EN KA

გაკეთებული სურათები

ქართული ჩუქურთმა - დავით კაკაბაძე

დღევანდელი მოხსენების საკითხს შეადგენს ქართულ ჩუქურთმების სახეების გამოკვლევა: თუ როგორი სახეები არსებობდა ძველი ხანიდან დაწყებული, ვიდრე XVII საუკუნემდე, როგორ და რაში გამოიხატება მათი განვითარება და როგორი სახეა ამგვარ ხელოვნების დაცემისა.

ჩუქურთმებით ქართულ ხელოვნებაში შემკულია როგორც ეკლესიები, ისე ციხეები და სხვადასხვა შენობები. ეკლესიებში ჩუქურთმებით შემკულია გარეგანი კედლები, უძველეს ხანაში კი შინაგანიც. ქართულ ხელოვნებაში ჩუქურთმა არ კარგავს თავის დანიშნულებას, როგორც შენობის სამკაულს და ყოველთვის თავისი ადგილი უჭირავს და ამკობს, როგორც გარედან სარკმელების და კარების ჩარჩოებს, ისე კოზმოდს და კამაროსანი სვეტებს (ფრიზი). ეკლესიის შინაგან მხარეს კი ამკობს, როგორც ზემოდ თქმულ ადგილებსა, ისე კამარას (საფარის მონასტერი, ხოფის მონასტერი). ხშირად ჩუქურთმა გამოხატავს თვით ეკლესიის აგებულების აზრს (მცხეთა). ქართულ ხელოვნებაში ჩუქურთმას, როგორც ეკლესიის სამკაულს უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი და ამ მხრივ ქართულმა ჩუქურთმამ მიაღწია თავის განვითარების უმაღლეს წერტილს. საზოგადოთ კი ზოგიერთი ნიმუში ჩუქურთმებისა იმდენად საუცხოვოდ არის შესრულებული, რომ წინედ ზოგიერთი ქართულ ხელოვნების ნიმუში მიჩნეული იყო საუკეთესო ნიმუშად ბიზანტიურ ხელოვნებასა (უვაროვისა და კონდაკოვისა, საფარის ეკლესიის კანკელი), ეხლა კი მტკიცდება, რომ ეს არის საუკეთესო ნიმუში ქართული ხელოვნებისა და არა ბიზანტიურისა. ქართულ ჩუქურთმების შესახებ იყო გამოსთქმული სხვა და სხვა აზრი. კონდაკოვი ამბობს, რომ ქართულ ჩუქურთმების (უძველეს ხანის) დამახასიათებელია მხოლოდ გეომეტრიული სახეები და წრეები, XII საუკუნიდან დაწყებული თანდათან შემოდის ახალი სახე, რომელმაც გააუმჯობესა ქართული ჩუქურთმა, ესე იგი ფოთლოსანი და ყვავილოსანი. XV საუკუნის დასაწყისში კი ყვავილოსან სახეს უპირატესობა აქვს წნულზედო, თვით ეს უკანასკნელი სახე კი თანდათან იკარგებაო. ეს აზრიც შემცდარი უნდა იყოს. უძველეს ნიშნებში ჩვენ პირიქით, სახიან ჩუქურთმებს ვხედავთ, როგორც ჯვარის მონასტერში, ატენის სიონის ტაძარსა და ბანაში. შემდეგში თანდათან შემოდის უბრალო წნული, გეომეტრიული სახეები. XI-XII საუკუნეებში წნული და ყვავილოსანი სახეები ერთმანეთს უახლოვდებიან.  ეს უნდა იყოს ქართულ ჩუქურთმის განვითარებს გზა და არა სახეების გავრცელება, წნულის კი მთლად დაკარგვა. ხელოვნების დაცემის დროს კი ყვავილოსანი სახეები სჭარბობს, რასაც ჩვენ ხატების მოჭედლობაზედაც ვამჩნევთ.

ქართული ჩუქურთმა ან წნული თავისი გარეგნული სახით შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დაიყოს: 1) ყვავილოსანი, ფოთლოსანი, სადაც გამოსახულია ყვავილი, ფოთოლი ან სხვა მცენარეს სახე; 2) გეომეტრიული წრეები, სადაც გამოსახულია სხვა და სხვა სახე ჯვრისა ან უბრალო წრისა, ერთმანეთში გადახლართული; 3) გეომეტრიული და ყვავილოსანი სახეები ერთმანეთში გადახლართული და 4) სადაც გამოხატულია ცხოველები, ფრინველები, ადამიანის სახე და ყვავილოსანი, ერთმანეთში გადახლართული.

ყვავილოსანი წნული უმეტეს შემთხვევაში ლოტოსის და აკანთოს ყვავილის სახისაა, მხოლოდ ჯვრის მონასტრის და ატენის სიონის ტაძრის ჩუქურთმა არის სამყურა ფოთოლის სახის, ბანას ტაძარზედ და საფარის მონასტრის კანკელზედ კი ჩუქურთმა ვაზის სახისაა.

უძველესი ხანის ჩუქურთმა, რომლითაც შემკულია ახაშენის ტაძარი, ჯვარის მონასტერი, ატენის სიონის ტაძარი, ბანა, ეხვევის ეკლესია  და დოლის-ყანის ტაძარი (კლარჯეთი). ეს ზემოდ აღნიშნული ტაძრები დაახლოვებით ეკუთვნიან VII-დან IX საუკუნეს. სახე და წნული ამ ჩუქურთმებისა უმეტეს შემთხვევაში ყვავილოსანია (გამოსახულია აკანთოს (ახაშენი, ლოტოსის სახე). ახაშენის ერთი წნული შესდგება ჯვრისა და ფოთოლის სახიდან, ერთმანეთში გადახლართული. ჯვრის მონასტრის და ატენის სიონის ტაძრის ჩუქურთმა სამყურა ფოთოლის სახისაა, რომლის საერთო მოხაზულობა ძლიერ მოგვაგონებს ხატის მოჭედილობის სახეებს. განსაკუთრებული ადგილი აქვს ამ სახეებში ბანის კლესიის ჩუქურთმას. სახე ამ ჩუქურთმისა უფრო წააგავს ნაყოფიან და ფოთლიან ვაზს. დოლის-ყანის ჩუქურთმა და ბანის ეკლესიის ერთი სახე ძლიერ წააგავთ ერთმანეთს, თუმცა პირველი უფრო დაშორებულია ყვავილოსან სახეს, ვიდრე მეორე. ეხვევის ეკლესიის კარის ჩარჩოს ჩუქურთმა ძლერ მოგვაგონებს ყვავილოვან წნულს, რომლის სახესაც ხშირად შევხვდებით შემდეგ საუკუნებში, მაგალითად. ჯვართამაღლების ტაძარში კაცხში (XI ს.). საერთო მოხაზულდობა ამ ჩუქურთმისა ძლიერ წააგავს ხატების მოჭედილობის ზოგიერთ სახეს. ამ ეკლესიის კარის წარბი შესდგება ბაწრის მსგავსი სახის ჩუქურთმისგან (გრეხილი სახისაგან).

საზოგადოთ, ამ ხანის ჩუქურთმა არ არის ისე რთული, როგორც ამას შემდეგ დავინახავთ. უმეტეს შემთხვევაში ყვავილოსანი წნულია, გეომეტრიული სახეები კი, რომელიც ხშირადაა შემდეგ ხანებში, თითქმის არ მოიპოვება (ამ ხანის ნიმუშებიდან ნათლად სჩანს, თუ როგორ მიდიოდა ქართულ ჩუქურთმების განვითარება): X საუკუნის ნიმუშებზედ უკვე ცხადად ვხედავთ ამ დარგის ხელოვნების განვითარებას. საუცხოვო ჩუქურთმები მოიპოვება ტბეთის მონასტერში, სადაც არის წნული, როგორც ყვავილოსან სახისა, ისე გეომეტრიულიც.

ყვავილოსანი წნული, რომლითაც შემკულია სვეტის ხარისხი ტბეთის მონასტერში, საუცხოვოდაა შესრულებული და თვით წნულის რთული ხასიათი ამტკიცებს ხელოვნების წინ წაწევას (წნული სამ რიგისაა).

უფრო რთული არის ატენის სიონის ტაძრის ჩუქურთმა, რომელშიაც გეომეტრიული და ყვავილოსანი სახე ერთმანეთში გადახლართულია.

საზოგადოთ, მარტო ყვავილოსანი სახე იშვიათია და უფრო კი ყვავილოსანი და გეომეტრიული წნული ერთმანეთში გადახლართულია, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ წინა ხანაში. ამის საუცხოვო მაგალითი არის ტბეთის მონასტრის სვეტის შემკულობა. წნული, როგორც გეომეტრიული სახის, ისე გრეხილის ტბეთის მონასტრეში ბლომათ მოიპოვება. გეომეტრიული სახე არის ოთხკუთხი, რომლის შუა გული შესდგება ან ჯვრის წნულიდან ან უბრალო სახიდან. ამგვარი წნული მოიპოვება ხშირად სარკმელის და კამაროსანი სვეტების ხარისხზედ, როგორც ტბეთის მონასტერში, ან კარის ხარისხზედ, როგორც ბედიას ტაძარში. ამგვარი სახეები ძლიერ გავრცელებულია და ნიმუშებსაც ვნახულობთ შემდეგ საუკუნებშიაც.

ქართული ხელოვნების დამახასიათებელი წნულია, რომელიც ამკობს ტბეთის სარკმელის ჩარჩოს. ეს წნული  წრიდან ერთმანეთზე გადახლართული და დაწნულია, რასაც ჩვენ შემდეგში ხშირად დავინახავთ (მაგალითად, ღვიმის მონასტერში, XIII ს.) [ხშირად წრეებიდან შემდგარი სახეები სულ სხვადასხვა მოხატულობისაა. არც ერთი წრე არ არის გამეორებული (მაგალითი შიოღვიმის მონასტრის კანკელი)].

ბედიას მონასტრის კარის ზევით ქუდი ჩუქურთმა, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი და ყვავილოსანი სახე, ძლიერ წააგავს ეხვევის ტაძრის იმავე ჩუქურთმას, მაგრამ შესრულებულია უფრო ლამაზად.

წნულს, წრეებიდან შემდგარს, რომელიც არის კიდევ ბედიის მონასტრის კარის ჩარჩოზედ, ხშირად ვხედავთ შემდეგ საუკუნებშიც. ამ წნულს ვხედავთ, მაგალითად, სამრეკლოს ნანგრევებზედ. ჭულეს მონასტერში, ტისელის ეკლესიის სარკმელის ჩარჩოზედ, სავანეს ტაძრის კარებზედ (XI ს.) და კარზამეთში (XIV ს.).

გეომეტრიული წნული, რომლითაც შემკულია ბედიის მონასტრის კარის სვეტების ხარისხი, ხშირად გვხვდება, მაგალითად, ზარზმის მონასტერში (XI ს.), რომელიც უნდა ეკუთვნოდე IX-X საუკუნეებს ტირის მონასტრის კანკელზედ (XVI ს.) და ღვიმის მონასტერში (შორაპნის მაზრა) (XIII ს.).

განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმ ჩუქურთმას, რომლითაც შემკულია კოზმიდი (ფრიზი) ტბეთის მონასტრისა სახე შესდგება რამდენიმე წრისაგან. ამგვარივე სახე გამეორებულია ნიკორწმინდის მონასტერში  (XI ს.) და აგრეთვე ვხედავთ ხატების მოჭედულობაზედ, როგორც მაგალითად, ფერისცვალების და ჯვარცმის ხატებზედ შემოქმედის მონასტერში, დაახლოვებით XV საუკუნისა.

ამ ყველა ზემოდ აღწერის ჩუქურთმების ნიმუშების შემდეგ და თუ გავიხსენებთ VII-IX საუკუნეების ხანის ნიმუშებს, უკვე შეგვიძლია დაახლოვებით ვსთქვათ, თუ როგორი სახით გამოიხატება ქართულ ჩუქურთმის განვითარება. IX საუკუნემდე ჩუქურთმის სახე უმეტეს შემთხვევაში ყვავილოსანია. თვით წნული ნათლად გამოსახული არ არის (თითქმის არ არის) და მხოლოდ X საუკუნიდან დაწყებული, ყვავილოსანი სახის გარდა, ვხედავთ გეომეტრიული და წრეების სახესაც და წნულს, დამახასიათებელ თვისებას ქართულ ხელოვნებისა, რასაც უკვე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. განვითარება გამოისახება წნულის მკაფიოდ გამოხატვაში.

ტბეთის და ატენის ნიმუშებიდან ვხედავთ, რომ ყვავილოსანი და გეომეტრიული სახე ერთმანეთს უახლოვდებიან და გამოისახება მესამე სახე, ყვავილოსანი და წრე ერთმანეთში გადახლართული. შემდეგ საუკუნებში (XI-XIII ს.) ამ ორი სახის გადახლართვა უმაღლეს წერტილამდის ადის თავის განვითარებაში და ეს უნდა იყოს ქართული ჩუქურთმების წინ მსვლელობის ერთ-ერთი გზა.

XI საუკუნიდან დაწყებული XIII საუკუნემდე ხელოვნებას ეტყობა განვითარების უმაღლეს წერტილამდის ასვლა. ნიმუშები ამ ხანის საუცხოვოდ არის შესრულებული, როგორც ტეხნიკური, ისე საზოგადო მხრივ. აქ ჩვენ ვნახულობთ ოთხივე სახის ნიმუშებს (ყვავილოსანი, წრის, გეომეტრიული და ყვავილოსანი წრისა, ყვავილოსანის და ცხოველების სახეებს, ერთმანეთში გადახლართულს).

საუცხოვო ჩუქურთმებით არის შემკული ბაგრატის ტაძარი ქუთაისში (XI ს.). საყურადღებოა რამდენიმე სვეტის თავის ჩუქურთმა, რომლებშიაც ნათლად სჩანს ხელოვნების განვითარება. ეს ჩუქურთმები წარმოადგენს წნულს ყვავილოსანისა, წრისა და ცხოველების სახის ერთმანეთში გადახლართულს. ყვავილოსანი ლოტოსის ფოთლის სახისაა. ამ ნიმუშებიდან ნათლად სჩანს, თუ როგორ სცდილობდა ქართული წნული თავის განვითარებაში დაეკავშირებინა ყვავილოსანისა წრეებთან. საყურადღებოა წნული, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს გუმბათის სარკმელს და კიდევ გუმბათის ცის შინაგანი მხარის ზევითა ნაწილს. უფრო მკაფიოთ ყვავილოსანის და წრის წნული, ერთმანეთში გადახლართული გამოსახულია სავანის ეკლესიის ჩუქურთმაში (ბაზილიკა, ესე იგი სიონი, ყვირილს მაზრა, XI ს.). ამ გვარ სახეს ჩვენ შემდეგში კიდევ ვხედავთ ნიკორწმინდის და საფარის მონასტერში, მაგრამ უფრო რთულად წნულსა. ზარზმის მონასტრის ჩუქურთმა (სამრეკლოზედ) საყურადღებოა, როგორც გეომეტრიული წრისა და სახის წნული. მეტად საყურადღებო და სხვა და სხვა სახის ჩუქურთმა მოიპოვება ნიკორწმინდის მონასტერში. ამ ჩუქურთმებში ჩვენ ვხედავთ როგორ ყვავილოსან, ისე უბრალო სახეებს. უმთავრესი გზა ქართულ ჩუქურთმების განვითარებისა, დაახლოვება ყვავილოსან და უბრალო წნულის და მათი საზოგადოთ ერთმანეთში დაკავშირება ამ ჩუქურთმებიდან ნათლად სჩანს. ამის მაგალითი არის ეკლესიის გარეგანი კედლებს შემკულობა. საერთო მოხაზულობა ერთისა ძლიერ წააგავს სავანეს ეკლესიის ერთ ჩუქურთმას. ჩუქურთმა და შესდგება რამდენიმე წრისაგან, რომლებშიაც არის ყვავილოსანი და უბრალო წნული, საუცხოვოდ ერთმნეთში გადახლართული. ერთი მათგანი ძლიერ წააგავს წნულს, რომელსაც ხშირად ვნახულობთ, როგორც განცალკევებულ ჩუქურთმას. მაგალითად, თვით ნიკორწმინდის ერთ კარის ჩარჩოზედ, კაცხის ჯვართამაღლების ტაძარზედ და ეხვევის ეკლესიაში კარის ზევით. წნული, რომლითაც ამ ტაძრის სარკმელი, კარის ჩარჩო და კოზმიდი (ფრიზი) არის შემკული, დიდათ საყურადღებოა. ყველა ამ სახეებს ჩვენ ვხედავთ ტბეთის მონასტერში (X ს.), როგორც მაგალითად, კარის ჩარსო  წნულს, რომელსაც ვხედავთ ტბეთს მონასტრის შინაგან სვეტის ხარისხზედ. საზოგადოდ, ეს სახე ძლიერ გავრცელებულია ქართულ ხელოვნებაში და მაგალითად, კარის ჩარჩოს ჩუქურთმა, რომელიც შესდგება ძლიერ რთულ წნულიდან (გადახლართულია გეომეტრიული და წრის სახეები), მოიპოვება ტბეთის მონასტრის ერთ სარკმელის ჩარჩოზედ. საყურადღებოა აგრეთვე გუმბათის სარკმელის ჩარჩოს წნული, რომელიც შესდგება რამდენიმე ერთმანეთში გადახლართული წრისაგან. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამ მონასტრის კოზმიდს (ფრიზი), რომელიც შესდგება რამდენიმე პატარა წრისგან და რასაც ვხედავთ კიდევ ტბეთის მონასტერში. როგორც წინედ მქონდა ნათქვამი, ამ სახეს ვხედავთ ხატების მოჭედილობაზედაც. ნიკორწმინდის მონასტრის კამაროსანი სვეტები ტაძრის ყოველი მხრიდან შემკულია საუცხოვო ჩუქურთმებით და საყურადღებოა და ძლიერ დამახასიათებელი ამ სვეტების თავები და ხარისხი, რომლის სახეს ხშირად ვხედავთ ქართულ ხელოვნებაში. საზოგადოთ, ყველა ზემოდ აღწერილი ჩუქურთმები ნიკორწმინდის მონასტრისა ძლიერ წააგავს ტბეთის მონასტრის ჩუქურთმებს.

 XII-XIII საუკუნის ნიმუშები, სამწუხაროდ, ძლიერ ცოტა არის ჩემს განკარგულებაში. ამ საუკუნის ნიმუშები უფრო ნათლად გვიმტკიცებს ხელოვნების უმაღლეს წერტილამდის ასვლას. საუცხოვო  კანკელი აღმოჩნდა აფხაზეთში, ვორონოვის მამულში. ქ-ნი უვაროვისა ამ კანკელს XII ან XIII საუკუნეებს აკუთვნებს. ეს ჩუქურთმა წარმოადგენს ყვავილოსანის და უბრალო წნულის ერთმანეთში გადახლართულ სახეს. ეს სახე ერთი მეორესთან საუცხოვოდ არის დაკავშირებული, აქვს მთლანი ხასიათის, რთული და ამავე დროს საღი გამოსახვა. ამ ჩუქურთმის ყველა თვისებები დამახასიათებელია ქართულ ჩუქურთმის და კერძოდ კი წნულისა. აგრეთვე საყურადღებოა ღვიმის მონასტრის შემკულობა, რომელიც XIII საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს. უმეტეს შემთხვევაში ეს შემკულობა უბრალო (გეომეტრიული) ხასიათისაა. სამწუხაროდ, არც ერთი დამახასიათებელი ნიმუში ამ ტაძრისა მე არ მომეპოვება.

ეხლა ჩვენ რომ გავიხსენოთ ყველა იმ ჩუქურთმების სახეები, რომლითაც შემკულია ტბეთის, ნიკორწმინდის და სხვა ტაძრები, ცხადათ დავინახავთ იმ განვითარებას, რაზედაც წინედ მქონდა ლაპარაკი. XII-XIII საუკუნებში თითქმის თავდება ქართულ ჩუქურთმების განვითარება. ამ ხანს ჩუქურთმები ხასიათდება საუცხოვო გამოსახულობით და შესრულებით და თავის სიმშვენიერით არ ჩამოუვარდება არც ერთ რომელიმე ხალხის ხელოვნებას.

XIII საუკუნის ნიმუშები არ იძლევა არაფელს ახლს და პირიქით, არა ვხედავთ იმ სიმშვენიერების ხასიათს, როგორიც არის XII საუკუნის. ამ ხანის ხელოვნებას თითქმის დაქვეითების ხასიათიც აქვს. ამის მაგალითი არის ღვიმის მონასტერი. ტაძრის ნანგრევები კარზამეთში (ახალციხის მაზრა), რომელიც უნდა ეკუვნოდეს XIV საუკუნეს არის შემკული მშვენიერი ჩუქურთმებით. ჩუქურთმები, რომლითაც არის შემკული კარის ჩარჩო, დიდათ საყურადღებოა (თუ კი მივიღებთ მხედველობაში საფარის მონასტრის კანკელის ჩუქურთმებს, რომელიც, ბროსეს აზრით, ეკუთვნის XIV საუკნეს (1309), ბაქრაძის აზრით კი XI საუკუნეს). ამ ჩუქურთმების სახე არაფრით არ განირჩევა წინა საუკუნეების ჩუქურთმებისაგან. სახე უბრალო წრისა და წნულისაგან. ერთი მათგანი წარმოადგენს წრისა და ჯვრის გადახრალთულ სახეს (საზოგადო ხასიათი და წნული მშვენივრათ არის შესრულებული), მეორე სახეს კი ვხედავთ X საუკუნის ხელოვნებაში, როგორც ბედიის მონასტრის კარის ჩარჩოზედ. თუკი ჩვენ ჩაუკვირდებით ამ ჩუქურთმებს, დავინახავთ, რომ ეს თავისი ხასიათით არაფრით არ ჩამოუვარდება XI-XII საუკუნის ნიმუშებს. ამავე დროს კი, XIII საუკუნის მეორე ნახევრის ნიმუშების მიხედვით, როდესაც ხელოვნებას თითქმის უკან დახევა ეტყობა, XIV საუკუნეში კი ჩვენ ვხედავთ ხელოვნების ხელახლათ აღორძინებას. XIV ს. ხელოვნების აღორძინების მაგალითს ხატების მოჭედილობაშიც ვხვდებით, რაც ჩემ პირველ მოხსენებაში ხატების მოჭედილობაზედ გაკვრით მოვიხსენიე.

განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საფარის მონასტრის კანკელს, რომელიც ბროსეს აზრით, XIV საუკუნეს ეკუთვნის და ბაქრაძის კი XI საუკუნეს. უვაროვისა და აგრეთვე კონდაკოვი ამბობენ, რომ ჩვენ ეჭვი გვებადებაო, რომ ეს ქართულ ხელოვნებას ეკუთვნოდესო და ათვისებს ბიზანტიურ ხელოვნებას. მაგრამ ეს აზრი შემცდარი უნდა იყოს, რადგან ამგვარ სახეებს ჩვენ ბლომად ვნახულობთ ქართულ ხელოვნებაში. როგორც, მაგალითად, მცხეთის სვეტიცხოველის გარეგან შემკულობაზედ და ამავე ტაძრის კანკელზედ, ისე გუდარეხში და სხვ. ამ ჩუქურთმების ხასიათი ქართული წნულის საუკეთესო ნიმუშია. ყვავილოსანი სახე, წრე და წნული, ერთმანეთში გადახლართული, აკავშირებს მას საზოგადოთ ქართულ ჩუქურთმებთან. გამოსახულობის საზოგადო ხასიათი და მათი ტეხნიკური შესრულობა მშვენიერების უმაღლეს წერტილამდის არის ასული და ეს იყო მიზეზი რომ მას აკავშირებდენ ბიზანტიურ ხელოვნებასთან (კონდაკოვის აზრით, ბერძნების გაკეთებულიაო). ჩუქურთმა, რომელიც შესდგება ორ რიგი წრისაგან. თავის ხასიათის ძლიერ წააგავს ხატების მოჭედილობას, მხოლოდ დამახასიათებელი არის წნული, საუცხოვოდ შესრულებული. სახე ფოთოლისა ლოტოსის ან აკანთოს არა გავს, არამედ უფრო ვაზის ფოთოლს მოგვაგონებს და ამით კი უფრო უახლოვდება ხატების მოჭედილობის სახეს. ყვავილოვანი წნული, რომელიც შესდგება ჯვრის სახისაგან და რომლის საზოგადო ხასიათი აქვს მცხეთის სვეტის ცხოველის ერთ ჩრდილოეთის სარკმელის ჩარჩოს ჩუქურთმას, ვაზის ხასიათისაა. საზოგადოთ საყურადღებოა, რომ ამ კანკელის ჩუქურთმების საზოგადო ხასიათს ჩვენ ვხედავთ მცხეთის ჩუქურთმების ნიმუშებზედ და ორივე ტაძრის კანკელის წნული კი ერთნაირი ხასიათისაა.

ამით თავდება აღწერა ქართული ჩუქურთმების საუკეთესო ნიმუშებისა, რომელშიაც ნათლად სჩანს, თუ როგორ და რა გზით მიაღწია წნულმა თავის განვითარებაში ამ საუცხოვო სახეს.

XV ს. ჩუქურთმების ხასიათი უკვე დიდათ განსხვავდება XI, XII, XIV საუკუნეების ჩუქურთმებიდან. წნულის მკაფიოდ გამოსახვა და ყვავილოსანის და უბრალო წრის ერთმანეთში გადახლართვა, რაც დამახასიათებელია ჩუქურთმების საუკეთესო ნიმუშებისა, უკვე XV საუკუნეში ეგრე საღად არ არის გამოსახული. მაგალითად სვეტიცხოველის შემკულობა უმეტეს შემთხვევაში ყვავილოსანია (ფოთლოსანი). ამ საუკუნის ჩუქურთმების სახე თითქმის ძველია და მხოლოდ მათის შესრულებაში და დაკავშირებაში არის განსხვავება.

მცხეთის სვეტის ცხოველის გარეგანი შემკულობა XV საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს (თუმცა, ამაშიც ესეც საეჭვოა, რომ ყველა ჩუქურთმები XV საუკუნეს ეკუვნოდეს). საზოგადო ხასიათი ამ ჩუქურთმების არ მოგვაგონებს ტბეთის ან ნიკორწმინდის და სხვ. ჩუქურთმებს, სადაც წნულს დიდ მნიშნვნელოვანი ადგილი უჭირავს. არის აქ როგორც ყვავილოსანი, მაგალითად, ჩრდილოეთის და სამხრეთის სარკმელის ჩარჩოზედ და აღმოსავლეთის და დასავლეთის მხარზედ, ისე უბრალო ბაწრის მზგავსი წნულიც. არის ყვავილოსანი ჩუქურთმაც, სადაც წნული სრულებითაც არ არის. ჩუქურთმის ზოგიერთი სახე ხატის მოჭედილობას მოგვაგონებს, ზოგიერთი სახე კი X საუკუნის ნიმუშია. კანკელის ჩუქურთმა, როგორც წინედ მქონდა ნათქვამი, საფარის მონასტრის კანკელის ერთ ჩუქურთმას ძლიერ წააგავს. საზოგადოთ ამ ჩუქურთმებს კარგი ხასიათი აქვს და შეიძლება ქართულ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭიროს. XVI საუკუნის ნიმუშებზედ უკვე ნათლად მოსჩანს ხელოვნების დაქვეითება. ეკლესიების შემკულობა ძლიერ ღარიბია და არა აქვს ის ხასიათი, რასაც წინა საუკუნებში ვხედავდით. ტეხნიკური მხარეც ძლიერ სუსტია, რასაც XVII საუკუნის ნიმუშებზედ უფრო ნათლად ვხედავთ. თუმცა ზოგიერთ ჩუქურთმებს ძველებური ხასიათი აქვს, მაგრამ შევხვდებით სულ ახალ სახესაც.

სოფ. ვალეს ეკლესიის შემკულობა ეკუთვნის (ახალციხის მაზრა) XVI საუკუნეს. ეს ჩუქურთმები დიდათ განსხვავდებიან ყველა ზემოდ აღწერილ სახეებისაგან და წარმოადგენს სხვა ჩუქურთმის სახეს. სახე ყვავილოვანია და ქართული წნული, როგორც განსაკუთრებული თვისება ქართულ ხელოვნებისა, სრულებით არ მოიპოვება. ამ ხასიათის ჩუქურთმას ჩვენ ვხედავთ ფრესკების სახეებზედ და XV-XVI საუკუნეების ხატების მოჭედილობაზედ, რომლის გამოკვლევისათვის საჭიროა განსაკუთრებული შრომა.

ტირის მონასტრის კანკელის ჩუქურთმა ეკუთვნის XVII საუკუნეს. სახე ჩუქურთმისა XIV საუკუნეს ეკუთვნის და ტეხნიკური მხარე კი ძლიერ სუსტად არის შესრულებული. ამ კანკელზედ საზოგადოთ სვეტის თავების სახე შედის, როგორც განსაკუთრებული სახე სვეტის მაგივრად. ეს იმას ამტკიცებს, თუ როგორ დაცემული იყო ხელოვნება XVII საუკუნეში, როდესაც რომელიმე სახეს და ჩუქურთმას თავის დანიშნულება ეკარგება. საზოგადოთ, XVII და XVII საუკუნეებში ნიმუშების მიხედვით სჩანს, რომ ქართულ ხელოვნებას ეკარგება ის მდიდარი და მშვენიერის ჩუქურთმის ხასიათი, რომელიც არსებობდა XI-XII საუკუნებში და მხოლოდ ქართული ხელოვნების დაცემა მტკიცდება.

საყურადღებოა ის ჩუქურთმები, რომელიც მოიპოვება ტისელის ტაძარზედ, ჭულეს მონასტრის სამრეკლოზედ და სხვა, თარიღი კი არ არის ცნობილი. ახალ სახეს კი ეს ჩუქურთმები მაინც არ გვაძლევს და უნდა ეკუთვნოდეს თავისი ხასიათით სხვადასხვა ხანას. კამაროსანი სვეტების შესახებ ზემოდ აღწერაში არაფელი არ მითქვამს. იმ ნიმუშების მიხედვით, რომელიც ამის შესახებ მქონდა, არ შეიძლება, საზოგადო ხასიათი გამოვაკვლიო. მხოლოდ შეიძლება ზოგიერთი დასკვნის გამოყვანა. კამაროსანი სვეტები ორი-სამი და მეტი რიგიდან შესდგება. სვეტის თავები და ძირი მხოლოდ საზოგადოთ ხელოვნების განვითარების დროს ღებულობს ჩუქურთმების შემკულობას. როგორც ნიმუშებიდან სჩანს (ნიკორწმინდა), კამაროსანი სვეტებიც შემკული იყო ჩუქურთმებით. ნიკორწმინდის, იკორთას და ბაგრატის ტაძრის კამაროსანი სვეტის თავები საუკეთესო ნიმუში უნდა იყოს ქართულ ხელოვნებისა. საყურადღებოა ბანას სვეტის თავები, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თავის საუცხოვო მოხატულობით.

ამით მე ვათავებ მოხსენება ქართული ჩუქურთმების შესახებ. იმ ნიმუშების მიხედვით, რომელიც ზემოდ გვქონდა განხილული, შეგვიძლია შემდეგი დასკვნა გამოვიყვანოთ: უძველეს ხანის ჩუქურთმა, დაწყებული VII საუკუნიდან IX საუკუნემდე ყვავილოსანია, თუმცა ზოგიერთი ნიმუშებიც გეომეტრიული სახისაა. წნული ისე რთული არ არის, როგორც შემდეგ ხანებში. X საუკუნიდან დაწყებული ხელოვნებას დიდათ წინ წაწევა ეტყობა. სახეები როგორც ყვავილოსანია, ისე გეომეტრიული და უბრალო წნულისა. თვით წნული ღებულობს უფრო რთულ ხასიათს და XII-XIII საუკუნეში კი ადის უმაღლეს წერტილამდის. დამახასიათებელი თვისება ამ ხანისა არის ყვავილოსანისა და უბრალო წნულის ერთმანეთში დაახლოვება. საზოგადო ხასიათი ამ ნიმუშებისა ძლიერ რთულია და ამავე დროს, არ კარგავს საღი გამოხატულობას. ამ ხანის ჩუქურთმა თავისი საუცხოვო ხასიათით არც ერთ ხალხის ხელოვნებას არ ჩამოუვარდება. XIII საუკუნის ნიმუშები ახალს არაფელს არ იძლევა, წინა საუკუნის სახეებს იმეორებს და ესეც, ზოგიერთ შემთხვევაში, ძლიერ სუსტად არის შესრულებული. საზოგადოთ ეტყობა ხელოვნების დაქვეითება. XIV-XV საუკუნეები ხელოვნების აღორძინების ხანათ უნდა ჩაითვალოს. ამ საუკუნების ნიმუშები თავისი ხასიათით არაფრით არ ჩამოუვარდება XI-XII საუკუნეების ნიმუშებს. სახეები როგორც ყვავილოსანი, ისე უბრალო წნულისა, თუმცა პირველი სჭარობობს მეორე სახეს. XVI საუკუნიდან იწყება ხელოვნების დაცემის ხანა. გარეგნული შესრულება ჩუქურთმისა ძლიერ სუსტია. სახე ზოგიერთ შემთხვევაში ძველი წნულისაა და ზოგიერთი კი უკვე ახალი სახეა, უმეტეს შემთხვევაში კი ყვავილოსანი (ქართული ხელოვნების ფრესკების სახე). საყურადღებოა, რომ ამ ხასიათის სახეს ჩვენ ვხედავთ XV-XVII საუკუნეების ხატების მოჭედილობაზედაც და ამ სახის გამოკვლევისათვის საჭიროა ახალი შრომა ფრესკების ჩუქურთმების შესახებ, რაც ჩვენ სულ ახალ გზას დაგვანახებს.

ამ სახის გაცნობა ბევრ ახალს დაგვანახებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემს განკარგულებაში ცოტა მოიპოვებოდა და არც გამოცემებში არ არის.

უკან დაბრუნება