2019 დეკემბერი 23

ბაღში შებიჯება: მიზნის თესვა უკრაინის ახალგაზრდული ხელოვნების მეორე ბიენალეზე

„ყველაზე პირქუშ მომენტში, ბაღის მოვლა თავდაჯერების აქტად მიიჩნეოდა.“ ასე იწყება კურატორის განცხადება უკრაინის ახალგაზრდული ხელოვნების მეორე ბიენალესთვის - დაქსაქსული წარმოდგენა თანაბრად დაქსაქსული ქალაქის, ხრაკოვის ტერიტორიაზე, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. წარსული დრო, რომელიც ამ წინასიტყვაობაშია გამოყენებული, ემიჯნება გზავნილს, რომელსაც გამოფენილი ნამუშევრები შეიცავენ, - ამ ნამუშევრების დიდი წილი იმას უსვამს ხაზს, რომ პრობლემა არის არა წარსული, არამედ აწმყოს ეპიდემია, რომელსაც პირისპირ უნდა შევხვდეთ.


ბიენალე - რომელიც თავისუფლად ეყრდნობა ხელოვანის, როგორც „კულტურის მებაღის,“ მძიმე ხანებში მხნეობის თესლის მთესავის კონცეპციას - ხარკოვის თავისუფლების მოედნის ორ მოპირდაპირე ბოლოშია განლაგებული: იერმილოვის ცენტრსა და უწინდელ ხრაკოვის სასტუმროსთან. რთული წარმოსადგენია ერთმანეთისგან მეტად განსხვავებული ტყუპი წარმოდგენები.


კუნსტჰალესთან ყველაზე მეტად მიახლოებული რამ მთელს უკრაინაში იერმილოვის ცენტრია, რომელიც მიწისქვეშა სივრცეში მდებარეობს კარაზინ ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით. თავად სივრცე ბეტონის ბუნკერია - მკაცრი და მღვიმისებრი. მის ზემოთ მდებარე მეგა უნივერსიტეტის წონა ინსტიტუტს აწევს მხრებზე. ეს მძიმე ტვირთია. ამდენად, დროდადრო მასში განთავსებული ბიენალეც იტანჯება მისგან, რაც ინტელექტუალური დაღლილობის სენით გამოიხატება. ყველაზე ძლიერი ნამუშევრები წიგნიერების ტვირთს მაშველ რგოლებად აქცევენ; ასეთებია ლარიონ ლოზოვის „მანქანა და ბაღი“ (2016-2018) და ანდრიი რაჩინსკის და დანიილ რევკოვსკის „სიბნელე“ (2019). კიევში დაფუძნებული ლოზოვის ორარხიანი ვიდეო ნამუშევარი საბჭოთა პერიოდის ფილმებიდან აღებული ნოყიერი სამიწათმოქმედო სივრცეების ამსახველი კლიპების გამოყენებით აყენებს ეჭვქვეშ პეიჟაზის, როგორც ჟანრის, ნეიტრალურობას. უკრაინული პურის კალათა კვებავს თანამედროვე უკრაინულ ნაციონალიზმს, ისევე როგორც კვება, საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა მოპაექრე იდეოლოგიები. ბუკოლიკურ საძოვრებს დოგმატური ძალები გააჩნიათ.


ლოზოვის ტონი პოეტური და ნოსტალგიურია, რაჩინსკის და რევკოვსკის კი გაბერილი და პროექციული. მათი მულტიმედია ინსტალაცია, „წყვდიადი“ ორ მომიჯნავე საკუჭნაოს იკავებს იერმილოვის ცენტრის სარდაფში მდებარე საწყობში. ნამუშევრის სიუჟეტი ფრენსის ფორდ კოპილას „აპოკალიფსი ახლა“-ს პერიფრაზია; ესაა პესიმისტური მედიტაცია უკრაინის მტანჯველი აღმოსავლური კონფლიქტის შესაძლო შედეგებზე. რევკოვსკი თავად ირგებს შეშლილი პოლკოვნიკის როლს, რომელიც მოზარდი მკვლელების უკანონო ბატალიონს უძღვება. ბიჭები ომობანას თამაშობენ - და ეს არაა თამაში შესვენების დროს. რაჩინსკის მისია რევკოვსკისა და მისი ქვეითი ჯარის განადგურებაა. ამბავი პირველადი მასალების გამოყენებითაა მოთხრობილი (რუკები, ფორმები, დოკუმენტური სურათები და ა.შ.), რომლებიც კედელზეა გაკრული ან გაცვეთილ მაგიდაზეა დახვავებული. ბრძოლის გეგმები ფორმას იძენენ. იარაღები გამზადებულია. წითლის არასწორი ელფერის სისხლი და ნაწლავები ინთხევა მიწაზე. აალებადი და ალოგიკური, „წყვდიადი“ ჯოჯოხეთურად ბობოქარი ნამუშევარია. სარდაფიდან ამოსულს, გსურს მეტი მიიღო ამ უტიფარი წყვილისგან.


ღირსშესანიშნავობები ქუჩის გადაღმა, ძველ სასტუმროშიც გვხვდება. აღსანიშნავია  ჯგუფ FORMA-ს, გამოფენის არქიტექტორების წვლილი, რომლებმაც ყავლგასული ექსცესის დაბზარული კარკასი ფანერებისა და ჩამოშლილი ტიხრების გამაოგნებელ საგალერეო სივრცედ აქციეს. აპარატჩიკები საფლავებში გორავენ. ფერთა გამა ჭყეტელა ნარინჯისფრით პუნქტუირებული მტვრიანი ფირუზისფრის სიჭარბეა.


სასტუმროს გარდასული დიდება იდეალური შთაგონების წყაროა თანამედროვე პროექტებისთვის. ეს განსაკუთრებით მართალია ვასილინა ბურიანიკის „ორგანიზმის ფრაგმენტების“ (2013-2019)-ის შემთხვევაში, - ესაა მარილწყლით სავსე აკვარიუმებში ჩალაგებული კონცეპტუალური ტექსტილების სერია. ნამუშევარი ხარკოვის გარემოს დაცვის ინსპექტორატთან კონსულტაციით შეიქმნა: ბურიანიკის ტექსტილები ადგილობრივი სახეობების ფორმებს გამოხატავენ. სახეობებს არქაული და დასნებოვნებული შესახედაობა აქვთ, თუმცა, ამავე დროს, ჯიუტად ცოცხლები არიან - ისინი იწოვენ შუქს, რომელიც ნიაღვრად შემოდის პანორამული ფანჯრებიდან.


ოთახის გაყოლებაზე ვხვდებით იევენ სამბორსკის ნამუშევარს, რომელშიც ის კვლავაც თანამშრომლიბის ერთგული რჩება. მისი შენატანი ბიენალეზე, „ბაღი“ (2019), ხარკოვის აყვავებული რუკაა, რომელიც ერთობლივად დახატეს სამბორსკიმ და მუნიციპალური სათემო სამსახურების თანამშრომლებმა. ქალაქში, რომელშიც თითქმის შეუძლებელია საფოსტო ბარათის შეძენა, სასიხარულოა ასეთი ხალისით შესრულებული ნამუშევრის ხილვა.


რუკის თემა ლეიტმოტივად გასდევს მრავალ ინსტალაციას. დენის მეტელინი ამ ტექნიკას თვით-რეფლექსიისთვის იყენებს. მისი „ბიოგრაფია“ (2019) შთამბეჭდავ გრაფიკულ დიორამად იშლება. თავისი ოთახის ერთ ნაწილში, მეტელინი საკუთარ პერსონალურ ისტორიას გადმოსცემს კარიკატურული ფორმით, და ამისთვის იყენებს სტილს, რომელიც დიდადაა დავალებული სტრიტ არტში მისი გამოცდილებისგან. სხვა ნაწილში, ის სამი ათას ფიგურას ხატავს, როგორც მემორიალს ხსენებული აღმოსავლური კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა დაახლოებითი რიცხვისთვის. მოპირდაპირე მხარეს წარმოდგენილია იმავე კონფლიქტის საკვანძო სცენების პორტრეტები. ნამუშევრის შემადგენელი ნაწილები ერთმანეთს ეჯიბრებიან მაყურებლის ყურადღების მოსაპოვებლად, იმის ნაცვლად რომ ჰარმონიულად ითანამშრომლონ საერთო ეფექტის მისაღწევად. ამის მიუხედავად, მიიღწევა აზროვნების ფორმებსა და გრადაციებს შორის ხლეჩის განცდა, რომელიც კარგად, თუმც კი უხეშად, ეხამება დღევანდელობის მღელვარებას.


მაშ, ვისი ვარსკვლავი ამოდის მაშინ, როდესაც აურზაური იწყება? ოთახში, რომელიც მეტელინისას მოსდევს, ანტონ ლაპოვი ცდილობს საკითხის რეალურ დროში გააზრებას. სევეროდონეცკში დაფუძნებული ხელოვანის ნამუშევარი, “#hero (უკრაინის თანამედროვე ისტოიის დეპარტამენტის სამუზეუმო მედია ექსპონატი)” (2016), იმავე სახელწოდების ჰეშთეგების პროეცირებული ვებ-კვლევაა. ეს ცოცხალი სავარჯიშო პატრიოტულ განათლებაში, "#hero" მარადცვლადი სახეების ქსელია - მოხუცი და ახალგაზრდა, უნიფორმიანი და უბრალოდ ჩაცმული. არ გვეძლევა კონტექსტი იმ მიზეზებისა, რომლების გამოც ეს სახეები იბრძვიან. მათი სიმამაცე გადამდებია, მაგრამ, ამავე დროს, ადგილობრივი და არდამტკიცებელი.


სულ მალე ვუახლოვდებით კულმინაციურ შეხვედრას; მნახველები კორიდორიდან სასტუმროს ტენტზე გადიან. რას უნდა ვუმადლოდეთ მსგავს ხელსაყრელ მდგომარეობაში მოხვედრის პრივილაგიას? აქ იოლია, სრულად მოგიცვას პანორამამ; შემდეგ გასასვლელისკენ უხვევ და სერჰიი ჰრიჰორიანის შემაცდენლად დასათაურებული „ზამთრის მებაღეობის“ (2014-2019) ჯვარედინის წინაშე აღმოჩნდები. ბიენალეს დამაგვირგვინებელი ნამუშევარი, „ზამთრის მებაღეობა,“ მასშტაბში შესრულებული ტანკის ფორმის მოქმედი სათბურია. იმას, რაც ზრდის, ასევე შეუძლია, მოკლას, მაგრამ პლასტმასი, რომელსაც ენერგია უნდა შეენახა, გასკდა და ნიავს უშვებს შიგნით. ტყვიების ნაცვლად მცენარის თესლები იფრქვევა.


როგორც ნებისმიერი საუნივერსიტეტო ქალაქი, ხარკოვიც დუღს მისწრაფებებით. ბიენალეც ამავე მასალისგანაა ქმნილი. თითოეული ხელოვანის პროგრამა ხშირად მეტად ჰგავს მომდევნოსას, ვიდრე განსხვავდება მისგან. თანამოაზრეობა შეიძლება იოლად იქცეს თვითკმაყოფილებად, მაგრამ, ამჟამად, ძალა რიცხვებშია.


გამოფენილი თაობა სწრაფად მიიწევს წინ ერთ მწკრივად. გადი თავისუფლების მოედანზე და მწკრივს შეუერთდი.

უკან დაბრუნება