EN KA

საქართველო 1990-იანები: რჩევები გადარჩენისთვის

'დესერტი' - ალექსანდრე კობერიძე

მოამზადეთ ცოტა შაქარი

გათალეთ წვრილი ჯოხები 

(არ გამოიყენოთ ასანთის ღერები)

და შუქი რომ წავა - გაზზე თუ შეშაზე 

მოამზადეთ მამალო* 

 

თუ მარტო ცხოვრობთ მარტომ,

თუ სხვებიც არიან სახლში

თხოვეთ სხვებსაც

და ყველამ ერთად 

ყოველ დღე - 

 

შუქის მოსვლამდე - გრაფიკის თანახმად,

ყოველ დღე - გრაფიკის თანახმად:

ისწავლეთ - ზეპირად - ლექსი !

(თუ დიდი ლექსია, ისწავლეთ კუპლეტი) 

და თან მიირთვით მამალო.

 

შუქი რომ მოვა ადექით -

ყველამ ერთად - შვილმა და ქმარმა,

დედამ და ბაბუამ - არ აქვს მნიშვნელობა - ვინც არის სახლში - 

ხმამაღლა, გამოთქმით, მოსულ შუქს უთხარით - 

წინა დღეს ნასწავლი ლექსი !

 

ასე ნაცხოვრები 10 წლის შემდეგ

მოსული შუქი - აღარ ჩაქვრება

 

 

- - -

 


 

მამალო - შაქარი 10 ს/კ. ლიმონის წვენი 4 ჩ/კ. (შეგვიძლია შევცვალოთ წყლით) შაქარი ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ ლიმონის წვენი,დავდგათ ნელ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ სანამ შაქარი არ გადნება და არ გახდება ყავისფერი. ცხელი მასა ჩავასხათ ფორმებში და თითოეულ მამალოზე მოვათავსოთ ხის ჩხირი.


*თუ მოგბეზრდათ მამალო, გამოაცხვეთ ნამცხვარი "სიგუა".


ნამცხვარი "სიგუა" - 5 ვაშლი გახეხეთ, შეურიეთ: ნახევარი ჭიქა შაქარი, ერთი ჭიქა ფქვილი, სოდა – ძმრით. დაასხით ტაფაზე და გამოაცხვეთ ღუმელში.

 

უკან დაბრუნება