ვადამდელი გლოვა
ავტორი: თამთა ხალვაში
თარიღი: 26 იანვარი 2021
ეძღვნება ზაზა ხალვაშს
ჯერ კიდევ ზაფხულში დავიწყე შენზე შფოთვა.
თითქოს წინასწარ გეთხოვებოდი...
მერე აღარ იყავი
და შენი ლექსი წავიკითხე.
თურმე, სიმშვიდეს ელოდებოდი,
მე კი წინასწარ გგლოვობდი.
წარმავალობა ფროიდთან..
ვიცი, შენ მოგეწონებოდა.
პირველად ფროიდიც ხომ შენ წამაკითხე.
წარმავალობის შესახებ [1]
ინგლისურიდან თარგმნა
თამთა ხალვაშმა
არც ისე დიდი ხნის წინ, ჩემს სიტყვაძუნწ მეგობართან და ახალგაზრდა, უკვე ცნობილ პოეტთან ერთად, ზაფხულის აყვავებულ ატმოსფეროში სასეირნოდ გავედი.[2] პოეტი მოხიბლული იყო გარშემო არსებული მშვენიერი სანახაობით, თუმცა ვერ ტკბებოდა მისით. მას აწუხებდა აზრი, რომ ეს მშვენიერება განწირული იყო გადაშენებისთვის; რომ ის ისევე გაქრებოდა ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყველა ადამიანური მშვენიერება და ზოგადად, ყოველგვარი სილამაზე თუ ბრწყინვალება ქრება, რაც კი ადამიანს აქამდე შეუქმნია ან ოდესმე შექმნის. ამასთან, სხვა ყველაფერი, რაც მას ასევე უყვარდა და აღაფრთოვანებდა, ღირებულებას მოკლებული ეჩვენებოდა ამ საბედისწერო წარმავალობის გამო.
ჩვენ ვიცით, რომ ყოველგვარი მშვენიერისა და სრულყოფილის განლევისკენ ასეთმა მიდრეკილებამ შესაძლოა ორი განსხვავებული მენტალური იმპულსი აღძრას. ერთს პოეტის მიერ განცდილ, მტკივნეულ ზოგადსაკაცობრიო მწუხარებასთან მივყავართ, მეორეს კი გარდაუვალი ფაქტის წინააღმდეგ აჯანყებასთან. არა, შეუძლებელია, ბუნებისა და ხელოვნების, ჩვენი გრძნობადი სამყაროსა თუ გარე სამყაროს ყველა ეს სიუხვე მართლაც არაფრად გარდაიქმნებოდეს. ამის დაჯერება ზედმეტად უაზრო და სულელური იქნებოდა.. მშვენიერება როგორმე უნდა გრძელდებოდეს, თავს აღწევდეს ყველა გამანადგურებელ ძალას.
თუმცა, უკვდავების ეს წყურვილი ზედმეტად აშკარა შედეგია იმ ჩვენი სურვილებისა, რეალობაზე რომ აცხადებენ პრეტენზიას: ის, რაც მტკივნეულია, შესაძლოა მართალიც იყოს. მე არ შემეძლო ყველაფრის დროებითობის უარყოფა; არც დაჟინებით საუბარი შემეძლო ყოველივე ლამაზისა და სრულყოფილის უნიკალურობაზე, მაგრამ პესიმისტი პოეტის შეხედულებას, რომ მშვენიერის წარმავალობა ყველაფერს უკარგავს ღირებულებას, მაინც შევეწინააღმდეგე.
მეტიც, ზრდის! წარმავალობის ღირებულება დროის უკმარისობაშია. ტკბობის შესაძლებლობის შეზღუდულობა მის ფასეულობას ზრდის. გაუგებრად მომეჩვენა, როგორ შეიძლება მშვენიერების წარმავალობაზე ფიქრი ხელს უშლიდეს მისით ტკბობას. ავიღოთ ბუნება, რომელსაც ზამთარი ანადგურებს - შემდეგ წელს, ის კვლავ იფურჩქნება და მშვენიერების ამ დაბრუნებას, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შედარებით, შეგვიძლია მარადიული ვუწოდოთ. გვეჩვენება, რომ ადამიანური სხეულისა და სახის მშვენიერება სამუდამოდ გაქრება ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში, თუმცა ეს მოკლე სიცოცხლე მას მეტ მომხიბვლელობას სძენს. ყვავილი, რომელიც მხოლოდ ერთი ღამით ყვავის, ამის გამო სულაც არ გვეჩვენება ნაკლებ მიმზიდველად. არც ის მესმის, როგორ შეიძლება ხელოვნების ნიმუშებისა და ინტელექტუალური მიღწევების სრულყოფილება და სილამაზე მათი დროითი შეზღუდულობის გამო გაუფასურდეს. შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც ნახატები და ქანდაკებები, რომლებსაც ვეტრფოდით, განადგურდეს; შესაძლოა, ჩვენს შემდეგ მოვიდეს ადამიანთა მოდგმა, რომელიც ვეღარ ჩაწვდება ჩვენი პოეტებისა და მოაზროვნეების ნამუშევრებს, ან, სულაც, სხვა გეოლოგიური ეპოქა დადგეს, რომელშიც დედამიწაზე არსებული ყველა სიცოცხლე შეწყდება. მაგრამ რადგანაც ყოველივე მშვენიერისა და სრუყოფილის ღირებულება განსაზღვრულია მხოლოდ მისი მნიშვნელობით ჩვენს ემოციურ ცხოვრებაში, მისი არსებობის გაგრძელება სულაც არ არის აუცილებელი, რადგან ის დამოუკიდებელია დროის აბსოლუტურ ხანგრძლივობასთან მიმართებაშიც.
ეს დაშვებები საკამათოდაც არ მეჩვენებოდა, მაგრამ შევამჩნიე, რომ არც პოეტზე და არც ჩემს მეგობარზე იოტისოდენა შთაბეჭდილებაც არ მომიხდენია. ამ აშკარა მარცხმა მიმახვედრა, რომ მუშაობდა ძლიერი ემოციური ფაქტორი, რომელიც მათ განსჯაში უშლიდა ხელს და მოგვიანებით დავრწმუნდი, რომ ამის მიზეზიც აღმოვაჩინე. ეს უნდა ყოფილიყო ემოციური აჯანყება გლოვის წინააღმდეგ, რომელიც მათ მიერ მშვენიერებით ტკბობას უშლიდა ხელს. იდეა, რომ რაღაც, რაც მშვენიერია, ასევე წარმავალიცაა, ამ ორ მგრძნობიარე გონებას წინასწარ აგემებდა გაქრობით გამოწვეულ გლოვას, და ვინაიდან გონება ინსტინქტურად არიდებს თავს ტკივილს, ისინი გრძნობდნენ, რომ მშვენიერებით ტკბობას წარმავალობაზე ფიქრი აბრკოლებდა.
გლოვა დანაკარგზე, რომელიც გვიყვარდა და რომელსაც ვაღმერთებდით, იმდენად ბუნებრივად ეჩვენება ადამიანს, რომ თითქოს ასეც უნდა იყოს. მაგრამ გლოვა დიდი თავსატეხია ფსიქოლოგებისთვის - ერთ-ერთი ფენომენია, რომელიც ახსნას არ ექვემდებარება, თუმცა, რომლის უკანაც, შეიძლება, სხვა გაურკვევლობები იმალებოდეს. წარმოვიდგინოთ, რომ ვფლობთ სიყვარულის უნარის გარკვეულ ოდენობას, რომელსაც ლიბიდოს ვუწოდებთ - რაც განვითარების ადრეულ საფეხურზე საკუთარი ეგოსკენ არის მიმართული, თუმცა, მოგვიანებით, ასევე ადრეულ ასაკში, ის სხვა ობიექტებზე გადადის, რაც გარკვეულწილად ეგოს ნაწილი ხდება. თუ ამ ობიექტებს დავკარგავთ, ჩვენი ლიბიდო თავიდან გამოთავისუფლდება და ამ გზით, სხვა ობიექტებსაც შემოუშვებს ან დროებით საკუთარ ეგოს დაუბრუნდება; მაგრამ ჩვენთვის ამოუცნობი რჩება, რატომ არის ასე მტკივნეული ლიბიდოს განჯაჭვის პროცესი მისი ობიექტებისგან და აქამდე ამ პროცესის ამხსნელი ვერცერთი ჰიპოთეზა ვერ შევიმუშავეთ. მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ლიბიდო ებღაუჭება საკუთარ ობიექტებს და არც მაშინ ნებდება, როდესაც ჩანაცვლების შესაძლებლობა უჩნდება. სწორედ ამაშია მწუხარება.
პოეტთან ჩემი საუბარი სწორედ ომის წინა ზაფხულს შედგა. ერთი წლის შემდეგ დაწყებულმა ომმა სამყარო გაძარცვა მისი მშვენიერებებისგან. მან არა მხოლოდ იმ პეიზაჟების სილამაზე გააბათილა, რომლებშიც მიმდინარეობდა; არა მხოლოდ ის ხელოვნების ნიმუშები გაანადგურა, რომლებიც გზად შემოხვდა, არამედ წელში გადატეხა ჩვენი სიამაყე ცივილიზაციის მიღწევების გამო, ჩვენი აღფრთოვანება მრავალი მოაზროვნითა და ხელოვანით, ჩვენი იმედები, რომ გავიმარჯვებდით რასებსა და ერებს შორის განსხვავებებზე. ომმა ლაფი დაასხა ჩვენი მეცნიერების დიდებულ მიუკერძოებლობას; სააშკარაოზე გამოიტანა, გააშიშვლა ჩვენი ინსტინქტები და გამოათავისუფლა ჩვენში არსებული ბოროტი ვნებები, რომლებიც სამუდამოდ მოთვინიერებული გვეგონა საუკუნეების განმავლობაში მიღებული განათლებით ჩვენს შორის ყველაზე კეთილშობილთა მიერ. ომმა კვლავ შეამცირა ჩვენი სამშობლო და ის დანარჩენ სამყაროს მოწყვიტა. მან უამრავი რამ შემოგვაცალა, რაც გვიყვარდა და გვაჩვენა, თუ რამდენად მსხვრევადია ის, რაც უცვლელი გვეგონა.
ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი ლიბიდო, რომელმაც ამდენი ობიექტი დაკარგა, უფრო ინტენსიურად ჩაებღაუჭა იმას, რაც გადარჩა; რომ სამშობლოს სიყვარული, ზრუნვა ახლობლებზე და სიამაყე იმით, რაც საერთო გვაქვს, კიდევ უფრო გაძლიერდა. თუმცა, ნუთუ იმ სხვა ობიექტების სიმრავლე, რომლებიც დავკარგეთ, მართლაც გაუფასურდა, რადგან ასეთი სუსტი და არამდგრადი აღმოჩნდა? მრავალი ჩვენგანი, ალბათ ასე ფიქრობს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს შეცდომაა. მე მწამს, რომ ვინც ასე ფიქრობს- და, როგორც ჩანს, მზადაა მუდმივ უარყოფაში იყოს, რადგან ის, რაც მისთვის ძვირფასი იყო, ხანგრძლივი არ გამოდგა, მხოლოდ დანაკარგს გლოვობს. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს გლოვა, როგორც ვიცით, ის სპონტანურად სრულდება. მას შემდეგ, რაც ყველა დანაკარგი დაიგმობა, ჩვენი ლიბიდო კიდევ ერთხელ გამოთავისუფლდება - ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ ახალგაზრდები და სიცოცხლისუნარიანები ვართ - რათა დანაკარგები იმდენადვე, ან, შესაძლოა მეტად ფასეული ახალი, ობიექტებით ჩანაცვლდეს. იმედია, იგივე მოხდება ომის დანაკარგების შემთხვევაშიც. როცა გლოვა დასრულდება, გამოჩნდება, რომ ცივილიზაციის სიკეთეების შესახებ ჩვენი მაღალი წარმოდგენები არ განადგურებულა მათი სიმყიფის აღმოჩენის გამო. ჩვენ თავიდან ავაშენებთ ყველაფერს, რაც ომმა დაამსხვრია და შესაძლოა, კიდევ უფრო მყარ საფუძვლებზე და უფრო გამძლედ, ვიდრე აქამდე.
შენიშვნები:
[1] წიგნიდან: The Standard Edition Of The Complete Psychological Works of Sigmund Freud. Translated from the German under the general editorship of James Strachey in collaboration with Anna Freud assisted by Alix Strachey and Alan Tyson. Volume XIV (1914-1916). On the History of the Psycho-Analytic Movement and Papers on Metapsychology and Other Works. Hogarth Press and The Institute of Psycho-Analyses, London, 1957.
[2] ფროიდმა აგვისტოს ნაწილი 1913 წელს დოლომიტესში გაატარა, მაგრამ მისი თანმხლები პირების იდენტობა დაუდგენელია.
* * *
აქ თავმოყრილი დაუსრულებელი წინადადებების ერთობლიობა, ზაზა ხალვაშის ლექსის ფოტოგრაფიული 'ძეგლი' და ზიგმუნდ ფროიდის ესეის თარგმანი თავს უყრის ერთწლიან პროცესს, როცა ვცდილობდი აღმომეჩინა, რა ხდება ჩვენს გონებასა და სხეულში მაშინ, როდესაც დანაკარგის წარსმოსახული შესაძლებლობა ჩვენი გლოვისა და შფოთის მუდმივი საგანია და რა იცვლება მას შემდეგ, როცა ეს მართლაც ხდება. გაგებისა და მნიშვნელობების პოვნის ეს პროცესი დანაღმული აღმოჩნდა უფრო მეტი გაუგებრობითა და მწუხარებით. ამიტომ, ეს ტექსტი წარმავალობის შესახებ განცდილი აფექტების პალიმფსესტი უფროა, ვიდრე მისი სრულყოფილი გაგებისა და გადამუშავების აქტი. ეს პალიმფსესტი შედგება წინასწარი გლოვით გამოწვეული მწუხარების ფრაგმენტებისგან, დანაკარგით განცდილი შემზარავი გამოუთქმელობისგან და ამ გამოუთქმელობით ნაკარნახევი ძიების იმპულსისგან, წარმავალობის მოხელთებისკენ რომ გვიბიძგებს. ამ შემთხვევაში, ძიება პერსონალური გამოცდილების ნაწილია, მაგრამ ახლა, როდესაც მსოფლიო გლოვისა და დანაკარგის პანდემიაშია გახვეული და სიკვდილს მხოლოდ სტატისტიკური მნიშვნელობა აქვს, დანაკარგთან, როგორც აფექტურ პროცესთან მიახლოება, მასზე დაკვირვება და მისი თანაგანცდა აუცილებელი და გარდაუვალი მგონია.