EN KA

ხის ჩრდილქვეშ

ამ მანგოს ხის ჩრდილქვეშ *

პაოლო ფრეირე

ესპანურიდან თარგმნა ირინა ჭელიძემ


საზოგადოება - ურთიერთობა


შესაძლებელია არავის აინტერესებდეს ის კვლევა, რომელმაც მე მომიყვანა აქ, ამ ხის სასიამოვნო ჩრდილქვეშ და დამაყოვნა აქ დიდხანს, მარტო, დამალული გარე სამყაროსა და სხვა ადამიანებისგან. კითხვებს ვუსვამ ჩემს თავს ან ვმსჯელობ, თუმცა ჩემი მსჯელობა ყოველთვის ჩემი კითხვებით არ არის გამოწვეული.

ამ ხის ჩრდილს იმდენჯერ შევაფარე თავი, რომ პირველი მიზეზი, რომელმაც აქ მომიყვანა, დაიკარგა იმ სიამოვნებაში, რომელსაც აქ მოსვლა მანიჭებს. მე თვითონ უნდა მივეცე სიამოვნებას - წავიდე და ვიცხოვრო და რაც მეტი ინტენსივობით გავაკეთებ ამას, მეტ სიამოვნებას მივიღებ.

აქ მოსვლა იმ დაჟინებით, როგორითაც მე ამას ვაკეთებ და სიმარტოვის განცდა ზრდის ჩემში ურთიერთობის მოთხოვნილებას. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, ურთიერთობის გარეშე აღვიქვამ „ვინმესთან ყოფნის“ სუბსტანციურობას. ახლა ამაზე ფიქრი საინტერესოდ მიმაჩნია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი იყო ვინმესთან ყოფნა. მარტო ყოფნა ჩემს ცხოვრებაში იყო ვინმესთან ყოფნის ფორმა. არასოდეს არ მოვქცეულვარ ისე, თითქოს მეშინოდა ურთიერთობებისა, თითქოს ჩემს თავთან ყოფნა ჩემთვის საკმარისი იყო, ან ისე, თითქოს უცხოდ ვგრძნობდი თავს სამყაროში. პირიქით, მარტო ყოფნისას უკეთ ვაცნობიერებ და ვაღიარებ ჩემს შეზღუდულობას და საცოდაობას, რაც მაყენებს საზოგადოების ძებნის მუდმივ და უპერსპექტივო პროცესში. მე ისევე მჭირდება სამყარო, როგორც მე ვჭირდები მას. განმარტოებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც ის, საზოგადოების უარყოფის ნაცვლად, აღიარებს მას, როგორც თავის ნაწილს.

ნეგატიური განმარტოება არ არის იმ ადამიანის განმარტოება, რომელიც მორცხვად, ან მეთოდურად გაურბის საზოგადოებას, არამედ ეს არის ინდივიდუალისტის განრიდება, რომელიც ამას აკეთებს ეგოისტური ფორმით, რომელიც ყველაფერს ატრიალებს თავის და თავისი ინტერესების გარშემო. თავის მარტოობაში, მრავალი ადამიანით გარშემორტყმულიც კი, ის მხოლოდ საკუთარ თავს, თავის კლასს ან ჯგუფს ხედავს და თავისი ამბიციურობით, უარყოფს სხვის უფლებებს. საუბარია ისეთ ადამანებზე, რომელთაც რაც მეტი აქვთ, მით მეტი სურთ და არ ადარდებთ, ამისთვის რა საშუალებებს მიმართავენ. უგულო ადამიანები, რომელთა უგულობასაც აროგანტულობა და სიბოროტე ემეტება, კარგ ხასითზე მყოფნი დაბალი კლასის წარმომადგენლებს „ეს ხალხიო“, - ასე მოიხსენიებენ, ცუდ ხასიათზე თუ არიან, „ეს ნაგავიო“,- ამბობენ.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ სრულიად ვემიჯნები მეცნიერული კრიტიკის გარკვეულ ტიპს, რომელიც მიმითითებს, რომ პრობლემებზე საკმარისი სიზუსტით არ ვმსჯელობ და ზედმეტად ემოციურ ენას ვიყენებ. ვნება, რომლითაც ვიცნობ, ვლაპარაკობ, ან ვწერ, არ აკნინებს ჩემ მიერ მხილებულის და გამოცხადებულის მნიშვნელობას. მე ვარ მთლიანობა და არა დიკოტომიური არსება. არ მაქვს ერთი სქემატური, პედანტური და რაციონალური ნაწილი და მეორე კი არაორგანიზებული, ბუნდოვანი, რომელსაც სამყარო პრიმიტიული სიყვარულით უყვარს. ვიცნობ ჩემს მთლიან სხეულს, გრძნობებს, ვნებას, ასევე - გონებას.

ბევრი მაქვს ნაფიქრი იმაზე, თუ რა გამოწვევები მამოძრავებს, ან რა ეჭვი არ მასვენებს, მაგრამ, ამავე დროს, ის ადგილი, სადაც არაფერში ვარ დარწმუნებული, ერთადერთია, საიდანაც შეიძლება ხელახლა შეამოწმო საჭირო დროებითი გარკვეულობა. იმაზე არ ვსაუბრობ, რომ არ შეიძლება ვიყოთ რამეში დარწმუნებული: შეუძლებელია იყო აბსოლუტურად დარწმუნებული, თითქოს ის, რაშიც დღეს ვართ დარწმუნებული, შეიძლება ყოფილიყო სარწმუნო გუშინ, ან იქნება სარწმუნო ხვალ.

მეთოდური გამოყენების შემთხვევაში უეჭველობის ეჭვქვეშ დაყენება არ უარყოფს ცოდნის შესაძლებლობის საფუძვლიანობას. საფუძვლიანი ჭეშმარიტებაა ის, რაც შემიძლია ვიცოდე. ვიცი ის, რაც ვიცი. ასევე, ვიცი ის, რაც არ ვიცი. პირველ რიგში, ის ვიცი, თუ რა მაძლევს საშუალებას, ვიცოდე უკეთ ის, რაც უკვე ვიცი; მეორე რიგში, შემიძლია ვიცოდე ის, რაც ჯერ არ ვიცი და, მესამე რიგში, შემიძლია შევქმნა ჯერ არარსებული ცოდნა.

გააზრებული მაქვს, რომ შემიძლია მქონდეს საზოგადოებრივი და ისტორიული ცოდნა. ასევე ვიცი, რომ ის, რაც ვიცი, არ შეიძლება გაექცეს ისტორიულ თანამიმდევრობას. ეს ცოდნა გააჩნია ისტორიას, ის არასოდეს არ ხდება, ყოველთვის მოხდენის პროცესშია, მაგრამ ეს სიტუაცია არანაირად არ აკნინებს, ერთი მხრივ, ფუნდამენტურ სიზუსტეს იმისას, თუ რა შეიძლება ვიცოდე; მეორე მხრივ, შესაძლელობას- გქონდეს უფრო მყარი მეთოდური ცოდნა, რომელიც გაზრდის აღმოჩენის სიზუსტის დონეს.

უკეთესად ცოდნა ზოგჯერ უკვე გულისხმობს იმის ცოდნას, რისი ცოდნაც ადრე შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ცნობისმოყვარეობას, რომელიც ჩნდება, ვითარდება და ხდება სრულყოფილი ვარჯიშის გზით.

„პასუხით“ აღზრდა არ უწყობს ხელს ცნობისმოყვარეობას, რომელიც აუცილებელია კოგნიტიური პროცესისთვის. პირიქით, ის პირველ პლანზე აყენებს შინააარსის მექანიკურ დამახსოვრებას. მხოლოდ „კითხვის დასმით“ აღზრდა ამძაფრებს, სტიმულს აძლევს და აძლიერებს ცნობისმოყვარეობას.

ნათელია, რომ პასუხებზე აგებული განათლების შეცდომა არ მდგომარეობს პასუხში, არამედ - იმ ნაპრალში, რომელიც არსებობს პასუხსა და შეკითხვას შორის. შეცდომა ის არის, რომ პასუხი მზადაა შეკითხვისგან დამოუკიდებლად. ასეთივე ფორმით შეკითხვაზე დაფუძნებული განათლება იქნება მცდარი, თუ პასუხი არ იქნება აღქმული, როგორც შეკითხვის ნაწილი. კითხვის დასმა და მასზე პასუხის გაცემა არის გზები, რომლებიც აყალიბებს ცნობისმოყვარეობას.

სულ უნდა ვიყოთ იმის მოლოდინში, რომ გაჩნდება რაღაც ახალი ცოდნა, რომელიც აჯობებს წინა ცოდნას, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ახალია, უკვე დაძველდა.

ისტორია არის ჩვენნაირად ქცევა, ჩვენნაირ შეზღუდულ და პირობით არსებებად ქცევა, იმ ცოდნად ქცევა, რომელსაც ვავლენთ. არაფერი ჩვენ მიერ წარმოქმნილი, გამოცდილი, ნაფიქრი ან ზუსტი ფაქტი არ არის მოცემული დროის მიღმა, ისტორიის მიღმა. იყო დარწმუნებული, გქონდეს ეჭვები, ისტორიული არსებობის ფორმებია.



საყრდენი და სამყარო


წარმოუდგენელი იქნებოდა ისეთი სამყარო, რომელშიც კაცობრიობის გამოცდილება მოცემული იქნებოდა უწყვეტობის გარეშე, ანუ ისტორიის მიღმა. გამოცხადებული „ისტორიის სიკვდილი“ გულისხმობს კაცებისა და ქალების სიკვდილს. ჩვენ არ შეგვიძლია გადავურჩეთ ისტორიის სიკვდილს, რომელიც, ჩვენ მიერ შექმნილი, ჩვენ გვქმნის და გარდაგვქმნის. ის, რაც ხდება, არის ერთი ფაზის დაძლევა მეორეთი, რაც არ აუქმებს ისტორიის უწყვეტობას ცვლილების ფარგლებში.

შეუძლებელია სამყაროს გადაქცევა რაღაც უძრავში, სადაც არაფერი ხდება დაწესებულის მიღმა, ვინაიდან იმისთვის, რომ სამყარო არსებობდეს, ის უნდა იყოს არსებობის პროცესში. სამყარო, ბრტყელი, ჰორიზონტალური, დროის გარეშე, რაღაც ასეთი, შეიძლება იყოს თავსებადი ცხოველთა ცხოვრებასთან, მაგრამ შეუთავსებელია ადამიანის არსებობასთან. ამ თვალსაზრისით ცხოველი ადაპტაციას განიცდის თავის „საყრდენთან“, ხოლო ადამიანი ინტეგრაციას ახდენს მის კონტექსტში იმისთვის, რომ შეიჭრას მასში და აქციოს ის სამყაროდ. ამიტომ შეგვიძლია გადმოვცეთ ისტორია, გადმოვცეთ თუ რა ხდება ჩვენს „საყრდენში“, ჩვენ გარშემო, ვისაუბროთ სიცოცხლის სხვადასხვა ფორმაზე, რომლებიც მასში არსებობს და, ამავე დროს, ისტორია, რომელიც ხდება სამყაროში, ეს არის ადამიანების მიერ შექმნილი ისტორია.

თუ კომუნიკაცია და ურთიერთკავშირი არის პროცესები, რომლებიც მოწმდება „საყრდენში“, ეგზისტენციალურ გამოცდილებაში მათ აქვთ განსაკუთრებული კონოტაცია. კომუნიკაცია და ურთიერთკავშირი გულისხმობს სამყაროს გაგებას. „საყრდენში“ ცხოვრება არ გულისხმობს ლაპარაკის უნარს ან ვერტიკალურ მდგომარეობას, რამაც გაგვითავისუფლა ხელები. „საყრდენი“ თვითონ ხდება სამყარო და სიცოცხლე - არსებობა, რამდენადაც იზრდება სოლიდარობა გონებასა და ხელებს შორის იმ პროპორციის მიხედვით, რომლითაც ადამიანის სხეული ხდება ცნობიერი, მიმღები, სწავლისუნარიანი, სამყაროს შემცვლელი და არა - ცარიელი ჭურჭელი, რომელიც შეივსება შინაარსით.

იყო ვერტიკალურ პოზიციაში, დაამზადო ინსტრუმენტები, ინადირო ჯგუფურად, ისაუბრო, გაიგო, შეატყობინო და მიიღო შეტყობინება არის სოლიდარული ქმედებები და, ამავდროულად, ადამიანის არსებობის მიზეზი და შედეგი, სამყაროში შეჭრა და ჩვენი „საყრდენის“ დაძლევა. სამყაროში ყოფნა აუცილებლად გულისხმობს სამყაროსთან და სხვებთან ყოფნას. იმისთვის, ვინც უბრალოდ იმყოფება საყრდენში, მისი აქტივობა არის უბრალო „მოძრაობა“ სამყაროში; სოციალურ-ისტორიული, კულტურული კონტექსტი; ადამიანები „ურთიერთობენ“ იმაზე მეტს, ვიდრე „მოძრაობენ“.

ამ გაგებით „საყრდენის“ გადაქცევა სამყაროდ გულისხმობს ტექნიკისა და ინსტრუმენტების გამოგონებას, რომელთა საშუალებითაც უფრო ადვილია სამყაროში ჩარევა. მას შემდეგ, რაც ისინი გამოიგონეს და გამოიყენეს, ქალები და კაცები მუდმივად ხელახლა იგონებენ მათ და ქმნიან ახალ ტექნოლოგიებს, რათა მათი საშუალებით უფრო სრულყოფილი გახადონ თავიანთი არსებობა სამყაროში. ყოველი ჩარევა სამყაროში გულისხმობს მის გარკვეულ გაგებას, მოქმედების პროცესის ცოდნას, შედეგების ინვენტარიზაციას, მაგრამ, პირველ რიგში, იმ მიზნების ხედვას, რომლებიც იგეგმება ამ ჩარევასთან ერთად. შექმნა ხდება უფრო ინტენსიური, ტექნიკის მიერ მიღწეული ცვლილებების რიტმის აჩქარების შესაბამისად. ეს ტექნიკა სულ უფრო ადეკვატური ხდება გამოწვევების მიმართ. მეცნიერული მეთოდის სიმკაცრე იწვევს მეტ სიზუსტეს აღმოჩენებში.

დროის მონაკვეთი მნიშვნელოვან აღმოჩენებს შორის სულ უფრო მცირდება. თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიის გარკვეულ სფეროებში რამდენიმე თვე არის საკმარისი იმისთვის, რომ პროცედურა მოძველებული გახდეს. ზოგჯერ წმინდა ეკონომიკური მიზეზების გამო ხდება ამ მოძველების გადავადება. ზოგიერთი პროცედურის შექმნაში გამოყენებული რესურსები, ან ტექნოლოგიური ინსტრუმენტები ჯერ არ არის ამორტიზებული, ეს პროცედურა კი უკვე მოძველებულია, თუმცა ეფექტური.

აზროვნება, შეფასება, პროგრამირება, კვლევა, ტრანსფორმირება არის ადამიანების თავისებურებები სამყაროში და სამყაროსთან ერთად. სიცოცხლე იქცევა არსებობად და გარემოდ, სამყაროდ. სამყაროს შემეცნება, რომელიც გულისხმობს საკუთარი თავის შემეცნებას, გაჩენისას უკვე დიალექტიკურ ურთიერთობაშია სამყაროსთან. ცნობიერება-სამყაროს საკითხის დაძაბულობამ, რომელიც გულისხმობს ორმხრივ ურთიერთობას, უკვე ათქმევინა სარტრს, რომ „ ცნობიერება და სამყარო ერთდოულად იყო მოცემული“. მათ შორის ურთიერთობა ბუნებრივად დიალექტიკურია, იმის მიუხედავად, თუ რომელ ფილოსოფიურ სკოლაში ხდება მათი შესწავლა. მექანიცისტები თუ იდეალისტები ვერ შეცვლიან დიალექტიკას ცნობიერება/სამყარო და სუბიექტურობა/ობიექტურობა. ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენი იდეალისტური ან მექანიცისტური პრაქტიკა წარმოდგენილია ფუნდამენტური შეცდომების გარეშე. აბსოლუტურად მცდარია მოქმედების მცდელობები, რომლებიც დაფუძნებულია შემეცნების, როგორც სამყაროს თვითნებური აშენების, კონცეფციაზე და ასევე მცდელობები, რომლებიც იცავენ შეხედულებას, რომ სამყაროს შეცლა მოითხოვს თავდაპირველად მორალური ცნობიერების „განწმენდას“. ასეთივე ფორმით მექანიცისტურ ხედვაზე დაფუძნებული პროექტები, რომელთა მიხედვითაც, ცნობიერება არის ობიექტური მატერიალურობის წმინდა ანარეკლი, ვერ თავისუფლდებიან ისტორიული სასჯელისგან.

ბევრი ოცნება, რომელიც შეიძლებოდა ახდენილიყო, დარჩა აუხდენელი იმის გამო, რომ ეს მეოცნებენი ზედმეტად იყვნენ დარწმუნებულები და იმ ვოლუნტარიზმის გამო, რომლითაც ცდილობდნენ ისტორიის მოდელირებას, იმის მაგივრად, რომ ის ჩვენთან ერთად ეკეთებინათ და თვითონ რეალიზებულიყვნენ ამავე პროცესში. თუ ისტორია არ არის არსებობის უმაღლესი გამოხატულება, რომელიც დაფრინავს ჩვენს თავზე და გვმართავს, ასევე შეუძლებელია ის იყოს დაპატარავებული და დაყვანილი ჩვენ მიერ მანიპულირებული ობიექტის დონემდე.

იმის გამო, რომ იდეალისტები და მექანიცისტები უარყოფენ დიალექტიკურ დაძაბულობას ცნობიერება/სამყარო, ორივე თავისებურად ხელს უშლის სამყაროს სწორ გაგებას. ეს ის კითხვაა, რომელიც მე მაწუხებს და რომელზეც სულ ვცდილობ პასუხის გაცემას, თანმიმდევრულად, ჩემი დემოკრატიული ოცნებით. იშვიათად თუ არ მაღელვებს ეს კითხვა ამ ხის ჩრდილქვეშ.

მე არ ვარ „საყრდენში“ მყოფი არსება, არამედ სამყაროში, სამყაროსთან და სხვებთან ერთად მყოფი არსება ვარ; არსება, რომელიც რაღაცას აკეთებს, რაღაცა იცის და რაღაც არ იცის, საუბრობს, ეშინია და რისკავს, ოცნებობს და უყვარს, რაღაც აღაშფოთებს და რაღაც მოსწონს. არსება, რომელიც უარს ამბობს - მიიღოს უბრალო ნივთის (ობიექტის) მდგომარეობა; რომელიც არ ხრის თავს ტექნოლოგიით დაგროვებული უეჭველი ძალის წინაშე იმიტომ რომ, აღიარებს მას, როგორც ადამიანის მიერ შექმნილს, მიუღებლად თვლის მოსაზრებას, რომ ის თავისთავად ცუდია. მე ვარ არსება, რომელიც უარს აცხადებს იმაზე, რომ ჩათვალოს ის იმ დემონის ქმნილებად, რომელიც მოწოდებულია ღმერთის მიერ შექმნილის დასაღუპად.

ჩემთვის არ არის საკმარისი ვთქვა: „ რა უნდა გავაკეთო?“. ტექნოლოგიას აუცილებლად მოჰყვება ავტომატიზაცია და მას კი უმუშევრობა. უმუშევრებმა თავი როგორც უნდათ, ისე გაიტანონ; ეცადონ შეავსონ თავისუფალი დრო, „პოსტმოდერნიზმის“ ფუნდამენტური თემაა“- არა!

სახელმწიფოს არ შეუძლია იყოს ისეთი ლიბერალური, როგორიც ლიბერალებს მოეწონებოდათ, რომ ყოფილიყო. პროგრესისტული პარტიების საქმეა იბრძოლონ ეკონომიკური პროგრესისთვის, სახელმწიფოს ზომის შემცირებისთვის. ის არ შეიძლება იყოს ყოვლისშემძლე ბატონი და არც კარგად მაცხოვრებლების ბრძანებების შემსრულებელი ლაქია. ეკონომიკური განვითარების პროექტებიდან არანაირი ფატალიზმის სახელით არ შეიძლება ისტორიის კუთვნილი ქალების და კაცების გარიცხვა.

ჩემი რადიკალიზმი მთხოვს მე აბსოლუტურ ერთგულებას ამ კაცებისა და ქალების მიმართ. ის ეკონომიკა, რომლის დაპროგრამება ადამიანის მოთხოვნილებების შესაბამისად შეუძლებელია და ინდიფერენტულად თანაარსებობს მილიონების შიმშილთან, იმათთან, ვისაც ყველაფერზე უარი ეთქვა, არ იმსახურებს ჩემს, როგორც აღმზრდელის, პატივისცემას და, განსაკუთრებით, ჩემს, როგორც პიროვნების, პატივისცემას და არავინ მითხრას, რომ „საქმე ასეა და სხვაგვარად არ შეიძლება იყოს“. არ შეიძლება იყოს სხვაგვარად, იმიტომ რომ ეს შელახავდა გარკვეული ადამიანების ინტერესებს: ამის მიუხედავად, ეს არ შეიძლება იყოს ეკომომიკური პრაქტიკის ძირითადი განმაპირობებელი. მე არ შემიძლია ვიქცე ფატალისტად, იმისთვის, რომ დავაკმაყოფილო მდიდართა ინტერესები. არც ის შემიძლია, რომ გამოვიგონო „მეცნიერული“ ახსნა იმისთვის, რომ დავმალო ეს სიცრუე.

მდიდართა ძალაუფლება ყოველთვის ცდილობდა იმათ ჩაგვრას, ვისაც ძალაუფლება არ გააჩნდა, მაგრამ ეკონომიკური ძალაუფლების გვერდით ყოველთვის იყო სხვა ძალა, იდეოლოგიური ძალა, ასევე მატერიალური ძალა, რომელიც მათ ძალაუფლებას კიდევ უფრო აძლიერებდა. ტექნოლოგიური პროგრესი უზარმაზარი ეფექტურობით უქმნის იდეოლოგიურ საყრდენს მატერიალურ ძალაუფლებას.

პროგრესისტი ინტელექტუალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა პოსტმოდერნისტული დისკურსის ასეთი სიტუაციის გარდაუვალობის შესახებ მითის გაქარწყლება. ვაცხადებ უარს ისტორიის ასეთ უმოძრაო მდგომარეობაში მოყვანაზე.

მტიცება იმისი, რომ „ საქმეები ასეა იმიტომ, რომ არ შეიძლება იყოს სხვაგვარად“, არის ოდიოზურად ფატალისტური, ვინაიდან აკანონებს, რომ ბედნიერება ეკუთვნის მხოლოდ მათ, ვისაც აქვს ძალაუფლება. ღარიბების, უქონელების, გარიყულების ბედია დაიხოცონ სიცივით. არ აქვს მნიშვნელობა სამყაროს ჩრდილოეთსა, თუ სამხრეთში.

თუ მდიდრების ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება დევნის სუსტეებს მინიმალური, გადასარჩენად საჭირო სივრციდან, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ასე უნდა იყოს. საჭიროა, რომ სუსტეების სისუსტე გარდაიქმნას ძალად, რომელიც აღადგენს სამართლიანობას. ამისთვის საბოლოოდ უარი უნდა ვთქვათ ფატალიზმზე. ჩვენ ვართ არსებები, განკუთვნილი ტრანსფორმაციისთვის და არა ადაპტაციისთვის.

ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ ბრძოლაზე, ჩვენი უნარისთვის და უფლებისთვის მივიღოთ გადაწყვეტილებები და ვამტვრიოთ, რის გარეშეც ჩვენ ვერ შევძლებთ სამყაროს თავიდან გამოგონებას. ამ გაგებით ვამტკიცებ, რომ ისტორია არის შესაძლებლობა და არა დეტერმინიზმი. ჩვენ ვართ განპირობებული, მაგრამ არა განსაზღვრული. შეუძლებელია ისტორიის გაგება, როგორც შესაძლებლობების დროის, თუ არ ვაღიარებთ ადამიანს, როგორც არსებას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და ამსხვრევს. ამ მოქმედებების გარეშე შეუძლებელია ეთიკაზე ლაპარაკი.


ჩემი პირველი სამყარო


ვინაიდან მე ვარ არსება ამ სამყაროში, მასთან ერთად მაქვს არა „საყრდენის“ უახლოესი ნაწილი, არამედ მაქვს ჩემი უახლოესი და კერძო სამყარო: ქუჩა, უბანი, ქალაქი, ქვეყანა, სახლი, სადაც დავიბადე, ვისწავლე სიარული და ლაპარაკი, სადაც პირველად შევკრთი, სადაც პირველად განვიცადე შიში. ერთხელ, ხუთი წლის რომ ვიყავი, მივხვდი, რომ დედაჩემისა და მამაჩემის ურთიერთობაში იყო უთანხმოება. არ შემეძლო, შეუძლებელი იყო შემძლებოდა ამ სიტუაციის სიღრმისა და სიდიდის გაცნობიერება. უცებ ვიგრძენი, რომ მიწა მეცლებოდა ფეხქვეშ. საფრთხის განცდამ კიდევ უფრო სუსტი გამხადა. იმ ღამეს შიშით ვბორგავდი: დამესიზმრა, თითქოს ვიხრჩობოდი იმ ღრმა ჭაობის ნაპირთან, საიდანაც დიდი გაჭირვებით, სასწაულებრივად გადამარჩინეს.

უსაფრთხოების შეგრძნება დამიბრუნდა იმდენად, რამდენადაც მესაჭიროებოდა. ვცდილობდი მეპოვნა ის დედაჩემისა და მამაჩემს შორის ურთიერთობაში. იქ უნდა ყოფილიყო. დილას, როდესაც ავდექი, ვიგრძენი სიხარულით, რომ ჩემი უსაფრთხოება დამიბრუნდა იმ ფორმით, რომლითაც ჩემი მშობლები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და მესაუბრებოდნენ მე.

ჩემი პირველი სამყარო იყო ჩემი სახლის უკანა ეზო, მისი ხეებით, ქეშიუს დახუნძლული ტოტებით, რომლებიც მიწას ჩრდილავდა და თითქმის ეხებოდა, პურის ხეებით და სხვა მსხვილფოთლიანი ხეებით. ხეები, ფერები, სუნები, ნაყოფები, რომლებიც იზიდავდნენ სხვადასხვა ფრინველს, წარმოადგენდა მათი გალობის სივრცეს.

არ იყო შემთხვევითი ამ წიგნის სათაურის არჩევა, რომელიც ერთი შეხედვით, არ უკავშირდება მის ტექსტს. ის მაბრუნებს ჩემი სახლის უკანა ეზოში, რომელსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი ბავშვობის ეზო მეორდება იმდენ სხვა სივრცეში, თუმცა არა სავალდებულოდ სხვა „ეზოებში“,ადგილებში, სადაც ის კაცი, რომელიც ვარ დღეს, ხედავს იმ ბავშვს, რომელიც ვიყავი მაშინ და სწავლობს ადრე ნანახის უკეთ დანახვას. ადრე ნანახის ხელახლა დანახვა თითქმის ყოველთვის გულისხმობს იმ კუთხეების დანახვას, რომლებიც თავის დროზე ვერ აღიქვი. სამყაროს ხელახალი წაკითხვა შეიძლება იყოს უფრო კრიტიკული და ნაკლებად გულუბრყვილო ფორმით, უფრო მკაცრად.

ეს სივრცე იყო ჩემი უახლოესი ობიექტურობა, ჩემი პირველი გეოგრაფიული არა-მე არა-მე ადამიანების შემდეგ, რომლებიც იყვნენ ჩემი მშობლები, ჩემი და, ჩემი ძმები, ჩემი ბებია, ჩემი ბიძები და დედა, ჩემი საყვარელი შავი დედა, რომელიც სულ პატარა შემოვიდა ჩვენს ოჯახში გასული საუკუნის ბოლოს. ამ სხვადასხვანაირი არა-მეს მეშვეობით ჩამოვაყალიბე ჩემე მე. მე, რაღაცეების მკეთებელი, მე მოაზროვნე, მე, მოსაუბრე.

როდესაც ვფიქრობდი, რომ უკვე დამავიწყდა ეს სივრცე, რომ აღარაფერი საერთო მქონდა მასთან, ის გამომეცხადა გადასახლებაში ყოფნისას, ერთ ცივ საღამოს ჟენევაში. იმ საღამოს, რესიფედან მიღებული წერილის წაკითხვის შემდეგ, უცებ თითქოს ჯადოსნური ჯოხის მოქნევით გადავინაცვლე ძველ დროში და დავინახე ჩენი თავი პატარობისას, ხეებით სავსე მამულში. დავინახე, როგორ ვსწავლობდი კითხვას მამასთან და დედასთან ერთად, მიწაზე მჯდომი ვწერდი ფრაზებს და სიტყვებს ხეების ჩრდილქვეშ. იმ საღამოს აღმოვაჩინე, რომ ჩემი მიწის ნოსტალგია მწიფდებოდა იმ ურთიერთობასთან ერთად, რომელიც მე მაკავშირებდა ჩემს მამულთან.

ბრაზილია იმ ფორმით, რომლთაც ის არსებობს ჩემთვის, ძნელად თუ იარსებებდა ჩემი მამულის გარეშე, რომელსაც დაემატა ქუჩები, უბნები, ქალაქები. მიწას, რომელიც ადამიანებს უყვართ, რომელზეც ლაპარაკობენ, რომელზეც მიანიშნებენ, ყოველთვის აქვს თავისი სივრცე, კუთხე, მიწის სუნი, სიცივე, რომელიც ძვალსა და რბილში ატანს, სიცხე, რომელიც გხუთავს, ღირებულება, რომლისთვისაც იბრძვი, ალერსი, ენა, რომელზეც საუბრობენ განსხვავებული ინტონაციით. მიწა, რომლის გამოც ზოგჯერ ცუდად გძინავს, შორეული მიწა, რომელზეც ადამიანები დარდობენ, უკავშირდება ადამიანებით დასახლებულ ადგილს, ქუჩების კუთხეებს, მათ სიზმრებს. გარკვეულ მომენტში ჩვენი ადგილის სიყვარული ვრცელდება სხვა ადგილებზე და საბოლოოდ მოიცავს უფრო დიდ სივრცეს, ვიდრე ის, რომლის შვილებადაც ვგრძნობთ თავს, სადაც გავიდგით ფესვები, ჩვენს ქალაქს.

სანამ მსოფლიოს მოქალაქე გავხდებოდი, ვიყავი და ვარ ქალაქ რესიფეს მოქალაქე. ამ ქალაქამდე ჩემმა მამულმა მიმიყვანა, რომელივ კასა ამარელას უბანში მდებარეობდა. რაც უფრო მეტად მაქვს ფესვები გადგმული ჩემს მამულში, იმდენად მეტი შესაძლელობა გამაჩნია, რომ გავიხსნა, რომ ვიგრძნო თავი მსოფლიოს მოქალაქედ. არავინ არ ხდება ადგილობრივად უნივერსალური. სამყარო არის ეგზისტენციალური გზა. მე არ ვარ ჯერ ბრაზილიელი და შემდეგ რესიფეს მკვიდრი. პირველ რიგში, მე ვარ რესიფეს მკვიდრი, პერნამბუკოდან, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. შემდეგ ვარ ბრაზილიელი, ლათინოამერიკელი, მსოფლიოს მოქალაქე. ამის გამო გადასახლებაში ჩემი ძირითადი ნოსტალგია არ იყო რესიფეს ნოსტალგია. ის მოიცავდა ჩემი მამულის ნოსტალიას. მაგრამ ჩემი ნოსტალგია ბრაზილიის მიმართ ხდებოდა ნამდვილი, როდესაც გადიოდა რესიფეს ნოსტალგიაზე, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამით. არ შემოიფარგლება არც ყველაზე განსაკუთრებული, ყველაზე პიროვნული ნოსტალგიით, როგორიცაა კუთხეების, რაღაც ნივთების ან მოედნების მონატრება, კასა ფორტეს, ჩორა მენინოს, ან დერბის მონატრება.

მე მქონდა ბრაზილიის ნოსტალგია, აქედან გამომდინარე, მქონდა ნოსტალგია რესიფესი, რიოსი, ნატალის, პორტო ალეგრეს, მანაუსის, ფორტალეზასი, კურიტიბასი, ჟოაო პესოას, საო ლუისის, ბელო ჰორიზონტეს, იანოპოლოსის, სან პაოლოს, ჯოანასი....იმისთვის, რომ ბრაზილია იყოს ერთი მთლიანი, საჭიროა ამ მრავალფეროვნების ერთიანობა. ამას გამოვხატავ, როდესაც ვამბობ: „ მე ვარ ბრაზილიელი", აროგანტულობის გარეშე, თუმცა სავსე ვარ რწმენით, იდენტურობით, იმედით, რომ ბრძოლაში გარდავიქმნებით და გავხდებით ნაკლებად უსამართლო საზოგადოება.

როდესაც ვამბობ: „მე ვარ ბრაზილიელი“, ვგრძნობ, რომ ვარ უფრო მეტი, ვიდრე- როდესაც ვამბობ: „მე ვარ რესიფედან“. ამავდროულად, ვიცი, რომ ვერ ვიგრძნობდი თავს ბრაზილიელად ასეთი ინტენსიურობით, რომ არ მქონდეს რესიფეში ჩემი ბუნებრივი ჩარჩო, რომელშიც ჩამოყალიბდა ჩემი „ბრაზილიელობა“. აქედან გამომდინარე, გასაგები უნდა იყოს, რომ ჩემი მიწა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი, რომელიც ცხადადაა ჩაბეჭდილი ჩემს მეხსიერებაში და რომლის წარმოსახვაც შემიძლია დახუჭული თვალებით, არამედ, ყველაზე მეტად ეს არის სივრცე დროში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, კულტურაში. ჩემი მიწა არის მილიონების ტკივილი, შიმშილი, სიღატაკე და იმედი და, ასევე, სამართლიანობის წყურვილი.

ჩემი მიწა არის სხვადასხვა დროის დრამატული თანაარსებობა ერთსა და იმავე გეოგრაფიულ სივრცეში, ჩამორჩენაში, სიღარიბეში, შიმშილში, ტრადიციონალიზმში, მაგიურ ცნობიერებაში, ავტორიტარიზმში, დემოკრატიაში, მოდერნზმსა და პოსტმოდერნიზმში. პედაგოგი, რომელიც უნივერსიტეტში მსჯელობს განათლებასა და პოსტმოდერნიზმზე, იგივე ადამიანია, რომელიც თანაარსებობს მკაცრ რეალობასთან, სადაც მილიონობით ქალი და კაცი კვდება შიმშილით.

ჩემი ქვეყანა არის მშვენიერი თავისი გამჭვირვალე მდინარეებითა და პლაჟებით, ყვავილებით სავსე მდელოებით, პეპლებითა და ფრინველებით. როდესაც ვფიქრობ მასზე, ვხედავ თუ რამსიგრძე გზა გვაქვს კიდევ გასავლელი, რამდენი ბრძოლა გვაქვს გასამართი იმისთვის, რომ დავამარცხოთ მანკიერი მძარცველი სტრუქტურები.

ამის გამო, როდესაც მისგან შორს ვიყავი, ჩემი ნოსტალგია არასოდეს შემოფარგლულა სევდიანი ტირილით, სასოწარკვეთილი გოდებით. ვფიქრობდი და ვფიქრობ მასზე, როგორც წინააღმდეგობრივ ისტორიულ სივრცეზე, რაც მოითხოვს ჩემგან, როგორც ნებისმიერი სხვისაგან, გადაწყვეტილების მიღებას, პოზიციას, გარდატეხას, არჩევანს.

თუ მე ვინმეს ან რამის მხარეზე ვარ, ძალაუნებურად, ვიმყოფები სიტუაციაში ვინმეს წინააღმდეგ. „ვის მხარეზე ვარ? ვის წინააღმდეგ ვარ?“ - ჩემს მიწაზე ფიქრი ამ კითხვების დასმის და მათზე პასუხის გარეშე მიმიყვანდა რეალობას მოწყვეტილ წმინდა იდეალიზმამდე. ბუნდოვანი დამოკიდებულება და ინტერესის ნაკლებობა ამ კითხვებში ჩადებული პრობლემების მიმართ გვხდის ჩვენ სოლიდარულებად მოძალადეების მიმართ და იმ (არა)-კანონიერების მიმართ, რომელიც მათ ემსახურება.

ოდესღაც პროგრესული ინტელექტუალები დღეს ემსახურებიან დომინანტ წესწყობილებას. ისინი უარყოფენ განათლების პრაქტიკაში ნებიმიერ საიდუმლოს ამოხსნის განზრახვის შეტანას და შემოფარგლავენ განათლებას მხოლოდ იმ შინაარსის გადმოცემით, რომელიც „საკმარისია“, რომ ადამიანები ბედნიერად ცხოვრობდნენ. ისინი თვლიან, რომ ბედნიერი ცხოვრება ნიშნავს იცხოვრო სამყაროსთან ადაპტირებულად, რისხვის, პროტესტის, ცვილებებზე ოცნების გარეშე. ირონიული ამ ძველი პროგრესისტების პრაგმატიზმზე ენთუზიასტურ გადასვლაში ისაა, რომ ისინი, მათი აზრით, ახალს გარდაქმნიან ძველ ფორმულებში, რომლებიც საჭიროა მმართველი კლასის ძალაუფლების დასაცავად.

თანაც ამას აკეთებენ ისეთი პოზით, თითქოს დღევანდელ დღეს უწყობენ ფეხს და დაძლეული აქვთ „იდეოლოგიური გადმონაშთები“. ისინი საუბრობენ პედაგოგიური პროგრამების პროფესონალიზაციის გადაუდებელ აუცილებლობაზე, თუმცა ამ პროგრამებში არ არსებობს არანაირი განზრახვა საზოგადოების კრიტიკული აღქმის მიმართულებით. ეს სიტყა არის წარმოთქმული პრორგესისტული პოზიციების სახელით! მიუხედავად ამისა, ის არის ისეთივე კონსერვატული, როგორც არის ცრუ პროგრესისტული ის პედაგოგიური პრაქტიკა, რომელიც უარს ამბობს განათლების მიცემისას ტექნიკურ მომზადებასა და მუშაობს მხოლოდ განათლების პოლიტიკურ რეალობაზე. ტექნიკური მომზადება პროფესიონალისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მოქალაქისთვის პოლიტიკის გაგება. შეუძლებელია მათი განცალკევება.

კარგი დურგალი, რომელიც არ იბრძვის თავისი პოლიტიკური სივრცის გასაფართოებლად, ან რომელიც არ იბრძვის სოციალურად თავისი სიტუაციის გასაუმჯობესებლად ისევე, როგორც კარგი ინჟინერი, რომელიც უარს ამბობს მოქალაქის უფლებებისა და მოვალეობებისთვის ბრძოლაზე, საბოლოო ჯამში მუშაობს პროფესიული ეფექტურობის წინააღმდეგ.

ქალები და კაცები ვართ ისევ ისინი, ვისაც არისტოტელე პოლიტიკურ ცხოველებს ეძახდა. აქედან გამომდინარე, ვიყავით და ახლაც ვართ პოლიტიკური ცხოველები.

ყოველივე ამის გამო, ჩემი სამშობლო წარმოადგენს ჩემს ოცნებას თავისუფლებაზე, რომელიც არ შემიძლია მოვახვიო ვინმეს თავს და რომლისთვისაც ვიბრძოდი მთელი ცხოვრება. მასზე ფიქრი ნიშნავს იმ ოცნების განხორციელების მცდელობას, რომლითაც მე ვარ შთაგონებული. ეს არის ბრძოლა მისთვის. არასოდეს არ მიფიქრია ჩემს სამშობლოზე კომიკური სენტიმენტალური ფორმით: ის არ არის სხვა მიწაზე უკეთესი, ან უარესი. ხალხის სამშობლო არის მათი გეორგაფია, მათი ეკოლოგია, ტოპოგრაფია და ბიოლოგია. ის არის ისეთი, როგორ ორგანიზებასაც ვუკეთებთ მის პროდუქციას, როგორც ვქმნით მის ისტორიას, მის განათლებას, მის კულტურას, მის საჭმელს და გემოვნებას, რომელსაც ჩვენ ვეჩვევით. მიწა, რომელიც ეკუთვნის ადამიანებს, გულისხმობს ბრძოლას სხვადასხვა ოცნებისთვის, ზოგჯერ ანტაგონისტურისთვის, როგორებიცაა სხვადასხვა სოციალური კლასების მისწრაფებები. ჩემი მიწა ნამდვილად არ არის აბსტრაქცია.


* პირველ, პორტუგალიურ გამოცემაში წიგნის სათაურია A sombra de desta manguera  - ამ მანგოს ხის ჩრდილქვეშ. A la sombra de este arbol - ამ ხის ჩრდილქვეშ, ესპანური გამოცემის სათაურია, რომლიდანაც ტექსტი ითარგმნა. ქართული თარგმანი ორიგინალი ვერსიით დავასათაურეთ. 



1995

უკან დაბრუნება