ხის ჩრდილქვეშ
"ადამიანური ლექსები"-დან
სეზარ ვაიეხო
ესპანურიდან თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
*
დავუშვათ ცივად, მიუკერძოებლად,
რომ კაცი ნაღვლიანია, ახველებს და, ამის მიუხედავად,
სიამეს ჰგვრის საკუთარი აჭრელებული მკერდი;
რომ ერთადერთი, რასაც ის შვება, ისაა, რომ დღეთაგან
იყოს აგებული;
რომ ის პირქუში ძუძუმწოვარია და თმას ივარცხნის . . .
დავუშვათ
რომ კაცი ნატიფად განაგრძობს სამსახურიდან
და ექოდ გამოსცემს უფროსს, აჟღერებს ხელქვეითს;
რომ დროის დიაგრამა
მუდმივი დიორამაა მის მედლებზე
და, ნახევრად ღიად, მისმა თვალებმა ისწავლეს,
შორეული დროიდან,
მისი მასის დამშეული ფორმულა . . .
ძალისხმევის გარეშე მივხვდეთ
რომ კაცი ჩერდება, დროდადრო, ფიქრობს,
ისე, თითქოს ტირილი უნდოდეს,
და, ობიექტივით დაწოლის სუბიექტი,
კარგ დურგლად იქცევა, ოფლს ღვრის, კლავს
და მერე მღერის, წაიხემსებს, ღილებს იკრავს . . .
დავუშვათ აგრეთვე
რომ კაცი ჭეშმარიტად ცხოველია
და, მაინც, როცა ტრიალდება, თავისი სევდით მეჯახება შუბლში . . .
გავსინჯოთ, ბოლოს,
მისი შეუსაბამო ნაწილები, მისი საპირფარეშო,
მისი სასოწარკვეთა, მისი საძაგელი დღის აღსასრულს, მისი წამშლელი . . .
გავიგოთ
რომ მან იცის, რომ მე ის მიყვარს,
რომ ძვირფასად მძაგს და რომ, ჯამში, მესულერთება . . .
გავითვალისწინოთ მისი ზოგადი საბუთები
და გამადიდებელი შუშით შევისწავლოთ ეს ცნობა
რომელიც ამტკიცებს, რომ ის ძალიან პატარა დაიბადა . . .
ხელით ვანიშნებ,
მოდის,
და გულში ვიკრავ, და გულს მიჩუყებს.
რა მნიშვნელობა აქვს! გულს მიჩუყებს . . . გულს მიჩუყებს . . .
1934/35 წ.
უბრალო საქმეთა სიდიადე
და ნუღარაფერს მეტყვი,
რომ მავანს ძალუძს, მოკლას უნაკლოდ,
ახლა, როდესაც, ოფლღვრილო მელანო,
მავანი შვება იმას, რაც ძალუძს, ნურას მეტყვი . . .
ჩვენ დავბრუნდებით, ბატონებო, რათა ვიხილოთ ერთურთი ვაშლებით;
მოგვიანებით არსება ჩაივლის,
არისტოტელეს იერი, აღჭურვილი
დიდი ხის გულებით,
ჰერაკლიტესი, დამყნობილი მარქსისაზე,
უხეშად მჟღერი ნაზისა . . .
ესაა, რასაც კარგად თხრობდა ჩემი ყელი:
მავანს ძალუძს, უნაკლოდ მოკლას.
ბატონებო,
რაინდებო, ჩვენ დავბრუნდებით, რათა ვიხილოთ ერთურთი ფუთების გარეშე;
მანამდე კი მოვითხოვ, მოვთხოვ ჩემს სიმყიფეს
აქცენტს დღისა, რომელიც,
როგორც ვხედავ, უკვე მელოდა ჩემს საწოლში.
და მოვითხოვ ქუდისგან მეხსიერების ბედკრულ ანალოგიას,
რამდენადაც, დროდადრო, წარმატებით ვიღებ ჩემს თავზე ჩემს ნატირებ უშველებლობას,
რამდენადაც, დროდადრო, თავს ვიხრჩობ ჩემი მეზობლის ხმაში
და ვიტანჯები
ხორბლის მარცვლებზე წელიწადების თვლით,
გვამის ჰანგზე ჩემი სამოსის წმენდით
ანდა მთვრალად ჩამომჯდარი ჩემს კუბოში . . .
1931/32 წ.
*
დღეს ბევრად ნაკლებად მომწონს ცხოვრება,
თუმცა სიცოცხლე ყოველთვის მომწონს: ეს ხშირად მითქვამს.
ლამის შევეხე ჩემი მთელის ნაწილს და თავი შევიკავე
ჩემი სიტყვების ისევ ენაში გასროლით.
დღეს ვეხები ჩემს უკუქცეულ ნიკაპს
და ამ წამიერ შარვლებში ჩემს თავს ვეუბნები:
ამდენი ცხოვრება და არასდროს!
ამდენი წლები და მარად ჩემი კვირები!
ჩემი მშობლები, დამარხულები თავიანთი ქვით
და მათი სევდიანი მონაკვეთი, რომელიც არ მორჩა:
სრულსხეულიანი ძმები, ჩემი ძმები,
და, ბოლოს, ჩემი მყოფობა, შემდგარი და პერანგმოსხმული.
მე უზომოდ მომწონს ცხოვრება,
მაგრამ, ცხადია,
ჩემი ძვირფასი სიკვდილითა და ჩემი ყავით
და პარიზის ფოთლოვანი წაბლების ცქერით
და ვამბობ:
ეს არის თვალი, ესეც; ეს შუბლია, ესეც . . . და ვიმეორებ:
ამდენი სიცოცხლე და არასდროს ჰანგი არ მღალატობს!
ამდენი წლები და მარად, მარად, მარად!
ვთქვი პერანგი, ვთქვი
მთელი, ნაწილი, წადილი, ვთქვი თითქმის, ტირილის თავიდან ასაცილებლად.
რადგან სიმართლეა, რომ ვიტანჯე იმ საავადმყოფოში, აქვე რომაა
და რა კარგია და რა ცუდია რომ დავინახე
ჩემი ორგანიზმი დაბლიდან მაღლა.
ყოველთვის მომწონს ცხოვრება, თუნდაც მუცელზე გაწოლილს,
რადგან, როგორც ვამბობდი და ვიმეორებ,
ამდენი სიცოცხლე და არასდროს! და ამდენი წლები,
და მარად, მეტად მარად, მარად მარად!
1931/32 წ.
მშივრის ბორბალი
ჩემი საკუთარი კბილებიდან გამოვდივარ და ბოლი მდის,
ვყვირი, მუშტებს ვისვრი,
შარვალჩახდილი . . .
ცარიელია ჩემი კუჭი, ცარიელია ჩემი მლივი ნაწლავი,
გაჭირვება მექაჩება ჩემივე კბილებიდან,
გამომწყვდეული ვარ, პატარა ჯოხით, ჩემი პერანგის საყელოში.
ცალი ქვა, რომ ზედ დავჯდე,
ახლა ისიც კი არ მომეცემა?
ის ქვაც კი, რომელსაც ფეხი წამოჰკრა მშობიარე ქალმა,
ბატკნის დედამ, მიზეზმა, ფესვმა,
ახლა ესეც კი არ მომეცემა?
ის სხვა მაინც,
მოხრილმა რომ გაიარა ჩემს სულში!
ის მაინც,
კირქვუწყლო ანდა ბოროტი (თავმდაბალი ოკეანე)
ანდა ის, რომლის აღარც კი ღირს კაცისთვის სროლა,
ეგ, ჰო, ეგ მაინც, მომეცი ახლავე!
ის მაინც, ის, რომელიც იპოვეს შეურაცხყოფაზე გადაწოლილი და მარტოსული,
ეგ მაინც, ჰო, ეგ, მომეცი ახლავე!
ის მაინც, დაგრეხილი და გვირგვინოსანი, რომელზეც ერთად-
ერთხელ გაისმის სუფთა სინდისის სიარული,
ანდა, სულ მცირე, ის სხვა, რომელიც დაეცა ღირსეულ მრუდად,
დაეცემა თავისით,
ჭეშმარიტი ნაწლავების მაღიარებელი,
ეგ მაინც, ჰო, ეგ, მომეცი ახლავე!
პურის ნაჭერი, ეგ მაინც არ მომეცემა ახლა?
მე მეტად აღარ ვარ, რაც ყოველთვის ვიყავი,
მაგრამ მომე
ქვა დასაჯდომად,
მაგრამ მომე,
თუ შეიძლება, პურის ნაჭერი, რომ ზედ დავჯდე,
მაგრამ მომე
ესპანურად
რამა, ბოლოს და ბოლოს, სასმელად, საჭმელად, საცხოვრებლად, მოსასვენებლად,
და მერე წავალ . . .
უცნაურ ფორმას ვპოულობ, მეტისმეტად დაგლეჯილი
და ბინძურია ჩემი პერანგი
და ახლა აღარფერი მაქვს, რა საძაგლობაა.
1934/35 წ.
*
ჩემს მკერდს სურს და არ სურს თავისი ფერი,
რომლის მკვეთრ გზებსაც გავდივარ, ჯოხით ვტირი,
ვცდილობ, ვიყო ბედნიერი, ჩავტირი ჩემს ხელს,
ვიხსენებ, ვწერ
და ცრემს ვქლონავ ჩემს ღაწვში.
ბოროტს სურს თავისი წითელი, კეთილს - თავისი წითელი გაწითლებული
აღმართული ნაჯახის მიერ,
ფეხითმფრინავი ფრთის ჩორთის მიერ,
და კაცს არ სურს და მგრძნობიარედ
არ სურს ეს კაცს:
არ სურს საკუთარ სულში იყოს
წამოწოლილი, საფეთქელში ბუკის ცემებით,
ორხელიანს, მეტად ხეპრეს, მეტად ფილოსოფოსს.
ამრიგად, მე თითქმის არ ვარ, მე ვვარდები
გუთნიდან, რომლითაც ჩემს სულს ვამაგრებ
და თითქმის, შეფარდებით, თითქმის აღვმაღლდები.
ვიცოდე, რატომ მიეცა ამ ძუკნას ცხოვრება,
რატომ ვტირი, რატომ,
წარბუხვი, უუნარო, მერყევი, ვიშვი
კივილით;
ამის ცოდნა, ამის გაგება
კომპეტენტური ანბანის ბგერით,
უმადურობის გაძლება იქნებოდა.
და არა! არა! არა! არც გეგმა, არც მორთულობა!
ტანჯვა, ჰო, მტკიცე და გაცხარებული ჰო-თი,
ტყავისებრი, ხარბი, სურს და არ სურს, ზეცა და ჩიტი;
ტანჯვა, ჰო, მთელი შარვლის შესაკრავით.
ჭიდილი ორ ატირებას შორის, ერთადერთი იღბლის ძარცვა,
უმტკინველი გზა, რომელსაც ბრმად სიარულის
სისწრაფის ხუნდებით ვუძლებ.
1937 წ.
*
მაქვს საზარელი შიში, რომ თეთრი თოვლის
ცხოველი ვარ, რომელიც მხარში ედგა მამას
და დედას, მხოლოდ თავისი ვენური ცირკულაციით,
და რომ, ამ ბრწყინვალე დღეს, მზიანსა და არქიეპისკოპურს,
დღეს, რომელიც ამრიგად წარმოადგენს ღამეს,
სწორხაზოვნად
გაურბის ამ ცხოველს კმაყოფილება, სუნთქვა
და თვითგარდაქმნა და ფულის ქონა.
რა დასანანი იქნებოდა,
რომ ვყოფილიყავი ამდენადვე ნამდვილი კაცი.
სიგიჟე, მსხმოიარე წინამძღვარი,
რომლის პერიოდულ უღელსაც ემორჩილება
ჩემი წელის სპირიტუალური სახსარი.
სიგიჟე . . . ამასობაში,
ეს ასეა, ღმერთის თავის აქეთა მხარე,
ლოკის, ბეკონის ტაბულაში, მხეცის
მონაცრისფრო კისერში, სულის დრუნჩში.
და, არომატული ლოგიკით,
მაქვს ეს პრაქტიკული შიში, ამ ბრწყინვალე,
მთვარეულ დღეს, რომ ის ვარ, ან იქნებ ეს,
რომლის ცხვირსაც სიკვდილის სუნად სცემს ეს მიწა,
ეს ცოცხალი სიგიჟე და სიგიჟე მკვდარი.
ო, იგორავო, იარსებო, ახველო, შეკრა,
შეკრა დოქტრინა, საფეთქელი, ერთი მხრიდან მეორემდე,
გაერიდო, იტირო, გასცე რვად
ან შვიდად ან ექვსად, ხუთად ან გასცე
სიცოცხლედ, რომელსაც სამი ძალა უჭირავს.
1937 წ.
*
დროდადრო მიპყრობს მოზღვავებული, პოლიტიკული ლტოლვა,
მსურდეს, სინაზეს ვაკოცო ორივე ლოყაზე,
და მიპყრობს, შორიდან, დამადასტურებელი
სურვილი, სხვა სურვილი, მიყვარდეს, ნებაყოფლობით ანდა იძულებით,
ვისაც კი ვძულვარ, ვინც კი თავის ქაღალდს ხევს, პატარა ბიჭუნა,
ქალი, რომელიც ტირის კაცისთვის რომელიც ტიროდა,
ღვინის მეფე, წყლის მონა,
ვინც კი შეეფარა საკუთარ რისხვას,
ვინც კი ოფლს ღვრის, ვინც კი ჩამივლის, ვინც კი შეარხევს თავის პიროვნებას ჩემს სულში.
და მსურს, ამრიგად, იმას
ვინც მესაუბრება, შევუსოწორო თასმა; თმები შევუსოწორო, მხედრულად;
სინათლე, დიდურად; მისი სიდიდე, ბიჭურად.
მსურს უშუალოდ დავუუთოვო
ცხვირსახოცი იმას, ვისაც ტირილი არ შეუძლია
და, როდესაც ვნაღვლობ ან ნეტარება მტანჯავს,
შევაკეთო ბიჭუნები და გენიოსები.
მსურს, დავეხმარო კეთილს, იყოს სულ ოდნავ ცუდი
და ვისწრაფვი, დავჯდე
ცაციის ხელმარჯვნივ, და მუნჯს გავცე პასუხი,
ვცადო, ვიყო შეძლებისდაგვარად
გამოსადეგი, და აგრეთვე მსურს, მეტისმეტად,
ხეიბარს დავბანო ფეხი,
და დაძინებაში დავეხმარო ცალთვალა მეზობელს.
აჰ მსურდეს, ეს, ჩემი, ეს, სამყაროსი,
საადამიანთაშორისო და სამრევლო, მოწიფული!
მიპყრობს უუნაგიროდ,
საძირკვლიდან, საჯარო საზარდულიდან,
და, შორიდან მომავალი, მანდომებს, შარფზე ვაკოცო,
მომღერალს
და ვინც კი იტანჯება, იმის ტაფას ვაკოცო,
ყრუს, უშიშრად, კრანიალურ ჩურჩულზე;
ყველას, ვინც კი მომცემს რაც ჩემს ძუძუში დამავიწყდა,
ვაკოცო თავის დანტეზე, თავის ჩაპლინზე, თავის მხრებზე.
მსურს, ბოლოს და ბოლოს,
როდესაც ვიმყოფები ძალადობის სახელგანთქმულ მიჯნაზე
ანდა მკერდით აღვსილი გულით, ვისურვებდი,
ვინც კი იღიმის, დავხმარებოდი გაცინებაში,
დამესვა ჩიტუნა ბოროტმოქმედის შუა კეფაზე,
სნეულებზე მათი შეწუხებით მეზრუნა,
გამყიდვლისგან მეყიდა,
მკვლელს მკვლელობაში დავხმარებოდი. . . საზარელი რამ. . .
და მე ვისურვებდი ჩემს თავთან ვყოფილიყავი კარგი
ყველაფერში.
1937 წ.