დაიკარგა თორმეტი ქალი - კითხვარი
სოფიო
კითხვა 1: რა გქვია და რა დაგარქვეს როცა დაიბადე? რა ეროვნების პასპორტს ფლობ ამჟამად?
სოფიო მედოიძე (სახელი - მაშინ, და სახელი - ამჟამად). ბრიტანული პასპორტი.
კითხვა 2: როდის და სად იწყება შენი - როგორც ხელოვანის - ბიოგრაფია?
ბაღში, პირველად რომ დავწერე და წავიკითხე ლექსი კურდღელზე, სასეირნოდ რომ წავიდა და გაქრა. მეუბნებიან, რომ 3 წლის ასაკში ვისწავლე წერა :-)
კითხვა 3: რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი შენი ნამუშევრები საქართველოში და როდის? / რამდენჯერ გაქვს წარმოდგენილი საქართველოს ფარგლებს მიღმა?
ჩემი ბოლო ფილმი 'ტურები და საფრენი აპარატები (ზაფხულის ქრონიკები)', ელენე აბაშიძის კურატორობით გამართული გამოფენის - "დაიკარგა თორმეტი ქალი-ს" - ფარგლებში ვაჩვენე. რამდენიმე წლის წინ, ვატო წერეთელმა (ССA თბილისი) აჩვენა ჩემი ვიდეო 'Q&A' თბილისში, საჯარო სივრცეში განთავსებულ ტელე-მონიტორზე. წლების წინ, ჩემი ფოტოები თბილისის გალერეაში (მგონი N გალერეა ერქვა) გამოიფინა, სადაც პირველი ადგილი ავიღე შავ-თეთრ ფოტოგრაფიაში და პრიზად შავ-თეთრი ლეკვი მერგო. (!)
ძირითადად დიდ ბრიტანეთში ვიფინები (Serpentine gallery, Whitechapel gallery, Arnolfini, Swis Cottage gallery, და სხვა). ასევე, შვეიცარიაში, ხორვატიაში, პორტუგალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, პალესტინაში.
კითხვა 4: რატომ წახვედი? / რატომ დაბრუნდი უკან?
საქართველოს დატოვების მრავალი და კომპლექსური მოტივაცია არსებობდა. ოფიციალურად ინგლისურის სასწავლებლად წავედი ლონდონის ერთ ძალიან საეჭვო და ძალიან იაფ ენის სკოლაში. რეალურად კი, მსურდა ჩემს შეყვარებულთან ერთად ვყოფილიყავი, რომელსაც პოლიტიკური მიზეზების გამო ბრიტანეთში მოუწია ემიგრირება
მგონი ყოველთვის მინდოდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება, სადაც უმცირესობის წარმომადგენელი ვიქნებოდი და ვიცხოვრებდი იმ ენაში, რომელიც არ იყო ჩემი მშობლიური ენა.
სხვა უფრო მწვავე პრობლემებიც იყო: თბილისში მწირი შემოსავალით არსებობის შეუძლებლობა, ხელოვნების სივრცეზე მეტად სუბკულტურა და მზარდი ალტერნატიული მუსიკალური სივრცე მაინტერესებდა, რომელთანაც მეტ სიახლოვეს ვგრძნობდი, 90 - იანებში ის უფრო მრავალფეროვანი და ექსპერიმენტული სცენა იყო, ვიდრე სახელოვნებო. რადიოში ვმუშაობდი, სხვადასხვა ექსპერიმენტებს ვატარებდით ხმაზე, მუსიკაზე, დიჯეიც ვიყავი ერთი პერიოდი.
კინოსკოლა აბსტრაქტული რამ იყო - ფილმების ფურცელზე კეთებას ვსწავლობდით, თეორიულად... სანამ 2001 წ. საქართველოს დავტოვებდი, სასწავლებლამდე ხშირად ფეხით დავდიოდით, რადგან ავტობუსები არ მუშაობდა, მეტრო დაკეტილი იყო, ტაქსის ფული არავის გვქონდა. მგონი მომბეზრდა ეს უსასრულო სეირნობები და პირველივე შესაძლებლობისას დავტოვე საქართველო.
კითხვა 5: ასახავს თუ არა შენი შემოქმედება შენს ბიოგრაფიას?
ჩემი შემოქმედება ავტობიოგრაფიულია არა იმ მხრივ, რომ ის რეფლექსიაა კონკრეტულ ბიოგრაფიაზე, არამედ უფრო მრავალი ავტობიოგრაფიის ერთიანობაა. ამბის თხრობის სტრუქტურა მაინტერესებს, მისი პოლიტიკური პოტენციალი, ის თუ რას ნიშნავს ლაპარაკობდე მრავალი ხმით და სხვადასხვა ენაზე. ჩემი შემოქმედება განსხვავებული ხედვის წერტილების ერთად მოთავსებას მოიცავს. სხვადასხვა ვიზუალური მოდალურობის გვერდიგვერდ დადებას. გარკვეული თანდაყოლილი მრავალსახოვანებაა ჩემს ერთის-შეხედვით ინტიმურსა და სუბიექტურ ნამუშევრებშიც კი. ასევე პროტაგონისტის ხმის დეცენტრალიზაცია - ვინ ლაპარაკობს ნამუშევარში? ვისი ხმაა? საიდან მოდის ეს მუსიკა? და ა.შ. თუმცა, მაინც ყოველთვის საკუთარ თავზე ვსაუბრობ, მაშინაც როდესაც სხვების ისტორიებს ვყვები.
კითხვა 6: ახდენენ თუ არა გავლენას შენს შემოქმედებაზე ქართული ვიზუალური ხელოვნების გარკვეული ტრადიციები? / რატომ? / რატომ არა?
დიდი ხნის მანძილზე არ მეგონა რომ რომელიმე ქართველი ხელოვანის გავლენა მქონდა, უფრო სტრუქტურალიზმი მაინტერესებდა ყოველთვის, კინოშიც და ფილოსოფიაშიც. მაგრამ, ბოლო ხანებში, და მას შემდეგ რაც ფარაჯანოვის ყველა ფილმი ვნახე, გარკვეული კავშირები აღმოვაჩინე - არა პირდაპირი - ჩვენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მეთოდი გვაქვს - მას აინტერესებს ჩარჩოს შიგნით არსებული ურთიერთობები, მისი მონტაჟი სრულდება კადრში, შეიძლება ითქვას. ჩემთან კადრების თანმიმდევრობაა მნიშვნელოვანი, მე სხვა ტექნიკას ვიყენებ. საბოლოოდ, ჩვენ ჭრასა და კოლაჟის მიმართ ინტერესი გვაერთიანებს. ბოლო დროს ეთნოგრაფიული თხრობით დავინტერესდი მეც, და ზოგადად წარსულით, უფრო ადრეული წარსულით.
ალბათ ისიც გვაერთიანებს, თუ როგორია იცხოვრო საზღვრებთან ახლოს, სხვადასხვა ქვეყნებსა და ენებს, ასევე ხელოვნებასა და კინოს შორის.
კითხვა 7: დაახასიათებდი შენს შემოქმედებას როგორც ფემინისტურს?
კომპლექსური დამოკიდებულება მაქვს იმასთან, რასაც დღეს ფემინისტურ ხელოვნებას უწოდებენ. ხანდახან მგონია, რომ ფემინიზმი ვიწრო ჭრილში აქცევს ხელოვანს, ხანდახან უბრალოდ ტრენდია და მოკლებულია ყოველგვარ მნიშვნელობას, რეალურობას (ამასთან რეალურ ბრძოლასაც). მიუხედავად ამისა, მე ყოველთვის ვიყავი ფემინისტი! ამ იდეით გავიზარდე - დედაჩემიც და ბებიაჩემიც ფემინისტები იყვნენ. ამ კითხვას სხვა კინო-რეჟისორის, შანტალ აკერმანის, სიტყვებით ვუპასუხებ: "მე რეჟისორი ვარ და ამავდროულად ქალიც."
კითხვა 8: აქტიურად მოღვაწეობ შენი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის სახელოვნებო სივრცეში? ქართულ სახელოვნებო სივრცეში?
სახელოვნებო სივრცის აქტიურ წევრობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მუდმივ დიალოგში ვარ ადამიანებთან, ხელოვანები იქნებიან ისინი, თუ არა. მეტიც, ეს არის ჩემი შთაგონების წყარო და არა თანამედროვე ხელოვნებას რასაც ვეძახით. მყავს რამდენიმე ხელოვანი მეგობარი და ვცდილობ მათ გამოფენებზე ვიარო, ესაა და ეს. აქაც და საქართველოშიც, ძირითადად, იმ ადამიანებს ვესაუბრები, ვინც მაინტერესებს. ვუსმენ მათ ისტორიებს, რაც შესაძლოა შემდგომში ჩემს ნამუშევარში მოხვდეს ან არა. კინოზე რომ არ ვმუშაობდე ალბათ ვიქნებოდი ხალხური მთქმელი, ან რაღაც ასეთი.