშაობდა ბერლინში დამოუკიდებელ მხატვრად. 1933 ემიგრირდა საფრანგეთში, 1943 წელს ცოლთან ერთად შვეიცარიას შეაფარა თავი, 1946 წელს კი ოჯახთან ერთად საფრანგეთში დაბრუნდა.
[10] მატილდე იაკობი (1873-1943) მთარგმნელი და სტენოგრაფისტი. როზა ლუქსემბურგის მდივანი და მეგობარი. როზა ლუქსემბურგის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი - მანუსკრიპტები და წერილები მატილდე იაკობმა მალულად წამოიღო ციხიდან.
[11] მართა როზენბაუმი (1873-1942) როზა ლუქსემბურგის ახლო მეგობარი.
[12] ლუკაუს ციხის პატიმრობაში (გერმანია) კარლ ლიბკნეხტი 1916 წლიდან 1918 წლის ოქტომბრამდე იყო.
[13] ფრანც პფემფერტი (1879-1954) ლიტერატურის კრიტიკოსი, პოლიტიკოსი, ფოტოგრაფი. ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთის “Die Aktion”-ის გამომცემელი. გაზეთი მჭიდროდ თანამშრომლობდა ექსპრესიონისტ მხატვრებთან და იდგა რადიკალურ მემარცხენე პოზიციებზე. ფაშისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, პფემფერტმა ჯერ ევროპის ქვეყნებს, საბოლოოდ კი მექსიკას შეაფარა თავი.
[14] მოედანი ბერლინში.
[15] ბერლინის უბანი.
[16] ბერლინის უბანი, ამჟამად უბან შტეგლიც-ცელენდორფის ნაწილი.
[17] როზა ლუქსემბურგის კატა.
[18] მწვანე ლობიო პარიზულად.
[19] ედუარდ მიორიკე (1804-1875) გერმანელი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი.
[20] ჰოგო ვოლფი (1860-1903) ავსტრიელი კომპოზიტორი, მუსიკის კრიტიკოსი.
[21] ნიკოლოზ ზიბერი (1844-1888) რუსი ეკონომისტი, პუბლიცისტი და პედაგოგი. რუსეთის იმპერიაში მარქსის იდეების ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი.
გერმანულიდან თარგმნა ირინე ჯორჯაძემ
რედაქტორი თამარ ჯანაშია
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით