გამოცდილებების არქივი

წერილები ციხიდან - მეორე ნაწილი

ავტორი: როზა ლუქსემბურგი

თარიღი: 06 მაისი 2021


ვრონკე, 19.05.1917


რა მშვენიერია აქაურობა! ყველაფერი მწვანდება და ყვავის. წაბლის ხეები ნორჩი მშვენიერი ფოთლებით მოირთო, მოცხარი ყვითელი ვარსკვლავებით დამშვენდა, ალუბალს კი უკვე მოწითალო ფოთლებით ამოუვიდა. შემდეგი ხეჭრელა გაიფოთლება. დღეს ლუიზე კაუცკიმ[1] მომინახულა. გამომშვიდობებისას ერთი კონა კესანეები და იები გადმომცა, რომლებიც მოგვიანებით მე თვითონვე დავრგე! ორი მრგვალი ნარგავი და მათ შორის ერთი სწორი ხაზი გამოვიდა. კესანეები და იები სულ მონაცვლეობით განვალაგე. ყველაფერი კარგად გამოვიდა. თვალებს ვერ ვუჯერებ, რადგან ყვავილები პირველად დავრგე ცხოვრებაში და ყველაფერი ასე უცბად შევძელი. ზუსტად ფერისცვალებისთვის ფანჯრის წინ უამრავი ყვავილი მექნება!


აქ ბევრი ახალი ფრინველია. დღე ისე არ ჩაივლის, რომ მანამდე ჩემთვის უცნობი ახალი ჩიტი არ გავიცნო. ალბათ გახსოვთ, რომ როდესაც ბოტანიკურ ბაღში დილაადრიან კარლთან ერთად ბულბულის ვუსმენდით, იქ ერთი დიდი ხეც ვნახეთ.  ჯერ სრულიად უფოთლო, მაგრამ მცირე, მანათობელი თეთრი ყვავილებით უხვად დაფარული. მივხვდით, რომ ხეხილი არ იყო და ყვავილებიც უცნაური გვეჩვენა. თავი ვიმტვრიეთ და მაინც ვერ გამოვიცანით რა უნდა ყოფილიყო. ახლა კი ვიცი! ეს თეთრი ხვალოა. ყვავილები კი ყვავილობის შედეგი კი არა, ნორჩი ფოთლუკები იყო. სხვათა შორის, გაზრდილი ხვალოს ფოთოლი ქვემოდან თეთრი, ზემოდან კი მუქი მწვანეა. ჯერ კიდევ ნორჩი ორივე მხრიდან თეთრი ბუსუსებითაა დაფარული და მზეში თეთრი ყვავილივით ანათებს. ასეთივე დიდი ვერხვი აქ, ჩემს ბაღშიც დგას და მის ტოტებზე მგალობელი ჩიტები ნებივრობენ. მაშინ, იმავე საღამოს ორივე ჩემს სახლში მეწვიეთ. გახსოვთ? რა მშვენიერი იყო! ერთმანეთს ცოტა წავუკითხეთ, შუაღამეს კი როცა უკვე ფეხზე მდგომები ერთმანეთს ვემშვიდობებოდით, აივნის ღია კარიდან ღვთაებრივმა ნიავმა დაუბერა და თან ჟასმინის სურნელი მოიტანა. მე ჩემი საყვარელი ესპანური სიმღერა გიმღერეთ:


დაილოცოს ის, ვინც ქვეყნიერება

და მისი ბრწყინვალე მხარეები შექმნა.

მან შექმნა უძიროდ ღრმა ზღვა,

მან შექმნა მასზე მოტივტივე გემები,

მან შექმნა სამოთხე და მისი მუდმივი შუქი,

მან შექმნა მიწა და შენი სახე...!


ოჰ, სონიჩკა, თქვენ თუ ვოლფის ეს მუსიკა არ მოგისმენიათ, არ გეცოდინებათ რამდენი მხურვალე ვნებაა ამ ბოლო, უბრალო სიტყვებში ჩადებული.

 

ახლა, წერილის წერისას, ოთახში დიდი კრაზანა შემოფრინდა და აქაურობას ხმადაბალი ზუილით ავსებს. რა მშვენიერია, რა ღრმაა ამ მსუყე ტონის სიხალისე, რომელიც სიბეჯითის, ზაფხულის სიცხისა და ყვავილების სურნელით თრთის.


სონიჩკა, მხნედ იყავით და მალე, ძალიან მალე მომწერეთ. მენატრებით.


თქვენი როზა.






ვრონკე, 23.05.1917


თქვენი ბოლო, 14-ში გამოგზავნილი წერილი უკვე მიღებული მქონდა, როდესაც მე ჩემი გამოვაგზავნე. ძალიან მიხარია, ზაფხულში ისევ თქვენთან რომ ვიქნები და მსურს, დღეს სულთმოფენობის გამო თბილი მოკითხვა გამოგიგზავნოთ! „მხიარულების მომტანი სულთმოფენობის დღესასწაული იდგა,“ - ასე იწყება გოეთეს „რაინიკე მელა“. იმედია, ამ დღეს შეძლებისდაგვარად მხიარულად გაატარებთ. შარშან სულთმოფენობას მატილდასთან ერთად ლიჰტენრადეში[2] წავედით, სადაც კარლისთვის თავთავი დავკრიფე და არყის ხის კვირტებიანი უმშვენიერესი ტოტი მოვწყვიტე. საღამოს კი „სამი რავენელი კეთილშობილი ასულივით“[3] ვარდებით ხელში სამხრეთის მდელოზე გავისეირნეთ... იასამანი ახლა აქაც აყვავდა. დღეს გაიშალა. ისე თბილა, რომ ჩემი მსუბუქი მუსლინის კაბის ჩაცმა მომიხდა, მაგრამ მზისა და სითბოს მიუხედავად ჩემი ჩიტუნები ნელ-ნელა სულ დადუმდნენ. როგორც ჩანს, ბუდობის დრო მათთვის დიდი გამოწვევაა. მდედრები ბუდეებში სხედან, მამრების ნისკარტებს კი უამრავი საქმე აქვთ. მეუღლეებისთვის საკვები უნდა მოძებნონ. მგონი, გარეთ მდელოზე ან მაღალ ხეებზე ბუდობენ. ყოველ შემთხვევაში ჩემს ბაღში სიმშვიდეა. აქა-იქ ბულბული თუ შეიფრთხიალებს, ან მწვანეულას ნაბიჯების კაკუნს გაიგებთ. გვიან საღამოს კი კიდევ ერთხელ ახმაურდება ნიბლია. ჩემი წივწივები საერთოდ აღარ ჩანან. გუშინ შორიდან ერთი წიწკანასგან მხოლოდ ერთი მოკლე და უცაბედი სალამი მივიღე და ძალიან ავღელდი. წიწკანა ხომ დიდი წივწივასგან განსხვავებით, ერთ ადგილას მობინადრე ფრინველი არ არის. ის მხოლოდ მარტის ბოლოს ბრუნდება ხოლმე ჩვენთან. თავიდან მუდამ ჩემი ფანჯრის სიახლოვეს იყო, სხვებთან ერთად ფანჯარასთან მოდიოდა და თავის სახალისო „ციცი-ბეს“ ბეჯითად მღეროდა. თუმცა ამას ძალიან გაწელილად, ჭირვეული ბავშვის გამოჯავრების ხმის მსგავსად აკეთებდა. ყოველ ჯერზე ვიცინოდი და მეც მსგავსი ხმით ვპასუხობდი. შემდეგ მაისის დასაწყისში დანარჩენებთან ერთად გაქრა. ნამდვილად სადმე სხვაგან დაიბუდა. კვირების განმავლობაში არ მინახავს და არც მისი ხმა გამიგია. გუშინ, იმ გალავნის მეორე მხრიდან, რომელიც ჩვენს ეზოს საპყრობილის სხვა ნაწილისგან ყოფს, ნაცნობი სალამი გავიგონე. მაგრამ ძალიან შეცვლილი და მოკლე. ეს ხმა სწრაფად, ზედიზედ სამჯერ გაისმა: „ცი-ცი-ბე, ცი-ცი-ბე, ცი-ცი-ბე“. ამის შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა. უცბად გული შემეკუმშა. რამდენი რამ იყო ჩადებული ამ შორ და სწრაფ ძახილში. ის ხომ პატარა ფრინველთა მთელ ამბავს შეიცავდა. ეს წიწკანას მოგონება იყო ადრე გაზაფხულის მშვენიერი დროისა და სიყვარულის ძახილის შესახებ. როგორც წესი, ამ დროს ჩიტები მთელ დღეს სიმღერასა და ერთმანეთის მოხმობაში ატარებდნენ. მაგრამ ახლა ისინი მთელ დროს ფრენას, საკუთარი თავისა და ოჯახისთვის კოღოების შეგროვებას უძღვნიან. შესაბამისად, ახლა ჩიტებს მხოლოდ მცირე მოგონებებიღა დარჩათ: „დრო არ მაქვს... ოჰ, ეს მართლაც მშვენიერი იყო... გაზაფხული მალე დასრულდება... ცი-ცი-ბე, ცი-ცი-ბე, ცი-ცი-ბე!“ მენდეთ, სონიუშკა, ჩიტის ამგვარ მცირე ძახილსა და გრძნობების ასეთ ღრმა გამოხატულებას ჩემი ბოლომდე შეძვრა შეუძლია. დედაჩემს, რომელიც შილერის მსგავსად ბიბლიას უმაღლესი სიბრძნის წყაროდ თვლიდა, მტკიცედ და მყარად სჯეროდა, რომ მეფე სოლომონს ჩიტების ენა ესმოდა. მაშინ 14 წლის ასაკისთვის შესაფერისი უპირატესობის გრძნობით აღსავსესა და თანამედროვე საბუნებისმეტყველო განათლებით ამაყს დედის გულუბრყვილობაზე მეღიმებოდა. ახლა კი მეც მეფე სოლომონივით ვარ: მეც მესმის ფრინველთა და ცხოველთა ენა. ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, თითქოს ისინი ადამიანებივით მეტყველებდნენ, მაგრამ მე ყველა იმ განსხვავებულ ნიუანსსა და გრძნობას აღვიქვამ, რომლებსაც ისინი თავის ხმებში აქსოვენ. ჩიტის გალობა ყოველთვის ერთნაირი მხოლოდ გულგრილი ადამიანის უხეში ყურისთვისაა. როდესაც ცხოველები გიყვარს და მათი გესმის, მაშინ გამოხატვის მრავალსახეობას - მთელ ენასაც აღმოაჩენ. ახლაც, ადრეული გაზაფხულის ხმაურს საყოველთაო დადუმება მოსდევს. მე კი ვიცი, რომ თუ შემოდგომაზეც აქ ვიქენი - რაც როგორც ჩანს, ასეც იქნება - იმ დროისთვის ყველა მეგობარი უკან დამიბრუნდება და ჩემს ფანჯარაზე დაუწყებს საკვებს ძებნას. წინასწარ უკვე მახარებს დიდი წივწივას დანახვა, რომელთანაც განსაკუთრებით დავმეგობრდი.


სონიუშა, თქვენ ჩემი ხანგრძლივი დატყვევების ამბით ხართ გამწარებული და კითხულობთ: „რატომ ხდება ასე? რატომ წყვეტენ ადამიანები სხვა ადამიანების ბედს, რა საჭიროა ეს ყველაფერი?“ მაპატიეთ, მაგრამ ამის კითხვისას ხმამაღალი სიცილი ამიტყდა.


დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ ერთ-ერთი პერსონაჟი ქალბატონი ხოხლაკოვაც იგივე კითხვების სვამდა. სასომიხდილი საზოგადოების ხან ერთ წევრს შეჰყურებდა, ხან მეორეს, მაგრამ როდესაც რომელიმე პასუხის გაცემას ცდილობდა, ის უკვე სხვა საკითხზე ხტებოდა. ჩემო ჩიტუნია, კაცობრიობის მთელი ისტორია, რომელიც მოკრძალებული შეფასებებით დაახლოებით ოცი ათასწლეულია გრძელდება „ადამიანების მიერ სხვა ადამიანების ბედის გადაწყვეტას“ ეფუძნება, რასაც ცხოვრების მატერიალურ პირობებში ღრმა ფესვები აქვს გადგმული. ამის შეცვლა მხოლოდ ტანჯვით სავსე განვითარებას შეუძლია. და ახლაც ზუსტად ამ ტანჯვით სავსე ისტორიის ერთ-ერთი მომდევნო თავის მომსწრენი ვართ. თქვენ კითხულობთ, ეს ყველაფერი რისთვის ხდება? „რისთვის“ ცხოვრების მთლიანობასა და ფორმებზე საუბრისას სრულიად უადგილო კითხვაა. რისთვის არსებობენ ამქვეყნად წიწკანები? ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მათი ყოფნა კი მახარებს. გალავნის მეორე მხრიდან სწრაფად და შორიდან გადმოძახილი „ცი-ცი-ბე“ ტკბილ ნუგეშს მგვრის.


თქვენ ზედმეტად დადებითად აფასებთ ჩემს „უშფოთველობას“. სამწუხაროდ, ჩემი შინაგანი წონასწორობა და ნეტარი ყოფა ჩემზე დაცემული უმშვიდესი ჩრდილებითაც კი შეიძლება დაიმსხვრეს. ამ დროს გამოუთქმელად ვიტანჯები ხოლმე. საქმე იმაშია, რომ ასეთ დროს დადუმება შემიძლია. ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. სონიჩკა, პირიდან სიტყვაც კი აღარ ამომდის ხოლმე. მაგალითად, ეს ბოლო დღეები თავს ისე მხნედ და ნეტარად ვგრძნობდი. მზე მახარებდა. უცბად კი ორშაბათს გამყინავმა ქარიშხალმა მომისწრო და იმავე წამს ჩემი გასხივოსნებული სიმხნევე ღრმა ნაღველში გადაიზარდა. ჩემს წინ ჩემივე სულის განსხეულებული ბედნიერებაც რომ აღმართულიყო, ტუჩები მცირე ხმასაც კი ვერ გამოსცემდა. მხოლოდ უტყვი მზერით თუ შევძლებდი ჩემი სასოწარკვეთის შესახებ დაჩივლებას. ცხადია, ლაპარაკის ცდუნებას იშვიათად ვეძლევი. მთელი კვირა ისე გავა, რომ ჩემს ხმას ვერც კი გავიგონებ ხოლმე. სხვათა შორის, გმირული გადაწყვეტილებაც ამ მიზეზით მივიღე და ჩემს მიმის აქ წამოსვლის საშუალება არ მივეცი.


ცხოველი ხალისსა და სიცოცხლესაა მიჩვეული. უყვარს, როდესაც ვმღერი, ვიცინი და მთელ სახლში დამალობანას ვეთამაშები. აქ კი ჩემი შემყურე დანაღვლიანდებოდა. ამიტომაც მატილდესთან ვტოვებ. მატილდე მომავალი დღეების განმავლობაში აპირებს მოსვლას და შესაბამისად, უკეთეს განწყობაზე დადგომის იმედი მაქვს. შეიძლება, სულთმოფენობა ჩემთვისაც გამოდგეს „სიხარულის მომტანი დღესასწაული“. სონიჩკა, მშვიდად და მხნედ მეყოლეთ. დამიჯერეთ, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. კარლი გულითადად მოიკითხეთ. ბევრს გეხვევით.


თქვენი როზა.







ვრონკე, 2017 წლის მაისის ბოლო


სონიუშა, იცით სად ვარ? იცით, ამ წერილს საიდან გწერთ? ბაღიდან! პატარა მაგიდა გამოვათრიე გარეთ და ახლა მწვანე ბუჩქებში ვარ ჩამალული. ჩემს მარჯვნივ ყვითელი მოცხარია, რომელსაც მიხაკის სუნი აქვს, მარცხნივ კი კვიდოს ბუჩქი. ჩემს თავზე ლეკა და ნორჩი ნატიფი წაბლი ერთმანეთისკენ იწვდიან ფართო მწვანე ხელებს. თვალწინ თეთრ ფოთლებიანი, დიდი, კეთილშობილი და ნაზი ხვალო მიშრიალებს. ქაღალდზე, რომელზეც ვწერ, ფოთლების მსუბუქი ჩრდილები მზის ნათელ ხვეულებს ეცეკვებიან. ნაწვიმარი სველი ფოთლებიდან სახესა და ხელებზე დროდადრო წვეთები მეცემა. ციხის ეკლესიაში ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ორღანის ყრუ და ბუნდოვან ჟღერადობას ხეების შრიალი და დღეს მხიარულ ხასიათზე მყოფი ფრინველთა ნათელი გუნდის ხმა გადაფარავს. შორიდან გუგულის ძახილის ხმა ისმის. რა მშვენიერია ყველაფერი და რა ბედნიერი ვარ. უკვე იგრძნობა ბუნიაობის განწყობა, ზაფხულის სრული, უხვი სიმწიფე და ცხოვრებით თრობა. იცნობთ სახალხო სცენას ვაგნერის „მაისტერზინგერიდან“, სადაც ჭრელი მასა ტაშს უკრავს? – „წმინდა იოანეს დღე! წმინდა იოანეს დღე!“ და უცბად ყველა ბიდერმაიერის ვალსის ცეკვას იწყებს. ამ დღეებში სწორედ ეს განწყობა შეიძლება დაგეუფლოთ. გუშინ რა გადამხდა თავს! ეს ამბავი უნდა გიამბოთ. დილას სააბაზანოს ფანჯარასთან დიდი ფარშევანგის პეპელა დავნახე. როგორც ჩანს, უკვე რამდენიმე დღე ჰქონდა ოთახში გატარებული და ფანჯრის მყარ მინას მანამდე ეხეთქებოდა, ვიდრე სასიკვდილო დაზიანებები არ მიიღო. სიცოცხლის ნიშანი მხოლოდ ფრთების სუსტ ფარფატზეღა ეტყობოდა. როდესაც ეს შევამჩნიე, აკანკალებულმა მოუთმენლად ისევ ჩავიცვი, ფანჯარაზე ავძვერი და ფრთხილად ხელში ავიყვანე. აღარ იბრძოდა, ამიტომაც ჩავთვალე, რომ უკვე მკვდარი იყო. მოსასულიერებლად ფანჯრის რაფაზე რომ დავსვი, სიცოცხლის მკრთალი ალი გაუკრთა, თუმცა მაინც უსიცოცხლოდ, უმოძრაოდ ყოფნას განაგრძობდა. მაშინ დასაპურებლად საცეცის წინ გაშლილი ყვავილები დავუწყვე. ზუსტად ამ დროს ნათლად და ომახიანად მწვანე მქირადავას სიმღერა გაისმა. უნებლიედ ხმამაღლა ვთქვი: მოუსმინე, როგორ მხიარულად მღერის ჩიტუნია. ამ სიმღერამ ხომ მაინც უნდა შემოგაბრუნოს? ჩემს ამ ნათქვამსა და ნახევრად მკვდარ ფარშევანგ პეპელაზე მე თვითონვე გამეცინა და გავიფიქრე: ფუჭი სიტყვები! მაგრამ ნურას უკაცრავად. ნახევარი საათის შემდეგ ნაზი არსება მოსულიერდა. ჯერ აქეთ-იქეთ ფრთხილად გადაგორდა და ბოლოს ნელა გაფრინდა! ამ გადარჩენამ როგორ გამახარა! ამაღელვებელი რამ მოხდა.


ნაშუადღევს, რა თქმა უნდა, ისევ ბაღში დავბრუნდი. აქ დილის 8-დან 12-მდე (ამ დროს საჭმელად მეძახიან ხოლმე), შემდეგ კი ისევ 3-დან 6 საათამდე ვარ ხოლმე. მზეს ველოდებოდი. ჯერ კიდევ გუშინ მეგონა, რომ აუცილებლად გამოანათებდა. მაგრამ არ გამოჩნდა და მოვიწყინე. ბაღში დავსეირნობდი, როცა ნიავში რაღაც უცნაური შევნიშნე: ხვალოზე გადამწიფებული ყვავილედები იშლებოდა და მათი მტვერი გარშემო დაფრინავდა, ჰაერს თოვლის ფანტელივით ავსებდა და მიწასა და მთელს ეზოს მოჰფენოდა. ვერცხლისფერი მტვრის ფარფატი საუცხოო სანახავი იყო. ხვალო დანარჩენ ყვავილედიანებზე უფრო გვიან ყვავის და ამგვარი უხვი დამტვერიანებით ძალიან დიდ არეალს მოედება ხოლმე. მისი მცირე ამონაყარიც კი გალავნის ყოველ ნაპრალსა და ქვას შორის სარეველასავით ამოყოფს ხოლმე თავს.


6 საათზე ისევ ჩამკეტეს. ფანჯარასთან მოწყენილი ვიჯექი და ჩახუთულობის გამო თავში ყრუ წნევას ვგრძნობდი. ზემოთ ავიხედე, სადაც პასტელის ფერის ლურჯ ფონზე თეთრი ფუმფულა ღრუბლების ქვეშ თავბრუდამხვევ სიმაღლეზე მკვირცხლი მერცხლები დაქროდნენ და წვეტიანი მაკრატლების მსგავსი ფრთებით ჰაერს ჭრიდნენ. მაგრამ მალე ცა ჩაბნელდა, გარემო დადუმდა, ქარიშხალი ამოვარდა, წვიმამ ძლიერად დაუშვა და ორმაგი მეხის გავარდნამ გარემო შეაზანზარა. ამის შემდეგ დაუვიწყარი სურათი ვიხილე: ქარიშხალმა მალე გზა განაგრძო, აქაურობას გაეცალა, ცა თითქოს ნაცრისფრად გასქელდა და მდორე, ფერმკრთალი, მოჩვენების მსგავსი ბინდი უცბად ისე ჩამოწვა მიწაზე, თითქოს მას მჭიდრო, ნაცრისფერი მოსასხამი გადააფარა.


ფოთლებს ჩუმად და თანაბრად აწვიმდა. ტყვიისფერი და ნაცრისფერი გარემოს თავზე მეწამული ელვა გამოჩნდებოდა ხოლმე, ქუხილის შორი გრგვინვა კი ზვირთის ბოლო, სუსტი ტალღასავით აღწევდა ჩემამდე. ამ მისტიურ გარემოში უცებ ჩემი ფანჯრის წინ ნეკერჩხალზე ბულბული დაფრინდა! შუა წვიმაში, ელვასა და ქუხილში მისი სიმღერა წკრიალა ზარივით გაისმა. ის მოჯადოებულივით, შეპყრობილივით ცდილობდა გალობით ქუხილის გადაფარვასა და ბინდის განათებას. ამაზე უფრო მშვენიერი არაფერი მომისმენია. მისი სიმღერა ხან ტყვიისფერი და ხანაც მეწამული ცის ფონზე გამოსახულ მანათობელ ციალს ჰგავდა. იდუმალი გარემო წარმოუდგენლად ლამაზი იყო. უნებლიედ გოეთეს ერთი ლექსის ბოლო პწკარი გავიმეორე: „ოჰ, აქ რომ იყო!“


მუდამ თქვენი როზა.







ვრონკე, 01.06.1917


... ორქიდეებს ზოგადად კარგად ვიცნობ. ფრანკფურტის უმშვენიერესი სათბურის ერთ განყოფილებას, რომელიც მთლიანად ორქიდეებითაა სავსე, დღეების განმავლობაში ბეჯითად ვსწავლობდი ხოლმე. ეს იმ სასამართლო პროცესის შემდეგ მოხდა, რომელზეც ერთწლიანი სასჯელი მომისაჯეს. მგონია, რომ მათ მსუბუქ სინატიფესა და ფანტასტიკურ, არაბუნებრივ ფორმებში არის რაღაც რაფინირებული და დეკადენტური. ისინი ჩემზე მოხდენილი, ფერუმარილით სახედაფარული როკოკოს დროის მარკიზებივით მოქმედებენ. მათ აღტაცებული, შინაგანი წინააღმდეგობითა და გარკვეული მშფოთვარებით შეპყრობილი ვაკვირდები, რადგან ჩემი ბუნებისთვის ყველაფერი პერვერსიული და დეკადენტური უსიამოვნოა. ბევრად უფრო მეტ სიხარულს მგვრის მაგალითად, უბრალო ლომისკბილა, რომლის ფერშიც ამდენი მზეა ჩაქარგული. ისიც ხომ ჩემსავით მზის სინათლეში სრულად და მადლიერად იშლება, ოდნავი ჩრდილის გამოჩენისას კი ისევ მორცხვად იხურება.


როგორი არაჩვეულებრივი საღამოებისა და ღამეების ხანა დადგა! გუშინ ყველაფერი ენით გამოუთქმელ ჯადოსნობას მოეცვა. მზე დიდი ხნის ჩასული იყო, ცა კი მანათობელ ოპალისფერად და გაურკვეველი ფერის ზოლებად მხატვრის დიდი პალიტრასავით აჭრელებულიყო. თითქოს შრომით დაღლილმა მხატვარმა სამუშაო დღის შემდეგ დასასვენებლად წასვლის წინ ფერები ფუნჯის ფართო მოსმით ერთმანეთში აურია. ჰაერში ოდნავად იგრძნობოდა ავდარი - მსუბუქი, გულის შემავიწროებელი დაძაბულობა. ბუჩქნარი უმოძრაოდ გარინდებულიყო. აღარც ბულბულის ხმა ისმოდა, თუმცა პატარა, შავთავა მწვანე მქირდავი ტოტიდან ტოტზე დაუღალავად ხტოდა და გამყივანად მღეროდა. თითქოს ყველაფერი რაღაცას ელოდა. მეც ფანჯარასთან ვიდექი და ღმერთმა იცის, რას ვუცდიდი. „ჩარაზვის“ 6 საათის შემდეგ ცასა და მიწას შორის მოქცეული ხომ წესით აღარაფერს უნდა ველოდო.






ვრონკე, 20.07.2017


სონიჩკა, ჩემო საყვარელო, რადგან ჩემი აქ ყოფნა იმაზე მეტად იწელება, ვიდრე მეგონა, ვრონკედან კიდევ ერთი, ბოლო მოკითხვა უნდა მიიღოთ. როგორ შეგეძლოთ გეფიქრათ, რომ აღარ მოგწერდით! ჩემი თქვენს მიმართ განწყობა არანაირად არ შეცვლილა და ვერც შეიცვლებოდა. არ გწერდით, რადგან ვიცოდი, რომ ებენჰაუზენიდან[4] გამგზავრების გამო ათასი საზრუნავი გექნებოდათ. ნაწილობრივ კი იმიტომაც, რომ ბოლო დროს უხასიათოდ ვიყავი.


ბრესლაუში წასვლა რომ მიწევს, ეს ალბათ უკვე იცით. დღეს, დილას ადრე ჩემს ბაღნარს გამოვემშვიდობე. ნაცრისფერი, ქარიანი და წვიმიანი ამინდია. ცა დაფლეთილ ღრუბლებს ერეკება, მაგრამ ჩემი ჩვეული დილის გასეირნება მაინც ბოლომდე შევირგე. გალავნის გასწვრივ მიმავალ იმ მოკირწყლულ ვიწრო გზას გამოვეთხოვე, რომელზეც თითქმის ცხრა თვე აქეთ-იქით ვიარე. ამ გზის ყველა ქვასა და ქვებს შორის ამოსულ უკლებლივ ყველა სარეველას კარგად ვიცნობ. ჩემს ყურადღებას რიყის ქვების ფერადოვნება იპყრობს: მოწითალო, მოლურჯო, მწვანე, ნაცრისფერი. გრძელი ზამთრისას, როდესაც ადამიანს ოდნავი ცოცხალი სიმწვანეც კი ასე ძლიერ ენატრება, ჩემი ფერს მოწყურებული თვალი ამ ქვებში ცოტაოდენ ფერადოვნებასა და ემოციებს განსაკუთრებით ეძებდა. ახლა კი ზაფხულის დადგომისას მათ ბზარებს შორის იმდენი თავისებური და საინტერესო რამ გამოჩნდა!                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                       

აქ ჭარბად სახლობენ ველური ფუტკრები და ბზიკები. ისის ქვებს შორის თხილისტოლა მრგვალ ფოსოებს, შიგნით კი ღრმა დერეფნებს ბურრავენ, იქიდან მიწა გამოაქვთ და ზედაპირზე კოხტა გორაკებს აშრევებენ; მიწაყრილებში კვერცხებს დებენ და სანთელსა და ველურ თაფლს აკეთებენ. აქ მუდმივი ფუსფუსი, ხვრელებში შეძრომა და გამოფრენაა. ამიტომაც სეირნობისას დიდი ყურადღების მიქცევა მმართებდა იმისთვის, რომ შემთხვევით რომელიმე მიწისქვეშა საცხოვრებელი არ დამენგრია. გზას ბევრ ადგილას კვეთს ჭიანჭველების ბილიკი, რომელზეც ისინი აქეთ-იქით დარბიან. სწორ ხაზზე გადებული ბილიკები იმდენად მკაფიოდაა მიწაზე გამოკვეთილი, თითქოს მათემატიკურ ცნებებს წარმოადგენდნენ და წერტილებს შორის ყველაზე მოკლე კავშირის დამყარებას ცდილობდნენ (პრიმიტიული ხალხებისთვის ეს საკითხი სრულიად უცნობია!). გალავანს სარეველა გაშმაგებულად მოსდებია. ერთი მცენარე უკვე დაჭკნა და ფანტელებად დაიშალა, სხვები დაუღალავად იკვირტებიან. ამ გაზაფხულს ჩემს თვალწინ ახალგაზრდა ხეების მთელი თაობიდან ზოგმა შუა გზაზე, ზოგმა კი გალავნის კედლებთან აიყარა ტანი. პატარა აკაცია, როგორც ჩანს, მხცოვანი ხის ტოტიდან ჩამოვარდნილი პარკიდან წელს გაღვივდა. მაისის შემდეგ ამქვეყნად ბევრი პატარა ხვალოც გაჩნდა. ისინი თეთრ-მწვანე ფოთლებით მორთულან, რომლებსაც ქარიშხლის დროს მოზრდილი ხეების მსგავსად ფაქიზად არხევენ. რამდენჯერ გადამიკვეთავს მათი გზა, რამდენი განსხვავებული შეგრძნება და ფიქრი გამივლია გონებაში! მკაცრ ზამთარში ბილიკზე ახლად დადებულ თოვლს ფეხით ვკვალავდი ხოლმე. თან ჩემი საყვარელი პატარა წივწივა მახლდა, რომლის ხელახლა ნახვასაც შემოდგომაზე ვიმედოვნებდი, თუმცა ნაცნობ ფანჯარასთან საკვების საძებნელად დაბრუნებული ვეღარ მიპოვის. მარტში, ძლიერი ყინვების პერიოდში რამდენიმე დღიანი დათბობის დროს ჩემი ბილიკი პატარა მდინარედ გადაიქცა. მახსოვს, როგორ აჩენდა ნაზი ნიავი წყლის ზედაპირზე პატარა ტალღებს, რომლებშიც გალავნის აგურები ცოცხლად და მქრალად ირეკლებოდნენ. მერე, როგორც იქნა მაისიც მოვიდა და გალავანთან პირველი ია ამოვიდა, რომელიც თქვენ გამოგიგზავნეთ.


დღეს ხეტიალისას გარემოს ჩაფიქრებული ვაკვირდებოდი და თავში სულ გოეთეს ლექსი მიტრიალებდა:


„მოხუცი მერლინი იმ მანათობელ საფლავში იწვა,

სადაც მე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მას ვესაუბრებოდი...“


გაგრძელება თავადაც იცით. რასაკვირველია, ლექსი ჩემს განწყობასთან და იმწუთიერ ფიქრებთან არანაირად არ იყო დაკავშირებული. მე მხოლოდ სიტყვების მელოდია და ლექსის თავისებური ჯადოქრობა მარწევდა მშვიდად. თავადაც არ ვიცი, როგორ ხდება, რომ ლამაზი ლექსი (განსაკუთრებით კი გოეთეს დაწერილი) ნებისმიერი ძლიერი აღელვების ან ემოციური შეძვრის მომენტში ჩემზე ასე ღრმად მოქმედებს. ეს ისეთივე ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ჰგავს, როცა მოწყურებული ტუჩებით ძვირფას სასმელს ვეწაფები, ის კი შიგნიდან მაგრილებს, სხეულსა და სულს მიჯანსაღებს. „დასავლურ-აღმოსავლური დივნის“ კრებულში[5] შესულ ლექსს, რომელსაც ბოლო წერილში ახსენებთ არ ვიცნობ. თუ შეიძლება, ამომიწერეთ. და კიდევ ერთი რამაა, რაც ჩემს აქაურ გოეთეს ტომს აკლია და რისი ქონაც დიდი ხანია მინდა: ესაა ლექსი Blumengruss (ყვავილის სალამი). ამ სულ პატარა, 4 ან 6 პწკარიან ლექსს ვოლფის სიმღერიდან ვიცნობ და ის აღუწერლად ლამაზია. იმის მისანიშნებლად რომელია, ბოლო პწკარს მოგიყვანთ. ის დაახლოებით ასე ჟღერს:


მონატრების მწველი ტანჯვით მოცულმა,

მე ის მოვწყვიტე

მე ის გულში ჩავიკარი,

აჰ, ეს მგონი, ათასჯერ გავაკეთე!


მუსიკის ფონზე ეს ისე წმინდად, ნაზად და უბიწოდ ჟღერს, როგორც მუხლის მოდრეკა უსიტყვო ლოცვისას. მაგრამ ტექსტი აღარ მახსოვს და მინდა, რომ მქონდეს.


გუშინ საღამოს, დაახლოებით ცხრისთვის ჩინებული წარმოდგენა ვიხილე. ჩემი ტახტიდან ფანჯის მიღმა მანათობელი ვარდისფერი შუქი დავინახე. გამიკვირდა, იმიტომ, რომ ცა მთლიანად ნაცრისფერი იყო. ფანჯარასთან მივირბინე და ხელფეხშეკრულივით გავშეშდი. სრულიად ერთგვაროვან ნაცრისფერ ცაზე აღმოსავლეთით დიდი, არამიწიერი სილამაზის, ვარდისფერი ღრუბელი ლივლივებდა. მარტოხელა და ყველაფრისგან მოწყვეტილი ღიმილს ჰგავდა და თითქოს უცნობი შორეთიდან მოკითხვას მითვლიდა. გათავისუფლებულმა ამოვისუნთქე და ორივე ხელი ჯადოსნური სურათისკენ გავჭიმე. თუკი ამგვარი ფერები და ფორმები არსებობს, მაშინ ცხოვრებაც ლამაზი და ღირებული უნდა იყოს, არა? მანათობელ სურათს მზერით მივეჯაჭვე და მის ყოველ ვარდისფერ სხივს ვშთანთქავდი სანამ უცბად ჩემს თავზე არ გამეცინა. ღმერთო ჩემო! ცა, ღრუბლები და სიცოცხლის მთელი სილამაზე ვრონკეში ხომ არ რჩება? მათთან გამომშვიდობება ხომ არ მიწევს? არა, ისინი ჩემთან ერთად მოდიან, ჩემთან დარჩებიან და სანამ ვიცოცხლებ, ისინიც იქ იქნებიან, სადაც მე.


მალე ბრესლაუდან მოგწერთ. როგორც კი შეძლებთ, იქაც მომინახულეთ. კარლს გულითადი მოკითხვა გადაეცით.


ბევრჯერ გეხვევით. შეხვედრამდე ჩემს მეცხრე საპყრობილეში.


თქვენი ერთგული როზა.






[1] ლუიზე კაუცკი (ქალიშვილობის გვარი რონშპერგერი, 1854-1944) - პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი და გერმანიის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის (USPD) წევრი, როზა ლუქსემბურგის ახლო მეგობარი. 1929 წელს ლუიზე კაუცკიმ როზა ლუქსემბურგის შესახებ დაწერილი მოგონებების წიგნი გამოსცა. ქართველი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ის ფაქტი, რომ 1920-1921 წლებში მან ქმართან, კარლ კაუცკისთან ერთად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოინახულა და 1924 წლის ვენის მუშათა გაზეთის (Wiener Arbeiter-Zeitung) აპრილის ნომერში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს წერილების სერია მიუძღვნა. 1944 წელს 80 წლის ლუიზა კაუცკი ვესტერბორკის გამანაწილებელი ბანაკიდან ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს სადაც მალევე დაიღუპა.



[2] უბანი ბერლინში.



[3] იგულისხმება ქალწულთა მსვლელობის სცენა რავენის, სან აპოლინარე ნუოვოს ტაძრის (VI ს.) მოზაიკიდან.  



[4] ადგილი ბავარიის მხარეში, გერმანია.



[5] „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“ (1813-1919) - იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ლექსების ციკლი.



გერმანულიდან თარგმნა ირინე ჯორჯაძემ

რეადაქტორი თამარ ჯანაშია

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით 






უკან დაბრუნება