დაიკარგა თორმეტი ქალი - კითხვარი
მაია
კითხვა 1: რა გქვია და რა დაგარქვეს როცა დაიბადე? რა ეროვნების პასპორტს ფლობ ამჟამად?
მაია ნავერიანი – საბჭოური პასპორტით დავიწყე, შემდეგ ბრიტანული და ახლა ქართულიც. გაგრძელება იქნება...
კითხვა 2: როდის და სად იწყება შენი - როგორც ხელოვანის - ბიოგრაფია?
ლონდონში საცხოვრებლად გადასვლის და განქორწინების შემდეგ, როდესაც, რეალურად, პირველად მომეცა დამოუკიდებლად ცხოვრების შანსი. სწორედ ამ დროს გავხდი Vordemberge-Gildewart Foundation-ის პრიზის ლაურეატი და სავსებით მოულოდნელად მივიღე პირველი, საკმაოდ დიდი, ფულადი ჯილდო,. ამან საშუალება მომცა განმეხორციელებინა რამდენიმე არტ-პროექტი.
კითხვა 3: რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი შენი ნამუშევრები საქართველოში და როდის? / რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი საქართველოს ფარგლებს მიღმა?
ჩემი ნამუშევრების გამოფენა 2015 წელს მოეწყო თბილისში, 25 წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ. ორი პერსონალური და სამი ჯგუფური გამოფენა მქონდა. მანმადე, მხოლოდ დასავლეთში მქონდა გამოფენები.
კითხვა 4: რატომ წახვედი? / რატომ დაბრუნდი უკან?
ბავშვობიდან მიზიდავდა ყველაფერი უჩველო და უცხო. ვოცნებობდი კიდეც დიდ მეტროპოლისში მარტო ცხოვრებაზე. ვფიქრობ, ჩემი ეს ლტოლვა იმ პროტესტისგან გამომდინარეობდა, ქართული კონსერვატიული, პარტრიარქალური სისტემის მიმართ რომ მქონდა. აქედან წასვლის გარდაუვალობას იმაშიც ვხედავ, სტუდენტობისას, ინგლისიდან სტუმრად ჩამოსულ სასიამოვნო ყმაწვილთან ხანმოკლე რომანის შემდეგ, დაქორწინება და საცხოვრებლად ლონდონში გადასვლა რომ გადავწყვიტე. რომანტიკული მოტივების გარდა, ალბათ თბილისური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი პროგნოზირებადობისა და ყოველდღიური რუტინულობისაგან გაქცევის სურვილიც მამოძრავებდა.
დღეს, საქართველო ძალიან საინტერესო გარდამავალ ფაზაშია და მეც, ალბათ, ამიტომ ვარ აქ – ისეთი შეგრძნებაა, თითქოს კულტურული სივრცე ფართოდაა გახსნილი და ჯერ ვერ ახერხებს საკუთარი აზრების ფორმულირებას. იგრძნობა ნამდვილი, სიცოცხლით სავსე, ენთუზიაზმი, რომელსაც, ჯერჯერობით, ცინიკური პათოსი არ ახასიათებს. აქ ბუნება და შუქი შთაგონების წყაროდ იქცევა. მთლიანობაში, ალბათ, ის დრამატული კონტრასტი ხდება უმთავრესი შთაგონების წყარო და სასიცოცხლო ენერგიების მომცემი, კულტურულად გადატვირთულ, “დალაგებულ”, გარემოსა და საქართველოს შორის რომ არსებობს.
კითხვა 5: ასახავს თუ არა შენი შემოქმედება შენს ბიოგრაფიას?
ვფიქრობ, ჩემი ბიოგრაფიის “არქივირებით” და დაკავშირებული სურათების, მათ შორის ჩემი სახელის, განმეორებითი გამოყენებით, ვახერხებ გამოვეყო ამ მოვლენებს, ვდისტანცირდე მათგან და უკეთესად აღვიქვა მათი ავთენტური სახე.
კითხვა 6: ახდენენ თუ არა გავლენას შენს შემოქმედებაზე ქართული ვიზუალური ხელოვნების გარკვეული ტრადიციები? / რატომ? / რატომ არა?
გაცნობიერებულად არასოდეს ვირჩევ ქართული, ან რომელიმე სხვა კულტურისთვის დამახასიათებელ ელემენტებს რეფერენსებად, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებს ვიზუალური ტრადიციების ის დისონანსები, დამკვიდრებული კულტურული ნორმების მიღმა რომ გაყავს ხელოვნება. აქედან გამომდინარე, აუთსაიდერი, თვით-ნასწავლი ხელოვანები ყოველთვის დიდი ინსპირაციის წყაროს წარმოადგენენ ჩემთვის. ყოველთვის მაინტერესებდა ფრესკები, რომლებიც შუასაუკუნეების სვანურ ბაზილიკებში გვხვდება. მხიბლავდა მათი სიურეალური ნარატივები, ძალზედ უცნაური სილამაზით რომ კრავდა პაგანურ მითოლოგიასა და ქრისტიანულ სურათებს. სავსებით შესაძლებელია, ბავშვობაში ნანახ ამ ფრესკებს, არაცნობიერად ჰქონოდა გავლენა ჩემი საკუთარი ვიზუალური ენის ფორმირებაზე.
კითხვა 7: დაახასიათებდი შენს შემოქმედებას როგორც ფემინისტურს?
დიახ, ჩემს ნამუშევრებს ფემინისტურად დავახასიათებდი. გარკვეული დრო დამჭირდა ამის გასაცნობიერებლად და ახლა ვხვდები, რომ დასაწყისში, ეს უფრო ინტუიტიური იყო, ვიდრე გაცნობიერებული არჩევანი. თავდაპირველად, გაუცნობიერებლად ვცდილობდი ყველაფრის საბოტაჟირებას, რასაც იდეოლოგიური, პოლიტიკური ან კულტურული ეკლამაცია გააჩნდა. მოგვიანებით გამოიკვეთა, რომ ის სიმბოლიკა და ტექსტები რაზეც ვმუშაობდი, სწორედაც რომ ფემინისტურ პერსპექტივებს წარმოადგენდა. დღევანდელი Fემალე ნარატივების მიმართ ჩემი დამოკიდებულება, სექსუალობის მუდმივი კვლევიდან გამომდინარეობს – შესწავლის ეს საგანი ძალიან საინტერესოა ჩემთვის და ვფიქრობ, რომ სწორედ აქ უნდა ვეძიოთ გენდერულ განსხვავებებთან მიმართებაში არსებული პრობლემების საწყისები. ეჭვი მაქვს, რომ ორივე სქესის სექსუალობის კვლევა და არსებული იერარქიების შეცვლა, დაგვეხმარება დიქოტომიის უხეში საზღვრების ჩამოშლასა და პატრიარქალური დიდაქტიკური წყობის დესტაბილიზირებაში. პატრიარქალური სისტემა დემისტიფიცირებულია და მისი არასრულფასოვნება უკვე თვალსაჩინოა. იყო ფემინისტი, ჩემი აზრით, დღეს არა მხოლოდ თანასწორობისთვის ბრძოლას ნიშნავს, არამედ ახალი ცნობიერების ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანას; ფალოიდური სისტემის დიდაქტიკური დისკურსისგან თავის დაღწევას. შესაძლოა, სწორედ ქალური მზერაა ის წერტილი, საიდანაც ახალი, ღია სივრცეების აღმოჩენა გახდება შესაძლებელი.
კითხვა 8: აქტიურად მოღვაწეობ შენი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის სახელოვნებო სივრცეში? ქართულ სახელოვნებო სივრცეში?
ქართულ სახელოვნებო სივრცეში ტურისტად ვგრძნობ თავს, დასავლეთში კი ემიგრანტად. ორივე სტატუსი დროებით მცხოვრებს ნიშნავს – ორივე სურათის სიმბოლიკა მიყვარს და ვიყენებ ჩემს შემოქმედებაში. ვგრძნობ.