ბლოგი
თანამედროვე სამყაროში, რომელიც სავსეა კრიზისებით და არასტაბილურობით, სოციალური კატასტროფებით, მენტალური მუტაციებითა და ფიზიკური ტრანსფორმაციებით, ჩვენ გადავწყვიტეთ აღმოვაჩინოთ მთელი რიგი უხილავად მიმდინარე პროცესები, რომლებიც ჩვენს გარშემო და ჩვენგან შორს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების შრომით, ინტელექტუალურ და ემოციურ გამოცდილებებს აერთიანებს.
დანართის ბლოგი არის სივრცე, სადაც თავისუფალი, შემოქმედებითი თხრობის მეთოდების გაზიარების საშუალებით, რედაქტორები დაეხმარებიან ადამიანებს, გადმოსცენ მათი ფიზიკური თუ აკადემიური შრომების, მეცნიერული მიგნებების, სოციალური თუ კულტურული გამოცდილებების შესახებ, რომლებიც გარკვეული სამუშაოს შესრულებისას, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებისას ან ნებისმიერ სხვა პროცესში მონაწილეობისას შეიძინეს, განიცადეს, დაამუშავეს და გააანალიზეს. გამოცდილებები, რომელთა დაარქივებაც გვსურს - ცოცხალი პროცესებია. ისინი ჩვენი ხელების, თავებისა და გულების თანადროული მუშაობისას ახლა, რეალურ დროში გროვდება და არასოდეს გადმოიცემა ამ სამივე ასპექტის სინთეზის საშუალებით.
დანართი ინტერდისციპლინარული სახელოვნებო გამოცემაა, რომელიც პატივს სცემს და ახალისებს კითხვის კულტურას და ტექსტთან ურთიერთობის საჭიროებას ციფრული რევოლუციისა და ისტერიულად აჩქარებული დროის პირობებში. ეს საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ აუჩქარებელი, თავისუფალი ფიქრის ავტონომია და სიღრმისეული მსჯელობის უნარი აზრობრივი გამარტივების ეპოქაში და ინტენსიურ ინფორმაციულ წვიმაში. ამგვარი მოტივაციით, დანართის ბლოგის ძირითადი კონტენტი იქნება ტექსტები, თუმცა სინთეზური, ექსპერიმენტული, ცოცხალი ორგანიზმივით მოლაპარაკე ტექსტები.
ჩვენ ვეპატიჟებით კონტრიბუციისთვის ადამიანებს, რომელთა სამეცნიერო, აკადემიური თუ პირადი მიგნებები ვერ ნახულობს დღის სინათლეს ფართო აუდიტორიისათვის გასაგებ და საჭირო ფორმებში თარგმნის რესურსის არარსებობის გამო. ჩვენ, ასევე, გვსურს ჩვენი ბლოგი გავხსნათ იმ მკვლევართა, ხელოვანთა თუ მეცნიერთათვის, რომლებიც გრძელვადიანად მუშაობენ სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა მათი შრომები ძირითადად უცხოური აკადემიის, ფესტივალების ან კონფერენციების ფორმატსა და კედლებში რჩება. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი ფიზიკური თუ ინტელექტუალური რესურსის ქვეყნის გარეთ ინვესტირება განსაკუთრებით დიდი დანაკლისია. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, დანართის ბლოგი იქნება სივრცე, რომელიც არაქართულ უნივერსიტეტებსა თუ ინსტიტუტებში მოღვაწე ადგილობრივი ავტორებისა და მკვლევარების ნაშრომებსა და მიღწევებს ავტორებთან კოლაბორაციით, რაც შეიძლება საინტერესო ტექსტის ფორმით მიაწოდებს აუდიტორიას.
დანართის ბლოგი ასევე ხსნის კარს სახელოვნებო და სამეცნიერო კრიტიკისათვის, რომელიც საქართველოში თითქმის აღარ არსებობს. მიგვაჩნია, რომ კრიტიკული დამოკიდებულება სასიცოხლოდ აუცილებელია ქართულ სახელოვნებო სივრცეებში მიმდინარე პროცესების აღწერის, გაანალიზებისა და გაუმჯობესებისთვის. დიალოგზე ორიენტირებული კრიტიკის კულტურის წახალისებით, დანართის ბლოგი ხელს შეუწყობს ადგილობრივი არტისტების, პუბლიცისტების, მწერლების თუ დამწყები მეცნიერების წახალისებას საკუთარ სფეროში უფრო მაღალი სტანდარტების მიღწევის, სოციალური მგრძნობელობისა თუ პოლიტიკური თვითგამორკვევის, ადგილობრივი კონტექსტის პატივისცემისა და შესაბამისი ეთიკის გამომუშავებაში.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია თაობათაშორისი სოლიდარობა და ძველი ცოდნის/კულტურის/მეცნიერების პატივისცემა, ისევე, როგორც ადგილობრივი კონტექსტისა და ისტორიის მუდმივი ანალიზი, შესაბამისად, ჩვენ კარს ვხსნით საქართველოს უახლესი ისტორიის, კულტურის ან საბჭოთა არქივებთან მომუშავე ყველა მკვლევარისათვის, რომელსაც განსხვავებული სათქმელი აქვს, ისევე, როგორც - ყველა ასაკის ავტორისათვის.
ჩვენ გვჯერა მაღალეთიკური კეთილსინდისიერების პრინციპის შემოტანის ინტელექტუალურ და შემოქმედებითი პოზიციონირების სივრცეში, გვჯერა გადამდები მაგალითის მუშაობის და ახალი ეთიკის გაჩენის შესაძლებლობის. ყოველი საკითხი, რომელიც ჩვენს წინაშეა, ჩვენ გვაინტერესებს მისი ყველა განზომილებით - სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთიკური, კულტურული თუ ესთეტიკური - გვაინტერესებს ამ განზომილებების სიმეტრიულობა და ამ განზომილებებსა და მათ სიმეტრიულობაში კი განსაკუთრებით კრიტიკული, მათ შორის თვითკრიტიკული მიდგომები.
ამ ეტაპზე დანართის ბლოგი ენთუზიასტურია, თუმცა, მიგვაჩნია რა, რომ მას აქვს პოტენციალი შექმნას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დიალოგების, კულტურული პროცესებისა თუ კრიტიკული თვითგამორკვევისთვის საჭირო სივრცე და ეს სივრცე აქციოს მცირე ეროვნულ არქივად, ამავე ღირებულებების პატივისცემით, დანართის ბლოგი ყველას გიწვევთ კოლაბორაციისა და კონტრიბუციისათვის.