EN KA

საქართველო 1990-იანები: რჩევები გადარჩენისთვის

'შავი ზღვის მარილიანი გემო' - ანნა ძიაპშიპა

დანართის ეს გვერდი აფხაზეთის ერთგვარი გზამკვლევია. ფოტოები 2015-2017 წლებშია გადაღებული, თანდართული განმარტებები კი ძველი ტურისტული წიგნებიდანაა ამოწერილი, საბჭოთა პერიოდში გამოცემული ბუკლეტების ტექსტებისა და ბოლო წლების აფხაზეთში გადაღებული ფოტოების შერწყმა, იმ მდგომარეობას ასახავს, სადაც ჩვენი რომანტიზებული წარმოდგენები და რეალობა იკვეთება. ამ მეტაფიზიკურ გზამკვლევში ტექსტი მეხსიერებაა, ფოტოები კი რეალობის აღქმის ერთ-ერთი ვერსია.


მზიური საქართველოს კურორტებს შორის აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კურორტებს საპატიო ადგილი უკავია. დიდი ხნის განმავლობაში, აფხაზეთი ცნობილი იყო მხოლოდ ზღვის სანაპირო კლიმატური სადგურებით (გაგრა, ახალი ათონი, სოხუმი, გუდაუთა, გულრიფში და სხვ.). აფხაზეთის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების შემდგომმა საფუძვლიანმა სესწავლამ, გამოავლინა სხვა პირველხარისხოვანი კლიმატური-ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილების არსებობაც.


სხვა ზღვებთან შედარებით, შავ ზღვაში უფრო მეტად წარმოდგენილია ნახშირმჟავა კალციუმი და ქლორკალიუმი, ხოლო ნაკლებად - გოგირდმჟავა კალციუმი. ზღვის წყალს მარილოვან გემოს აძლევს ქლორიანი ნატრიუმი (სუფრის მარილი), მწარე გემოს კი ქლორიანი ნატრიუმი და გოგირდმჟავა მაგნიუმი. ზღვის წყალი შეიცავს 46 სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის ოქროს, ვერხლს, რადონს, რადიუმს და სხვ. ძლიერ მცირე რაოდენობით


ზღვა არა მარტო ბუნების მშვენებაა, არამედ ჯანმრთელობის წყაროც არის. ზღვაში ბანაობის დროს ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს ზღვის გრილი წყალი, მასში გახსნილი ქიმიური ნივთიერებები, ზღვის ტალღები და ულტრაიისფერი სხივები, რომლებსაც ზღვის წყალი თავისუფლად ატარებს. როგორც ცნობილია, ზღვის წყლის ზვირთების დროს გამოიყოფა მარილოვანი ნაწილაკები, რომლებიც იძლევა ჰაერის გაჯერებას და ასეთი ჰაერის შესუნთქვა, რესპირატორული აპარატის საშუალებით, გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე...

ზღვის სითბოს მიხედვით, ბანაობა დასაშვებია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე, ორგანიზმისათვის დიდი დატვირთვის გარეშე. ზღვის წყლის ტემპერატურა ლესელიძეში ხასიათდება მუდმივობით, აქ არ ხდება ზღვის ტემპერატურის მოულოდნელი კლება, როგორც ამას ადგილი აქვს ქობულეთში.


... ჯერ კიდევ რევოლუციამდელ რუსეთში, გაგრას დიდი საკურორტო მომავალი უწინასწარმეტყველა პროფესორმა ფ.მ. პასტერნაცკიმ. იგი წერდა: "გაგრამ თავისი დრო მოსჭამა როგორც სიმაგრემ. მას, თავისი ბუნებრივი ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, სხვა დანიშნულება არა აქვს, თუ არა გახდეს კლიმატური კურორტი, საბანავო და საერთოდ სამკურნალო ადგილი, და ნამდვილ რუსულ "ნიცად" იქცეს".


... სოფელი ბზიბიდან მე-8 კილომეტრზე, გზის მარცხენა მხარეს მდებარეობს ეგრეთწოდებული "ცისფერი ტბა". აქ ციცაბო კლდის ძირას ბუენბრივი ბუდე უპოვნია, ზემო მთებიდან მონავარდე და იქვე მიწის წიაღიდან ამომავალ, ანკარა წყაროებს. ტბას დაახლოებით 60 კვადრატულ მეტრამდე ფართობი უკავია. წყლის ტემპერატურა დაბალია (8-9 გრადუსი).


... აუზების წყლის სარკეზე მოცურავე გედები, მიხვეულ-მოხვეული ხეივნები, სადაც თავი ამაყად აუღერებიათ ცისარტყელის შვიდფრად მოხატულ ფარშევანგებს, მართლაც რომ ზღაპრული პარკია.


დღე-ღამის განმავლობაში არათანაბრად ხურდება ხმელეთი და ზღვა, ამ კონტრასტის გამო წარმოიქმნება ნაპირის ქარები, ბრიზების სახელწოდებით. დღე უბერავს ნოტიო ბრიზი ზღვიდან ხმელეთზე იმიტომ, რომ დღე-ღამის ამ დროს ზღვა გახურებულ სანაპიროზე უფრო გრილია და შესაბამისად ზღვის ჰაერის უფრო გრილი მასები გადაინაცვლებს ხმელეთის მიმართულებით. ამ ქარებს ზაფხულის ცხელ თვეებში მოაქვთ სანატრელი სიგრილე. ღამით ქრის მშრალი თბილი ბრიზები ზღვისკენ იმიტომ, რომ დღე-ღამის ამ დროს ზღვა უფრო თბილია ღამის განმავლობაში სწრაფად გაციებულ ხმელეთზე.


ბოლოს უნდა აღინიშნოს გაგრის მეორე მეზობელი - ულამაზესი ბიჭვინთა. ბიჭვინთის სიამაყეა ცნობილი რელიქტური ნაძვის წარაფი ზღვის ნაპირას, რომელსაც 180 ჰექტარზე მეტი უკავია. რელიქტური გრძელწიწვიანი ნაძვი უძველესი პონტოს ფლორის უნიკალური წარმომადგენელია. იგი შემორჩენილია მესამეული პერიოიდდან, იზრდება მხოლოდ კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე, მისი რთული ეგზემპლარები გვხვდება შემდეგ ზოლში. სადგურ ვარვაკის ჩრდილოეთით ანაპის ახლოს ბიჭვინთასა და მიუსეის კონცხებამდე სამხრეთით, მაგრამ მხოლოდ ბიჭვინთაში შემორჩა ასეთი უზარმაზარი ტყის მასივი.


ყური მიუგდეტ ლეგენდას. ცხოვრობდა მზეთუნახავი რიწა თავისი სამი მონადირე ძმით. ერთხელ ძმები შეყოვნდნენ ნადირობაზე. მათ მოლოდინში ვარსკვლავებით მოჭედილი ცით მოხიბლული რიწა მღეროდა სიმღერებს. ტყის ყაჩაღებმა, ძმებმა გეგამ და იუფშარამ, გაიგონეს რიწას ხმა და მისკენ გაიწიეს. მხეცური ინსტინქტი დაეუფლა იუფშარს, რომელიც გაოგნებული უცქერდა მზეთუნახავს. ვნებამორეული იუფშარა მაშინვე მიეჭრა ქალს და მკლავებში მოიმწყვდია. რიწა ყვიროდა და აქეთ-იქით აწყდებოდა. მაგრამ ბოროტმოქმედთან აბა რას გააწყობდა?! ძალადობის მოწმემ, მთის შევარდენმა ამბავი მოუტანა ძმებს, გაიქცნენ ისინი დის საშველად, უმცროსმა ძმამ ფშეგიშხამ მოუქნია თავისი გოლიათური მახვილი იუფშარს და ააცდინა. მშიშარა ავაზაკმა იუფშარმა გაქცევით უშველა თავს, მაგრამ რიწამ ვერ აიტანა ეს დამცირება. გადაეშვა უზარმაზარ ტბაში, რომელიც მის ფეხებთან გაჩნდა. უბედური ძმები დაედევნენ იუფშარს. უფროსმა ძმამ აგაფსთამ მძლავრი ხელებით ტბაში გადააგდო, ათუხთუხებულმა წყალმა ჩაძირული იუფშარა გადაისროლა უმცროსი ძმის ფშეფიშხას საგუბარ ფარს იქით. გაედევნა მდინარედ ქცეული იუფშარა ძმა გეგისკენ, რომელიც აგრეთვე მდინარედ იქცა. რიწას შეძრწუნებული ძმები მთის მწვერვალებად გამოქანდაკდნენ, რომლებიც დის სამარადისო ძილს დარაჯობენ, ასე დგას იმ დღიდან რიწა გათელილი და შერცხვენილი სილამაზის ძეგლად ძმათა მწუხარებას შორის, რომელსაც მთის მწვერვალები განასახიერებენ.


ზღვის სანაპიროს კლიმატური თავისებურებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმზე, ზღვის წყლის ზედაპირის სიდიდე უზრუნველყოფს ჰაერის სისუფთავეს და გამჭვირვალობას, რის გამოც ზღვის სანაპიროზე მზის რადიაცია მდიდარია ულტრაიისფერი სხივებით.

გამოყენებული ლიტერატურა:

აფხაზეთის კურორტები: რიცა-ავადხარა, სოხუმი, აფხაზეთის სახელგამი, 1949; ზ. დანელია, კურორტი გაგრა, თბილისი, 1976; ი. ჩოგოვაძე, კურორტი ლესელიძე, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1975


უკან დაბრუნება