წერილები ციხიდან - მესამე ნაწილი
ავტორი: როზა ლუქსემბურგი
თარიღი: 06 მაისი 2021
ბრესლაუ, 02.08.1917 [1]
ჩემო საყვარელო სონიჩკა,
თქვენი წერილი, რომელიც 28-ში მივიღე, პირველი ცნობა იყო, რომელიც აქ გარე სამყაროდან მომწვდა. თქვენთვის ადვილი წარმოსადგენი უნდა იყოს, როგორ გავიხარებდი. თქვენი მოსიყვარულე ზრუნვის გამო ჩემი აქ გადმოსახლება ტრაგიკულ ამბად მიიჩნიეთ... მე კი, როგორც იცით, ბედის ყოველ ახალ შემობრუნებას სათანადო, მხნე შეუდრეკელობით ვიღებ. აქ უკვე კარგად მოვეწყვე. დღეს ვრონკედან წიგნებით სავსე ყუთებიც ჩამომივიდა. ამიტომაც მალე ჩემი ორი საკანი წიგნების, პატარა სურათებისა და იმ მოკრძალებული მორთულობის წყალობით, რომლებსაც ყველგან თან დავატარებ, ისეთივე მშობლიური და მყუდრო გახდება, როგორც ეს ვრონკეში იყო. ორმაგი შემართებითა და სიხარულით შევუდგები საქმეს. ის, რაც აქ მაკლია, რა თქმა უნდა, გადაადგილების შედარებითი თავისუფლებაა. იქაურ ციხეში გარეთ გასვლა მთელი დღის განმავლობაში შემეძლო. აქ კი უბრალოდ ჩარაზული ვარ. კიდევ ბრწყინვალე ჰაერი, ბაღი და ყველაზე მეტად ჩიტები მენატრება! ვერ წარმოიდგენთ, ამ პატარა საზოგადოებაზე როგორი დამოკიდებული ვარ. თუმცა ცხადია, რომ ამ ყველაფრის ატანა შეიძლება და მალე ისიც დამავიწყდება, რომ ამაზე უკეთაც ვყოფილვარ. აქაური მდგომარეობა ძალიან ჰგავს ბარინიმშტრასესას, ერთი ისაა, რომ მას ლაზარეთის კოხტა და მწვანე ეზო აკლია, სადაც ყოველ დღე რაიმე სახის ბოტანიკური ან ზოოლოგიური პატარა აღმოჩენის გაკეთება შემეძლო. აქაურ დიდ მოკირწყლულ ეზოში, სადაც ვსეირნობ ხოლმე, „აღმოსაჩენი“ არაფერია. ამიტომაც ხეტიალის დროს გაფაციცებული მზერით ნაცრისფერ რიყის ქვებს ვეჭიდები რათა თვალი ავარიდო ეზოში მომუშავე ტუსაღებს, რომლებიც ჩემში ყოველი შეხედვისას თავისი ღირსებააყრილი გარეგნობის გამო ტკივილის იწვევენ. მათ შორის ყოველთვის მოიძებნებიან ისეთები, რომელთა ასაკი, სქესი და ინდივიდუალური ნიშნები ადამიანური დეგრადაციის ყველაზე ღრმა ბეჭდითაა დაღდასმული და წაშლილი. მაგრამ ზუსტად ეს მტკივნეული მაგნეტიზმი გამუდმებით იზიდავს ჩემს მზერას. თუმცა მათ შორის ისეთი სახეებიც მოიძებნება, რომლებსაც ციხის სამოსი ვერაფერს აკლებს და რომლებიც მხატვრის თვალს გააბედნიერებდა. ეზოში უკვე აღმოვაჩინე ერთი ახალგაზრდა მუშა ქალი, რომლის თხელი, ლაკონური ფორმები და თავწაკრული მკაცრი პროფილი მილეს[2] გლეხი ქალის სახეს მაგონებს. ერთი სიამოვნებაა იმის ცქერა, თუ როგორი კეთილშობილური მოძრაობითა და მოხდენილობით ათრევს ტვირთს. მისი გალეული სახე, დაჭიმული კანი და თანაბარი, ცარცივით თეთრი სახე პიეროს ტრაგიკულ ნიღაბს მაგონებს. მაგრამ ტრაგიკული გამოცდილებებით გამობრძმედილი ვცდილობ, ამგვარ დამაიმედებელ გამოვლინებებს თავი ავარიდო.
ბარნიმშტრასეზე ერთი ჭეშმარიტად მეფური იერისა და თავდაჭერის მქონე ტუსაღი აღმოვაჩინე და მას გონებაში შესაფერი „ინტერიერიც“ გამოვუგონე. შემდეგ ისე მოხდა, რომ დღიურ სამუშაოზე ის ციხის ჩემს ნაწილში გადმოიყვანეს. ორი დღის შემდეგ გამოჩნდა, რომ ამ მშვენიერი ნიღბის ქვეშ სიშტერისა და მდაბიო მსჯელობის ისეთი ზღვა იმალებოდა, რომ მას შემდეგ მასთან ყოველი გადაკვეთისას ვცდილობდი, პირისპირი მზერისთვის თავი ამერიდებინა. მაშინ გავიფიქრე, რომ ვენერა მილოსელი საუკუნეთა განმავლობაში ქალთა შორის ულამაზესის რეპუტაციას მხოლოდ საკუთარი სიჩუმის წყალობით ინარჩუნებდა. პირი რომ მოეღო შესაძლოა, მთელი მისი მომხიბლაობა ჭირსაც წაეღო.
ჩემს პირდაპირ კაცების საპყრობილეა. ჩვეული, პირქუში, წითელი აგურის შენობა. მაგრამ გალავნის გადაღმა, რომელიღაც ნაგებობის თავზე ხის მწვანე კენწეროს ვხედავ. დიდი შავი ვერხვია, რომელიც ჰაერის ძლიერი დაბერვისას გასაგონად შრიალებს. მას გვერდს შედარებით ღია ფერის, ყვითელი პარკების კონებით დახუნძლულ იფანთა რიგი უმშვენებს. ჩემი ფანჯრები ჩრდილო-დასავლეთით ისე იყურებიან, რომ ზოგჯერ მწუხრის ღრუბლებსაც კი ვხედავ ხოლმე. თქვენ კი იცით, რომ ამგვარ ვარდისფერ ღრუბელს ჩემი აღფრთოვანება და გუნების გამოკეთება შეუძლია. ამ წუთებში, საღამოს 8 საათზე (სინამდვილეში კი ზაფხულის დროით 7-ზე) მზე კაცების საპყრობილის კედლის სამკუთხა წვერებს ჯერ არ ჩასცდენია. ის სახურავის შუშის ჭრილში ახლაც მკვეთრად ბრდღვიალებს და მთელ ცას ოქროსფრად ანათებს. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და თავადაც არ ვიცი რატომ, მაგრამ გუნოს[3] „ავე მარიას“ ჩუმად ვმღერი (თქვენ კი იცნობთ ამ მელოდიას).
დიდი მადლობა გოეთეს ტექსტების გადაწერისთვის. „უფლებამოსილი კაცები“ მართლაც მშვენიერი რამაა, თუმცა თავისით ისინი არ გამახსენდებოდა. ზოგჯერ ხომ საგნის სილამაზეს თავს თავადვე ჩააგონებ ხოლმე. კიდევ მინდა გთხოვოთ, შესაძლებლობის შემთხვევაში „ანაკრეონის საფლავი“[4] გადამიწეროთ. ამ ტექსტს კარგად იცნობთ? ბუნებრივია, ის სათანადოდ და ცხადად უპირველეს ყოვლისა ჰუგო ვოლფის მუსიკის საშუალებით შევიცანი. სწორედ სიმღერაში ტოვებს ის არქიტექტურულ შთაბეჭდილებას და თვალწინ თითქოს ბერძნული ტაძარი გიდგება.
ზუსტად ახლა ცის შესათვალიერებლად მცირე შესვენება გავაკეთე. მზე შენობის უკან უფრო ღრმად ჩაიძირა და ზემოთ, ღმერთმა იცის საიდან გაჩენილი, უხმოდ ერთად შეყრილი პატარა ღრუბლების მირიადები ალივლივდნენ. ვერცხლისფრად მანათობელი ნაპირების მქონე, შუაში ნაზი რუხით შეფერილი კონტურებ დაფლეთილი ღრუბლები ჩრდილოეთისკენ იფანტებიან. მათ მოძრაობაში იმდენი უდარდელობა და ცივი ღიმილია აღბეჭდილი, რომ მეც ვიღიმი. ისე ვიქცევი, როგორც ყოველთვის, როცა გარემომცველი ცხოვრების რიტმის აყოლა მიწევს. განა როგორ შეიძლება, ასეთი ცის შემყურე გაბრაზდე ან დავწვრილმანდე? არასოდეს დაივიწყოთ გარშემო მიმოხედვა. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის შეძლებთ, „კარგი“ იყოთ.
მიკვირს, რომ კარლს მაინცდამაინც ფრინველთა გალობის შესახებ დაწერილი წიგნის შოვნა სურს. ჩემთვის ფრინველთა ხმა მათი მთელი გარეგნობისა და ცხოვრებისგან განუყოფელია. ჩიტები მთლიანობაში მაინტერესებს და არა რომელიმე მათთან დაკავშირებული ამოგლეჯილი დეტალი. მიეცით მას ცხოველთა გეოგრაფიის შესახებ დაწერილი რომელიმე კარგი წიგნი. ძალიან მოეწონება. იმედი მაქვს, მალე მომინახულებთ. ტელეგრამა უფლების მიღებისთანავე გამომიგზავნეთ.
ბევრჯერ გეხვევით.
თქვენი როზა
ღმერთო მოწყალეო! 8 გვერდი გამოსულა! ამჯერად დავასრულებ წერას. გმადლობთ წიგნებისთვის.
2017 წლის შუა ნოემბერი
ჩემო საყვარელო სონიჩკა,
იმედი მაქვს, მალე მომეცემა შესაძლებლობა, რომ ბოლოს და ბოლოს ეს წერილი გამოგიგზავნოთ. ამიტომაც მონატრებული კალამს ვეჭიდები. რამდენ ხანს მომიწია საყვარელ ჩვევაზე უარის თქმა, თქვენთან ქაღალდზე მაინც რომ მემუსაიფა! მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა, რადგან წერილების ის მცირე რაოდენობა, რომლის დაწერის უფლებაც მომცეს, ჰანს დ.[5]-სთვის უნდა გადამენახა. ის ხომ მათ ასე ძალიან ელოდა. მაგრამ ახლა ეს ამბავი დასრულდა. ბოლო ორი წერილი მკვდრისთვის დამიწერია. ერთი უკვე უკან დამიბრუნდა. ჩემთვის ეს ფაქტი ჯერ კიდევ გაუგებარი რჩება. მაგრამ მოდით, ამის შესახებ ნუ ვილაპარაკებთ. ამგვარი საკითხები მირჩევნია ჩემს თავთან, ჩემთვის და მარტომ მოვაგვარო. თუკი ვინმე მოინდომებს „დამინდოს“, ცუდი ახალი ამბისთვის შემამზადოს და საკუთარი მოთქმით „მანუგეშოს“ როგორც ეს ნ.-მ გააკეთა, ეს წარმოუდგენლად მაღიზიანებს. მახელებს ჩემი უახლოესი მეგობრები ასე ცუდად რომ მიცნობენ, სათანადოდ ვერ მაფასებენ და უბრალოდ არ ესმით, რომ ამგვარ შემთხვევებში ჩემთვის უმჯობესია სწრაფად, მაგრამ მოკლედ და უბრალოდ ორი სიტყვით თქმა: ის მოკვდა. მაგრამ მოდით, ეს ამბავი აქ დავასრულოთ.
... როგორ მენანება ეს თვეები და წლები, როცა ამქვეყნად მომხდარი უამრავი საშინელების მიუხედავად ერთად ამდენი ლამაზი საათის გატარება შეგვეძლო. იცით, სონიჩკა, ეს რაც უფრო დიდხანს გრძელდება და ყოველ დღე მომხდარი ვერაგი და საშინელი მოვლენები რაც უფრო ცდება ყველა ზღვარსა და ზომას, მით უფრო მშვიდი და უდრეკი ვხდები. ჩემს თავს ვეუბნები: ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა ქარბუქი, წყალდიდობა, მზის დაბნელება მორალურ განზომილებებს ვერ მიუსადაგებ. ისინი ისე უნდა აღიქვა, როგორც რაღაც მოცემულობა, კვლევისა და შემეცნების საგანი.
როგორც ჩანს, ობიექტურად ეს ისტორიის ერთადერთი შესაძლო გზაა, რომელსაც ისე უნდა გაჰყვე, რომ ძირითადი მიმართულება არ აგებნეს. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს მთელი მორალური ტალახი, რომელშიც მივაბიჯებთ, ეს დიდი საგიჟეთი, რომელშიც ვცხოვრობთ, ერთხელაც იქნება და ერთ წუთში თითქოს ჯადოსნური ჯოხის აქნევით ამოყირავდება, რაიმე დიდად და საგმიროდაც კი იქცევა. ომი თუ კიდევ რამდენიმე წელს გასტანს, ეს ცვლილება ნამდვილად მოვა... წაიკითხეთ ანატოლი ფრანსის „Les dieux ont soif”.[6] ამ ნაწარმოების სიდიადე ჩემთვის, პირველ რიგში, გენიალურად ნაჩვენებ ზოგადსაკაცობრიო ასპექტებშია: როგორც ხედავთ, ამგვარი საცოდავი სახეებითა და ყოველდღიური წვრილმანებით ისტორიის სათანადო მომენტებში უდიდესი მოვლენები და ყველაზე მონუმენტური ჟესტები იქმნება. საზოგადოებრივ მოვლენებში ყველაფერი ისე უნდა აღიქვათ, როგორც პირად ცხოვრებაში: მშვიდად, გულუხვად და ნაზი ღიმილით. მტკიცედ მჯერა, რომ ომის შემდეგ ან ომის დასასრულისკენ ყველაფერი სასიკეთოდ მოტრიალდება, მაგრამ როგორც ჩანს, მანამდე, ვიდრე ეს მოხდება, ადამიანური ტანჯვის ყველაზე მძიმე პერიოდი უნდა გავიაროთ.
სხვათა შორის, ჩემმა ბოლო სიტყვებმა რაღაც მომაგონა - ამბავი, რომელიც მინდა, გაგიზიაროთ, რადგან ის ჩემი აზრით, ძალიან პოეტური და მგრძნობელობით სავსეა. ამის შესახებ ახლახან ფრინველთა მიგრაციის შესახებ დაწერილ ერთ მეცნიერულ შრომაში წავიკითხე. ის აქამდე გამოუცნობ ფენომენს აღწერს. დაკვირვების თანახმად, სხვადასხვა სახეობები, რომლებიც ჩვეულებრივ სასიკვდილოდ მტრობენ და ჭამენ ერთმანეთს, სამხრეთისკენ დიდი მოგზაურობისას, ზღვის თავზე გადაფრენის დროს ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდად მიფრინავენ. ფრინველთა გუნდები, რომლებიც მაღლა ღრუბელივით ზუზუნებენ და ცას აბნელებენ ზამთარში ეგვიპტემდე აღწევენ. მტაცებელ ფრინველთა (ქორი, არწივი, შევარდენი და ბუ) შორის ათასობით პატარა მგალობელი ჩიტი: ტოროლა, ნარჩიტა, ბულბული ყოველგვარი შიშის გარეშე დაფრინავს. მოგზაურობისას მათ შორის უსიტყვო საღვთო ზავი (treve de dieu) მოქმედებს. ყველა ერთი მიზნისკენ ისწრაფვის და გამოფიტულები ნილოსთან მიწაზე ეცემიან რათა იქ საბოლოოდ სახეობებისა და წარმოშობის მიხედვით დანაწილდნენ. გარდა ამისა, დაკვირვებისას აღმოაჩინეს, რომ „დიდ ტბორზე“ გადაფრენისას დიდ ჩიტებს ბევრი პატარა ზურგით გადაჰყავთ. დაინახეს, რომ წეროების გუნდს ზურგზე პაწაწინა გადამფრენი ჩიტები მხარულად ასხდნენ და უსტვენდნენ! განა ეს შესანიშნავი ამბავი არაა?!
... ახლახან უგემოვნო და ჭრელი ლექსების კრებულში ჰუგო ფონ ჰოფმანშტალის ერთი ლექსი აღმოვაჩინე. ზოგადად ჰოფმანშტალი არ მიყვარს, რადგან ჩემი აზრით ზედაპირული და რაფინირებულია, სიცხადე აკლია. მისი უბრალოდ არ მესმის, მაგრამ ეს ლექსი ძალიან მომეწონა. მან ჩემზე ძლიერი პოეტური შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ლექსსაც გიგზავნით. იქნებ, თქვენც მოგანიჭოთ სიამოვნება.
ახლა გეოლოგიამ გამიტაცა. ალბათ ფიქრობთ, რომ ის ძალიან მშრალი მეცნიერებაა, მაგრამ ეს შეცდომაა. გეოლოგიის შესახებ ცხოველი ინტერესითა და ვნებიანი კმაყოფილებით ვკითხულობ. ის კოლოსალურად აფართოებს სულიერ ჰორიზონტს და ადამიანს ერთიან ყოვლისმომცველ წარმოდგენას უქმნის ბუნების შესახებ ისე, როგორც ამას სხვა ვერც ერთი მეცნიერება ვერ ახერხებს. თქვენთვის ამ წიგნიდან უამრავი რამის მოყოლა მსურს, მაგრამ ამისთვის საუბარი უნდა შეგვეძლოს - დილას სამხრეთის მინდვრებზე ერთად ხეტიალი ან მშვიდ, მთვარიან ღამეს ერთმანეთის სახლში რამდენჯერმე გაცილება. ახლა რას კითხულობთ?
„ლესინგის ლეგენდასთან“[7] დაკავშირებით რა მდგომარეობაა? მინდა, თქვენს შესახებ ყველაფერი ვიცოდე! თუკი ეს შესაძლებელია, მომწერეთ იმავე მეთოდით ან ოფიციალური გზით მაინც ისე, რომ ეს წერილი არ ახსენოთ. თქვენთან აქ შეხვედრამდე უკვე მშვიდად ვითვლი კვირებს. ეს ალბათ ახალი წლის მერე მოხდება, არა?
რას იწერება კარლი? ისევ როდის ნახავთ? ჩემგან გულითადად მოიკითხეთ. გეხვევით და ხელს მაგრად გართმევთ. ჩემო საყვარელო, საყვარელო სონიჩკა! მომწერეთ მალე და დაწვრილებით.
თქვენი როზა.
ბრესლაუ, 24.11.1917
... ცდებით, როდესაც ამბობთ, რომ მე თანამედროვე პოეტების მიმართ უარყოფითი წინასწარი განწყობა მაქვს. დაახლოებით 15 წლის წინ დემელი[8] აღფრთოვანებით წავიკითხე. მისი რომელიღაც პროზაული ნაწარმოები იყო, რომელიც სიკვდილის სარეცელზე მიჯაჭვული საყვარელი ქალის შესახებ მოგვითხრობდა. თავად ნაწარმოები ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მან აღმაფრთოვანა. არნო ჰოლცის[9] „ფანტაზუსი“ ახლაც ზეპირად ვიცი. იოჰან შლაფის[10] „გაზაფხულმა“ მაშინ ძალიან მომხიბლა. მერე კი აზრი შევიცვალე და ისევ გოეთესა და მიორიკეს დავუბრუნდი. ჰოფმანშტალის არ მესმის, გეორგს[11] კი არ ვიცნობ. ნამდვილად ასეა: მათი ყველას პოეტური გამოხატვის საშუალებები, ფორმის ოსტატური და სრულყოფილი ფლობა და ყოვლისმომცველი კეთილშობილი მსოფლმხედველობის ნაკლებობა ცოტა არ იყოს მაფრთხობს. ეს გაორება სულში ისეთ სიცარიელეს მიჩენს, რომ ლამაზი ფორმა ჩემთვის მანჭვას ემსგავსება. როგორც წესი, ისინი შესანიშნავ განწყობებს გადმოსცემენ, მაგრამ განწყობა ადამიანის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ჯერ კიდევ არაა.
სონიჩკა, ახლა აქ გაზაფხულის მსგავსი ჯადოსნური საღამოებია. 4 საათზე ეზოში ჩავდივარ. ამ დროს უკვე ბინდდება და უღიმღამო გარემო სიბნელის საიდუმლო მოსასხამში ეხვევა. ცა ნათელ სილურჯეში ანათებს, ვერცხლისფერი ნათელი მთვარე კი მის თავზე ცურავს. ამ დროისთვის, ყოველდღე, ეზოს თავზე ასობით წერო მოშვებულ ფართე ჯგუფად გადაუფრენს და მოსასვენებლად მინდვრებში მდებარე საბუდარი ხისკენ მიფრინავს. წეროების გუნდი აუჩქარებელი ფრთების დგაფუნით მიფრინავს და უცნაურ ხმებს გამოსცემს. ეს ხმა დღისით ნადავლის მტაცებლურად მონადირებისას გამოცემული ბასრი „კრა“-სგან ძალიან განსხვავდება. ახლა ის თითქოს ყელის სიღრმიდან, ხორხიდან ამოდის, დუნედ და რბილად ისმის და ჩემზე მეტალის პატარა ბურთის განცდას ტოვებს. მრავალი წეროს მიერ მორიგეობით ძახილის ერთმანეთთან შენაცვლება თამაშის შთაბეჭდილებას მიქმნის, თითქოს ჰაერში მორკალულნი ისინი ერთმანეთს მეტალის პატარა ბურთს უგდებენ.
ეს ჭეშმარიტი საუბარია „დღევანდელი და ჩავლილი დღეების“ შესახებ... ისინი ყოველ საღამოს თავიანთ ჩვეულებებსა და წინასწარ განსაზღვრულ გზას მისდევენ. მოწიწებით ვადევნებ თვალყურს ამ დიდ ჩიტებს და თავაწეული შევყურებ ცას მანამ, სანამ ბოლო მათგანი არ ჩაიფრენს. მერე სიბნელეში აქეთ-იქით დავდივარ და ვხედავ ტუსაღებს, რომლებიც ეზოში ჩქარ-ჩქარა თავის სამუშაოს ასრულებენ და ბუნდოვანი ჩრდილებივით წინ და უკან დარბიან. მიხარია, რომ მე თვითონ უხილავი ვარ - ასე მარტო, ასე თავისუფალი ჩემს ოცნებებთან ერთად, თავზე ჩემი და წეროების რიგის დაფარული სალმებით. ნაზი გაზაფხულის მსგავსი ჰაერის დაბერვა მატკბობს და მაბედნიერებს. შემდეგ ტუსაღები ეზოს მძიმე ჯამებით ხელში (საღამოს წვნიანი!) გადაკვეთენ. სახლისკენ წყვილებად დაწყობილ რიგებად მიდიან. ერთმანეთს ათი წყვილი მიყვება. მე ბოლო ვარ. ეზოში, საწარმოო შენობებში ნელ-ნელა შუქი ქრება. მეც შენობაში შევდივარ. კარი ორჯერ იკეტება და ირაზება. დღე დასრულდა. ჰანსზე დარდის მიუხედავად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ოცნების სამყაროში ვცხოვრობ, სადაც ის არ მომკვდარა. ჩემთვის ის ცოცხალია და როდესაც მის შესახებ ვფიქრობ, ხშირად ვუღიმი ხოლმე.
სონიჩკა, წარმატებებს გისურვებთ. თქვენი ვიზიტი ისე მახარებს. მალე მომწერეთ, დროებით ოფიციალურად. ახლა ასეც შეიძლება. მერე კი როცა შესაძლებლობა გექნებათ.
გეხვევით.
თქვენი როზა.
ბრესლაუ, 2017 წლის შუა დეკემბერი
... ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კარლი ლუკაუს ციხეში ზის. ამ თვეში ხშირად ვფიქრობდი ამის შესახებ. ზუსტად ერთი წლის წინ თქვენ ჩემთან ვრონკეში იყავით, ლამაზი საახალწლო ნაძვის ხე მაჩუქეთ... სწორედ ახლა მოვატანინე, მაგრამ შელახულია, ტოტები აკლია. წინა წლისას ვერ შეედრება. არ ვიცი, მასზე აღდგენილ რვა ცალ განათებას როგორ დავამაგრებ. ეს ჩემი მესამე შობაა საპყრობილეში, მაგრამ ეს ამბავი ტრაგიკულად არ აღიქვათ. როგორც ყოველთვის, ისევ მშვიდად და მხნედ ვარ. გუშინ დიდხანს ვიწექი ფხიზლად, პირველ საათამდე ვეღარ ვიძინებ. 10 საათზე კი უკვე დაწოლა მიწევს და მერე სიბნელეში სხვადასხვა ოცნებას ვეძლევი. სწორედ გუშინ ვფიქრობდი: რა უცნაურია, რომ ყოველგვარი, განსაკუთრებული მიზეზის გარეშე მუდმივად მხიარულ თრობაში ვცხოვრობ. მაგალითად, ვწევარ ჩაბნელებულ საკანში ქვასავით მაგარ ლეიბზე და ჩემს გარშემო ეკლესიის ეზოს მაგვარი ჩვეული სიჩუმეა, თითქოს საფლავში ვიყო. ფანჯრიდან ჭერზე იმ გარე განათების ჩრდილი იხატება, რომელიც საპყრობილის წინ მთელი ღამე ანთია. დროდადრო შორიდან მდორედ ჩავლილი მატარებლის კაკუნი მაფხიზლებს. ან სულ ახლოს ფანჯრის ქვეშ გახევებული ფეხების ასამოძრავებლად მძიმე ჩექმებით გადადგმული რამდენიმე ნელი ნაბიჯის ხმა და მორიგე დარაჯის ჩახველება ისმის. სველსა და ბნელ ღამეში მის ფეხქვეშ ქვიშის უიმედო ხრაშუნი არსებობის მთელ სიცარიელესა და გამოსავლის არარსებობას ახმოვანებს. მე კი ამ ზამთარს მარტო და მშვიდად ვწევარ, სიბნელის მრავალშრიან შავ ნაჭერში, მოწყენილობაში, არა-თავისუფლებაში გახვეული. ამასთან ერთად ჩემი გული აუხსნელი, უცხო შინაგანი სიხარულით ისე სცემს, თითქოს ბრწყინვალე მზის ნათებაში აყვავებულ მდელოზე დავდიოდე. სიბნელეში სიცოცხლეს ვუღიმი, თითქოს რაღაც ისეთი ჯადოსნური საიდუმლო ვიცოდე, რომელიც ყველა ბოროტებას, ტრაგიკულ ტყუილს ამხელს და მათ კაშკაშა სინათლედ და ბედნიერებად გადააქცევს. ამავე დროს, ამ სიხარულის მიზეზს ვეძებ, მაგრამ მას ვერ ვპოულობ და ჩემს თავზე მეღიმება. მჯერა, რომ საიდუმლო სხვა არაფერია, თუ არა თავად სიცოცხლე. თუ კარგად დაუკვირდები, ღამის ღრმა წყვდიადი ისეთი ლამაზი და რბილია როგორც ხავერდი. თუ იცი, კარგად როგორ მიაყურადო, სველი ქვიშის ხრაშუნში ღამის გუშაგის ნელი, მძიმე ნაბიჯების მიღმა ცხოვრების ლამაზ პატარა სიმღერასაც გაიგონებ. ამგვარ წუთებში თქვენზე ვფიქრობ და ძალიან მინდა, ეს ჯადოსნური გასაღები გაგიზიაროთ იმისთვის, რომ ცხოვრების ნებისმიერ მომენტში, ყოველთვის შეძლოთ მისი სილამაზისა და სიხარულის აღქმა; თქვენც ამგვარ თრობაში იცხოვროთ, თითქოს ფერადოვან მდელოზე დადიოდეთ. მე არ მსურს, თქვენი წარმოსახვითი სიხარულით შეტყუება, არც ასკეტურობას გახვევთ თავს. მინდა, აღქმის ყველა ნამდვილი სიხარული გაგიზიაროთ და ამასთან ერთად, ჩემი ამოუწურავი შინაგანი მხნეობაც გადმოგცეთ რათა თქვენზე აღარ ვიღელვო და ვიცოდე, რომ ცხოვრებას ვარსკვლავებით მოქარგულ ისეთ მოსასხამში გახვეული გაივლით, რომელიც ყოველგვარი სიმდაბლისგან, ბანალურობისა და საშიშისგან დაგიცავთ.
შტეგლიცის პარკში შავი და მეწამული კენკრის ლამაზი თაიგული დაკრიფეთ. შავი კენკრა ალბათ დიდგულაა, მისი ნაყოფი დიდ ფოთლებს შორის შავ მჭიდრო ლებნებად კიდია. ცხადია, იცით რის შესახებაც ვლაპარაკობ, თუმცა შეიძლება, ეს კვიდოც იყოს. მოხდენილი, აწვერილი კენკრის ბუტკოები და ვიწრო, მოგრძო, მწვანე ფოთლუკები. პატარა ფოთლებს უკან მეწამული კენკრა იმალება, რომელიც შესაძლოა, ვაშლანა იყოს. როგორც წესი, ვაშლანა წითელია, მაგრამ წელიწადის ამ გვიან დროს, ოდნავ გადამწიფებულსა ან ლპობა შეპარულს, მეწამული ფერი დაჰკრავს ხოლმე. ფოთლები მირტს მიუგავს. ისინი პატარა და ბოლოში წაწვეტებულია, ზემოთ მუქი მწვანე და ტყავის მსგავსი, ქვემოთ კი უხეში.
სონიუშა, პლატენის[12] „საბედისწერო ჩანგალს“ იცნობთ? შეგიძლიათ, გამოგზავნოთ ან მომიტანოთ? კარლმა ერთხელ ახსენა, რომ ეს ნაწარმოები სახლში წაუკითხავს. გეორგის ლექსები მშვენიერია. ახლა ვიცი, საიდან არის ფრაზა: „და მოწითალო თავთავის შრიალის ქვეშ!“... რომელსაც ველად სეირნობისას ჩვეულებრივ ამბობდით ხოლმე. შეგიძლიათ, ახალი „ამადისი“[13] გადამიწეროთ? ეს ლექსი ისე მიყვარს. რა თქმა უნდა, ჰუგო ვოლფის სიმღერის წყალობით, მაგრამ აქ არ მაქვს. აგრძელებთ „ლესინგის ლეგენდის“ კითხვას? მე ლანგეს[14] მატერიალიზმის ისტორიას მივუბრუნდი, რომელიც მუდამ მაღელვებს და გამომაცოცხლებს. ისე მინდა, რომ ერთხელ თქვენც წაიკითხოთ.
ოჰ, სონიჩკა, აქ ისეთი ძლიერი ტკივილი განვიცადე. ეზოში, რომელშიც ვსეირნობ, ხშირად ტომრებით ან ჯარისკაცთა ფორმებითა და პერანგებით დატვირთული სამხედრო ურმები მოდის ხოლმე. ფორმები ხშირად სისხლის ლაქებითაა დასვრილი. ურემი აქ იცლება, სამოსი საკნებში ნაწილდება, წესრიგდება და იკემსება, შემდეგ კი ისევ იტვირთება და სამხედროებთან ბრუნდება. ცოტა ხნის წინ სატვირთო ურემი მოვიდა, რომელშიც ცხენების ნაცვლად კამეჩები შეებათ. ეს ცხოველი ახლოდან პირველად ვიხილე. ჩვენს ხბოებთან შედარებით უფრო ძლიერი და ფართო აგებულება აქვთ, ბრტყელი თავები ბრტყლად მოღუნული რქებით. თავის ქალა ჩვენს ცხვრებს უგავთ, თვალები სულ შავი, დიდი და ნაზი აქვთ.
ისინი რუმინეთიდან არიან, ომის ნადავლია... ჯარისკაცები, რომლებიც სატვირთო ურემს მართავენ ჰყვებიან, რომ ველური ცხოველების დაჭერა ძალიან რთული იყო. კიდევ უფრო ძნელი აღმოჩნდა თავისუფლებას მიჩვეული ცხოველის გამწევ ძალად გამოყენება. მათ საშინლად სცემდნენ, სანამ ფრაზა vae victis („ვაი დამარცხებულთ“) მათთვის რეალობად არ იქცეოდა... მხოლოდ ბრესლაუში ასამდე ამგვარი ცხოველის ხილვაა შესაძლებელი. რუმინეთის ნოყიერ მდელოებს მიჩვეულები, ახლა საცოდავი და მწირი საკვებით იკვებებიან. მათ ურმების სათრევად დაუნდობლად იყენებენ და ამიტომაც ისინი მალევე იღუპებიან. როგორც უკვე ვთქვი, რამდენიმე დღის წინ ასეთი ტომრებით დატვირთული ურემი მოვიდა, რომელზეც ტომრები ისე იყო დახვავებული, რომ კამეჩებს კარიბჭის ზღურბლის გადმოკვეთა გაუჭირდათ. თანმხლებმა ჯარისკაცმა, სასტიკმა ტიპმა, ცხოველებს მათრახის მომსხო ბოლოთი ისეთი გამეტებით დაუწყო ცემა, რომ ზედამხედველმა ქალმა აღშფოთებულმა ჰკითხა თუ როგორ არ ეცოდებოდა ცხოველები! „ჩვენ, ადამიანებიც არავის ვეცოდებით,“ - უპასუხა მან ბოროტი ღიმილით და რტყმა უფრო ძლიერად განაგრძო. როგორც იქნა, ცხოველები დაიძრნენ და ბორცვი გადმოიარეს, მაგრამ ერთს სისხლი სდიოდა. სონიჩკა, კამეჩის ტყავი სისქითა და უდრეკობით არის ცნობილი და ამ ცხოველს კი ის გაგლეჯილი ჰქონდა. ჩამოტვირთვის დროს დაქანცული კამეჩები მშვიდად იდგნენ. ის კი, რომელსაც სისხლი სდიოდა შავი სახითა და ნაზი შავი თვალებით ისეთი გამომეტყველებით იყურებოდა, თითქოს ტირილისგან შეშუპებული ბავშვი იყო. ეს ზუსტად ამგვარი ბავშვის გამომეტყველება იყო, რომელმაც არ იცის საშინელი სასჯელი რატომ და რისთვის მიიღო, არ იცის ტანჯვასა და უხეშ ძალადობას თავი როგორ უნდა დააღწიოს... მე იქ ვიდექი, ცხოველი მიყურებდა და ლოყებზე ცრემლები ჩამომიგორდა. ეს მისი ცრემლები იყო. საკუთარი საყვარელი ძმის ამბავი არ შეაჟრჟოლებს ისე მტკივნეულად ადამიანს, როგორც მე ამ ჩუმი ტანჯვით გამოწვეულმა ჩემმა უმწეობამ შემაწუხა. რამდენად შორი, მიუღწეველი და დაკარგული ჩანდა თავისუფალი, წვნიანი, მწვანე რუმინეთის ველები! რამდენად სხვაგვარად ანათებდა იქ მზე, უბერავდა ქარი, განსხვავებული იყო ფრინველთა ლამაზი ხმები ან მწყემსთა მელოდიური ძახილი. აქ კი უცხო მოღუშული ქალაქი, მოსაწყენი ბოსელი, საზიზღარი ობმოკიდებული დამპალ ჩალას შერეული თივა, უცხო სასტიკი ადამიანები და დარტყმები, სისხლი, რომელიც ახლად გაჩენილი ჭრილობიდან გადმოდიოდა. ოჰ, ჩემო საწყალო კამეჩო, ჩემო საწყალო, საყვარელო ძმაო, ჩვენ ორივენი აქ ერთნაირად უძლურები და სასოწარკვეთილები ვართ, ტკივილს, უსასოობასა და ნოსტალგიას ვიზიარებთ. ამასობაში ტუსაღები ურმებთან ფუსფუსებდნენ, მძიმე ტომრებს ჩამოტვირთავდნენ და შენობაში შემოჰქონდათ. ჯარისკაცმა ჯიბეში ხელები ჩაიწყო და დიდი ნაბიჯებით ეზოში სეირნობა დაიწყო. იღიმოდა და ცნობილ სიმღერებს უსტვენდა. მთელმა ბრწყინვალე ომმა თვალწინ ჩამიარა...
მალე მომწერეთ, გეხვევით, სონიჩკა.
თქვენი როზა.
სონიუშა, უსაყვარლესო, ყველაფრის მიუხედავად მშვიდად და მხნედ იყავით. ასეთია ცხოვრება და ის ასეც უნდა მივიღოთ: გულადად, უშიშრად და ღიმილით მიუხედავად ყველაფრისა.
ბრესლაუ, 14.01.1918
ჩემო საყვარელო სონიჩკა,
რამდენი ხანია აღარ მომიწერია! მგონი თვეები გავიდა. დღეს ისიც კი არ ვიცი, უკვე ბერლინში ხართ თუ არა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამ პწკარებს დროულად, თქვენი დაბადების დღისთვის მიიღებთ. მატილდეს ვთხოვე, რომ ჩემგან თქვენთვის ორქიდეების თაიგული გამოეგზავნა, მაგრამ საწყალი ახლა საავადმყოფოში წევს და ჩემი დანაბარების შესრულებას ვერ შეძლებს. თქვენ მაინც იცით, რომ ფიქრებითა და მთელი გულით თქვენთან ვარ და დაბადების დღეზე მინდა, ყვავილებით შეგამკოთ: იასამნისფერი ორქიდეებით, თეთრი ზამბახებით, მკვეთრად სურნელოვანი სუმბულებითა და ზოგადად ყველა ყვავილით, რომელიც კი არსებობს. იმედია, შემდეგ წელს მაინც მექნება ამის შესაძლებლობა, ამ დღეს ყვავილები პირადად მოგიტანოთ, ბოტანიკურ ბაღში და ველად ერთად გავისეირნოთ.
რა მშვენიერი იქნებოდა! ჩვენთან ახლა 0 გრადუსია. ამავე დროს, ჰაერში მქრალი გამომაცოცხლებელი გაზაფხულის სურნელი ტრიალებს. ზემოთ კი სქელ, რძესავით თეთრ ღრუბლებს შორის ღრმა ლურჯი ცა ბრწყინავს. ბეღურებიც მხიარულად ჟღურტულებენ. კაცი იფიქრებს, რომ მარტის ბოლოა. გაზაფხულის მოსვლა ისე მახარებს. ეს ერთადერთი რამაა რითაც სანამ ცოცხალი ხარ ვერ გაძღები და რასაც ყოველ წელს უფრო და უფრო აფასებ და იყვარებ. იცით, სონიჩკა, რომ ორგანულ სამყაროში გაზაფხული ახლა, იანვრის დასაწყისში იწყება? ანუ გაღვიძებას უკვე იწყებს და კალენდარულ გაზაფხულს არ უცდის? როდესაც კალენდრის მიხედვით ზამთარი იწყება, ამ დროს ჩვენ ყველაზე ახლოს ვართ მზესთან. ამ მოვლენას კი ყველაფერ ცოცხალზე იდუმალი ზემოქმედება აქვს. მათ შორის ჩვენს ჩრდილო ნახევარსფეროზეც, რომელიც იანვრის დასაწყისში ზამთრის თოვლში გახვეული თითქოს ჯადოსნური ჯოხის აქნევის წყალობით მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს გამოღვიძებას უდებს სათავეს. ხეებზე კვირტები ამოდის, ზოგიერთი ცხოველი განაყოფიერებას იწყებს. ამას წინათ ფრანსთან[15] მისი ერთ-ერთი დაკვირვების შესახებ ვკითხულობდი: ცნობილი ადამიანების საუკეთესო ლიტერატურული და მეცნიერული ნაშრომების შექმნის თვეები იანვარ-თებერვალზე მოდის. გამოდის, რომ შობის შემდეგ ზამთრის ბუნიაობა ადამიანებისთვისაც წარმოადგენს კრიტიკულ მომენტს და სასიცოცხლო ძალების ახალ მოდინებას იწვევს. სონიჩკა, თქვენც ასეთი ნაადრევი ყვავილი ხართ, რომელიც შუა თოვლსა და ყინვაში ამოიზარდა და ამიტომ მთელი ცხოვრების მანძილზე ოდნავ იყინება, ცხოვრებაში თავს შინაურად არ გრძნობს და ფაქიზ სასათბურე ზრუნვას საჭიროებს.
თქვენმა როდენმა[16] საშობაოდ ძლიერ გამახარა! მადლობას მაშინვე გადაგიხდიდით, მატილდეს რომ არ ეთქვა, რომ ფრანკფურტში წახვედით. განსაკუთრებით ამაღელვა როდენის მხრიდან ბუნების მიმართ მგრძნობელობამ, ველად არსებული თითოეული ბალახის მიმართ მოკრძალებამ. შესანიშნავი ადამიანი უნდა ყოფილიყო: გახსნილი, ბუნებრივი, შინაგანი სითბოთი და გონიერებით აღვსილი. ერთმნიშვნელოვნად მაგონებს ჟორესს.[17] მოგწონთ ჩემი ბროოდქორენსი,[18] თუ მას ადრეც იცნობდით? ამ რომანმა ძალიან ჩამითრია. სახელდობრ ლანდშაფტების აღწერები მომეწონა, რომლებიც უმაღლესი პოეტური ძალისაა. როგორც ჩანს, ბროოდქორენსისთვის, ზუსტად ისევე, როგორც დე კოსტერისთვის[19] ფლანდრიის მიწაზე მზის ამოსვლა და ჩასვლა გაცილებით უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ წერტილში. მგონია, რომ ფლანდრიელები თავის პატარა ქვეყანაზე უზომოდ არიან შეყვარებული. ისინი ამ მიწას არა როგორც მიწის მშვენიერ ნაწილს, არამედ როგორც გასხივოსნებულ ნორჩ საცოლეს ისე აღწერენ. მოღუშული და ტრაგიკული დასასრული კი ტილ ულენშპიგელის გრანდიოზული სურათების ფერებს მახსენებს. მაგალითად, საროსკიპოს დანგრევის სცენა. არ გეჩვენებათ, რომ ამ წიგნების კოლორიტი რემბრანდტის[20] ნახატებისას ჰგავს? მთლიანი სურათის სიბნელე, რომელიც ბრჭყვიალა დაძველებულ ოქროს ტონს ერთვის? ყველა დეტალს განსაცვიფრებელი რეალიზმი ახასიათებს და მაინც, ყველაფერი ზღაპრული ფანტაზიის სამყაროშია გადასროლილი.
„ბერლინერ თაგებლათში“[21] წავიკითხე, რომ ფრიდრიხის[22] მუზეუმში ტიციანის[23] ახალი დიდი ტილო კიდია. უკვე მოინახულეთ? ვაღიარებ, რომ ტიციანი ჩემი მეგობარი არაა. ის ჩემთვის ზედმეტად გალოკილი და ცივია, ზედმეტად ვირტუოზული. მომიტევეთ, თუ ეს ბრწყინვალების შეურაცხყოფაა, მაგრამ მე ჩემი უშუალო განცდების მიყოლის გარეშე არ შემიძლია. თუმცა ბედნიერი ვიქნებოდი, ფრიდრიხის მუზეუმში ახალი სტუმრის მოსანახულებლად წასვლა რომ შემეძლოს. ნახეთ უკვე კაუფმანის მამულები, სადაც უამრავი რამ გაკეთდა?
ახლა შექსპირის შესახებ ჩატარებულ სხვადასხვა ძველ, 60-იანი და 70-იანი წლების კვლევებს ვეცნობი. ისინი იმ დროს განეკუთვნებიან, როდესაც გერმანიაში შექსპირის შესახებ ცხოველი დებატები მიმდინარეობდა. შეგიძლიათ სამეფო ან რაიხსტაგის ბიბლიოთეკიდან შემდეგი წიგნები: კლაინის იტალიური დრამის ისტორია და შაკის ესპანეთის დრამატული ლიტერატურის ისტორია მიშოვოთ? ან გერვინუსისა და ულრიცის მიერ შექსპირის შესახებ დაწერილი წიგნები? თავად თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ შექსპირთან? მალე მომწერეთ! გეხვევით და თბილად გართმევთ ხელს. ყველაფრის მიუხედავად მშვიდად და მხნედ იყავით. უსაყვარლესო, სონიჩკა, ნახვამდის!
ჩამოსვლას როდის გეგმავთ?!
სონიუშა, თუ გინდათ, რომ კეთილი საქმე გამიკეთოთ, მატილდეს ჩემი სახელით ქრიზანთემები გაუგზავნეთ. ხარჯებს, აქ რომ იქნებით, მაშინ აგინაზღაურებთ.
თქვენი როზა.
ბრესლაუ, 24.03.1918
ჩემო საყვარელო სონიჩკა,
რამდენი ხანია აღარ მომიწერია, თუმცა ეს დრო სულ თქვენზე ფიქრში გავატარე! ეს დრო წერის სურვილს მეც კი მართმევს... ახლა ერთად ყოფნა, ველად ხეტიალი და რაც კი თავში აზრად მოგვივა ყველაფრის შესახებ საუბარი რომ შეგვეძლოს, ეს ნამდვილი წყალობა იქნებოდა, მაგრამ ამჟამად ამის გაკეთება შეუძლებელია. ჩემი საჩივარი ჩემი უვარგისობისა და გამოუსწორებლობის გამო არ დააკმაყოფილეს. იგივე ბედი ეწია მოკლე შვებულების მოთხოვნასაც. შესაბამისად, სანამ მთელ ქვეყანას არ დავამარცხებთ, მოცდა მომიწევს.
სონიუშა, როდესაც თქვენგან წერილს დიდხანს არ ვიღებ, იმ გრძნობთ ვცხოვრობ, რომ თქვენ მანდ ეული, შფოთიანი, ნაღვლიანი და დაეჭვებული ქარის მიერ ხიდან მოწყვეტილი ფოთოლივით ირხევით. ამის შესახებ ფიქრი ძალიან მტკენს გულს. შეხედეთ, ისევ გაზაფხული მოდის, დღეები ისევ გრძელი და ნათელი ხდება და ველადაც უდავოდ უამრავი რამ იქნება მალე სანახავი და მოსასმენი! ხშირად გადით გარეთ, ცა ახლა თავისი მქროლავი მოუსვენარი ღრუბლებით ისეთი საინტერესო და მრავალფეროვანია. ჯერ კიდევ შიშველი კირქვიანი მიწა ამ ცვალებად განათებაზე ლამაზი უნდა იყოს. ამ ყველაფრის ყურებით ჩემს მაგივრად გაძეხით... ეს ის ერთადერთი რამაა, რაც ცხოვრებაში არასოდესაა საკმარისი, რასაც მუდამ დაჰყვება სიახლის ბრწყინვალება და რისიც მუდამ ერთგული რჩები. აუცილებლად უნდა წახვიდეთ ჩემს მაგივრად ბოტანიკურ ბაღში იმისთვის, რომ მერე რამის შესახებ ზუსტად მიამბოთ. ამ გაზაფხულს რაღაც უცნაური ხდება. ჩიტები ერთი თვით ან თვე-ნახევრით ადრე მოფრინდნენ. ბულბული 10 მარტს უკვე აქ იყო, ჩვეულებრივი მაქცია, რომელიც მხოლოდ აპრილის ბოლოს მოდის ხოლმე 15-ში უკვე იცინოდა. მოლაღურიც კი, რომელსაც სულთმოფენობის ჩიტს ეძახიან და მაისამდე არასოდეს ჩანს, აქ უკვე მზის ამოსვლამდე დილის რუხ გარემოში იწყებს სტვენას! მათი ხმა შორიდან, საგიჟეთის შენობის მიდამოებიდან მესმის. არ ვიცი ეს ნაადრევი შინ დაბრუნება როგორ ავხსნა. მინდა ვიცოდე, იგივე მოვლენა სადმე სხვაგანაც თუ ხდება თუ უბრალოდ აქაური საგიჟეთის გავლენას უნდა მივაწერო. ასე რომ, წადით ბოტანიკურ ბაღში, სონიჩკა, მაგრამ ეს შუადღის საათებში, მზიან დღეს გააკეთეთ. ყველაფერს მოუსმინეთ და მერე მიამბეთ. ეს ხომ ჩემთვის კამბრეს ბრძოლის შედეგის პარალელურად, ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და ნამდვილად გულის გასახარი ამბავია.
რა ლამაზია თქვენი გამოგზავნილი სურათები! რემბრანდტის შესახებ რამის თქმაც კი ზედმეტია. ტიციანის ცხენმა კი მხედარზე უფრო მეტად გამაოგნა. ცხოველში გამოხატულ ასეთ ჭეშმარიტად მეფურ სიძლიერესა და დახვეწილობას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მაგრამ ყველაზე მშვენიერი ბართოლომეო ვენეტოს[24] (რომელსაც სხვათა შორის არ ვიცნობდი) ქალის პორტრეტია. საუცხოო ფერებით თრობა, ნახატის სინატიფე, გამოხატვის საოცარი იდუმალი ჯადოსნობა! რაღაც გაურკვეველი მიზეზით მონა ლიზას მაგონებს. ამ სურათებით ჩემს საკანში ულევი სიხარული და სინათლე შემოიტანეთ.
ჰენსჰენის[25] წიგნი ცხადია, უნდა დაიტოვოთ; განვიცდი, რომ მისი ყველა წიგნი ჩვენს ხელში არ იქნება. მირჩევნია, თქვენ მოგცეთ და არა ვინმე სხვას. შექსპირი მეტ-ნაკლებად დროულად მიიღეთ? კარლი რას იწერება, როდის ნახავთ? ჩემგან უამრავი მოკითხვა გადაეცით და უთხარით: Ça ira (ყველაფერი კარგად იქნება) - მიუხედავად ყველაფრისა.
მხნედ და ყოჩაღად იყავით. სიხარულით მიეგებეთ გაზაფხულს. შემდეგ ჯერზე მას უკვე ერთად გავატარებთ. გეხვევით, უსაყვარლესო. ბედნიერ აღდგომას გისურვებთ! ბავშვებსაც დიდი მოკითხვა გადაეცით!
თქვენი როზა.
ბრესლაუ, 02.05.1918
“კანდიდი”[26] და გრაფინია ულფელდტის[27] მემუარები წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე. “კანდიდი” ისეთი ჩინებული გამოცემაა, რომ გულმა ნება არ მომცა წიგნის გვერდები გამეჭრა. ასევე წავიკითხე. რადგან ნახევარ კეცვაზეა აკინძული, ეს კარგად მოვახერხე. ადამიანური ბოროტებისა და ყოველგვარი საძაგლობის ერთად ასეთი თავმოყრა ომამდე ალბათ, გამრუდებულ სურათად მომეჩვენებოდა, ახლა კი გამორჩეულად რეალისტურად მესახება... ბოლოსკენ როგორც იქნა გავიგე საიდან მოდის გამოთქმა: mais il faut cultiver notre jardin,[28] რომელსაც ზოგჯერ მეც ვიყენებ. „გრაფინია ულფელდტი“ კულტურის საინტერესო დოკუმენტია. გრიმელსჰაუზენის[29] ხსენებაც ნიშანდობლივია... რას აკეთებთ? ხომ ირგებთ ბრწყინვალე გაზაფხულს?
მუდამ თქვენი როზა.
ბრესლაუ 12.5.1918
სონიჩკა, თქვენმა წერილმა ისე გამახარა, რომ ახლავე მინდა გიპასუხოთ. ხედავთ, ბოტანიკურ ბაღში ერთ ვიზიტს როგორი შთაბეჭდილებებისა და რამდენი სიამოვნების მოტანა შეუძლია? ამ სიამოვნებას თავს უფრო ხშირად რატომ არ ანიჭებთ? ამ ყველაფერს თქვენი ხატოვანი და თბილი აღწერებიდან მეც ხომ ვიღებ. სიმართლეს გეუბნებით! დიახ, მე ვიცნობ აყვავებული ნაძვის არაჩვეულებრივ ლალისფერ ბუტკოებს. ისინი იმდენად წარმოუდგენლად ლამაზია, როგორც ზოგადად ყველაფერი ყვავილობისას როცა ყოველ ჯერზე საკუთარ თვალებს ვერ უჯერებ. ეს წითელი ბუტკოები მდედრობითი სქესის ყვავილებია. მათგან შემდეგ დიდი შავი გირჩები იზრდებიან, რომლებიც ტრიალდებიან და თავით ქვემოთ ეკიდებიან. მათ გვერდით ნაკლებად შესამჩნევი, ბაცი ყვითელი, მამრი ნაძვის ბუტკოებია, რომლებიც ოქროს მტვერს ავრცელებენ. „პეტორიას“ არ ვიცნობ. თქვენ წერთ, რომ ეს აკაციის სახეობაა. ფრთისებრი პატარა ფოთლებისა და პეპლისებრი ყვავილების მქონე მცენარეს გულისხმობთ, რომელსაც „აკაციას“ უწოდებენ ხოლმე? ალბათ იცით, რომ ეს ხე, რომელსაც ასე ხშირად აკაციას უწოდებენ, აკაცია კი არა ცრუ აკაციაა. მაგალითისთვის, ნამდვილი აკაცია მიმოზაა. ის გოგირდისფრად ყვავის და თავბრუდამხვევი სურნელება აქვს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ბერლინში გარეთ იზრდებოდეს, რადგან ტროპიკული მცენარეა. ერთხელ დეკემბერში, აჯაკიოში, კორსიკაზე ერთ-ერთ მოედანზე მდიდრულად აყვავებული მიმოზები - უზარმაზარი ხეები ვნახე...
აქ კი სამწუხაროდ, მწვანე ხეების ცქერა მხოლოდ ჩემი ფანჯრიდან შემიძლია. მათ კენწეროებს კედლის გადაღმა ვხედავ. ძირითადად იმით ვარ დაკავებული, რომ ხეების სახეობების ჰაბიტუსითა და ფერის ტონით ამოცნობას ვცდილობ. როგორც ჩანს, მათ უმეტესად სწორად ვცნობ. ამას წინათ შენობაში ნაპოვნი მოტეხილი ტოტი შემოიტანეს. უცნაური შეხედულების გამო მან საყოველთაო აღელვება გამოიწვია. მისით ყველა დაინტერესდა. თელა იყო. გახსოვთ, ზუდენდეს ქუჩაზე დახუნძლულ სურნელოვან მკრთალი მოვარდისფრო-მომწვანო ნაყოფების ჩანთებს რომ გაჩვენებდით? მაშინაც მაისი იდგა. თქვენ სრულად მოიხიბლეთ ამ ფანტასტიკური სანახაობით. ამ ქუჩაზე ადამიანები ათწლეულებია ცხოვრობენ თელების ხეივნებში და აყვავებული ხეები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ „შემჩნეული“... იგივე ხდება ცხოველების მიმართაც. ქალაქში მცხოვრებთა უმეტესობა სინამდვილეში მართლაც გაუთლელი ბარბაროსია...
ჩემს შემთხვევაში კი პირიქით ხდება: en defrit de l'humanité - ორგანულ ბუნებასთან შინაგანი შეზრდა თითქმის ავადმყოფურ ფორმებს იღებს, რაც ცხადია, ჩემს ნერვულ მდგომარეობას უკავშირდება. ქვემოთ ქოჩორა ტოროლას წყვილმა ბარტყი გამოჩეკა. დანარჩენი სამი კვერცხი გაუტყდათ. ეს ერთი კი უკვე მშვენივრად დარბის. ალბათ შეგინიშნავთ, როგორ სასაცილოდ დარბიან ქოჩორა ტოროლები პატარა მოხერხებული ნაბიჯებით. როგორი ფეხმარდები არიან როცა ბეღურასავით ორივე ფეხზე ხტიან. მას უკვე კარგად შეუძლია ფრენა, მაგრამ საკმარის საკვებს: მწერებს, პატარა მუხლუხოებსა და ა. შ. დამოუკიდებლად ჯერ ვერ პოულობს. განსაკუთრებით ასეთ ცივ დღეებში. ყოველ საღამოს, ეზოში ჩემი ფანჯრის ქვეშ გამოჩნდება ხოლმე და გამჭოლად, წუწუნით ძალიან ხმამაღლა იწყებს წრიპინს. ამ ხმაზე ორივე მშობელი მარდად ჩნდება და მშფოთვარე, აღელვებული მზრუნველობით სავსე „ჰუიდ ჰუიდ“-ით საშუალო ხმაზე სცემს პასუხს. შემდეგ ჩქარი შემორბენით სიცივესა და ბინდში რამე ვარგის საჭმელს ეძებენ, მოდიან და წუწუნა ყალთაბანდს ნაპოვნ საჭმელს ნისკარტში უტენიან.
ეს ყველაფერი ახლა ყოველ საღამოს 9-ის ნახევრისთვის მეორდება. როდესაც ჩემი ფანჯრის ქვეშ ეს გამყივანი წუწუნა წრიპინი იწყება და ორივე მშობლის შფოთვასა და ზრუნვას ვხედავ, მაშინვე გული მეკუმშება. დახმარებაც კი არ შემიძლია იმიტომ, რომ ქოჩრიანი ტოროლები იმ მტრედებისა და ბეღურებისგან განსხვავებით, რომლებიც უკვე ძაღლებივით დამდევენ, ძალიან მორცხვები არიან. პური რომ გადაუგდო, შორს მიფრინავენ. ჩემს თავს ამაოდ ვეუბნები, რომ ეს სასაცილოა! ყველა მშიერ ქოჩრიან ტოროლასა და ყველა ნაცემ კამეჩზე, რომელიც ყოველ დღე ეზოში ტომრებით დატვირთული მოდის პასუხისმგებელი ვერ ვიქნები. ყველას გამო ვერ ვიტირებ. ამის გააზრება ვერაფრით მეხმარება და როცა რამე ამგვარს ვხედავ ან მესმის, ძალიან ცუდად ვხდები. მშვენიერი დღისგან დაღლილს სადღაც ახლოს შაშვის აღელვებული ლიკლიკი მესმის, მაგრამ როდესაც ის რამდენიმე დღით დუმდება, იმის შიშით, რომ რამე ცუდი შეემთხვა, სიმშვიდეს ვკარგავ. ტანჯვით ველოდები, რომ სისულელის სტვენა განაგრძოს და დავრწმუნდე, რომ კარგადაა.
ამგვარად, ჩემი საკნიდან ყველა მხარეს მიმავალი მჭიდრო ძაფებით ვარ მიბმული ათასობით დიდ და მცირე არსებას და ყველაფერზე შფოთვით, ტკივილითა და თვითგვემით ვრეაგირებ... თქვენც იმ ფრინველებსა და არსებებს ეკუთვნით, ვისთვისაც შორიდან შინაგანად ვფეთქავ. ვგრძნობ, როგორ იტანჯებით, წლები კი უკან მოუხედავად „ცხოვრების“ გარეშე გადის. მაგრამ მოთმინება და მხნეობა გვმართებს! ჩვენ კიდევ ვიცოცხლებთ და ბევრის განცდასაც მოვახერხებთ. მანამდე კი ყოველ დღე ძველი სამყაროს ერთი ნაწილის ჩაძირვისა და ჩამოშლის მომსწრენი გავხდებით. ბოლოს ძველი სამყარო სრულად ჩაიძირება. ყველაზე სასაცილო და უცნაური კი ისაა, რომ ბევრი ამას ვერც კი ამჩნევს და ჰქონია, რომ ფეხი მყარ ზედაპირზე უდგას...
სონიჩკა, ხომ არ გაქვთ ან ხომ არ შეგიძლიათ, „ჟილ ბლასი“ და „კოჭლი ეშმაკი“ მიშოვოთ? ლესაჟს[30] საერთოდ არ ვიცნობ და უკვე დიდი ხანია, მისი წაკითხვა მინდა. იცნობთ მას? უკიდურეს შემთხვევაში Reclam-ის[31] გამოცემას ვიყიდი.
გულითადად გეხვევით.
თქვენი როზა.
მალე მომწერეთ როგორაა კარლი.
შეიძლება, პფემფერტს სტეინ სტრიოველსის[32] „სელის მინდორი“ ჰქონდეს? კიდევ ერთი ფლანდრიელი. გამომცემლობა Insel-მა[33] გამოსცა, კარგი უნდა იყოს.
ბრესლაუ, 18.10.1918
ძვირფასო სონიჩკა,
გუშინწინ მოგწერეთ. დღემდე არ მიმიღია პასუხი რაიჰსკანცლერისთვის გაგზავნილ ტელეგრამაზე. შეიძლება, ეს ამბავი კიდევ რამდენიმე დღეს გაიწელოს. ყოველ შემთხვევაში ერთი რამაა ცხადი: ჩემი მდგომარეობა უკვე იმგვარია, რომ მეგობრების მხრიდან მონახულება მეთვალყურეობის ქვეშაც კი შეუძლებელია. წლების მანძილზე ყველაფერს მოთმინებით ვიტანდი და გარემოებები სხვა რომ ყოფილიყო, მომდევნო წლებიც ასეთივე მომთმენი დავრჩებოდი. მაგრამ მდგომარეობის საერთო ცვლილებამ ჩემზე მძიმე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. ზედამხედველების წინაშე ლაპარაკი და იმის შესახებ საუბრის შეუძლებლობა რაც მართლა მაინტერესებს, ჩემთვის უკვე იმდენად მძიმეა, რომ მირჩევნია, მნახველების მიღებაზე მანამდე ვთქვა უარი, ვიდრე ერთმანეთს ისევ თავისუფალ ადამიანებად არ შევხვდებით.
ეს ხომ დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. თუ დიტმანი[34] და კურტ აისნერი[35] გაათავისუფლეს, საპყრობილეში მეც ვერ გამაჩერებენ. კარლიც მალე გახდება თავისუფალი. ასე რომ, ბერლინში შეხვედრას დავუცადოთ.
მანამდე კი ათასი მოკითხვა.
მუდამ თქვენი როზა.
[1] ბრესლაუ - საპყრობილე გერმანიაში.
[2] ჟან-ფრანსუა მილე (1814-1875) ფრანგი მხატვარი.
[3] შარლ გუნო (1818-1893) ფრანგი კომპოზიტორი.
[4] ჰუგო ვოლფის მიერ ნამღერი გოეთეს ლექსი.
[5] ჰანს დიფენბახი (1884-1917) როზა ლუქსემბურგის ახლო მეგობარი. დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში.
[6] ანატოლ ფრანსი (1844-1924) ცნობილი ფრანგი პოეტი, ჟურნალისტი, პროზაიკოსი. წერილში როზა ლუქსემბურგი ახსენებს მის ცნობილ ტექსტს „ღმერთებს სწყურიათ“.
[7] გერმანელი მარქსისტი ფილოსოფოსის, პოლიტიკოსისა და ისტორიკოსის ფრანც მერინგის (1846-1919) ნაშრომი.
[8] რიჰარდ დემელი (1863-1921) გერმანელი პოეტი და მწერალი.
[9] არნო ჰოლცი (1863-1929) გერმანელი ნატურალისტი პოეტი და დრამატურგი.
[10] იოჰანეს შლაფი (1862-1941) გერმანელი ნატურალისტი დრამატურგი და მთარგმნელი.
[11] შტეფან გეორგი (1868-1933) გერმანელი სიმბოლისტი პოეტი და მთარგმნელი.
[12] აუგუსტ ფონ პლატენი (1796-1835) გერმანელი პოეტი და დრამატურგი.
[13] „ახალი ამადისი“ ვოლფის სიმღერა, გოეთეს ლექსი.
[14] ფრიდრიხ ალბერტ ლანგე (1828-1875) გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი.
[15] რაულ ფრანსი (1874-1943) ავსტრო-უნგრელი ბოტანიკოსი, მიკრობიოლოგი და ფილოსოფოსი.
[16] ოგიუსტ როდენი (1840-1917) ფრანგი მოქანდაკე.
[17] ჟან ჟორესი (1859-1914) ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
[18] პიერ ბროოდქორენსი (1885-1924) ბელგიელი ფრანგულენოვანი მწერალი.
[19] შარლ დე კოსტერი (1827-1879) ბელგიელი ფრანგულენოვანი მწერალი, ტილ ულენშპიგელის ლეგენდის ავტორი.
[20] რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (1606-1669) ნიდერლანდელი მხატვარი, ფერმწერი და გრავიურების შემქმნელი.
[21] Berliner Tageblatt, 1872-1939 წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგაზეთო გამოცემა გერმანიაში.
[22] იმპერატორ ფრიდრიხის მუზეუმი ბერლინში, ახალი ბოდეს მუზეუმი.
[23] ტიციანი (1488/90-1576) იტალიური რენესანსის წარმომადგენელი, ვენეციური სკოლის მხატვარი.
[24] ბართოლომეო ვენეტო, XVI საუკუნის ვენეციური ფერწერული სკოლის წარმომადგენელი.
[25] იგულისხმება ჰანს დიფენბახი.
[26] ფრანგი მწერლის, ფილოსოფოსისა და დრამატურგის ვოლტერის (1694-1778) ნაწარმოები.
[27] გრაფინია ულფელდტი (1621-1996) მწერალი, დანიის მეფის ქრისტიან მეოთხის ასული.
[28] ჩვენი ბაღი უნდა გავაშენოთ.
[29] ჰანს იაკობ კრისტოფერ ფონ გრიმელსჰაუზენი (1622-1676) - სათავგადასავლო რომანების ავტორი.
[30] “ჟილ ბლასი” და “კოჭლი ეშმაკი” ფრანგი სატირიკოსისა და რომანისტის ალენ-რენე ლესაჟის (1668-1747) ნაწარმოებებია.
[31] Reclam Verlag - გერმანული გამომცემლობა, დაარსდა 1928 წელს.
[32] სტეინ სტრიოველსი (1871-1969) ბელგიელი მწერალი.
[33] Insel Verlag - გერმანული გამომცემლობა, დაარსდა 1901 წელს.
[34] ვილჰელმ დიტმანი (1874-1954) გერმანელი სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსი.
[35] კურტ აისნერი (1867-1919) გერმანელი პოლიტიკოსი, რევოლუციონერი, ჟურნალისტი და თეატრის კრიტიკოსი.
გერმანულიდან თარგმნა ირინე ჯორჯაძემ
რეადაქტორი თამარ ჯანაშია
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით